გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიამ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან - სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება - გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას.
რეზოლუცია მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. ასევე, მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციას მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 61-მა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია. გასულ წელს რეზოლუცია 76-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 15 წინააღმდეგი იყო, ხოლო 64-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა. საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას შეუერთდნენ - იემენი, ურუგვაი, სან ტომე და პრინსიპი, გამბია და პაპუა ახალი გვინეა. საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის წინააღმდეგი იყო - ბელარუსი, ბურუნდი, სომხეთი, კუბა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, რუსეთი, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე.
გაერო-ს გენერალური ასამბლეაზე კენჭისყრამდე რეზოლუციის მიმართ ტრადიციულად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა რუსეთის მისიის წარმომადგენელმა პეტრ ილიჩევმა, რომლის შეფასებით, აღნიშნულ რეზოლუციაში არ ჩანს ზრუნვა დევნილთა უფლებებზე, არამედ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკის გამო დაზარალებული დევნილი ადამიანების ბედით სპეკულირებას.
„რეზოლუციის ავტორების აქტიურობის მიუხედავად, წლების განმავლობაში რეზოლუციას არასოდეს მიუღია უმრავლეოსობის მხარდაჭერა, რაც ადვილი ასახსნელია, რადგან ეს არის პოლიტიკური რეზოლუცია, რომელიც არ არის რეალური ზრუნვა დევნილთა უფლებებზე, არამედ საქართველოს ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკის გამო დაზარალებული დევნილი ადამიანების ბედით სპეკულირება“, - აცხადებს პეტრ ილიჩევი.
რეზოლუციას ქართული დიპლომატიის მორიგ წარმატებად აფასებს, გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის ხელმძღვანელი კახა იმნაძე, რომლის განცხადებით, ის, რომ მსოფლიოში ბევრი რთული ადგილია და ბევრია ცხელი კონფლიქტი და ასეთ დროს, საქართველოს საკითხი ისევ შენარჩუნებულია მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში და გაგვაქვს რეზოლუცია, ეს მნიშვნელოვანია.
„ეს რეზოლუციები არ არის მხოლოდ ერთი დღის ნაფიქრი და ნაშრომი, ეს არის მთელი წლის მუშაობა, რაც ნიშნავს, რომ ქართული დიპლომატია თავის ფუნქციას ასრულებს. ისევ უცვლელია რუსეთის რიტორიკა, მაგრამ როგორც დაადასტურა კენჭისყრამ, ამას არ იზიარებს მსოფლიო თანამეგობრობის დიდი უმრავლესობა. ხოლო ისინი, ვინც იზიარებენ, ეს მხოლოდ კენჭისყრასთან მიმართებაში გაიზიარეს“, - აცხადებს კახა იმნაძე.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეფასებით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ დევნილების შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის კიდევ ერთხელ მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, დევნილი მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათი უფლებები და მათი პრობლემა ისეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც არის გაერო-ს გენერალური ასამბლეა, ყოველწლიურად ისმის.
„2008 წლიდან ჩვენ გვაქვს მზარდი დინამიკა. თუ 2008 წელს ამ რეზოლუციას მხარს უჭერდა მხოლოდ 14 ქვეყანა, წელს 80-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ეს არის კიდევ ერთი დასაბუთება, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია ქართულმა დიპლომატიამ. ფხალაძე მიიჩნევს, რომ ეს არის ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი.
„ეს არის იმ კოორდინირებული ძალისხმევის შედეგი, რომელსაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვახორციელებთ. სიმბოლურია ის, რომ თავიდან, როცა ამ რეზოლუციის მუშაობა დაიწყო, 14 მხარდამჭერი ქვეყანა გვყავდა, დღეს 80 მხარდამჭერი გვყავს და 14 წინააღმდეგი. გაიზარდა მხარდამჭერთა რაოდენობა, რაც იმას უსვამს ხაზს, რომ სწორედ ასეთი დიპლომატიურ ნაბიჯებით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას და წარმატებას“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
რაც შეეხება იმ ქვეყნების და მათ მოტივაციას, რომლებიც არ შეუერთდნენ აღნიშნულ რეზოლუციას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწოფო მინისტრი განმარტავს, რომ ძირითადად ეს არის - აზიის, წყნარი ოკეანის და აფრიკული ქვყენები, რომლებიც არ უჭერენ მხრას რეზოლუციას. თუმცა, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველოს ძალიან მნიშნელოვანი შედეგები აქვს და ამასვე ადასტურებს ის ფაქტი, რომ 2008 წელს რეზოლუციას მხარს უჭერდა14 ქვეყანა, 2017 წელს 80 ქვეყანა.
