„თუკი ექსტრემალურ ზომებს არ მიიღებს თითოეული ქვეყანა, ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ სიცოცხლეს პლანეტაზე“

„თუკი ექსტრემალურ ზომებს არ მიიღებს თითოეული ქვეყანა, ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ სიცოცხლეს პლანეტაზე“

„ჩვენ არ გვსურს სხვა ლიდერებმა და სხვა ქვეყნებმა კვლავ დაგვცინონ, ასე ვეღარ მოიქცევიან“, - ამ სიტყვებთან ერთად დონალდ ტრამპმა „კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან“ გამოსვლის შესახებ დააანონსა, რაც ამერიკისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვით ახსნა.

მისივე თქმით, ამერიკის სიმდიდრის სხვა ქვეყნების სასარგებლოდ გადანაწილება მიმდინარეობს. ამდენად, „კლიმატის შესახებ პარიზის“ დებულების დაცვა 2025 წლისთვის 2,7 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევდა ამერიკაში.

ტრამპი აცხადებს, რომ დღეიდან აშშ შეწყვეტს პარიზის სარეკომენდაციო შეთანხმების შესრულებას და მოიშორებს დრაკონულ ფინანსურ და ეკონომიკურ ტვირთს, რომელიც ამერიკას აწვება.

„ჩვენ გამოვდივართ ამ შეთანხმებიდან, მაგრამ, ამავდროულად, განვიხილავთ საერთოდ ახალ შეთანხმებას იმ პირობებით, რომელიც ხელსაყრელი იქნება ამერიკისთვის“, - აცხადებს აშშ-ის ლიდერი და არაფრად მიიჩნევს, რომ „კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან“ გამოსვლის გამო მსოფლიო ლიდერებმა ტრამპის გაკრიტიკება უკვე მოასწრეს.

ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პატივს სცემს ტრამპის გადაწყვეტილებას, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს შეცდომაა, როგორც აშშ-სთვის, ისე პლანეტისთვის.

გაეროს წარმომადგენელმა ანტონიო გუტიერესმა ტრამპის ჩანაფიქრს „სერიოზული იმედგაცრუება“ უწოდა. ევროკავშირის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ეს სამწუხარო დღეა მსოფლიოსთვის.

გულგრილი არც ბრიტანეთის პრემიერი დარჩენილა. ტერეზა მეი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ტრამპის ამ გადაწყვეტილების გამო და ამბობს, რომ ბრიტანეთი ძველებურად მხარს დაუჭერს პარიზის შეთანხმებას. აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კი ტრამპის ამ ნაბიჯს იზოლაციონიზმად და თვითგანადგურებად აღიქვამს.

2015 წელს პარიზის შეთანხმებას, რომელიც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას ითვალისწინებდა, ხელი არ მოაწერა მხოლოდ ორმა ქვეყანამ - სირიამ და ნიკარაგუამ. აღნიშნული შეთანხმება ზრდადი გლობალური ტემპერატურის გაკონტროლებასა და ორი გრადუსით ტემპერატურის დაწევას ავალდებულებდა ამერიკას და კიდევ 187 ქვეყანას.

როგორ აისახება პლანეტის მდგომარეობაზე ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი დამფინანსებლის - ამერიკის გასვლა „კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან“?!

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კლიმატის თვალსაზრისით ძალზე მძიმე სიტუაციაა და ამ მძიმე სიტუაციასთან შედარებით უმნიშვნელოა იმაზე წუწუნი, რომ რომელიღაც ქვეყანას შესაძლოა გარკვეული თანხები დააკლდეს „კლიმატის შესახებ პარიზის“ დებულების დაცვის გამო.

