„უნდა გაკონტროლდეს, ხომ არ ხდება ოპერაციული ჩარევების გადაჭარბებით შესრულება ფულადი ინტერესის გამო?!“

„უნდა გაკონტროლდეს, ხომ არ ხდება ოპერაციული ჩარევების გადაჭარბებით შესრულება ფულადი ინტერესის გამო?!“

კლინიკები ვალდებულნი ხდებიან, განახორციელონ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ყველა შემთხვევაში, თუკი მოქალაქის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისგება მოუწევთ. სწორედ ამ სახის ცვლილებები შევიდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონსა და „სისხლის სამართლის კოდექსში“.

როგორც ცნობილია, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურეობით კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირები ვერ სარგებლობენ.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი მარინა ბერაძე მიიჩნევს, რომ კლინიკები მართლაც ვალდებულნი არიან, განახორციელონ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, თუკი მოქალაქის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება, მაგრამ ამას გაკონტროლება და შემდგომი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. For.ge მარინა ბერაძეს ესაუბრა.

ერთი პერიოდი, თუ ადამიანს შესაბამისი ანაზღაურება ან დაზღვევა არ ჰქონდა, მაშინ კლინიკები მას ხელს არ ჰკიდებდნენ და ამ ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგებოდა. იყო ლეტალური შემთხვევებიც. ახალი კანონი აიძულებს ექიმს, დაიცვას ჰიპოკრატეს ფიცი?

- ეს ცვლილება არის მომდევნო ეტაპი იმისა, რაც მანამდე განხორციელდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავედით საყოველთაო ჯანდაცვის მოდელზე, ანუ მთელი ჩვენი მოსახლეობა დაფარულია ან სახელმწიფო პროგრამით, ან კერძო დაზღვევით, უკვე გვაქვს უფლება, ასეთი ცვლილება შევიტანოთ კანონში. ჩვენი მიზანია, გავუფრთხილდეთ და დავიცვათ თითოეული მოქალაქის სიცოცხლე. მეორე მხრივ, ეს კანონი ავალდებულებს კლინიკას, იქონიოს „ემერჯენსის“ (ანუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების) განყოფილება. ეს ძალიან კარგი კანონია, ოღონდ კანონში ცვლილებების შესვლას უნდა ახლდეს თითოეული კლინიკის მოდერნიზება, გადაუდებელი სამედიცინო სასწრაფო დახმარების სამსახურების გაუმჯობესება და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ სასწრაფო დახმარებისა და გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სამსახურები ერთმანეთთან უნდა იყვნენ უწყვეტ და ლოგიკურ ბმაში, არ უნდა გვქონდეს შეფერხება.

კლინიკებს ფულადი ინტერესი აქვთ, რომ პაციენტებს ოპერაციები ნებისმიერ შემთხვევაში გაუკეთონ, გინდაც ისინი ოპერაციებს არ საჭიროებდნენ?

- რა თქმა უნდა. მით უმეტეს, როდესაც დამფინანსებელია სახელმწიფო. ამიტომ ამ კანონის ძალაში შესვლასთან ერთად უნდა გაკონტროლდეს, ხომ არ ხდება ოპერაციული ჩარევების გადაჭარბებით შესრულება. ჩვენთან ხომ კლინიკები ძირითადად კერძოა, კერძო კლინიკა კი ნიშნავს, რომ მოგებაზეა ორიენტირებული. სადაზვევო კომპანიების შემთხვევაში კი პირიქითაა. ისინი დაინტერესებულნი არიან, მინიმალური ჩარევა მოახდინონ. უფრო მეტიც, შესაძლოა, ოპერაცია სჭირდებოდეს პაციენტს, მაგრამ არ გაუკეთონ. ამდენად, სიტუაცია იდეალისტურად არ უნდა წარმოვიდგინოთ და დასაწყისშივე ვიფიქროთ ყველა იმ უარყოფით მოვლენებზე, რომელიც შეიძლება მოხდეს.

