„თუ რუსეთის ეკლესია მხოლოდ ქაღალდზე არ აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას, მაშინ უნდა აღკვეთოს „ალანიის ეპარქიის“ შექმნის მცდელობა“

„თუ რუსეთის ეკლესია მხოლოდ ქაღალდზე არ აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას, მაშინ უნდა აღკვეთოს „ალანიის ეპარქიის“ შექმნის მცდელობა“

ცხინვალის რეჟიმი უკმაყოფილოა იმით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველი სასულიერო პირები მსახურობენ. უკვე მერამდენედ მათ არეალში ხვდება მეუფე ისაია, მოძღვარი, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ შეგნებულად დარჩა ოკუპირებულ ზონაში და საოკუპაციო რეჟიმის არაერთგზის მუქარისა და გაფრთხილების მიუხედავად, საკუთარი სამწყსო არ მიუტოვებია. ამ დამსახურებისა და რთულ ეპარქიაში მოღვაწეობის გამო სულ ახლახანს საქართველოს პატრიარქმა მეუფე ისაია სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

For.ge ორიოდე წლის წინაც წერდა ახალგორში მოქმედი ეკლესია-მონასტრების მოსალოცად გადასული ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის - ისაიას გაუჩინარების შესახებ. იმხანად მეუფე ისაიას სამწყსო წუხდა, რატომ ვერ ახერხებდა მათი მეუფე ნიქოზის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვის აღვლენას და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა იგი. ვითარებას ამძიმებდა ის ფაქტიც, რომ მეუფის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა საპატრიარქოც. თუმცა იმ პერიოდში კათალიკოს-პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი მეუფე ისაიას თანამედროვე გმირად მოიხსენიებდა, რომელიც თავისი მრევლის ერთგულად რჩებოდა და არ ტოვებდა ახალგორის ტერიტორიას, რადგან ახალგორიდან გამოსვლის შემთხვევაში, უკან შებრუნების ნება იქაური კანონმდებლობით არ ექნებოდა.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ოკუპირებული ახალგორის (ოკუპანტების ენაზე - ლენინგორის) რაიონის ტაძრებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები მსახურებას განაგრძობენ. ისინი ჩვენს მართლმადებელ ეკლესიას ემორჩილებიან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალანიის ეპარქიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

როგორც ჩანს, დღესაც სწორედ „ალანიის ეპარქიისადმი“ დაუმორჩილებლობა გახდა ქართველი სასულიერო პირების დევნის საბაბი ცხინვალის რეგიონში. ეს მაშინ, როცა ალანიის თვითმარქვია ეპარქიას არც რუსული ეკლესია ცნობს და, მით უმეტეს, ქართულ ეკლესიაზე საუბარი ზედმეტია.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის რწმუნებული რელიგიის საკითხებში სონია ხუბაევა აცხადებს, რომ მეუფე ისაიას არჩევანის გაკეთება მოუწევს - ან ალანიის ეპარქიაში დარეგისტრირდეს, ან მშვიდობიანად დატოვოს „რესპუბლიკის“ ტერიტორია.

მისივე თქმით, საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა „სამხრეთ ოსეთის“ ხალხის წინააღმდეგ აგრესიაში.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართული ფაშიზმის იდეოლოგიაა. ჩვენ კარგად გვახსოვს ილია მეორის სიტყვით გამოსვლა 90-იან წლებში შეიარაღებული კონფლიქტის დროს“, - აცხადებს ხუბაევა.

საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თამჯდომარის მოადგილე, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი განმარტავს, რომ მიტროპოლიტი ისაია კანონიერ მოქმედებას ასრულებს თავის ეპარქიაში და სხვა ყველა თვითმარქვია გამოდის, ვინც მასთან არ ათანხმებს საეკლესიო საკითხებს. დეკანოზ კახაბერის თქმით, დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის მიერ გაკეთებული ეს განცხადებაც ისეთივე უკანონია, როგორც მათი ე.წ. სახელმწიფო და ე.წ. ეკლესია, რადგან ცხინვალის რეგიონი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას მიეკუთვნება და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი ისაიაა.

ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ოსებს არგუმენტი არ გააჩნიათ, მათი „არგუმენტია“ მათ უკან მდგარი რუსეთის შეიარაღებული ძალები. რომელ არგუმენტზეა საუბარი შიდა ქართლში, სადაც ნიქოზის უძველესი ეპარქია არსებობს და ნიქოზის ეპარქიაზე ვერავის ექნება პრეტენზია, მათ შორის, ვერც ჩრდილო კავკასიელ და ვერც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ოსებს.

