საპატრიარქო სკანდალი გრძელდება, პატრიარქი დაცვის გარეშე დარჩა

საპატრიარქო სკანდალი გრძელდება, პატრიარქი დაცვის გარეშე დარჩა

საქართველოს კათალიკოს პატრიარქი დაცვის გარეშე დარჩა. დაცვის უფროსი ზურაბ ბუჩუკური თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, საკადო ცვლილება ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს და საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებას უკავშირდება. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ როგორც მმართველ გუნდში, ასევე საპატრიარქოში. საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ამბობს, რომ გარკვეული შიდა ცვლილებები ხორციელდება.

„ზურა გაუშვეს, უმუშევარი კი არ რჩება, სხვაგან გადაჰყავთ, როგორც მე განცხადებაში წავიკითხე. ასეთი ცვლილება ადრეც განხორციელდა. რამდენიმე ადამიანი გადაიყვანეს. ეს სდსს-ის სამსახურია და ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ“, - განმარტა მამა კახაბერმა.

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქისა და საპატრიარქოს დაცვას შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქართველოს საპატრიარქოს უსაფრთხოებისა და ქონების დაცვის სამმართველო უზრუნველყოფს. როგორც ცნობილია, ე.წ. ციანიდის სკანდალის შემდეგ, პატრიარქის დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

24 თებერვალს სდსს-ის გადაწყვეტილებით, ოხანაშვილი ზურაბ ბუჩუკურმა ჩაანაცვლა, რომელიც პატრიარქის დაცვის სამსახურში წლებია მუშაობს. for.ge-ს ინფორმაციით, მაშინ ოხანაშვილის შემცვლელი პატრიარქს თავად დაცვის წევრებმა შესთავაზეს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, პატრიარქის დაცვის ახალი უფროსი, ალბათ, დაცვის არსებული წევრებიდან ერთ-ერთი იქნება. მისი თქმით, რამდენიმე კანდიდატი უკვე არსებობს, თუმცა პატრიარქის კომენტარს ელოდებიან.

„უახლოეს დღეებში დასახელდება კანდიდატურა. ახლა პატრიარქისგან გვინდა პოზიცია. ცვლილებასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონსულტაცია იყო. ალბათ, დაცვის არსებული წევრებიდან იქნება, რადგან მათ იციან. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, როცა ხდება ცვლილება.

ცვლილებები მუდმივად მოხდება და ამაზე აჟიოტაჟს ნუ ატეხთ. რაც შეეხება ზურაბ ბუჩუკურს, არ მინდა ჩრდილი მიადგეს, თავისი გზა ძალიან სწორად განვლო, ის არის ძალიან კეთილსინდისიერი. ზურაბ ბუჩუკური უკვე მოიაზრება გარკვეულ თანამდებობაზე და ეს ინფორმაციაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, - აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.

რაც შეეხება ბუჩუკურის განთავისუფლების საკითხს, ჩუბინიძე მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ცვლილებასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონსულტაცია შედგა.

არსებული ინფორმაციით, საკადო ცვლილება ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს და საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებას უკავშირდება, რომლის განცხადებით, მეუფე პეტრეს და მისი უწმინდესის დაცვის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილს დღესაც აქვთ დაგეგმილი პატრიარქის არამხოლოდ ტახტიდან ჩამოცილება, არამედ უწმინდესის მოკვდინება.

ამ განცხადების შემდეგ ედიშერ ქარჩავა პროკურატურამ დაკითხა. ქარჩავას დაკითხვის შემდეგ, ვაკანტური გახდა პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობა. მთავარი პროკურორის განცხადებით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ინფორმაცია და ყველა ამ ინფორმაციის გადამოწმება.

„გიდასტურებთ, ედიშერ ქარჩავა დაიკითხა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ინფორმაცია და ყველა ინფორმაციას გადავამოწმებთ. ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბრალდების ნაწილში წარიმართა საქმე სასამართლოში. მიმდინარეობს არსებითი განხილვა. რაც შეეხება მის შესაძლო თანამონაწილეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, ამაზე უკვე გავაკეთეთ განცხადება. ამაზე ცალკე გამოიყო საქმე და შესაძლო თანამონაწილეების, ასევე სხვა პირების მიმართ მიმდინარეობს გამოიება“, - განაცხადა ქვეყნის მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ.

საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ უნდა წარადგინოს საბუთები, რითაც მისი განცხადება დასტურდება, ან საზოგადოების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს.

„ჩემთვის უცნობია, იყო თუ არა ედიშერ ქარჩავას განცხადებები პატრიარქთან და საპატრიარქოსთან შეთანხმებული, ისევე, როგორც უცნობია, რა დოკუმენტაცია წარადგინა პროკურატურაში ედიშერ ქარჩავამ მეუფე პეტრესთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ პროკურატურაში წარვადგინე საბუთებიო. პროკურატურაში რა წარადგინა, არ ვიცი. მაგრამ პირდაპირ ეთერში მას არაფერი არ წარმოუდგენია, გარდა იმისა, რაც ისაუბრა. ეს საუბარი არ იყო საბუთი, რომლის მიხედვითაც ჩვენ საფუძველი გვაქვს, საქმის განხილვა დავიწყოთ. აქედან გამომდინარე, მე კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები. ან უნდა წარადგინოს მან საბუთები, ან საზოგადოების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს“, - აღნიშნა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ ნებისმიერი განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს. როგორც უჩა ნანუაშვილი განმარტავს, თუ ადვოკატის განცხადებას არ მოჰყვება არანაირი მტკიცებულება, არანაირი დასაბუთება, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ეს უარყოფით განწყობას უფრო ქმნის კონკრეტულ ბრალდებულზე.

„ვფიქრობ, ეს დაუშვებელია პროცესის ობიექტურად მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ყველა მხარის უფლება და ნებისმიერი განცხადება უნდა იყოს დასაბუთებული“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.