„თუ ასე გაგრძელდა, დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა გარკვეული პერიოდის შემდეგ 4 გრადუსით აიწევს“

„თუ ასე გაგრძელდა, დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა გარკვეული პერიოდის შემდეგ 4 გრადუსით აიწევს“

რამდენად ეფექტურად მუშაობს „კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება“? გლობალური დათბობის ფონზე რა ელის დედამიწას და, კონკრეტულად, საქართველოს?! ამის შესახებ For.ge-ს „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, დეპუტატი გია გაჩეჩილაძე ესაუბრა.

მართალია, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის პიტსბურგის მოქალაქეებმა აირჩიეს წარმომადგენლად და არა-პარიზის, მაგრამ გლობალური დათბობა მხოლოდ პარიზს არ უქადის საფრთხეს და იგი პიტსბურგსაც მისწვდება. მსოფლიოს ლიდერებმა დაგმეს ტრამპის გადაწყვეტილება კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდანგასვლის გამო. თუმცა არავინ საუბრობს, ამხელა თანხების მობილიზების მიუხედავად, რეალურად ხელშესახებ შედეგს იძლეოდა თუ არაკლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება“? ნამდვილად იყო ეს მძიმე ფინანსური ტვირთი ამერიკისთვის?

- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ძალზე ცუდი გადაწყვეტილებაა მიღებული შეერთებული შტაბების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა კლიმატის შესახებ პარიზის სამიტის დეკლარაციას მოაწერა ხელი და რატიფიკაციაც გაუკეთა ამ საკითხს, ახლა ამ ხელშეკრულებიდან გამოსვლის თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება. არადა, გლობალური დათბობის პრობლემაში შეერთებული შტატების წილი ძალიან დიდია. დედამიწის სხვადასხვა ქვეყნიდან გამოიყოფა სათბური გაზები, რომლებიც ქმნის ამ გლობალურ პრობლემას და ამ გამონაბოლქვში ამერიკის წილი დაახლოებით 14%-ია. საერთოდ, ჩინეთია პირველ ადგილზე, დაახლოებით 30%-ია მისი წილი ამ პრობლემის შექმნაში, მეორე ადგილზეა შეერთებული შტატები, მესამეზე-ევროკავშირი, 10%-ით. მას მოსდევს ინდოეთი და რუსეთი. ეს ხუთი ქვეყანა ჯამში ქმნის მთელი ამ გამონაბოლქვის 65%-ს. ამიტომ ასეთი მსხვილი დამაბინძურებელი ქვეყნის ამოვარდნა „კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან“ ძალიან ცუდი შედეგების მქონეა.

ამ შემთხვევაში, ამერიკამ ხომ არ გაიზიარა რუსეთის მაგალითი, რომელიც, ასევე, არ იცავსკლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებას“?

- სამწუხარო ისიც არის, რომ რუსეთმაც მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას, მაგრამ შეერთებული შტატების მსგავსად, რუსეთიც რატიფიკაციას არ უკეთებს აღნიშნულ ხელშეკრულებას საკუთარ ტერიტორიაზე. ანუ ძალაში არ არის შესული ეს ხელშეკრულება რუსეთის ტერიტორიაზე და ორმა ძირითადმა ქვეყანამ უარი თქვა ამ შეთანხმების შესრულებაზე. ეს ახალი პრობლემა არ არის. სანამ პარიზის სამიტი ჩატარდებოდა, მანამდე იყო ე.წ. კიოტოს ანალოგიური ოქმი. იმ დროსაც შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი არ შეუერთდნენ ამ ხელშეკრულებას. თუმცა პარიზის სამიტის გადასარევი შედეგი ის იყო, რომ ამ ხელშეკრულებას, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი. ეს ობამას პერიოდში მოხდა და ობამამ მოაწერა ხელი აღნიშნულ დოკუმენტს.

რამდენად დამძიმდა დედამიწაზე მდგომარეობა კლიმატის მხრივ და ტემპერატურის მატება სადამდე შეიძლება გაგრძელდეს?

