„რუსებისგან დანატოვარ თითქმის ყველა სამხედრო ბაზაზე რადიაქტიური ნარჩენები აღმოჩნდა“

„რუსებისგან დანატოვარ თითქმის ყველა სამხედრო ბაზაზე რადიაქტიური ნარჩენები აღმოჩნდა“

სამხედრო ბაზების გასვლის შემდეგ რუსებმა ქართველებს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვეს. ყოფილ სამხედრო ტერიტორიებზე რადიაქტიურმა ნარჩენებმა ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, ზოგიერთი მათგანი კი სამუდამოდ დასნეულდა. 1991 წელს, როგორც კი დაიშალა საბჭოთა კავშირი, ბევრმა ყოფილმა სოციალისტურმა ქვეყანამ რუსებს წაუყენა ეკოლოგიური ტიპის ზარალის სარჩელები, რაც რუსული სამხედრო ბაზების ყოფნის შედეგად იმ ადგილების ეკოლოგიურ დაბინძურებაში გამოიხატებოდა. იმ პერიოდში საქართველომ რუსეთი „დაინდო“.

რა მდგომარეობაა დღეს რუსების მიერ მიტოვებულ ყოფილ სამხედრო ბაზებზე?!

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, დეპუტატი გია გაჩეჩილაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ თავის დროზე რუსულ სამხედრო ბაზებთან მიმართებით ჩვენთან საშინელებები ხდებოდა. 1998 წელს ხელი მოეწერა ე.წ. სტამბოლის ხელშეკრულებას რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით. ეს იყო სასწაული, რაც შევარდნაძემ მოახერხა. ამაში მონაწილეობდა შევარდნაძე, ელცინი და კლინტონი. სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შემდეგ მართლაც დაიწყო სამხედრო ბაზების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან. ვაზიანის სამხედრო ბაზა დაიცალა, ასევე, დაცარიელდა თბილისში არსებული სხვა სამხედრო ბაზები.

სააკაშვილის პერიოდში დარჩენილი იყო სულ რამდენიმე ბაზა, ახალციხის და სხვა. 2007 წლისთვის ისინიც გავიდნენ. სწორედ იმ პერიოდში გაირკვა, რომ საშინელებები ჩაიდინეს რუსებმა. გარკვეული ტიპის სამხედრო იარაღში ენერგიის წყაროდ იხმარება ბირთვული მასალები, რადიაქტიური ნივთიერებები. ეს ყველაფერი რუსებმა განგებ დაგვიტოვეს ჩვენ და ეს მაშინ, როცა რადიაქტიური ნარჩენები უნდა გაეტანათ, რადგან ქვეყნებს შორის ამ ნარჩენების მიმოქცევა რეგულირდება კონვენციებით.

„ალბათ, გახსოვთ, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 11 ჯარისკაცი ლეიკემიით დაავადდა. ისინი სიგარეტს ეწეოდნენ იმ ადგილას, სადაც რადიაქტიური ნივთიერებები იყო დაყრილი. ცხადია, ჯარისკაცებმა არაფერი იცოდნენ და მათგან ბევრი გარდაიცვალა. პირველი ფაქტი რომ გახმაურდა, ამის შემდეგ შეისწავლეს რუსებისგან დანატოვარი თითქმის ყველა სამხედრო ბაზა. თითქმის ყველგან აღმოჩნდა რადიაქტიური ნარჩენები“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ და განმარტა, თუ რატომ არ უჩივლეს ქართველებმა რუსებს: „ცოტა რთული საკითხია. ალბათ, ჩივილი არ უნდოდა მაშინდელ ხელისუფლებას, რადგან მთავარი მიზანი იყო, რუსული სამხედრო ბაზები როგორმე გასულიყვნენ აქედან. ალბათ, შეეშინდათ, არ დაბრკოლებულიყო ეს პროცესი“.

გია გაჩეჩილაძის თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ საფრანგეთს სთხოვა რუსულ სამხედრო ბაზებზე კვლევის ჩატარება, რათა სახიფათო წერტილოვანი წყაროები აღმოჩენილიყო. ეს სამუშაო ვერტმფრენების საშუალებით განხორციელდა. ცხადია, საკითხი გასაიდუმლოებული იყო. სპეციალური რუკები შეიქმნა, რომლებიც დახურულია და საიდუმლო გრიფი ადევს. ამის შემდეგ სახიფათო ნარჩენებისგან გაიწმინდა საქართველო. თუმცა სოფელ ლიაში, სამეგრელოში ორი გლეხი მაინც დასხივდა რადიაქტიური ნივთიერებებით. მათ ტყეში აღმოაჩინეს ტყვიის კონტეინერებში ჩადებული ლამაზი ნივთი, მაშინ ჯართის ჩაბარება იყო პოპულარული, გახსნეს და შიგნით არსებული რადიქტიური ნივთიერებების გამო ერთი მათგანი გარდაიცვალა. საბოლოოდ, ჩვენმა სამსახურებმა გაწმინდეს საქართველო ამ ნარჩენებისგან და საეჭვოა, ეს პრობლემა დღესაც არსებობდეს.

საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ 1991 წელს, როგორც კი დაიშალა საბჭოთა კავშირი, ყოფილმა სოციალისტურმა ქვეყნებმა (მათ შორის, გერმანიამ, ბალტიისპირეთმა, მოლდავეთმა) რუსებს ეკოლოგიური ტიპის ზარალის სარჩელები წაუყენეს. საქმე ეხებოდა რუსული სამხედრო ბაზების ყოფნის შედეგად იმ ადგილების ეკოლოგიურ დაბინძურებას. ამ ქვეყნებმაც დაუთვალეს და წინ დაუდეს რუსებს ზიანის შესახებ მონაცემები. ზოგიერთმა ქვეყანამ რამდენიმე მილიარდი დოლარის სარჩელიც წარადგინა. სხვათა შორის, შესაბამისი მეთოდოლოგიაც იყო შემუშავებული ზარალის დასათვლელად. რა თქმა უნდა, რუსეთმა ფული არავის გადაუხადა, მაგრამ სალაპარაკო თემად იქცა რუსეთის არაცივილური ქმედება.

„ქართულმა მხარემ არ მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა. მაშინდელი მთავრობის მიერ მივლინებული გახლდით მოლდავეთში, სადაც ზარალის დათვლის მეთოდოლოგია იყო შემუშავებული. ეს მეთოდოლოგია ჩამოვიტანე იმისთვის, რომ საქართველოშიც გვეანგარიშა ზარალი. რუსების მიერ დატოვებულ სამხედრო ბაზებზე რა უნდა ვთქვათ, როცა არავინ იცის საქართველოში, სად არიან ჯილეხით დაავადებული ცხოველები ჩამარხულნი. თავის დროზე, როცა ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში გარემოს დაცვის კათედრის გამგე გახლდით, ასეთ ადგილებს ვეძებდით, მაგრამ ვერაფერს მივაკვლიეთ, რადგან ამ სამარხების ადგილმდებარეობა უცნობი იყო. დღესაც ისე იყიდება ნიადაგები, მიწები, რომ არავინ იცის, იქ რომელი ბაზა, სამარხი იყო. არადა, სწორედ ასეთ ნიადაგებში მოინდომა ზოგიერთმა თხილის გაშენება. თვითონ სახელმწიფო უნდა იკვლევდეს ამ საკითხს და არა ისეთი ენთუაზიასტები, როგორებიც არიან „მწვანეები“ და სხვა ბუნების დამცველები, პროფესორი გია გაჩეჩილაძე, ნინო ჩხობაძე, ლაშა ჩხარტიშვილი და სხვები. მათ არანაირი ბერკეტი არ აქვთ, უფრო ენთუზიაზმის დონეზე იბრძვიან“, - აღნიშნა თემურ ვეკუამ.

გარემოს დაცვის სპეციალისტი კახა ბახტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსული სამხედრო ბაზების გასვლის შემდეგ ცხელი წერტილების აღმოჩენა და იდენტიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და არ შეიძლება იმის თქმა, რომ ამაზე მუშაობა არ მიმდინარეობს. არსებობს ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად ეხმარება საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ამ პრობლემის შემცირებისა და დაბინძურებული ტერიტორიების სწორი მართვისთვის. მაგალითად, დარიშხანთან დაკავშირებითაც შეიქმნა პრობლემა, რადგან სვანეთსა და რაჭაში დარჩერნილი იყო ძველი წყაროები და ეს რესურსი გამოიყენებოდა სამხედრო მრეწველობისთვისაც. თუმცა ჰოლანდიის მთავრობის დახმარებით სპეციალური გეგმა შემუშავდა და დარიშხანით დაბინძურებული ადგილების კონსერვაცია განხორციელდა. დღეს ეს საკითხი თითქმის მოგვარებულია.

„იურიდიულად უნდა შევისწავლოთ, რამდენად შესაძლებელია რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის მომზადება სამხედრო ბაზების გასვლის შემდეგ ტერიტორიების ეკოლოგიური დაბინძურების გამო. ეს დამატებით რესურსებთანაა დაკავშირებული, ამას სჭირდება სპეციალური მეთოდოლოგია, საერთაშორისო თანამეგობრობის თანხმობა, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ ნაბიჯის გადადგმა. ალბათ, უკეთესია, ჩვენ თვითონ ავიღოთ პასუხისმგებლობა ასეთ ტერიტორიებზე, რადგან ჩვენც საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით. მით უმეტეს, ყველამ კარგად ვიცით, სადაც იყო რუსული ბაზები. გარემოსდაცვითი დაბინძურების მონიტორინგი რთული არ არის. დღევანდელი ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა“, - აცხადებს კახა ბახტაძე.

რაც შეეხება ჯილეხით დაბინძურებულ ადგილებს, გარემოს დაცვის სპეციალისტი ვარაუდობს, რომ ამ ტიპის ისტორიული მასალები სხვადასხვა არქივში იქნება. სახელმწიფოს შეუძლია ამ მასალების მოძიება და მონაცემთა ბაზის მომზადება, რათა გავარკვიოთ, რა სახის დაბინძურება გვაქვს.