აზერბაიჯანული მედია საქართველოში მოქმედი სომხური ლობის ინტერესებზე საუბრობს

აზერბაიჯანული მედია საქართველოში მოქმედი სომხური ლობის ინტერესებზე საუბრობს

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი პირველი ინსტანციის სასამართლომ 3-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბაქოს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მუხთარლის დაცვის სააპელაციო სარჩელი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებაზე. პარალელურად აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია გრძელდება თბილისში, რომლის უკან აზერბაიჯანული მედია სომხურ ლობს ასეხელებს.

აზერბაიჯანული მედია საქართველოში მოქმედი სომხური ლობისა და სპეცსამსახურების შესახებ წერს და აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სწორედ მათი ფარული ინიციატივით მიმდინარეობს საპროტესტო აქციები თბილისში. გამოცემა „Каспiй“ –აზერბაიჯანი წერს, რომ პროსომხური ძალები აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ.

აფგან მუხთარლის საკითხის განხილვის ინიციატივას, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი გამოვიდა ინიციატივით, რომ აუცილებელია, სწორედ ამ კომიტეტზე დაისვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საკითხი და იყოს მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით. ამის საპასუხოდ კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ „ევროპული საქართველო“ შოუს დადგმის მცდელობაში დაადანაშაულა.

„გასაგებია, რომ დღის წესრიგში გვაქვს ორი საკითხი, თუმცა, აუცილებელია, სწორედ ამ კომიტეტზე დაისვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საკითხი და იყოს მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით. აქ უნდა იყვნენ ძალოვანი მინისტრები და უნდა მომხდარიყო მათი გამოკითხვა, თუ რა მოხდა ამ დღეების განმავლობაში.

ეს კომიტეტი არის, პირველ რიგში, ვალდებული, გაარკვიოს, რა მოხდა. ერთი ვერსია არის, რომ თითქოსდა ჩვენი სამართალდამცველები აზრზე არ იყვნენ, როგორ გადაიყვანეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საზღვარზე, მეორე ვერსიაა, რომ ჩვენი ძალოვანები თანამშრომლობდნენ და ჩააბარეს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს მუხთარლი. ორივე შემთხვევაში ეს არის კატასტროფა და ვფიქრობ, სწორედ ამ კომიტეტზე უნდა განვიხილოთ ეს საკითხი“, – განაცხადა სერგო რატიანმა, რაზეც სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი პოლიტიკოსების მხრიდან არ უნდა გადაიქცეს შოუს დადგმისა და პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობად.

„მთლიანად ჩვენი კომიტეტი ვადასტურებთ ამ საკითხის სიმძიმეს, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ გამოძიების კუთხით ჩართული ვართ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი პარტნიორები და მთელი საზოგადოება. ამიტომ, ნუ გადავაქცევთ ამ საკითხს შოუდ და პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ნუ გამოვიყენებთ ამ ძალიან მძიმე თემას. ჩემი თხოვნა იქნება, შოუს ელემენტები გამოვრიცხოთ და დავტოვოთ ის, რაც არის.

გვესმის საკითხი თავისი მნიშვნელოვანი წახნაგებით და დავუტოვოთ გამოძიებას დრო, მიიღოს გადაწყვეტილებები. ამის შემდეგ შეგვიძლია ჩვენ სრული მასშტაბით საპარლამენტო კონტროლის განხორციელება. ვფიქრობ, ბატონო სერგო ამ საკითხის განხილვა არ არის მიზანშეწონილი. თქვენ გინდათ შოუს დადგმა და არ გვინდა რა. დღეს რა უნდა გავაკეთოთ შოუს გარდა?! თქვენ საკითხზე გული არ შეგტკივათ, თქვენ გინდათ შოუს დადგმა“, – მიმართა კილაძემ რატიანს.

თავის მხრივ, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია ის ეჭვები, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს, თუმცა პოლიტიკოსებს არ აქვთ უფლება გარკვეული დრო არ მისცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს.

„მე ბატონ ჩვენ კოლეგას სერგო რატიანი ვთხოვდი, რომ თავი შევიკავოთ დროზე ადრე დასკვნების გაკეთებისგან, რადგან არსებობს გარკვეული ინსტიტუციური ფორმები, რასაც უნდა დაველოდოთ. მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აქვს ბევრი კითხვა. თემა არის რთული და უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, რათა ჩვენ გვქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია იმისთვის, რომ მერე განვიხილოთ.

დღეს მხოლოდ პრესაში გაჟღერებული ჭორისა და მართლის გარჩევა შეგვიძლია, რაც, თავისთავად, არასწორი მიმართულებით წაგვიყვანს. მე პირადად მაშფოთებს ის ეჭვები, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს. მაგრამ, ჩვენ როგორც პოლიტიკოსებს არ გვაქვს უფლება გარკვეული დრო არ მივცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ დადონ დასკვნები და შევაფასოთ, რამდენად ადეკვატურია ეს დასკვნები“, – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დეპუტატებს შორის კამათამდე კი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელი კოლეგის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად ერთგვარი აქცია-პერფორმანსი გამართეს. ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად თავზე პოლიეთილენის პარკები ჩამოიფარეს. მათ ასევე პლაკატები გამოფინეს წარწერით - „არ შეგრჩებათ“ და „სოკარ-თველო“. ჟურნალისტების პროტესტი კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული მის უკანონო დაპატიმრებაში კრიმინალურ პოლიციას ასახელებს, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობას ამ ინციდენტში აბსოლუტურად გამორიცხავს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია იმ დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნება, განვითარება და გაუმჯობესება, რომელსაც დიდი შრომის შედეგად მიაღწიეს.

