„პარლამენტი კარგი პლატფორმაა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რათა არსებულ კითხვებს გაეცეს პასუხი“

„პარლამენტი კარგი პლატფორმაა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რათა არსებულ კითხვებს გაეცეს პასუხი“

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე დამაჯერებელი პასუხები ჯერაც არ ისმის და შესაბამისად, თემა სულ უფრო რეზონანსული ხდება.

„ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ მომხდარის გამო, ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს და გვჯერა, რომ გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, რომ ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი დაიცვას. ასე რომ, გვჯერა, მთავრობა ამ პრინციპის ერთგული დარჩება“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა.

ევროპის საბჭო კი საკუთარ საიტზე მოვლენების განვითარების ქრონოლოგიას აქვეყნებს:

„2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებაზე ინფორმაცია მისმა მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ გაავრცელა. მუსტაფაევამ განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ ბოლოს მაშინ დაურეკა, როდესაც ის მათი სახლიდან რამდენიმე კვარტლის მოშორებით იმყოფებოდა, მაგრამ საბოლოოდ სახლში არ დაბრუნდა. 30 მაისს საქართველოს პოლიციამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჟურნალისტის ძებნა, მაგრამ შემდგომ, დამოუკიდებელმა აზერბაიჯანულმა სააგენტომ „თურანმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა აფგან მუხთარლი დააკავა“, - ნათქვამია ევროპის საბჭოს სტატიაში.

სტატიაში ასევე, აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჟურნალისტმა ხადიჟა ისმაილოვამ დაადასტურა, რომ მუხთარლი მისი სახლის ახლოს მდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ის ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, სცემეს. მუხთარლი სერიოზულად დაშავდა. მისმა ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა ჟურნალისტების დაცვის კომიტეტს განუცხადა, რომ ის ცემეს და აზერბაიჯანის საზღვარზე მანქანით, პასპორტის გარეშე გადაიყვანეს.

აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურებიან საქართველოსი სხვადასხვა ქვეყნების ელჩებიც: „შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ ჩვენს დედაქალაქებშიც“, - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰაიკე ფაიჩიმ.

როგორც გერმანიის ელჩმა აღნიშნა, ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ინიციატივას, რომ მოგვიწვიეს ელჩები და ინფორმაცია მოგვაწოდეს მიმდინარე გამოძიებაზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განაგრძოს გამოძიება და ფაქტების დადგენა იმის თაობაზე თუ რა მოხდა.

მანამდე განცხადება გააკეთა აშშ-ს ელჩმა საქართველოში: „ეს სერიოზული ბრალდებებია და მე მაღელვებს, ისევე როგორც ყველა ქართველს. ამიტომ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს და ველოდებით დამატებით ინფორმაციას მთავრობისგან. ჩვენ ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს ამ საქმის გარემოებებს. ეს ბრალდებები არის შემაშფოთებელი და ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია. მეტს ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და არსებული ფაქტობრივი გარემოებები გააცნეს.

აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობა: „ჩემთვის ძალიან ყურადსაღები, მნიშვნელოვანი და საგანგაშო საკითხია“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა დარჩეს. ამასთან, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი კარგი პლატფორმაა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რათა არსებულ კითხვებს გაეცეს პასუხი.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი ვახტანგ გომელაურისა და გიორგი მღებრიშვილის გადადგომას მოითხოვს.

რომან გოცირიძის განცხადებით, შეუძლებელია ასეთი სპეცოპერაციის ჩატარება, თუ ის ხელისუფლებასთან არ არის შეთანხმებული.

„საქართველოს მთავრობამ შელახა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყანას შეულახა ეროვნული ღირსება და მან უკანონოდ ითანამშრომლა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ეს ფაქტი სასწრაფოდ არის გამოსაძიებელი, მანამდე საქართველოს ორი ძალოვანი უწყების წარმომადგენელი უნდა გადადგეს“,- ამბობს გოცირიძე.

„ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ოპოზიციის განცხადებები ძალოვანი უწყებების დისკრედიტაციას იწვევს. ეკა ბესელიას თქმით, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ.

„ველოდებით გამოძიების პირველად მონაცემებს, რათა სწრაფად გავიგოთ, რა მოხდა და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი განცხადებები გადადგომაზე, სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით, სწორი ფორმულირება არ არის და მხოლოდ მათი სურვილია“, - მიიჩნევს ბესელია.

საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ პოლიტიკური პარტიებიც - „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე და „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. მათი განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოს ტერიტორიიდან გაუჩინარებისა და შემდეგ მისი აზერბაიჯანის ძალოვანი სტრუქტურების ხელში აღმოჩენის საკითხი აუცილებლად გახდება ALDE-ს საბჭოს განხილვის თემა. სხდომას, რომელიც 2-3 ივნისს, ქალაქ ლუბლიანაში ტარდება ALDE-ს წევრი 60-მდე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ესწრება.

მომხდარს ეხმაურება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის განცხადებები აბსოლუტურად არადამაჯერებელია.

„არ შეიძლება ქვეყანას დემოკრატიზაციაზე ჰქონდეს პრეტენზია და მის ტერიტორიაზე ადამიანს იტაცებდნენ, შემდეგ გადაჰყავდეთ ქვეყანაში, რომელსაც ის თავის დროზე პოლიტიკური საფრთხეების გამო გამოექცა. ამიტომ მე ვფიქრობ, მთავრობას ამდენი ხანი უნდა გაეკთებინა ეს, უნდა გამოექვეყნებინა მტკიცებულება, გაევრცელებინა ვიდეომასალა ამ ადამიანის გადაადგილების შესახებ. ვფიქრობ, ხელისუფლებას არც ერთ შემთხვევაში არ აქვს კარგი პოზიცია. ერთი ვარიანტია, რომ მონაწილეობდა მომხდარში და ეს კატასტროფაა, მეორე ვარიანტია, რომ არ მონაწილეობდა და სხვა ქვეყანამ ჩაატარა სპეცოპერაცია, რაც კიდევ უფრო დიდი კატასტროფაა. ამ ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იცოდეს, რა მოხდა და უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი იმის, ვინც ეს გააკეთა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ორშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდებიან.

„ჩვენ მივმართეთ აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლებს და ვითხოვეთ შეხვედრა ელჩებთან, ჩვენ გვინდა ავუხსნათ ჩვენი გასაჭირი, გავაგებინოთ მათ, რომ არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის მხარდაჭერის გამოცხადებას, იმიტომ რომ, ჩვენი ხელისუფლების წევრები ერთმანეთზე უარეს განცხადებებს ავრცელებენ და ფაქტობრივად, ერთი-ერთში იმეორებენ აზერბაიჯანის ხელისუფლების პოზიციას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი აზიანებს ქვეყნის იმიჯს და საჭიროა ადეკვატური რეაგირება. აბაშაშვილი იმედოვნებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან გამოძიება ეფექტურად ჩატარდება.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შეიკავონ.

პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ძალიან კარგად ესმის მოქალაქეებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო სექტორის წუხილი, თუმცა, წინასწარი დასკვნების გაკეთება მიუღებელია.

„მით უმეტეს მიუღებელია, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მომუშავე და მზრუნავი ინსტიტუტების დისკრედიტაცია. გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი მოქალაქის აფგან მუხთარლის გაუჩინარების შესახებ ოჯახის წევრებმა 30 მაისს განაცხადეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მუხთარლი აზერბაიჯანელ სამართალდამცველებს ჰყავდათ დაკავებული. აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მუხთარლის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთას ცდილობდა. აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებენ მუხთარლის ოჯახის წევრები. მათი თქმით, აფგან მუხთარლი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.