ბოლო დროს განსჯის საბაბად იქცა თსუ-ში გამართული კონფერენცია, სახელწოდებით „დასავლური საფრთხეები საქართველოში“. კონფერენციაზე მოწვეული პრორუსული ძალები ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა ამერიკელების და, კერძოდ, ამერიკის ელჩის, იან კელის მძევალია, რომელიც უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. კერძოდ, თურმე, იან კელი პანკისში ჩადის და სირიიდან დაბრუნებულ ისლამისტ მებრძოლებს ხვდება.
მოგვიანებით იან კელი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას გამოეხმაურა და მათ უსაფუძველობაზე ისაუბრა. მანვე განმარტა, რომ ამერიკის ხელისუფლება ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვის და პანკისში მხოლოდ ერთხელ პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
კონფერენციის გამო ვითარება ისე დაიძაბა, რომ თსუ-ის ადმინისტრაციას განმარტების გაკეთება მოუხდა, რომ მათ არ იცოდნენ აღნიშნული კონფერენციის სულისკვეთების შესახებ, თორემ თსუ-ში ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ. მით უმეტეს, რომ კონფერენციაზე ისმოდა ისეთი სიტყვები, როგორიცაა „დასავლეთი გვებრძვის, საქართველოს განადგურება უნდა“. ამ სიტყვების ავტორი ტრისტან წითელაშვილი რუსეთთან დიალოგის დაწყებას მოითხოვდა.
უნივერსიტეტში ჩატარებულ სკანდალურ კონფერენციას ცალკეულმა ექსპერტებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და განმარტეს, რომ არა მხოლოდ თსუ-ში, არამედ სხვა ქართულ უნივერსიტეტებშიც მძლავრობენ პრორუსულად განწყობილი პროფესორები, რომლებიც ლექციებზე ღია რუსულ პროპაგანდას ეწევიან.
გვყავს თუ არა ასეთი განწყობის პროფესორები, ამის განმარტება თსუ-ის ყოფილ ლექტორს, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს ვთხოვეთ.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რაკი ქვეყანაში არსებობენ პრორუსულად განწყობილი ადამიანები, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი თსუ-ში შეიკრიბებიან თუ სხვაგან და საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ამ თვალსაზრისით, პანიკის ატეხვა, რომ, არიქა, ხალხს პრორუსული აზრი აქვს, არასწორია. ძალზე სპეციფიკურ ძალებს ახასიათებთ, ჩაახშონ განსხვავებული აზრი. პირიქით, ჩვენ გვირჩევნია, საჯაროდ ილაპარაკონ ამ ადამიანებმა, გამოვიდნენ სააშკარაოდ და ჩუმ-ჩუმად ბომბები არ ჩაგვიდონ.
რაც შეეხება თავის მართლებას, რომ თსუ-ის რექტორატმა ამ კონფერენციის შესახებ არაფერი იცოდა, ლევან ბერძენიშვილი განმარტავს, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იცოდა თუ არა რექტორატმა და, რომც დაეთმო თავისი ტრიბუნა, ამაში ტრაგედია არ არის. უბრალოდ, გასაკვირია, როცა თავად ლევან ბერძენიშვილმა მოინდომა თსუ-ში ლექციის ჩატარება, ლამის 700-მა კაცმა შეამოწმა, სად შედიოდა, საიდან გამოდიოდა, მანქანას სად აჩერებდა და „ახლა ამხელა პოლკოვნიკი წითელაშვილი ვერ დაინახეს, თუ რა?“
„თსუ-ის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი, რომელმაც ამ თემაზე განცხადება გააკეთა, დასავლურად განწყობილი, მაღალი კვალიფიკაციის ადამიანია. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ეს კონფერენცია ჩატარდა მოტყუებით, მაგრამ მოტყუებითაც რომ არ ყოფილიყო, პრობლემა ის არის, რომ წითელაშვილებს სალაპარაკო
გაუჩნდათ, ვინაიდან ხელისუფლება ერთპარტიულ სისტემას აშენებს. თუნდაც მერობის კანდიდატის თემა ავიღოთ. ხელისუფლება იმას კი არ გვეუბნება, რომ არჩევნებში წამოაყენებს ამა და ამ პიროვნების კანდიდატურას, არამედ აპრიორი გვარწმუნებს, რომ თბილისის მერი იქნება ეს კაცი. რუსობა არის ორი მოვლენა. ერთი, როცა ვიღაც პუტინის მონაა და ასრულებს „ფსბ“-ს დავალებებს და მეორე, არ ასრულებს ამ დავალებებს, მაგრამ ისე იქცევა, როგორც რუსეთი. ანუ კვლავაც ერთპარტიული სისტემა, კვლავაც საბჭოთა კავშირი...