- ამ თვალსაზრისით, სიტუაცია დამძიმებულია. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ ამ სამიტის წინ გამოაქვეყნა მონაცემები, რომ, თუ ასე გაგრძელდა, დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა გარკვეული პერიოდის შემდეგ 4 გრადუსით აიწევს.

ამ ეტაპზე 2 გრადუსითაა აწეული?

- ეს ხელშეკრულებითაა განსაზღვრული, მაგრამ 4 გრადუსით აწევა რეალური კატასტროფაა. ცხადია, ეს არ არის ატომური ომი, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ დედამიწაზე საშინელი კატასტროფები დაიწყება. ნაწილობრივ, ეს უკვე დაწყებულია. სამომავლოდ კი ოკეანის დონე აიწევს ძალიან მაღლა, დაიტბორება ოკეანეებისა და ზღვების მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული დასახლებები, ნიადაგების დეგრადაცია მოხდება, რაც, თავისთავად, შიმშილთანაა დაკავშირებული. ხოლო შიმშილი დაკავშირებულია მასობრივ მიგრაციასთან დედამიწაზე. მონაგონი იქნება ომების გამო დღეს არსებული მიგრანტების პრობლემა. კლიმატური ცვლილებები ადამიანის ჯანმრთელობაზეც უარყოფითად მოქმედებს. ამდენად, იმედის ნაპერწკალს გვაძლევს დონალდ ტრამპის ნათქვამი, რომ ამერიკა ცალკე შეიმუშავებს ახალი ტიპის ხელშეკრულებას და დაიწყებს კონსულტაციებს.

რამდენად დამძიმებულია კლიმატური პირობები საქართველოში?

- საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში შექმნილია სპეციალური სამსახური, რომელიც ამ საკითხებს სწავლობს. ძალიან ცუდი ინფორმაციებია საქართველოსთან მიმართებით. ბოლო 15 წლის მონაცემებია შესწავლილი და შედარებულია წინა 15 წელთან, თუ როგორ შეიცვალა კლიმატური პირობები. კავკასიონის ფერდობებზე ჩვენმა მყინვარებმა დაიხიეს უკან, ფართობები შემცირდა, რაც აშკარად მიუთითებს ტემპერატურის ზრდაზე საქართველოში. სტატისტიკის თანახმად, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურამ ბოლო 15 წლის განმავლობაში დაახლოებით 0,3 გრადუსით მოიმატა, აღმოსავლეთ საქართველოში - 0,6 გრადუსით. ეს ძალიან დიდი ციფრებია. თუ ეს არ შეჩერდა, ჩვენთანაც მოსალოდნელია, რომ დასავლეთ საქართველოში 3,5 გრადუსით აიწევს ტემპერატურა საუკუნის ბოლოსთვის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 4 გრადუსით. ეს საშინელებაა და პირდაპირ ურტყამს ჩვენს ეკონომიკას. ამ მონაცემების მიხედვით, გვალვიანი პერიოდებიც ძალიან გახშირდა. თუ გარკვეული პერიოდის წინ გვალვები 50-55 დღის განმავლობაში გრძელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოში, ახლა მათი ხანგრძლივობა 70-72 დღემდეა გაზრდილი. წარმოიდგინეთ, თუ მძლავრი გვალვები 15-20 წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ახლა ექვს წელიწადში ერთხელ ხდება საქართველოში. უამრავი წყალი და ხარჯი სჭირდება გვალვას.

