საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს (ხალხი), როგორც კაცობრიობის ნაწილს. ქართველი ერის უფლებაა, ეს ტერიტორია (მიწა) გამოიყენოს თავისი საზოგადოების მშენებლობისათვის, თავისი ფიზიკური, მენტალური, სულიერი შესაძლებლობების, მიდრეკილებების, ტრადიციებისა და გემოვნების მიხედვით, ანუ ეძებოს საკუთარი გზები კაცობრიობის საერთო მარადიული მიზნებისა და იდეალების რეალიზაციისათვის.
მიწის საკითხში ქართველი ერი ისტორიულად თვითგამორკვეულია, ვინაიდან ქართველმა ოდითგანვე იცოდა, რომ:
1. მიწა, ე.ი. მამული მისი იდენტობის (ვინაობისა და რაობის) დამდგენი მთავარი ღირებულებაა - წინაპართაგან საპატრონოდ მემკვიდრეობით მიღებული, შთამომავალთათვის დასატოვარი, მარჩენალი და სამკვიდრო;
2. სამკვიდროს პატრონობა, ე.ი. მისი ჯეროვანი მოვლა, სასიკეთოდ გამოყენება და დაცვა არა მხოლოდ ქართველის ხელშეუვალი უფლებაა, არამედ მისი უპირველესი მოვალეობა საკუთარი ოჯახის, თემისა თუ სახელმწიფოს წინაშე;
3. მიწის კერძო საკუთრებასთან ერთად ხელშეუვალია საზოგადო, ანუ სათემო საკუთრებაც - სათემო (სოფლის) სამკვიდროს პატრონობა, ისევე როგორც კერძო სამკვიდროსი, შეადგენს თემის ყოველი წევრისა და მთლიანობაში - თემის უწინარეს მოვალეობას;
4. „ფრიადი ქვეყანა“, ანუ საერთო მამული, სამშობლო - ამ კერძო და სათემო სამკვიდროთა ერთობლიობა და ერთიანი ეროვნულ-ტერიტორიული იდენტობის მქონე მთლიანობაა, ხოლო მისი პატრონობა ამ ქვეყნის ყოველი მკვიდრის წმინდათა წმინდა მოვალეობა (ქართველთა მიწასთან მარადიული ურთიერთობის ტრადიცია).
ისტორიულად არსებული ამგვარი თვითგამორკვევა, საუკუნეების სიღრმიდან მომდინარე სწორედ ესფუძემდებლურიპრინციპები, მიწაზე უფლება-ვალდებულებათა განუყოფლობას მარად გულისხმობდა. სწორედ ეს ქმნიდა მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის გამორჩეულ წეს-რიგს ქართულ სამართალსა და ყოფაში; სწორედ ამ ისტორიული თვითგამორკვევის პრინციპების ურყევობის წყალობით მოატანა სრულიად საქართველომაც და მისმა სოფლებმაც დღემდე;
სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით შეძლო ქართველობამ თითქმის შეუძლებელი - მიუხედავად ისტორიული ბედუკუღმართობისა და დრო-ჟამის ცალკეულ პერიოდებში ქართული ტერიტორიების ნაწილზე, თუნდაც სრულად (მაგ. რუსეთის იმპერიის პირობებში) სუვერენიტეტის დაკარგვისა, არც ეროვნული იდენტობა და არც სამკვიდრო ქართველებს ჯერ არ დაგვიკარგავს.
ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენა და განხორციელებაუცილობლად ნიშნავს „ახალ თვითგამორკვევას“ - ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თანაცხოვრების ფუძემდებლური პრინციპებისა და წეს-რიგის უკვე თანამედროვე ეპოქაში, ახალი გარემოებებისას ხელახალ გარკვევასა და თვით-დამკვიდრებას;
ეს „ახალი თვითგამორკვევა“ დღეს საკონსტიტუციო პროცესის სახეს ატარებს; ამ პროცესშიც სამკვიდროს, ანუ მიწის საკითხი, სასიცოცხლოდ ყველაზე არსებითი საკითხია; თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი არსებობა სხვადასხვა პოლიტიკური წყობის (მაგ. საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკა) პირობებში სავსებით შესაძლებელია, მაგრამ სამკვიდროს ბედის ცხადად გარკვეულობის გარეშე - ყოვლად წარმოუდგენელი;
სწორედ ამიტომ, ზემოთ მოყვანილი ისტორიულად არსებული თვითგამოსარკვევი პრინციპები, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად ღირებული ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობა, ჯეროვნად უნდა იქნეს გათვალისწინებული და ასახული ახალი კონსტიტუციის ტექსტში; ეს პრინციპები, რაც ქართველთა საერთო ეროვნულ იდენტობას მარად განსაზღვრავდა და რამაც ჟამის ყოველ გამოცდას თუ ძნელბედობას ათასწლეულების განმავლობაში გაუძლო, თანამედროვე ქართველებისათვისაც კვლავაც უნდა გახდეს მყარი საერთო ნიადაგი, მაშასადამე - ეროვნული თანხმობის მტკიცე დასაყრდენი.
