„ნატოს იმ იმედით ვეხმარებით, რომ ჩვენც დაგვეხმარება, როცა გასაჭირი შეგვექმნება“

„ნატოს იმ იმედით ვეხმარებით, რომ ჩვენც დაგვეხმარება, როცა გასაჭირი შეგვექმნება“

ავღანეთსა და სხვა მისიებში მოღვაწე ქართულ კონტინგენტს პერიოდულად, ზედმეტ თავის გამოსაჩენად და პიარისთვის იყენებდნენ ამერიკელების თვალში. რომ არა ავღანეთი, სააკაშვილი ვერასდროს გააპიარებდა კადრებს, თუ როგორ შეხვდა ახალ წელს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად და როგორ გამოამზიურა იქ მყოფ ჯარისკაცთა სახეები თუ საგმირო საქმეები ავღანელ ტერორისტთა სააშკარაოდ, რითაც ქართველ მეომრებს სახიფათო ფონი შეუქმნა.

ავღანეთში მყოფ ქართველთა მიმართ არც ბიძინა ივანიშვილი დარჩენილა გულგრილი. იმხანად საქართველოს პრემიერ ივანიშვილს კითხვები უჩნდებოდა, თუ რატომ იღუპებდნენ ქართველები ავღანეთში?!

„თავისთავად ის, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები იღუპებიან, კითხვებს ბადებს“, - აცხადებდა ყოფილი პრემიერი, თუმცა არ აკონკრეტებდა, რას გულისხმობდა ამ უპასუხო კითხვებში.

მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ 2013 წელს გასაჯაროვდა, რომ თურმე მხოლოდ 2012 წლის 26 ნოემბრის მონაცემებით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში 19 ადამიანი დაკარგა ამ სამშვიდობო მისიაში, ხოლო დაჭრილების ოდენობამ 94 ჯარისკაცს მიაღწია, ჩვენმა ქვეყანამ 700-დან 1600 ჯარისკაცამდე მაინც გაზარდა სამშვიდობო კონტინგენტის რიცხვი ამ სახიფათო ზონაში. და ეს მაშინ, როცა ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის მოსახლეობის რაოდენობით მცირერიცხოვანი საქართველო ნომერ პირველ კონტრიბუტორად ითვლებოდა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს ქართველი მებრძოლების დაღუპვას უცხო მიწაზე, ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთისა და ევროკავშირის მისიებში კვლავაც რჩებიან. არადა, მსგავს მისიებს შეწირული ჯარისკაცების მსხვერპლის რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლით ითვლება.

საქართველოს თავდაცვის უწყებაში დღესაც ამბობენ, რომ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის შემცირება არ იგეგმება. საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულების ერთგულად რჩება. ეს კი ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტის კონტრიბუციას ითვალისწინებს 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით.

აშშ-ის აელჩი საქართველოში იან კელიც ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობისგან მას არ მოუსმენია, რომ ისინი აპირებდნენ ავღანეთში კონტინგენტის შემცირებას. თუმცა იან კელი არ ფლობს ინფორმაცის ევროკავშირის მისიებთან დაკავშირებით.

სამხედრო ექსპერტი ჯიმშერ ოთანაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვა ჩვენთვის ტრაგედიაა და უმძიმესად აისახება ქართულ გენოფონდზე. მით უმეტეს, როცა ჩვენი ჯარისკაცები სულ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე იღუპებიან.

„ერთ მხარეს ევროკავშირია, ხოლო მეორე მხარეს- ნატო. ამის მიუხედავად, ჩვენს ჯარისკაცებს უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან ყველა ქართველი ჩვენია. ვფიქრობ, ჩვენი კონტინგენტის რაოდენობა კი არა უნდა შემცირდეს, არამედ მთლიანად უნდა დასრულდეს ჩვენისთანა პატარა ქვეყნების მისიები უცხო მიწაზე. ზუსტად ის არის ჩვენი ქვეყნის უბედურება, რომ სამუშაოს საძიებლად მიდიან ასეთ სახიფათო ქვეყნებში ჩვენი ჯარისკაცები. სხვა ძლიერმა ქვეყნებმაც მიატოვეს ეს მისიები, დანარჩენები კი მიმტოვებელთა რიგებში დგანან. ჩვენ მივდივართ იქით, საიდანაც სხვები გამორბიან. ჩვენი წინაპრების არ იყოს, ისე არ გამოგვივიდეს, ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო. ჩვენს ტერიტორიებს ვკარგავთ, ჩვენი ბიჭები კი ავღანეთში, აფრიკაში და კიდევ სადღაც იგზავნებიან“, - აღნიშნა ჯიმშერ ოთანაძემ.