მაინტერესებს, ბარათაშვილის 200 წლისთავზე როგორ დაგვებადა ასეთი ჭკვიანი ხალხი, რომლებმაც დაინახეს, რომ რუსეთში ჩვენი ხსნა და გადარჩენაა?! ბრალდება, თურმე იან კელი პანკისში ტერორისტებს შეხვდა, ნიშნავს, რომ აღვირახსნილი ანტიდასავლური შაბაში ჰქონდათ მოწყობილი უნივერსიტეტში, რაც უნივერსიტეტს დიდებას არ მოუტანს. ტრაგედია ისაა, რომ ირმა ინაშვილი ქართველმა ხალხმა პარლამენტში დასვა, გამოვიდა ქალბატონი ადა და სწორედ პარლამენტში აგვიხსნა, როგორ არ გვჭირდება ნატო. რა არის გასაკვირი, როცა ბიძინა ივანიშვილის მეგობარი გოგი თოფაძე დაგვიპირისპირდა, ნატოს წინააღმდეგ და სტალინის სიყვარულზე ილაპარაკა და კაციშვილმა საყვედური არ უთხრა. თუ გორში ისევ იქნება სტალინის ქუჩა, უარესი დაგვემართება. თბილისის უნივერსიტეტის ლექტორები კი არა, უკვე რექტორი და ქვეყნის ხელმძღვანელები ალაპარაკდებიან პრორუსული განწყობით“, -აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა For.ge-სთან საუბარში.
ამასთან, განმარტა, რომ თსუ-ში სიტუაციას კარგად არ იცნობს, რადგან იქიდან 1993 წელს წამოვიდა. ამჟამად ილიას უნივერსიტეტში პროფესორად და, ასევე, მიწვეულ პროფესორად მოღვაწეობს „ჯიპასა“ და „კავკასიის უნივერსიტეტში“. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ თავის დროზე თსუ-მა კარგი ლექტორები ვერ შეინარჩუნა. მათ შორის, ზურაბ კიკნაძე, ემზარ ჯგერენია, საკუთარ თავზე საუბარს კი ზედმეტად მიიჩნევს.
„ვიცი, რომ თსუ-ში ბევრი პატიოსანი, პატრიოტი ლექტორი მოღვაწეობს, მაგრამ, თავისთავად, სახელმწიფო უნივერსიტეტი პრობლემური დაწესებულებაა, რადგან იქ სერიოზული რეფორმა ვერავინ ჩაატარა. ცხადია, პრორუსულად განწყობილი ადამიანი იქნება ქვეყანაში და მათ ვერაფერს მოვუხერხებთ. ასე, ნინო ბურჯანაძესაც ჰყავს მხარდამჭერები და ისინი პრორუსულად განწყობილი ხალხია“.
თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი მანანა მელიქიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მთლიანად უნივერსიტეტის სახელით ვერ ილაპარაკებს, მაგრამ უშუალოდ მის ფაკულტეტზე ნამდვილად არ არიან პრორუსული ორიენტაციის ლექტორები.
„სხვა ფაკულტეტზე რა ხდება, ნამდვილად არ ვიცი. მე შემიძლია პასუხი ვაგო მხოლოდ ჩემს ფაკულტეტზე. იმ წრეში, სადაც მე ვტრიალებ, არც სტუდენტებსა და არც ლექტორებში პრორუსული ორიენტაცია არ შეინიშნება. პირიქით, მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტაციაა. პოლიტიკისგან შორს ვარ და ვერ ვიტყვი, მომძლავრდნენ თუ არა ჩვენს ქვეყანაში პრორუსული ძალები, მაგრამ, თუკი საზოგადოებაში იგრძნობა პრორუსული გავლენა და მოსაზრების გამოხატვის თავისუფლებაც არსებობს, მაშინ ადამიანს უფლება აქვს, გამოხატოს საკუთარი აზრი. ამიტომ ვერაფერ ტრაგიკულს ვერ ვხედავ, თუკი პრორუსული ორიენტაციის კონფერენციები გაიმართება, მაგრამ ასეთი კონფერენციები უნივერსიტეტში არ უნდა იმართებოდეს. თსუ მაინც პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც სწორედ პროგრესსა და ყოველგვარ ქართულზეა ორიენტირებული. ამიტომ ასეთი ლექციები აქ არ უნდა ტარდებოდეს“, - აღნიშნა მანანა მელიქიშვილმა.