„მოგეხსენებათ, რომ შსს იძიებს არსებულ ძალიან სამწუხარო ინციდენტს. ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია იმ დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნება და განვითარება, გაუმჯობესება, რომელსაც ჩვენ დიდი შრომის შედეგად მივაღწიეთ. ვნახოთ, გამოძიება წარიმართება. ეს ნაბიჯი გადავდგით - მეუღლეს და შვილებს შევთავაზეთ... პიროვნება, რომელზეც საუბარია, დაპატიმრებულია. ვნახოთ, როგორ განვითარდება გამოძიება. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში არის აბსოლუტურად გამორიცხული“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დაკავებულის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ პრემიერის განცხადება დაზარალებულის ოჯახის მიერ აღიქმება, როგორც მითითება სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომ ამ მიმართულებით არც კი ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები.

„პრემიერმა აღნიშნული განცხადებით ფაქტობრივად 100%-ით გამორიცხა ამ საქმეში სამართალდამცავების მონაწილეობა ან ირიბი კავშირი. აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვს ჯერ მინიჭებული. საგამოძიებო ქვემდებარეობით პროკურატურა არ იძიებს ამ საქმეს. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ეს მითითება სრულდება და სწორად იყო აღქმული შსს-ს მხრიდან, რაც დაუშვებელია, რადგან გარე მოხმარებისთვის - ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის განსხვავებული განცხადებები კეთდება, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სრულყოფილად ჩატარდება.

სრულყოფილი გამოძიება ყველა ვერსიის შემოწმებას ნიშნავს, მათ შორის, მთავარი პრეტენზიის, ეჭვის შემოწმებას, რომელიც დაზარალებულ ოჯახს აქვს.

როგორც მოგეხსენებათ, ბატონი აფგანი პირდაპირ აცხადებს, რომ აღნიშნული აზერბაიჯანული და ქართული მხარის თანამშრომლობის შედეგად მოხდა. ამდენად, აუცილებელია, რომ სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ პროკურატურა გამოიძიებს ამ საქმეს და სრულყოფილად გაეცემა არსებულ კითხვებს პასუხი“, – აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.

დაცვის მხარემ პროკურატურაში შეიტანა წერილობითი მოთხოვნა საქმის გამოძიებაზე, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ჩოფიკაშვილი არ არის დარწმუნებული, რომ
გადაწყვეტილება იქნება დროულად მიღებული. მისი თქმით, თუ პროკურატურა ამ საქმეს არ გამოიძიებს, გამოიყენებს სამართლებრივი დაცვის ყველა შესაძლებლობას და ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რომ დაკავებული ჟურნალისტის უფლებები იყოს ბოლომდე აღდგენილი.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევასა და ორ მოწმისთვის დაცვის დანიშვნის საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება. დაცვის სპეციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით კონსულტაციები ლეილა მუსტაფაევასთან და მის ადვოკატთან ერთად ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

დაკავებულის მეუღლე მისი ქალიშვილის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს. დაცვის ღონისძიებები ასევე განხორციელდება ორი მოწმის – არლი დაშკინის და რაჰიმ შალიევის მიმართ, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ. ორივე მოწმე აფგანის მეგობრები არიან, რომლებთან ერთადაც ის იმყოფებოდა.

„ჩემი ოჯახის, კერძოდ, ჩემი და ჩემი შვილის უსაფრთხოების ტექნიკურ საკითხზე ვიმსჯელეთ. თუ როგორ და როდიდან უნდა განხორციელდეს ეს. უწყების თანამშრომლები კიდევ ერთხელ დამიკავშირდებიან და მომაწვდიან დეტალურ ინფორმაციას. მე, პირველ რიგში, დაცვის უზრუნველყოფა ჩემი ქალიშვილის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოვითხოვე“, – განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

აფგან მუხთარლის საქმეზე კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ რაც უფრო ხშირად მოისმენს საზოგადოება არაადეკვატურ კომენტარებს, მით უფრო საზიანოა ქვეყნისთვის.

„ცხადია, რომ ამ სამწუხარო ფაქტმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა. ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ჟურნალისტებს დევნიან, სადაც ადამიანებს იტაცებენ და სადაც ადამიანის უფლებები დაუცველია. ამასთანავე, ეს არის ის მაღალი სტანდარტი, რომელითაც სახელმწიფომ უნდა იფუნქციონიროს.

დღეს ჩვენ ყველანი - ხელისუფლებაც და საზოგადოებაც, ვიმყოფებით ამ შელახული იმიჯის დაძლევის კრიზისულ ეტაპზე და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პროცესი, რაც უფრო ხშირად მოისმენს საზოგადოება არაადეკვატურ კომენტარებს, მით უფრო საზიანოა ეს ქვეყნისთვის. ყოველი დღე, რომელიც პასუხს არ სცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, კიდევ უფრო მეტად აყენებს ზიანს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას“, – ამბობს პრეზიდენტი.