„დეცენტრალიზაციის სიკეთეები რომ იგრძნოს მოსახლეობამ, საჭიროა უკეთესი მმართველობა“

„დეცენტრალიზაციის სიკეთეები რომ იგრძნოს მოსახლეობამ, საჭიროა უკეთესი მმართველობა“

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პარლამენტში უკვე შეიტანა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც თვითმმართველი ქალაქების შემცირებას და 7 თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანებას ითვალისწინებს. კანონპროექტით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში და კიდევ 20 კანონში შედის.

„დეცენტრალიზაციის სიკეთეები მოსახლეობამ რომ იგრძნოს, ამისთვის ადგილზე საჭიროა უკეთესი მმართველობა“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი არის გამჭვირვალე და ცვლილებების დეტალებს არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გააცნობენ.

„რაც შეეხება რეფორმას, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ დეცენტრალიზაციის ძირითადი პრინციპები 2014 წელს მივიღეთ. ქვეყანაში დეცენტრალიზაცია უკვე გვაქვს. რეგიონებში გვაქვს მუნიციპალიტეტები, სადაც გვყავს არჩეული გამგებლები და მერები. ამ რეფორმის შემდეგ მუნიციპალიტეტებში გვეყოლება ყველგან მერები. ასევე მუნიციპალიტეტებში გვყავს არჩეული საკრებულოები. ამით დეცენტრალიზაციის ძირითადი პრინციპები გვაქვს მიღებული.

ეს ყველაფრი რომ ძალიან ჩაბეტონებული იყოს, ამისთვის ძირითადი პრინციპები გადაგვაქვს კონსტიტუციაში. ახალ პროექტში გათვალისწინებულია ამ პროცესის შეუქცევადობა.

რაც შეეხება მომავალს, ჩვენ დეცენტრალიზცია მიღებული გვაქვს და დეცენტრალიზაციის სიკეთეები რომ იგრძნოს მოსახლეობამ, ამისთვის ადგილზე საჭიროა უკეთესი მმართველობა და ჩვენ წავალთ იმ პრინციპით, თუ როგორ განვახორციელოთ მუნიციპალიტეტებში უკეთესი მმართველობა, რა ეტაპის შემდეგ რა სერვისები, რა ფუქნციები უნდა გადავიდეს მათთან. ეს იქნება 8 ან 12-წლიანი სტრატეგია, რომელსაც წლის ბოლოსთვის წარმოვადგენთ და მასში ყველაფერი იქნება გაწერილი“, - განაცხადა ალავიძემ.

მისივე თქმით, იმუშავებენ, რომ ადგილზე თანამშრომლების ცოდნამ და გამოცდილებამ წინ წაიწიოს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთების შემდეგ ქალაქებს ბიუჯეტი არ შეუმცირდება.

„საუბარია იმაზე, რომ თემებსა და ქალაქებში მმართველობას ერთი მენეჯმენტი განახორციელებს, ისევე როგორც ხდება სხვა მუნიციპალიტეტებში. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ შეიძლება მენეჯმენტის დანაწევრება. დანაწევრებული მენეჯმენტი და მმართველობა არაეფექტურია. არავინ ეხება არჩევითობის პრინციპს, მათ ფუქციებს. ჩვენ ვსაუბრობთ უკეთეს მენეჯმენტზე, უკეთეს მმართველობაზე“, - განაცხადა ალავიძემ.

მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, რომლებიც კანონპროექტს ჯერ კიდევ მანამდე აპროტესტებდნენ, ვიდრე მას პროექტის სახე მიეცემოდა.

არასამთავრობოები როგორც მოსალოდნელი იყო, უკმაყოფილონი დარჩნენ და აღნიშნეს, რომ მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მხოლოდ ადრე გაკეთებული განცხადებების გამეორებით შემოიფარგლნენ, თუმცა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე მათ დაპირდა, რომ არასამთავრობოების საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობას უზრუნველყოფს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.

არასამთავრობოებმა, რომლებიც თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას აპროტესტებენ, შესაბამისი დოკუმენტიც მოამზადეს, რომელსაც ხელს 130 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებაში აღნიშნული თემის განხილვა საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს და არასამთავრობო სექტორი აღნიშნულ პროექტს უკანგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

მათი არგუმენტებით, ეფექტური თვითმმართველობის ჩამოყალიბება „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი მთავარი დაპირებაა – 2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები“, სადაც რეფორმის მიმართულებები და ეტაპებია გაწერილი, ხოლო 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „თვითმმართველობის კოდექსი“.

რეფორმის პირველ ეტაპზე მოხდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და მერების/გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა.

არასამთავრობოები თვლიან, რომ სწორედ ეს ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასეს ევროსაბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რაც Freedom House-ის 2015 წლის მოხსენებაში საქართველოს რეიტინგის ზრდაზეც შესაბამისად აისახა.

არასამთავრობოებმა წერილითაც კი მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება შეაფერხებს როგორც ქალაქის, ისე სოფლის განვითარებასაც.

შეგახსენებთ, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა: ზუგდიდს, ოზურგეთს, გორს, თელავს, ახალციხეს, მცხეთას და ამბროლაურს.

ხელისუფლების მთავარი არგუმენტია ფინანსური ხარჯების შემცირება. „მინიმუმ ორჯერ შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, რადგან ბიუჯეტს არ მოუწევს ამ ქალაქების თვითმმართველი ორგანოების შენახვა“, - მიიჩნევენ ხელისუფლებაში.

არასამთავრობოები, თვლიან, რომ თვითმართველობის დასუსტებით ბიუჯეტმა შეიძლება გარკვეული მოგება კი ნახოს, მაგრამ სინამდვილეში ქვეყანა ბევრად მეტს დაკარგავს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.

საინტერესო ფაქტი - ამ ქალაქებმა თვითმმართველი ქალაქების სტატუსი 2014 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მიიღეს.

პირველი ნაბიჯი დეცენტრალიზაციის მიმართულებით 2013 წელს გადაიდგა, „დეცენტრალიზაციისა და თვითმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპების“ მიღებით, 2014 წელს კი პარლამენტმა „თვითმართველობის კოდექსი“ მიიღო.

ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯს, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს და სავარაუდოდ, თავისი წინასაარჩევნო კამპანიისთვისაც გამოიყენებს.