დააკვირდით, როგორი ტიპის ქარები გაჩნდა საქართველოში, არასოდეს არ ყოფილა ასეთი სიმძლავრის ქარბორბალები. 5-ჯერ გაიზარდა ქარიშხლების ინტენსიობა, განმეორებადობა. ეს არის 30 მეტრ წამზე მეტი სიჩქარის ქარები. მოსკოვში რომ იყო ქარიშხალი, იქ ქარის სიჩქარე 20 მეტრი წამში იყო. სიტუაცია განსაკუთრებით დამძიმდა საკურორტო რეგიონებში. ზღვის სანაპირო ზოლში 5-დან 7-ბალიანი ღელვების ინტენსიობა 3-ჯერ გაიზარდა. საერთოდ, ჩვენ მთიანი რეგიონი ვართ და მთიანი რეგიონი მოწყვლადია ამ თვალსაზრისით. აქ იოლად ხდება ცვლილებები. 1995-დან 2010 წლის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიაზე 8 ათასზე მეტი ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა. ეს არის მეწყერები, ღვარცოფები, ზვავები, ქარიშხლები. ზარალი რამდენიმე მილიარდი დოლარია. ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან ეკომიგრანტის 50 ათასი ოჯახი გვყავს, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში არიან ჩასახლებულნი. ეს პროცესები კიდევ გრძელდება.

პარიზის შეთანხმება ავალდებულებს აშშ-სა და კიდევ 187 ქვეყანას, აკონტროლონ გლობალური ტემპერატურა და ხელი შეუწყონ ტემპერატურის 2 გრადუსით დაწევას. მაგრამ როგორ უნდა დაიწიოს ზრდადი ტემპერატურა?

- ყველა ქვეყანა ერთობლივად იღებს ვალდებულებას, დედამიწაზე ორ გრადუსზე მეტად არ აიწიოს ტემპერატურა. იმაზე კი არ არის საუბარი, რომ პროცესი გააჩერონ (ვერ აჩერებენ ამ პროცესს), არამედ ცდილობენ, 2 გრადუსზე მეტჯერ არ გაიზარდოს ტემპერატურა. უკეთესი შედეგი იქნება, თუკი 1,5 გრადუსზე მეტად არ აიწევს ტემპერატურა. კიდევ რატომ არის ცუდი, რომ ამერიკა გავიდა ამ ხელშეკრულებიდან? რადგან ერთ-ერთი მსხვილი დონორია. კლიმატის დასარეგულირებლად ამერიკაში შეიქმნა ე.წ. მწვანე ფონდი, სადაც 100 მილიარდი დოლარის აკუმულაცია უნდა მოხდეს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ატმოსფეროს დაბინძურების მიხედვით იანგარიშება შენატანები, მაშინ საინტერესოა, რამდენად დიდ საწევროს იხდიდა ამერიკა?

- წესით, ვისაც მეტი „წვლილი“ აქვს კლიმატის დაბინძურების საქმეში, მეტი თანხა უნდა გაიღოს. საქართველოს ასეთი „წვლილი“ არ აქვს. ჩვენი წვლილი გლობალურ დაბინძურებაში დაახლოებით 0, 03%-ია. ჩემი გათვლებით, ამერიკას დაახლოებით 9-10 მილიარდი დოლარის შეტანა მოუწევს კლიმატის დაბინძურების გამო, ევროკავშირს უფრო მეტი თანხა მოითხოვება, ხოლო ჩინეთს - გაცილებით მეტი.

ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, რადგან ბოლო წლებში საქართველოში ტემპერატურა მაინც იმატებს.

- ეს გლობალური პროცესია. ჩვენი ვალდებულება აუცილებლად უნდა შევასრულოთ, ჩვენ ხომ საერთო ოჯახის წევრები ვართ დედამიწაზე. აქ რეალურად კაციობრიობის გადარჩენის საკითხი დგას. თვითონ შეერთებული შტატები საშინელ ზარალს განიცდის. ტრამპის განცხადება, რომ უმუშევარი დარჩება ამდენი მილიონი ადამიანი და ეს შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის ზარალი იქნება, კარგად უნდა შეაფასონ ამერიკელებმა. შეუდარონ იმ მონაცემებს, თუ რამდენ ზარალს აყენებს გლობალური დათბობა თვითონ ამერიკის კონტინენტს. იქ მუდმივად გააქტიურებულია ეს პროცესები, მათ შორის, ქარიშხლები. ამდენად, მთლად სწორი ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეს ტრამპს.