მანვე განმარტა, რომ უნდა გავითვალისწინოთ ავღანელების სამომავლო დამოკიდებულებაც ჩვენდამი. სამეზობლოს ანგარიში უნდა გავუწიოთ, რადგან ვერანაირად ვერ გავექცევით ამ სამეზობლოს.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩვენი მებრძოლები თავად გამოხატავენ ავღანეთში წასვლის სურვილს. ისინი აკმაყოფილებენ შესაბამის პარამეტრებს, რაც შესაძლოა, სხვებმა ვერ დააკმაყოფილონ. აქ არ არის ისე, რომ სპეციალური გაწვევით ხდებოდეს ავღანეთში ჩასვლა.

„საქართველოს ინტერესშია, დავიცვათ დასავლური ღირებულებები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მათ შორის, ავღანეთში. ამას ჩვენ პირველად არ ვაკეთებთ, ეს არ არის არც ამ და არც წინა ხელისუფლების გამოგონება. კარგა ხანია, ეს არჩევანი გაკეთებული გვაქვს. ვინ თქვა, რომ ნატოში მაინც არ გვიღებენ და რად გვინდა ავღანეთში წასვლა? ეს რუსული პროპაგანდაა. თავად ნატოში განაცხადეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ბიჭები მსგავს რთულ მისიებში იმიტომ მსახურობენ, რომ იქ უფრო მაღალი ხელფასია. ეს მათი არჩევანია.

სიმართლეს თუ ვიტყვით, ხიფათი ყველგან არსებობს. თუნდაც საქართველოში, სადაც ჩვენი ბიჭები მშენებლობაზე მუშაობენ და პანტაპუნტით იღუპებიან. სხვათა შორის, მშენებლობებზე უფრო მეტადაც იღუპებიან, ვიდრე ავღანეთში. თუ ავღანეთში არ ვიმოქმედებთ, მაშინ აქ, ანუ სახლში აგვიფეთქებენ ბომბებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, გავაგრძელებთ მონაწილეობას ავღანეთშიც და ევროკავშირის მისიებსიც. ჩვენ ეს შეგვიძლია, ქართველები ძალიან კარგი მეომრები არიან. ფაქტობრივად, ქართველები ამერიკელების დონეზე მოღვაწეობენ სახიფათო მისიებში. ყველაზე ვაჟკაცური შემადგენლობა სწორედ ჩვენია“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

ამასთან, შეკითხვის საპასუხოდ, რთულ მისიებში ქართველ მებრძოლთა კონტრიბუციის შემცირებაზე ხომ არ უნდა გვეფიქრა, აღნიშნა, რომ საქართველოს ჰყავს ის კონტინგენტი, რომელიც მას შეუძლია, ჰყავდეს. თუკი საერთოდ მოხდება შემცირება, მაშინ საქართველოც შეამცირებს კონტინგენტს, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია ნატოსთან ურთიერთობაზე.

„ნატოს ვეხმარებით იმ იმედით, რომ იგი ჩვენც დაგვეხმარება, როცა გასაჭირი შეგვექმნება. მით უმეტეს, ჩვენი მეზობლების ხელში საფრთხეები ყოველთვის იარსებებს. ვინმემ ჰკითხა ჩვენს ჯარისკაცებს, უნდათ კი ავღანეთიდან წამოსვლა და საქართველოში დარჩენა ხელფასისა და სამსახურის გარეშე? შეკითხვის ეს ნაწილი ვინმეს აინტერესებს?“, - კითხულობს ლევან ბერძენიშვილი.