რამდენად ხშირია შემთხვევა, როცა სოციალურად დაუცველებს, გაჭირვებულებს სამედიცინო კლინიკები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ?

- ეს უფრო 2012 წლამდე ხდებოდა. ფაქტობრივად, 2012 წლამდე გაუქმებული იყო ხუთი ძირითადი სახელმწიფო პროგრამა და ოპერაციების დაფინანსება ეხებოდა მხოლოდ 0-დან 3 წლამდე და 60 წლის ზემოთ მოქალაქეებს. დანარჩენი საზოგადოება დაუცველი იყო. რაც შეეხება 2012 წელს, 2012-ის შემდეგ განხორციელებული რეფორმის უპირატესობა და ყველაზე დიდი სიკეთე ის არის, რომ ეს პროგრამები აღდგა და არასწორი ასაკობრივი დისკრიმინაციული შეზღუდვა მოიხსნა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ციფრებით, წელიწადში 47 ათასი ადამიანი იღუპებოდა და მათი 60% იყო რეპროდუქციული ასაკის. ანუ არასწორი ჯანდაცვის პოლიტიკის გამო ხდებოდა ახალგაზრდების მოკვდინება. ამაზე ფილმებიც არის გადაღებული, არსებობს დოკუმენტური ჩართვებიც, სატელევიზიო გადაცემებიც, როდესაც საკაცით მისული პაციენტები უფულობის გამო არ მიუღიათ.

2010-11 წლებში საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის მონაცემებით, 50 ათასი ოჯახი საცხოვრისის გარეთ იყო დარჩენილი სწორედ იმ საბანკო ვალების გამო, რომელიც მათ აიღეს სამედიცინო საჭიროებისთვის. არ მომწონს ის ფაქტი, რომ სტატისტიკურად, მოსახლეობის მხოლოდ 10% სარგებლობს ხოლმე ჰოსპიტალური დახმარებით, ანუ ოპერაციული ჩარევით, ხოლო 90%-მა უნდა ისარგებლობს პირველადი ჯანდაცვით. რაც შეეხება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ ადამიანებს, ისინი ყველაზე განებივრებულნი არიან, უფასოდ ღებულობენ ყველაფერს. მაშინებს ის მდგომარეობა, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრისთვის ისეთივე პათოლოგიური ლტოლვაა, როგორც სახელმწიფო სამსახურში, პარლამენტში მოხვედრისას.

სოციალურად დაუცველი ადამიანები ამბობენ, რომ ღირსების გრძნობის გამო არ აკითხავენ ამ ბაზას, ხოლო, ვისაც აქვს ფინანსები (ზოგს შვილი ჰყავს უცხოეთში, ზოგი მაღალანაზაღაურებად სამუშაოზეა დასაქმებული) აქტიურად ცდილობს, მოხვდეს ამ ბაზაში. ეს ბაზაც გასაკონტროლებელია?

- თუ ეს არ გაკონტროლდა, მაშინ მივიღებთ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას. ამას ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს, არათუ ჩვენი ქვეყანა. საერთოდ, კიდევ როგორ ვართ, ესეც გასაკვირია. ამიტომ სოციალური სამსახურის რეფორმირებაა საჭირო. ჯანდაცვის მიმართულებით რაც გაკეთდა, ამას დამატებით უნდა ახლდეს სოციალური სამსახურების რეორგანიზაციაც. თუ ადამიანი გაჭირვებულია, მას არ აქვს არც ენერგია, არც ჯანმრთელობა, დაუსრულებლად იაროს ინსტანციიდან ინსტანციაში და მოიპოვოს ის, რაც ეკუთვნის. ამიტომ სოციალურმა სამსახურმა უნდა მოახდინოს მათი რეალური აღწერა. არც ისე დიდია ჩვენი ქვეყანა, რომ ეს ვერ მოახერხონ.

არამიზნობრივი ოპერაციები ახსენეთ. უამრავი ჩვენი მოქალაქე ონკოპაციენტადაა ქცეული. არაოფიციალური ინფორმაციით, ხშირად ამ ადამიანებს საშინელ დიაგნოზს განგებ უსვამენ, რათა ბიზნესად ქცეული ონკოლოგიური საქმიანობით ხელი მოითბონ.

- ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ამ პრობლემის სათავე სწორედ კერძო კლინიკების არსებობაა. ამიტომაც სხვა ქვეყნებში 5-დან 10%-ს არ აჭარბებს კერძო სამედიცინო დაწესებულებები, ხოლო დანარჩენი დაწესებულებები სახელმწიფოს საკუთრებაა. ცხადია, სახელმწიფომ უნდა მოახერხოს მათი გაკონტროლება. საერთოდ, ჯანდაცვის კარგი სისტემა ექვსი ძირითადი ელემენტისგან შედგება, რაც უზრუნველყოფს, რომ ასეთი გაუგებრობა არ მოხდეს. ამიტომაცაა საჭირო, სამედიცინო დაწესებულებები უმეტესად სახელმწიფო დაწესებულებები გახდნენ და კონკურენტული გარემო შექმნან კერძო დაწესებულებებისთვის. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იფუნქციონირებენ ისინი ჯანსაღად. მაგალითად, „ლანცეტთან“ დაკავშირებით არსებულ პრობლემებს ჯერ კიდევ იმ ხელისუფლების დროს ჩაეყარა სათავე. ტრანსპლანტაციის განხორციელებას ნებისმიერ ქვეყანაში ძალზე სათუთად ეკიდებიან, ეს მზარდი მეცნიერებაა, რაშიც აუცილებლად უნდა ჩავერთოთ, მაგრამ ამას ბრწყინვალედ მოწესრიგებული საკანონმდებლო ბაზა სჭირდება, რათა თავიდან ავიშოროთ შავი ბიზნესით გამოწვეული გართულებები. სახელმწიფოს ჩარევა უნდა იყოს ლეგალური და საამისო ბერკეტები არსებობდეს. აზრი არ აქვს ისეთ უფასო სამედიცინო დახმარებას (გინდ ამბულატორიული იყოს, გინდ სკრინინგცენტრები), თუ ის სატყუარა იქნება და პაციენტს ათჯერ უფრო მეტი ფასის გადახდა მოუწევს სხვადასხვა მანიპულაციებში, რაც კერძო კლინიკებში უნდა განხორციელდეს. ცხადია, ჯანდაცვის რეფორმა უმტკივნეულოდ ვერ ჩატარდებოდა, ერთ მშვენიერ დღეს ვერ გამოვიღვიძებდით და ყველაფერი დალაგებული ვერ იქნებოდა. ეს არის პროცესი, მაგრამ სწორად უნდა იყოს დროში გათვლილი. ფარმაცევტული კომპანია, კლინიკა, სადაზღვევო და ბანკი ერთად - მსოფლიოში ასეთი ანალოგი არსად არის, ჩვენთან კი ეს ჩვეულებრივი შემთხვევაა და ეს იწვევს გაურკვეველ ფაქტებს. ცხადია, ფარმაცევტული კომპანია დაინტერესებულია, რაც შეიძლება, მეტი წამალი გაასაღოს. თუ ამ ფარმაცევტულ კომპანიას ექნება კლინიკა, რა თქმა უნდა, ის ეცდება, თავის კლინიკაში მისმა ექიმმა რაც შეიძლება, მეტი წამალი გამოწეროს. მეორე მხრივ, წამალი საწამლავია, თუ ის არ არის დანიშნულებით სწორად მიცემული. იგივე შეიძლება ვთქვათ არასაჭირო სამედიცინო მანიპულაციებზე, რის შესახებაც უკვე მინისტრმაც აღნიშნა და განმარტა, რომ ამის გამოსწორება უნდა დაიწყოს. ნამდვილად საჭიროებს თუ არა ოპერაციას ადამიანი, ამის შემოწმების ხერხები არსებობს. უბრალოდ, მე არ ვიცი, ამის გამოსწორებას როგორ ცდილობს ჩვენი ხელისუფლება.