„თუ რუსეთის ეკლესია მხოლოდ ქაღალდზე არ აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას და ის გულწრფელად არის ამის მაღიარებელი, მაშინ მან უნდა აღკვეთოს „ალანიის ეპარქიის“ შექმნის მცდელობა. მეუფე ისაია ასრულებს თავის მწყემსმთავრულ მოვალეობას საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ფარგლებში. არავის აქვს უფლება, მას ედავოს. შეიძლება, მეუფე ისაიას ძალით დაატოვებინონ ახალგორის რაიონი, მაგრამ ძალაზე დაფუძნებული ურთიერთობა საბოლოოდ წარმატებული არ არის. ეს უნდა იქნას განხილული ვანდალიზმად, ძალმომრეობად, რაც არაერთხელ მომხდარა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს არის რუსული პოლიტიკის ნაწილი და აქ ოსები პირობითად შეიძლება მოვიხსენიოთ“, - აღნიშნა სერგო ვარდოსანიძემ და გამოეხმაურა ბრალდებებს უწმინდესის მიმართ, თითქოს პატრიარქი 90-იან წლებში შეიარაღებული კონფლიქტისას სიტყვიერად ოსების წინააღმდეგ იყო განწყობილი.

ისტორიკოსის თქმით, ეს ცილისწამებაა, რადგან პატრიარქი დაიბადა ვლადიკავკაზში, სწორედ ვლადიკავკაზშია ოსეთი და მის ოჯახს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ამ ეროვნების არაერთ წარმომადგენელთან. ზოგადად, სიძულვილის ენით საუბარი პატრიარქისთვის უცხოა, მით უმეტეს, ჩრდილო კავკასიელების მიმართ მის უწმინდესობას არასოდეს აუგი არ უთქვამს.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონში ქართულ ტაძრებში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირებს, რამაც დე ფაქტო რეჟიმის უკმაყოფილება დაიმსახურა, სერგო ვარდოსანიძე აცხადებს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან რომ მოიყვანონ არქიტექტურის სპეციალისტები, ისინი უკლებლივ დაადასტურებენ, რომ ეს არის ქართული არქიტექტურული ხუროთმოძღვრული ძეგლები, რომლებზეც წარწერებიც ქართულია. უამრავი საბუთი ადასტურებს, რომ აქ ქართველები მოღვაწეობდნენ და ეს ყველაფერი ნიქოზის ეპარქიის შემადგენლობაშია.

„მეუფე ისაიას მისია რთულია. ახალგორელებისთვის მეუფე ისაია ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის ნაწილია. მასაც თუ აღუკვეთენ იქ ყოფნას, ბუნებრივია, იქ დარჩენილი ქართული მოსახლეობაც, ალბათ, გამოდევნილი იქნება. სამწუხაროდ, იმხელა ძალა არ გაგვაჩნია, რომ ვეებერთელა მეზობელი-რუსეთის სახით ვაიძულოთ, ანგარიში გაუწიოს საქართველოს“.

თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საეკლესიო წესების მიხედვით, მეუფე ისაიას ახალგორში ყოფნა სულაც არ უნდა შეუთანხმონ „ალანიის ეპარქიას“, რასაც ოსები დაჟინებით ითხოვენ, მაგრამ, ფაქტობრივი მდგომარეობით, ძალა მათ ხელშია. ასევე ხდება აფხაზეთშიც, სადაც საქართველოს ეკლესიის მიერ ნაკურთხი მღვდელი საერთოდ ვერ გადადის.

„აგვისტოს ომის შემდეგ მეუფე ისაია ცხინვალის ტერიტორიაზეა. „ალანიის ეპარქია“ არ ექვემდებარება არც რუსეთს, არც საქართველოს, თვითონვე გამოცხადეს „ეპარქიად“. მართალია, ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ რეგიონში რუსეთის გარეშე არ მიიღება, მაგრამ ჩვენ რუსებსაც ვერაფერს ვეტყვით, რადგან გვიპასუხებენ, ჩვენ რა შუაში ვართ, ჩვენ „ალანიის“ საქმეებში არ ვერევით, ისინი არაფერს გვეკითხებიან, ჩვენ „ალანიის ეპარქიას“ არ ვცნობთ. სანამ ამ ტერიტორიას პოლიტიკურად ვერ ვაკონტროლებთ, მანამდე ჩვენს ეკლესიასაც ექმნება პრობლემები. ძალიან კარგად ვიცნობ მეუფე ისაიას. მეუფე ისაია სწორედ იმიტომ გაჩერდა ამდენ ხანს ცხინვალის რეგიონში, რომ ის იქ ყველას უყვარს, იგი ქართველებსა და ოსებს ერთმანეთისგან არ არჩევს. ამიტომაც უნდათ მისი გამოძევება, ის სულ სხვა საქართველოს აჩვენებს მათ. ბევრი ისაიები რომ იყოს, ცოტა სხვანაირად დალაგდებოდა სიტუაცია“, - აცხადებს ლევან აბაშიძე.