ამ ფუძემდებლურ პრინციპებს კონსტიტუციის ტექსტში სათანადო, ეპოქისა დადღევანდელი გარემოებებისათვის შესაფერისი ფორმა უნდა მიეცეს, მაგრამ არსებითად არ უნდა შეიცვალოს, რაც ნიშნავს:
1. კონსტიტუციის ზოგად დებულებებში მკაფიოდ უნდა იქნას მოცემული ღირებულებითი ნორმა-პრინციპი მიწის შესახებ მიწა არა მხოლოდ ბუნებრივი და ოდენ ეკონომიკური რესურსია (როგორც ეს ფორულლირებულია კონსტიტუციის პროექტის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტში), არამედ ჩვენი იდენტობის დამდგენი ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება;არსებობს ისტორიული შანსი, რომ ამ ღირებულებითი ნორმა-პრინციპის ზოგად დებულებებში ასახვით უკვე კონსტიტუციით გაცხადდეს საქართველოს ვინაობისა და რაობის დამდგენი მარადიული ქართული ტრიადა: „მამული, ენა, სარწმუნოება!“ ეს ისტორიული შესაძლებლობა არ შეიძლება, ხელიდან გაშვებული იქნას.
2. მიწაზე საკუთრების ძირითადი ფორმები - სახელმწიფო, მუნიციპალური (სათემო) და კერძო საკუთრება, ასევე კონსტიტუციით უნდა იქნეს გამყარებული;
3. საკუთრების შესახებ მუხლში (დღევანდელი პროექტის მე-19 მუხლი) აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ საკუთრება (განსაკუთრებით მიწის საკუთრება) არა მხოლოდ უფლებაა, არამედ ვალდებულებაც; აქ შეიძლება დავეყრდნოთ როგორც საკუთარ გამოცდილებასა და ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას (საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 116-ე მუხლი), ასევე ყველაზე მოწინავე სოციალური სახელმწიფოს - გერმანიის კონსტიტუციის მიერ საკუთრების ინსტიტუტის, როგორც იმთავითვე სოციალური ვალდებულებით დატვირთული უფლების, მოაზრებას (იხ. გერმანიის კონსტიტუციის მე-14 მუხლი);
4. კონსტიტუციამ მკაფიოდ უნდა მიუთითოს, რომ არა მხოლოდ მიწათმფლობელობას (როგორც ეს არის წარმოდგენილი პროეტში), არამედ მიწათსარგებლობასაც (მიწების აღრიცხვა, მიწათმოწყობა, მიწის, განსაკუთრებით - სასოფლო სამურნეო დანიშნულების მიწის ჯეროვანი გამოყენება და დაცვა, და სხვ.) აგრეთვე, მიწის სახელმწიფო და ადგილობრივი (მუნიციპალური და სათემო) პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებსაც ორგანული კანონი აწესრიგებს; ამასთან, ეს ორგანული კანონი სისტემატიზებული სახით თავს უნდა უყრიდეს მიწის შესახებ საკანონმდებლო ნორმებს. ე.ი. მიწის კოდექსის სახით უნდა იქნეს მომზადებული და მიღებული.
5. უცხოელებზე მიწის გასხვისების შეზღუდვა სწორედ ამ კონსტიტუციური პრინციპებიდან (მიწა, როგორც ეროვნული იდენტობის დამდგენი ღირებულება და მიწაზე საკუთრების სოციალურად დამავალდებულებელი ბუნება) უნდა გამომდინარეობდეს; გასხვისება მხოლოდ ორგანული კანონით დაგენილ გამონაკლის შემთხვევებში და პირობებით (საინვესტიციო სამოქმედო გეგმა დატვირთული აგროსამეურნეო ვალდებულებებით), როცა აშკარაა განსაკუთრებული სოციალურ-პოლიტიკური ინტერესი და საზოგადოებრივი სიკეთე, შესაძლოა იყოს დასაშვები; ამასთან, ორგანული კანონით უნდა განისაზღვროს, რომ ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა მუნიციპალურ საკუთრებაში უნდა გადავიდეს და შესაბამის თემს მუდმივ და უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცეს, რაც სახელმწიფოს მიერ მის გაყიდვას, განსაკუთრებით უცხოელებზე, სრულად გამორიცხავს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიწის საკითხთან დაკავშირებით ეროვნული თანხმობის მისაღწევად საკონსტიტუციო ნორმები შესაძლოა ამ სახით ჩამოყალიბდეს:
ა) კონსტიტუციის პროექტის ზოგად დებულებებს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი:
„მუხლი .... მიწა
მიწა, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, წარმოადგენს განსაკუთრებულ ეროვნულ საუნჯეს - წინაპარი, აწმყო და მომავალი თაობების მარადიულ სამკვიდროს, რომელსაც იცავს ხალხი და სახელმწიფო.
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა ერის (ხალხი) უალტერნატივო სასიცოცხლო ბაზაა, რომელსაც განუმეორებადი სოციალური და კულტურული ფუნქცია (ღირებულება) აქვს. მისი სრულად შენარჩუნება და მომავალი თაობებისათვის გადაცემა სახელმწიფოსთვის შეუვალი მოვალეობაა.
