„მოთხოვნის დაყენების უფლება „ნაციონალებს“ არ აქვს - აქციის დასარბევი საშუალება სააკაშვილმა შემოიტანა  აზერბაიჯანიდან“

„მოთხოვნის დაყენების უფლება „ნაციონალებს“ არ აქვს - აქციის დასარბევი საშუალება სააკაშვილმა შემოიტანა აზერბაიჯანიდან“

აფგან მუხთარლის მხარდამჭერები 2 ივნისს, 11:00 საათზე პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან. ჟურნალისტები და უფლებადამცველები საქართველოს მთავრობისგან და ძალოვანი უწყებებისგან ამ ფორმით მოითხოვენ პასუხს - თუ როგორ აღმოჩნდა აფგან მუხთარლი საკუთარი ნების საწინაღმდეგოდ აზერბაიჯანში და მონაწილეობდნენ თუ არა მის საქართველოდან გატაცებაში ქართველი სამართალდამცველები.

ამავე მოთხოვნით აქცია გაიმართა სუს-ის შენობასთან, აქციის მონაწილეებს საპროტესტო აქციაზე მოტანილი ჰქონდათ სასტვენები და შავი პოლიეთილენის პარკები, როგორც სიმბოლო იმისა, თუ როგორ გაიყვანეს საზღვარზე თავზე ტომარაჩამოფარებული აფგან მუხთარლი.

საპროტესტო აქციას სოლიდარობა გამოუცხადა არასაპარლამნეტო ოპოზიციამ. აქციაზე იმყოფებოდნენ როგორც „თავისუფალი დემოკრატების“, ასევე „რესპუბლიკური პარტიის“ წარმოამდგენლები და მათივე მერობის კანდიდატი, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

სუს-თან მიმდინარე სოლიდარობის აქციაზე იმყოფებოდა აზერბაიჯანელი აქტივისტი და აფგან მუხტარლის მეგობარი ვადადი ისგანდარლი, რომელმაც ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირების გადადგომა მოითხოვა. ძალოვანი მინისტრების გადადგომა მოითხოვა საპარლამენტო ოპოზიციამ. ნაციონალები შს მინისტრის და სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლებას ითხოვს, ხოლო „ევროპული საქართველო“ ძალოვან მინისტრებს პარლამენტში იბარებს.

ოპოზიციის მოთხოვნას და აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს შს მინისტრმა ასე უპასუხა: „თქვენ როგორ ფიქრობთ, ვსხედვართ კაბინეტებში და არც ჩანაწერები ამოგვიღია, არც არავინ დაგვიკითხავს, ანუ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაგვიტარებია? მღებრიშვილი მედიას მიმართავს, რომ დაელოდონ გამოძიების შედეგებს. პირველ რიგში, სწორედ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესშია, ამ საქმეზე არავითარი კითხვა არ დარჩეს. გამოძიებით დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები და ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი გაეცემა, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და თავი შევიკავოთ წინასწარი დასკვნების გამოტანისგან. ყველა საგამოძიებო მოქმედებას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ვერ გამცნობთ დაუყოვნებლივ. უნდა დაელოდოთ გამოძიების დასრულებას. პერიოდულად მოგეწოდებათ ინფორმაცია გამოძიების შედეგებზე“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ორი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი უნდა გადადგეს თანამდებობიდან, ვიღაც უნდა დაისაჯოს. მისი თქმით, რაც არ უნდა თავი იმართლოს საქართველოს ხელისუფლებამ, შეუძლებელია მსგავსი სპეცოპერაციის ჩატარება თუ ეს არ არის ხელისუფლებასთან შეთანხმებული.

„საქართველოს მთავრობამ შელახა ქვეყნის სუვერენიტეტი. ქვეყანას შეულახა ეროვნული ღირსება და ფაქტობრივად, მან უკანონოდ ითანამშრომლა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ეს ფაქტი სასწრაფოდ გამოსაძიებელია, ხოლო მანამდე საქართველოს ორი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი უნდა გადადგეს თანამდებობიდან. ვიღაცა უნდა დაისაჯოს, მსგავსი თუნდაც, სამსახურებრივი ჩავარდნის გამო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტში შს მინისტრისა და სუს-ის ხელმძღვანელის მისვლას ითხოვს „ევროპული საქართველო“. ოთარ კახიძე განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებმა პარლამენტში უმცირესობის ფორმატში ყველა კითხვას გასცენ პასუხი.

