ტომ კრუზის ახალი პროექტი

ტომ კრუზის ახალი პროექტი

ამერიკული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, კინოკომპანიები “Paramount Pictures” და “Skydance Productions” ცნობილ მსახიობ ტომ კრუზს დაუკავშირდნენ და ახალ პროექტში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს.

 

ჰოლივუდელ მსახიობს რამდენიმე წელია საკუთარი საპროდიუსერო კომპანია გააჩნია. ამ ფირმამ ხუთი წლის წინ, მწერალი ლი ჩაილდის დეტექტიური რომანების ეკრანიზაციის უფლება შეიძინა. სამწუხაროდ ფინანსური პრობლემების გამო ტომ კრუზმა თავისი ძალებით ამ ნაწარმოების ეკრანიზაცია ვერ შეძლო.

 

ზემოთ დასახელებულმა კომპანიებმა მსახიობს ერთობლივი ძალებით დეტექტიური თრილერის “ერთი გასროლის” გადაღება შესთავაზეს. ამის გარდა ტომ კრუზი ფილმის მთავარ გმირსაც განასახიერებს.

 

ფილმი “ერთი გასროლის” მთავარი გმირი ყოფილი სამხედრო პოლიციელი ჯეკ რიჩერია. ის აშშ-ში მოგზაურობს და მუდმივად უსიამოვნო კრიმინალურ ისტორიებში ეხვევა.

 

ლი ჩაილდი ბრიტანელი მწერლის ჯიმ გრანტის ლიტერატურული ფსევდონიმია, რომელსაც ჯეკ რიჩერის “გმირობების” შესახებ უკვე თხუთმეტი წიგნი აქვს გამოცემული. რიჩერი აშშ-ში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ამ წიგნის ტირაჟმა 40 მილიონ ცალსაც მიაღწია.

 

ტომ კრუზი ჯეკ რიჩერის როლს შეასრულებს. დეტექტივი ჯეკი წიგნის მიხედვით ორი მეტრი სიმაღლისაა და 120 კილოგრამსაც იწონის. მსახიობი ტომ კრუზი კი მხოლოდ 170 სმ სიმაღლისაა. ამის მიუხედავად მწერალი ლი ჩაილდი დარწმუნებულია, რომ ტომ კრუზი ამ როლს თავს კარგად გაართმევს.

 

ამ ახალი სურათის რეჟისორი კრისტოფერ მაკკუორი იქნება. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის დაიწყება  ფილზე მუშაობა, რადგან ჯეკ რიჩერის როლის შემსრულებელი  ძალიან დაკავებულია. ცნობილია, რომ 2012 წლის იანვარში ტომ კრუზი მუშაობას იწყებს კინორეჟისორ ჯოზეფ კოსინსკის სურათში “დავიწყება”.