2. მიწა შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალურ (სათემო) და კერძო საკუთრებაში. მიწის ჯეროვანი მოვლა-პატრონობა, ხოლო სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში აგრეთვე მისი სათანადო დამუშავება შეადგენს მიწის მესაკუთრის მოვალეობას ხალხისა და ადგილობრივი თემის წინაშე.
3. მიწათმფლობელობა და მიწათსარგებლობა, აგრეთვე მიწის სახელმწიფო და ადგილობრივი (მუნიციპალური, სათემო) პოლიტიკის სამართლებრივი საფუძვლები წესრიგდება ორგანული კანონით.
ბ) კონსტიტუციის პროექტის მე-19 მუხლის 1-ელი პუნქტი ამ რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს (შესაბამისად, ზედმეტია მე-4 პუნქტი და იგი ამოღებული უნდა იქნას):
„1. საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრება ავალდებულებს. მისი გამოყენება იმავდროულად საზოგადოებრივ სიკეთეს უნდა ემსახუროს. საკუთრების უფლების შინაარსი და ფარგლები კანონით, ხოლო მიწის საკუთრებისა - ორგანული კანონით განისაზღვრება.“
ეს კონსტიტუციური პრინციპები, რაც საქართველოს ისტორიულ-სამართლებრივ და მოწინავე საერთაშორისო (უწინარესად - ევროპულ) გამოცდილებას ემყარება, ამავდროულად ამ საკითხზე ეროვნულ თანხმობასაც ასახავს, შექმნის მტკიცე გარანტიას, რომ მიწის კანონმდებლობა, რომელიც დღეს სავალალო დღეშია, ჯეროვნად გაიმართოს, რათა მიწათმფლობელობასა და მიწათსარგებლობაში კვლავაც, როგორც ეს გეორგიანული ცივილიზაციისათვის ოდითგანვე იყო დამახასიათებელი, გამორჩეული წეს-რიგი დამყარდეს. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობითა და თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, მიწის ახალი, გამართული კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მომზადდეს და გატარდეს ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მიწის რეფორმა (რისთვისაც შესაქმნელია მიწათსარგებლობის მონიტორინგისა და ლანშაფტურ-ეკოლოგიური მართვის სამსახური).
აქვე ხაზგასასმელია, რომ დღეს არსებული გამოშიგნული და სახედაკარგული კანონი „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“, მიუხედავად მასში სულ ახლახანს ცვლილებებისა და დამატებების ინიცირებისა, მიწის სამართლის მომწესრიგებელი ორგანული კანონის ფუნქციას ვერასგზით ვერ შეასრულებს. თუნდაც იმიტომ, რომ იგი მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და არა ზოგადად -მიწასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, თანაც მხოლოდ უაღრესად ფრაგმენტულად შეეხება; ხოლო ახლახანს ინიცირებული ცვლილებები, რაც უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შეძენის გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს და კონკრეტულად მხოლოდ ამ მტკივნეული საკითხის (ad hog)მოსაწესრიგებლადაა განკუთვნილი;ცალკე მსჯელობის საგანია და უაღესად სადავოა, რამდენად წესრიგდება თუნდაც ეს მტკივნეული პრობლემა; მაგრამ, მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, მიწის დღევანდელ უმძიმეს პრობლემას ეს ინიცირებული პროექტი ვერ გადაწყვეტს: მიწის გაუცხოება მხოლოდ აისბერგის წვერია პრობლემათა იმ გრძელ ჯაჭვში, რასაც მოკლედ შეიძლება ქართული მიწის არაჯეროვანი პატრონობა ან სულაც - უპატრონოდ მიგდება ვუწოდოთ.
სწორედ ამიტომ, კატეგორიულად მიუღებელია კონსტიტუციური კანონის პროეტის ის ნორმა (იხ. პროექტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი), რომლის თანახმადაც ამ უვარგის კანონს მიწათმფლობელობის მომწესრიგებელი ორგანული კანონის სტატუსი ავტომატურად ენიჭება კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე. ეს ნორმა პროექტიდან ამოღებული უნდა იქნას და მის სანაცვლოდ პროეტს აუცილებლად უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი:
„3. ამ კანონის ამოქმედებამდე, არაუგვიანეს 2017 წლის 15 დეკემბრისა, საქართველოს მთავრობამ მოამზადოს და პარლამენტს მისაღებად წარუდგინოს საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მიწის კოდექსი.“
მიწის საკითხზე ეროვნული თანხმობა არა მხოლოდ კონსტიტუციის ლეგიტიმურობის, არამედ ქართველთა ღირსეული თანაცხოვრების ფუძემდებლური და სავალდებულო პირობაა, ამიტომ ამ თანხმობის მისაღწევად საზოგადოებამაც და ხელისუფლებამაც ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ!
პროფესორები: პაატა კოღუაშვილი, დავით ზადიაშვილი, ჯუმბერ ფანჩულიძე, ანზორ მესხიშვილი, მიხეილ ჯიბუტი