„შეიძლება ვიღაცამ რაღაც დაკარგოს საკუთარ ეკონომიკაში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ დედამიწაზე არამდგრადი პროცესების განვითარება დაიწყო, რამაც შეიძლება უდიდესი ზიანი მიაყენოს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკას, მათ შორის, ამერიკისაც. შესაძლოა, ისეთი გლობალური კლიმატის წინაშე აღმოვჩნდეთ, რომ საერთოდ აღარ იყოს სამუშაო ადგილები. კატასტროფების სერია შეიძლება გაგრძელდეს. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ტრამპის გამოსვლა „კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან“ გონივრული ნაბიჯი იყო აშშ-ის მხრიდან. მით უმეტეს, ეს პროცესი თავად ამერიკის მიერ იყო ინიცირებული, მაგრამ ახლა უცებ თვითონვე ცვლიან თავიანთ პოზიციას“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

მანვე განმარტა, რომ 2030 წლისთვისაა გამიზნული პარიზის შეთანხმების მაქსიმუმის შესრულება, რაც შეჯერებული იყო თითოეულ ქვეყანას შორის. უფრო მეტიც, ამ საკითხში ცალკეული ქვეყნების ეკონომიკური ინტერესი იყო ჩადებული. შემთხვევით არ ყოფილა, რომ თავის დროზე სწორედ ამერიკა ამზადებდა პარიზის შეთანხმებას და ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ამერიკაში დათვალეს, როგორც ეკონომიკური სარგებელი, ისე წამგებიანობა აშშ-სთვის. ამდენად, გაკვირვებას იწვევს ტრამპის განცხადებები და მისი აგრესია კლიმატთან მიმართებით. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს მეცნიერთა კატეგორია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არანაირი კლიმატური ცვლილებები არ ხდება.

„კლიმატის შესახებ პარიზის“ ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, მართალია, შედეგი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ცალკეულ ქვეყნებს გარკვეული დადებითი შედეგები უკვე ჰქონდათ. მთლიანად, პარიზის შეთანხმება დაყრდნობილია გაეროსა და აშშ-ის „ნასას“ კვლევებს. ნაწილაკები იმდენად დიდი რაოდენობითაა გაფრქვეული ატმოსფეროში და იმდენად სერიოზული პრობლემები ექმნება ჩვენს პლანეტას, რომ, თუკი ექსტრემალურ ზომებს არ მიიღებს თითოეული ქვეყანა, ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ სიცოცხლეს. შესაძლოა, ეს ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ არასახარბიელო სცენარებია ყველა ქვეყნისთვის“.

გარემოს დაცვის სპეციალისტი კახა ბახტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პარიზის შეთანხმება საკმაოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელშიც ბევრი ქვეყანა ჩაერთო, აიღო რა პასუხისმეგბლობა კლიმატის პირობების შერბილების მიმართულებით. ეს ყველა ქვეყანაზე იქონიებს გავლენას. ამდენად, ამ შეთანხმებიდან ამერიკის გამოსვლა ძალზე რთულ სიტუაციაში აგდებს თავად ამ დებულებას, რადგან ამერიკა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა და მსოფლიოს ლიდერია.

„ტრამპის გადაწყვეტილება, ნაწილობრივ, იმ ეკონომიკური ფაქტორით აიხსნება, რომელიც აშშ-ს უთუოდ დაუდგებოდა. ეს ყველაფერი, ალბათ, დიდი პოლიტიკური თამაშის ნაწილია და ეს ეხება უფლებამოსილების გადანაწილებას ამერიკასა და ევროპას შორის. ანუ აშშ-ს სურს, ვალდებულებები მაქსიმალურად გადაანაწილოს სხვა ქვეყნებზე. ვფიქრობ, გარკვეული შეთანხმება მოხდება თვითონ ამ ქვეყნებს შორის. ამ ხელშეკრულებიდან გასვლა ნიშნავს, რომ ამერიკა უარს ამბობს ემისიებთან დაკავშირებით. ამერიკა ფიქრობს, რომ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ემისიებზე ზრუნვა. პარიზის შეთანხმებიდან გასვლა კი საშუალებას მისცემს აშშ-ს, რომ თანხა, რასაც გლობალური გამოწვევებისთვის იმეტებდა, ჩადოს თავის ეკონომიკაში. აქ მილიარდობით დოლარზეა საუბარია“, - აღნიშნა კახა ბახტაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება, უბრალოდ, პოლიტიკური ნაბიჯია, რათა ევროპელებზეც გადანაწილდეს ვალდებულებები.

ეს გასაგებიცაა, რადგან ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლას თან ახლდა დაპირებები საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რომ ქვეყნის შიდა ეკონომიკურ განვითარებას მეტ ყურადღებას მიაქცევდა.