მოგეხსენებათ, შეერთებული შტატები მაინც კორპორაციული სახელმწიფოა, იქ ნავთობის უზარმაზარი კომპანიებია. მათ სერიოზული გავლენა აქვთ ხელისუფლებაზე. იგივე ხდება რუსეთში, სადაც რუსეთის მეწარმეთა გაერთიანებამ და მთელმა ბიზნესმა ოფიციალურად მიმართა პუტინს, რომ არ შეუერთდეს ამ ხელშეკრულებას, რადგან ამით ისინი დიდ ზარალს მიიღებენ.

თქვენ აცხადებთ, რომ შესაძლოა, ტრამპი არ არის გლობალური დათბობის საფრთხეებში გარკვეული, მაგრამ სწორედ ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკას არ სურს, სხვა ქვეყნებმა და სხვა ლიდერებმა დასცინონ. როგორ გგონიათ, ტრამპის აზრით, სწორედ დიდი შენატანის გაღების გამო დასცინიან ამერიკას?

- არ ვიცი, რას გულისხმობს დაცინვაში ტრამპი. როდის იყო, ვინმე დასცინოდა შეერთებულ შტატებს. ტრამპს თავისი გაცხადებული გეგმა აქვს, მას მაქსიმალურად სჭირდება ბიუჯეტის დაზოგვა, რადგან, მსოფლიოში შექმნილი გამოწვევებიდან გამომდინარე, მილიტარიზაციისკენ მიჰყავს შტატები. მას ავიწყდება, რომ უფრო მეტი ზიანი მიადგება ამით არა მარტო შეერთებულ შტატებს, არამედ მთელ მსოფლიოს.

თუკი ამერიკელთა პროტესტს არ გაიზიარებს დონალდ ტრამპი, მაშინ ამ დიდი გამწევი ძალის (ამერიკის) გარეშე ევროპული სახელმწიფოები გაუმკლავდებიან კლიმატის პრობლემას?

- ძნელი სათქმელია. მე არ ვიცი, ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება თუ არა სხვა ქვეყნებში. სახელმწიფოების საკმაოდ დიდმა რაოდენობამ გაუკეთა რატიფიცირება ამ ხელშეკრულებას თავის პარლამენტში. ეს ის ქვეყნებია, რომელთა ჯამური გამონაბოლქვიც 65%-ია. ყველაზე სერიოზული პრობლემა მაინც 100-მილიარდიანი ფონდის ამბავია, რომელიც ჩვენისთანა ქვეყნებისთვისაა გამიზნული. ჩვენ ხომ არ გვაქვს იმდენი შესაძლებლობა, მარტო ვებრძოლოთ ასეთ სერიოზულ პრობლემას. კლიმატი იცვლება, ვცდილობთ, შევაჩეროთ ეს პროცესი, მაგრამ პროცესი მაინც მიდის. ამიტომ ყველა ქვეყანამ უნდა შექმნას ე.წ. ადაპტაციის პროგრამები, რაც თავისი სოფლის მეურნეობისთვის, მოსახლეობისთვის უნდა გაითვალისწინოს. ადაპტაციის პროგრამების შესრულებას სერიოზული თანხები სჭირდება, რაც ჩვენნაირ პატარა ქვეყნებს არ აქვთ.

ამერიკაში დიდი დემონსტრაციები იმართება ტრამპის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. იმედი მაქვს, ტრამპი შეიცვლის პოზიციას. თორემ რუსეთში ხმას არავინ იღებს.

იქნებ, ტრამპის ეს გადაწყვეტილება იმითაც აიხსნას, რომ პარიზის ხელშეკრულებაში მან ვერ ამოიკითხა ხელშესახები შედეგები?

- ამერიკელებმა ძალიან კარგად იციან და შეფასებულიცაა ის ზიანი, რასაც გლობალური დათბობა აყენებს შეერთებულ შტატებს. უბრალოდ, ეს იმ პროგრამის ნაწილია, რომლითაც ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში. ამერიკის საზოგადოება ძალიან აქტიურია და, იქნებ, ტრამპიც დაუბრუნდეს კეთილშობილურ საქმეს, რასაც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა ჰქვია.