„ბოლო 26 წლის მანძილეზე ამგვარი ნაბიჯი არ გადადგმულა. ბუნებრივია, ეს რეზოლუცია ჰუმანიტარული ხასიათის არის, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რაც შეეხება გრძელვადიან პრესპექტივაში რას მოგცემს ეს რეზოლუცია - ჩვენი საბოლოო მიზანია დეოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის გარანტირება.
ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს ამ რეზოლუციას და განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივებში. ყველაფერს თავისი წონა აქვს, ყველაფერი აისახება შედეგებზე. ჩვენ ამ რეზოლუციებით ზურგს ვიმაგრებთ საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდირებით, კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ნორმებითა და იმ პრაქტიკით, რომელსაც რეალური მხარადჭერა ჰქვია. მერწმუნეთ, წყალში გადაყრილი ნამდვილად არ არის, ამ რეზოლუციებს მომავალში აუცილებლად ექნება თავისი ზედნაშენი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვიქტორ დოლიძემ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდიმარე სოფო ქაცარავას განცხადებით, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნული რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში და რჩება საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის დინამიკა, რომ გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას.
„ეს კიდევ ერთი დიდი წარმატებაა ქართული დიპლომატიის. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენც, პარლამენტის მხრიდან, არაერთელ ორმხრივ შეხვედრებზე გაგვიჟღერებია ამ რეზოლუციის მნიშვნელობა, რომ მაქსიმალურად მობილიზება გაგვეკეთებინა საერთაშორისო თანამეგობრობის. ჩვენ ვხედავთ მზარდ ტენდენციას, იზრდება მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა. 2008 წლიდან რეზოლუციის მხარდმაჭერი იყო 14 ქვეყანა და დღეს უკვე 80 ქვეყანა გვიჭერს მხარს. ეს არის ჩემთვის უფრო მეტი ინდიკატორი და ცხადია, სწორედ ამისთვის ვართ მომართული, რომ მაქსიმალური მობილიზაცია გავაკეთოთ საერთაშორისო თანამეგობრობის და იმ ქვეყნების, რომლებიც თავს იკავებენ, გავზარდოთ მათი რაოდენობა. ეს საკითხი მანამ უნდა იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში, სანამ არ გადაწყდება.
მთავარია ის, რომ რეზოლუცია ასეთ ასამბლეაზე და ასეთ ფორუმში კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში და საერთაშორისო თანამეგობრობა არის სოლიდარული იმ მნიშვნელოვანი თემის მიმართ, როგორიც არის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, - ამბობს სოფო ქაცარავა.
კითხვაზე, რამდენად იქნება შედეგზე ორიენტირებული აღნიშნული რეზოლუცია და გრძელვადიან პერსპექტივაში ნელ-ნელა, მაგრამ რეალურად დაიწყოს დევნილთა დაბრუნება, სოფო ქაცარავას განცხადებით, გარდა იმისა, რომ ამ რეზოლუციას აქვს როგორც პოლიტიკური და ჰუმანიტარული დატვირთვა, ასევე, აქვს პრაქტიკული დატვირთვა.
„რეზოლუციის შესაბამისად, გაეროს გენერალური მდივანი ამზადებს ყოველწიურ ანგარიშს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის შესახებ, რის საფუძველზეც, გაეროს სააგენტოები შემდეგ განაგრძობენ მუშაობას მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ ჰუმანიტარული და პოლიტიკური მნიშვნელობის. ცალსახად მნიშვნელოვანია ის პრაქტიკული შედეგი, რაც მოჰყვება ამ რეზოლუციას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოფო ქაცარავამ.
