დედაქალაქის მესვეურები უკვე მერამდენედ გვამცნობენ, რომ თბილისმა მდინარე მტკვარი რეკრეაციული ფუნქციით უნდა დატვირთოს. ამ მხრივ არც დავით ნარმანიაა გამონაკლისი. იგი აცხადებს, რომ ევროპის ქალაქებში მდინარის რეკრეაციული ფუნქციით გამოყენების არაერთი წარმატებული მაგალითია, რომელიც თბილისმაც უნდა გაითვალისწინოს მტკვართან მიმართებით.
ნარმანია იმასაც იხსენებს, რომ გერმანიაში ვიზიტისას უცხოელმა პარტნიორებმა საქართველოს დელეგაციის წევრებს მიუნხენში განხორციელებული მსგავსი პროექტი დაათვალიერებინეს. ამის შემხედვარე თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის ჯგუფმა აბანოთუბნის ერთი ნაწილის გახსნის იდეა წამოაყენა, რაც მოქალაქეებს მდინარის სანაპიროსთან უფრო ახლოს მისვლისა და განტვირთვის საშუალებას მისცემს. მეორე მხრივ, საუბარია დიღმის ჭალების ტერიტორიაზეც, რომელიც სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ადგილია.
დავით ნარმანიას არც იმის თქმა დავიწყებია, რომ მტკვარი საბჭოთა მმართველობისას და მის შემდეგაც არ გაწმენდილა, მაგრამ მისი მერობის პერიოდში ამ მდინარის გაწმენდის მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა.
შესაძლებელია თუ არა აბანოთუბნის ერთი ნაწილის გახსნა სარეკრეაციო მიზნით და, ასევე, დიღმის ჭალების ამ დანიშნულებით გამოყენება?
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აბანოთუბნის ზონაში, ანუ ორთაჭალის აქეთ მტკვრის სარეკრეაციო მიზნით გამოყენება არარეალურია. რაც შეეხება დიღმის ჭალებს, ეს იდეალური ადგილია და ღმერთმა მოგვცა საშუალება, რომ ზაჰესის მოსახვევის შემდეგ, თითქმის დიდუბის ხიდამდე, ტერიტორია სარეკრეაციოდ გამოვიყენოთ.
გარდა ამისა, გვაქვს შესანიშნავი სარეკრეაციო მონაკვეთი ორთაჭალასა და სოღანლუღს შორის. ასევე, მდინარის ნაწილობრივი კი არა, მთლიანი გახსნით სარეკრეაციო ზონად უნდა გამოყენებულიყო ვერეს ხეობა, ვაკე-საბურთალოს გზიდან დაწყებული, ვიდრე გმირთა მოედნამდე. ეს ნიშნავს, რომ გვირაბში კი არ უნდა მოეთავსებინათ წყალი, არამედ გაეხსნათ და გზა სხვანაირად გაეყვანათ. ფაქტობრივად, ეს ქალაქის შუაგულში მდინარეებთან მიბმული შესანიშნავი სარეკრეაციო ზონა იქნებოდა.
გიგა ბათიაშვილის აზრით, სარეკრეაციო მიზნისთვის შესაძლებელია, ასევე, მშრალი ხევების გამოყენება, რომლებსაც განსაკუთრებულად უნდა მოვუაროთ, რადგან ხევები მშრალია გვალვის პერიოდში, ხოლო დიდი წვიმებისას ისინი, რა თქმა უნდა, წყლით იტვირთება და შესაბამისი უარყოფითი შედეგებიც მოჰყვება. არქიტექტორი იდეალურ, უზარმაზარ სარეკრეაციო ზონასაც გამოარჩევს თბილისის ზღვის გარშემო, რომელიც, ასევე, მოსავლელი და წესრიგში მოსაყვანია.