„აფგან მუხთარლის განცხადებით, იგი საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოსაუბრე სამართალდამცავებმა დააკავეს და მოულოდნელად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მიუღებელი ფაქტია, რომელსაც ადგილი ჰქონდა და ის კომენტარები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, კიდევ უფრო კატასტროფულია. ფაქტიურად, ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის წინაშე ვდგავართ და თუ ამ ფაქტს ეფექტური რეაგირება არ მოჰყვა, გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი იქნება“, – მიაჩნია ოთარ კახიძეს.

საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნები უადგილოა საპარლამენტო უმრავლესობისთვის და თვლიან, რომ გამოძიების დასრულებამდე მინისტრის გადადგომაზე საუბარი და გარკვეული შეფასებების გაკეთება, არასწორია. ეკა ბესელია აცხადებს, რომ მოთხოვნა - უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ან რომელიმე მინისტრი გადადგეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება და სურვილია.

„მნიშვნელოვანია, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სწორი შეფასება გაკეთდეს. გამოძიების დაწყება სწორი გადაწყვეტილებაა, ხოლო მოთხოვნა, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ან რომელიმე მინისტრი გადადგეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება და სურვილია.

 ამ ოცნებებით და სურვილებით ვერ ვივლით, გამოძიების მონაცემებით უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა, რომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გაკეთდეს. ამ საკითხზე საჭიროა, ჯერ გამოძიებამ მოგვაწოდოს ინფორმაცია და ამის შემდეგ იქნება სწორი შეფასებების გაკეთება, როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ ხელმძღვანელი, ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი მოთხოვნის დაყენების უფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს, რადგან სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ სწორედ აზერბაიჯანიდან შემოიტანა აქციის დასარბევი საშუალება, კერძოდ მომწავლელი გაზი.

„საერთოდ მაოცებს ნაციონალების მოთხოვნები. მინისტრების დაბარება არის ფორმალური, სამწუხაროდ, ჩვენ ისევ საბჭოური სტილის სპეცსამსახურები გვყავს. სამწუხაროდ, საბჭოურ სისტემაში ვცხოვრობთ, 25 წელია არაფერი ამ მიმართულებით არ შეიცვალა. მიმაჩნია, რომ ძალოვანები არ უნდა იყვნენ რომელიმე ერთი პარტიის წევრი და ერთი პარტიის დაქვემდებარების ქვეშ, რადგან სწორედ, ეს არის ცუდი საზოგადოებისთვის.

დღე აღარ გავა ისე, რომ ახალ სკანდალში არ გავეხვიოთ, რომელიც ბუნებრივია, საქართველოს ოპონენტებს უჩენს როგორც დასავლეთში, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები – თურქეთი და აზერბაიჯანიც ბოლომდე არ არიან კმაყოფილი ამ ლოიალობით“, – აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.

კითხვაზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტი, იყო თუ არა, კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებული პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, ალადაშვილი ამას არ გამორიცხავს, მაგრამ ამბობს, რომ სახელმწიფოს უნდა შეეძლოს ორგანიზებული პროვოკაციის აღკვეთა.

„გასაგებია, აზერბაიჯანს თავისი ინტერესები აქვს, ის ოპოზიციას ებრძვის ყველგან, ეს აზერბაიჯანის დღევანდელი რეჟიმის პოლიტიკური არჩევანია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ვერ გამიგია, თავისი პოლიტიკა ხომ უნდა ჰქონდეს. ანუ, რა იყო საპირწონედ იმისა, რომ დათანახმდა პირდაპირ, თუ ირიბად თურქეთს და აზერბაიჯანს, ასეთ ძალიან მძიმე და სკანდალურ საქმეს. ამით საქართველოს ეროვნული ინტერესები არ გაძლიერებულა, პირიქით, დასუსტდა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვინ იყო ჩართული და რამდენად არის წინა ხელისუფლება ჩარეული, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია. მოქმედი ხელისუფლება თვითონ ირჩევს მოქმედების სტატეგიას და ვექტორს. მან უნდა გაშიფროს, თუ ეროვნული ინტერესებისა და ქვეყნის საწინააღმდეგოდ დაგეგმილია რამე ქმედება, უნდა აღკვეთოს, თუ ამდენს ვერ თვლიან, მაშინ სხვა საკითხია“, – აღნიშნა ბესიკ ალადაშვილმა.