რეზოლუციის მნიშვნელობაზე საუბრობენ ექსპერტები, რომელთა შეფასებითაც, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ინტერესი გახდა ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი. რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებიც მხარს არ უჭერენ საქართველოს პრობლემატიკას - რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ თემა, რომელიც გაეროს ტრიბუნაზე გაჟღერდა, რუსეთს უკავშირდება.
„რუსეთის ფაქტორი თამაშობს მთავარ როლს იმაშიც, რომ ეს ქვეყნები თავს იკავებენ მხარდაჭერისგან და ასევე იმაშიც, რომ გაიზარდა მხარდამჭერთა რიცხვი. იმიტომ რომ, ბოლო პერიოდში თავად რუსეთის მიმართ დამოკიდებულება განიცდის ცვლილებას. ზოგისთვის უფრო მიუღებელი ხდება რუსეთი, ამდენად მხარს უჭერს იმ ნაბიჯებს, რაც რუსეთისთვის უსიამოვნოა, ზოგისთვის უფრო საშიშია, ორივე შემთხევაში რუსეთის აგრესულობა განაპირობებს ამ ცვლილებებს.
ამ ფონზე, ალბათ, როგორც ერთი, ისე მეორე ტენდენცია დამოკიდებული იქნება იმაზე, მსოფლიო რა გასაღებს მოუძებნის რუსეთს. ჯერჯერობით ვერ მოიძებნა ასეთი გასაღები, რომელიც რუსეთს აიძულებს მოიქცეს ისე, როგორც მისგან ითხოვენ. თუ ეს გასაღები მოიძებნა, მერე კიდევ უფრო შეიცვლება ამდაგვარი გადაწყვეტილების მიღების პერსპექტივა“, -განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს კომუნიკაციები იმ ქვეყნებთან, რომლებიც თავს იკავებენ, რადგან ქვეყნები, რომლებიც უარს ამბობენ საქართველოს მოთხოვნაზე, სამუდამოდ წარმოჩინდებიან, როგორც რუსების სატელიტები. ხოლო, თითოეული ქვეყანა, რომელიც მხრს უჭერს საქართველოს, იქნება ქვეყნის სანდო პარტნიორი.
„შესაბამისად, თავშეკავებულ ქვეყნებს მეტი ყურადღება სჭირდება. საზოგადოებისთვის მათი მოტივაციის გამჟღავნება იქნება წინაპირობა იმისა, რომ თავად იმ ქვეყნების მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის პირობებში მივიღოთ შესამაჩნევი განსხვავება“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
რაც შეეხება რეზოლუციას და გახდება თუ არა გრძელვადიან პერსპექტივაში დევნილთა დაბრუნების წინაპირობა, ცისკარიშვილი ამბობს, რომ ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭო არ შემოიღებს სტატუსს, რომ უშიშროების საბჭოს წევრებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, ვეტო დაადონ საკითხს, რომლის განხილვაც მიდის უშიშროების საბჭოზე რომელიმე ერთ-ერთი ქვეყნის მიმართ, მანამდე ამ თემაზე საუბარი უპერსპექტივოა.
„ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება, როცა 2008 წელს გაეროს უშიშროების საბჭო დიდი რაოდენობით მხარს უჭერდა საქართველოს მიერ წარდგენილ მოთხოვნებს, ხოლო რუსეთი ერთი ხელის აწევით ვეტოს ადებდა და თემა იხურებოდა. შეიძლება ეს მხოლოდ რუსეთის მახასიათებელი არ არის, მაგრამ როდესაც რუსეთი იქნება თავდაცვაში და არა თავდასხმაში, მაშინ ამ ქვეყნებსაც მოუწევთ რეალური ნაბიჯების გადადგმა, რათა დარჩნენ ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილად და არა განქსტერულ ნაწილად.
რაც შეეხება დაბრუნებას, ეს რეზოლუციები არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ის მხარდაჭერა კი, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი არც თუ მცირე რაოდენობის მეგობარი ქვეყნისგან, მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.