„აბანოთუბანში კი ამის გაკეთება არარეალურია. აქ უვიწროესი კალაპოტია, მტკვრის ყველაზე ვიწრო კალაპოტი მანდ არის. რანაირად აპირებენ ამის გაკეთებას, არ ვიცი. ეს წარმოუდგენელია თუნდაც იმიტომ, რომ მტკვარი იმ ადგილებში გუბდება. მოგეხსენებათ, ორთაჭალჰესი მუშაობს და ყოველთვის სილა გროვდება იმ ადგილებში. წელიწადში ორჯერ უშვებენ წყალს, რომ ეს სილა და ლამი წაიღოს, მაგრამ მაინც ცოტა რაოდენობით მიაქვს, დანარჩენი სილა ისევ რჩება და წყალთან ვერ მიხვალ. თავის დროზე, საბჭოთა სახელმწიფოს ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე, როცა პირველი სანაპიროები ააშენეს, ამ ადგილებში ჩასასვლელი კიბეებიც მოაწყეს იმ იმედით, რომ მტკვართან უშუალოდ მისვლა შესძლებოდათ, მაგრამ მტკვარი სხვანაირი მდინარეა, მანდ ქალაქის ფარგლებში ვერ მიხვალ, ეს გამორიცხულია. საინტერესო ადგილია, ასევე, ე.წ. მადათოვის კუნძულის ზონაში, სადაც მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე მტკვრის განშტოება მიედინებოდა, თვითონ კუნძული სარეკრეაციო მონაკვეთია. მართალია, ეს ყოფილი კუნძულია და ახლა მეჩეჩიც აღარ არსებობს, რადგან მშრალმა ხიდმა თავის ქვეშ მდინარის ნაცვლად გზა გაატარა, მაგრამ ეს შესანიშნავი გამწვანებული მონაკვეთია. გამოიყენონ ეს ადგილი, მტკვართან მისვლა იქ შეიძლება“, - აღნიშნა გიგა ბათიაშვილმა.
რაც შეეხება მტკვრის დაბინძურებას, რაც სარეკრეაციო მიზნებისთვის მის გამოყენას ხელს შეუშლის, არქიტექტორმა განმარტა, რომ მტკვრის დაბინძურება ჩვენს ხელშია. თავის დროზე შვიდი პუნქტი იყო გაშენებული მტკვარზე, რომელიც ამ მდინარის სიბინძურეს აკონტროლებდა. შვიდივე პუნქტი და ლაბორატორიები უნდა აამუშაონ. თუმცა გიგა ბათიაშვილი წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, რომ ქალაქის ფარგლებში ძირითადი კანალიზაცია მოცილებულია მტკვარს და ადრე რომ ჩადიოდა, ახლა აღარ ჩადის. ამავე დროს, წარმოებებიც აღარ არის, რომელთა გამომუშავებული წყლები მტკვარში ჩადიოდა და ღებავდა ამ მდინარეს. ახლა საჭიროა, ხელოვნურად არ მოხდეს მტკვრის დაბინძურება. თორემ მტკვარი მაინც მთის მდინარეა და ყოველთვის წამოიღებს ბუჩქებსაც, ხეებსაც და ღორღსაც.
„მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე რუსუდან სიმონიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ რეკრეაციული ფუნქციით მტკვრის დატვირთვა არაჩვეულებრივი იდეაა და მიუნხენი საუკეთესოა ამ თვალსაზრისით. ეს გარკვეულ თანხებთან იქნება დაკავშირებული, საჭირო გახდება გამწმენდი ნაგებობის სწორი მუშაობა და არა ისე, რომ მთელი ნაგავი მტკვრისკენ მიდიოდეს.
„სხვათა შორის, მტკვარ-არაქსის მონაკვეთზე საერთაშორისო ფონდებიდან გამოყოფილი უზარმაზარი თანხებია დახარჯული. 6-7 წლის წინ ჩვენ ეს შეფასება გავაკეთეთ და თანხები სადღაც 15 მილიონზე ადიოდა. მას მერე კიდევ ბევრი თანხა დაიხარჯა, მაგრამ ამას დიდი შედეგი არ მოუტანია. ვფიქრობ, არა მარტო მტკვარი, მდინარე ვერეც და სხვა მდინარეებიც საუკეთესო სარეკრეაციო ადგილებია. გენგეგმის ჯგუფს დიდი გეგმები აქვს, მაგრამ მარტო თბილისზე კი არა, სხვა ქალაქებზეც უნდა ვიფიქროთ, სადაც არტახებში ზის მდინარეები. ქალაქები მდინარის პირას იმიტომ შენდებოდა, რომ ისტორიულად ამ მდინარეებს ჰქონდათ თავიანთი ფუნქცია და რეკრეაციული მიზანი. მით უმეტეც, თბილისი ცნობილი იყო საქეიფო ადგილებით, ორთაჭალის ბაღებით. მე-20 საუკუნის დასაწყისში მტკვრის წყალს სვამდნენ. ახლა კი მტკვარი არტახებშია მოქცეული, მასში დიდი ბეტონის მილები ჩადის“.