ბრალდებული სუბარის გადაწყვეტილების მოლოდინში

ბრალდებული სუბარის გადაწყვეტილების მოლოდინში

უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, საქართველოს ისტორიაში არის მაგალითი ექსტრადირებით გამოწვეული სკანდალის. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, როდესაც ხელისუფლებამ დააკმაყოფილა რუსეთის მოთხოვნა და ჩეჩნების ექსტრადიცია განახორციელა რუსეთში, ქვეყანა საერთაშორისო სკანდალში გაეხვია.

იგივე განმეორდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ დააკმაყოფილა აშშ-ს მოთხოვნა გადაეცა ირანის მოქალაქე, რომელსაც ხანგრძლივი დროის განამვლობაში ეძებდა ამერიკა. ეს გადაწყვეტილება მაშინ ირანსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზიც გახდა, თუმცა ამ ვითარების კომპენსირების სანაცვლოდ, სააკაშვილმა ირანთან უვიზო მიმოსვლა შემოიღო.

როგორც for.ge-ს კონფიდენციალურმა წყარომ უთხრა, ირანის მოქალაქის ექსტრადირებიდან ძალიან მალე, ირანში საქართველოს საელჩო იძულებეული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, ეს იყო უშუალოდ ირანის პრეზიდენტის მოთხოვნა, რომელმაც საქართველოს მაშინდელი ელჩი სასწრაფო წესით გამოიძახა. ელჩს განუცხადეს, რომ შეიქმნა უსაფრთხოების პრობლემა, ამიტომ ქართველ დიპლომატებს ქვეყანა უნდა დაეტოვებინათ, რის გამოც, მათ მოუწიათ სასწრაფოდ, დროებით დაეტოვებინათ ირანი. საქართველოს საელჩო დიდი ხნის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, ადვოკატები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართავენ. დემირელის კოლეჯის მმართველის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, თუ რა ეტაპზე მოითხოვს ლტოლვილის სტატუსს, ამის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნის პროცედურა აჩერებს ექსტრადიციას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებს, მისი თურქეთში ექსტრადირების საკითხი შეჩერდება. ჯერჯერობით კი, უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სოზარ სუბარი.

თავის მხრივ, ტუბა ჩაბუქს იმედი აქვს, რომ საქართველო ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებს. როგორც ბრალდებულის მეუღლე აცხადებს, წლებია საქართველოში ცხოვრობენ, შესაბამიასად, არ გაუჭირდებათ საქართველოში ცხოვრების გაგრძელება.

სოსო ბარათაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ჩაბუქის ექსატრადიცია განხორციელდება, მას თურქეთში წამება და არაადამიანური მოპყრობა მოელის. მისი თქმით, საქმის კურსში არიან სახალხო დამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციები და ყველასთვის ცნობილია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი უსამართლოდ არის დაპატიმრებული.

„ბრალდება არის დაუსაბუთებელი. ბრალდების თანახმად, დანაშაული მოხდა 2017 წლის თებერვალში და ბატონ ჩაბუქს არ ედება ბრალი არანაირ გადატრიალებაში. თურქული მხარის თვალსაზრისით დანაშაული დაიწყო, გაგრძელდა და დასრულდა საქართველოში. ბრალის თანახმად, ჩაბუქს კავშირი ჰქონდა ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიასთან.

თუმცა, როგორ არის ეს საკითხი თურქეთთან კავშირში და რა საფუძვლით ითხოვენ ექსტრადიციას, ეს არის სრულიად აუხსნელი და გაუგებარი. მივმართავთ ყველა ხერხს, რომ არ მოხდეს ექსტრადიცია, ვინაიდან, საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის და ხელისუფლების ღირსებას. თუ უდანაშაულო ადამიანს გავწირავთ წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის, ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებულ მუსტაფა ემრე ჩაბუქს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, რითაც სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რაც მძიმე დანაშაულია და განგრძობადობა ახასიათებს.

ბრალდებას არ აღიარებს ბრალდებული.

საქმეში პირდაპირ არის მითითებული, რომ დემირელის კოლეჯი ისევე, როგორც ის ორგანიზაცია, რომლისთვისაც წილების მიყიდვა უნდა განხორციელებულიყო, არის ტერორისტული ორგანიზაცია. თუმცა, რაიმე დასაბუთება ამაზე საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი.

„Amnesty International“ საქართველოს მოუწოდებს არ გადასცეს თურქეთის ხელისუფლებას დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, სადაც მაღალი რისკია, რომ მას აწამებენ ან მის მიმართ ადამიანის უფლებების სხვა პრინციპებს დაარღვევენ.

„თურქეთმა მუსტაფა ჩაბუქს „ტერორიზმის მხარდაჭერა“ დასდო ბრალად და ფეთქჰულა გიულენის მოკავშირედ მიიჩნევს. მუსტაფა ჩაბუქი თურქეთის ბრალდებებსა და ტერორიზმთან რაიმე სახის შეხებას უარყოფს. ის ნებისმიერ წუთს შეიძლება გადასცენ თურქეთის ხელისუფლებას, სადაც სავარაუდოა რომ მას არაადამიანური მოპყრობა, წამება, არასამართლიანი სასამართლო და ადამიანის უფლებების სხვა პრინციპების დარღვევა ელის“, - წერია Amnesty International.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, არ მოახდინონ პირის გადაცემა, როდესაც არსებობს სერიოზული და აშკარა მოტივები იმის სარწმუნებლად, რომ მას ემუქრება რეალური საშიშროება, დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩაბუქს ექსტრადირების შემთხვევაში შეიძლება დაემუქროს სერიოზული საფრთხე, სახალხო დამცველმა საქმის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო.

„ჩვენმა წარმომადგენელმა იმავე დღეს მოინახულა დაკავებული. მისი განმარტებით, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მას აწამებენ, ვინაიდან, თურქეთის ხელისუფლება მას რესპუბლიკის პრეზიდენტის და ხელისუფლების მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაკავებულთა უფლებების დარღვევის ფაქტების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციები და საერთაშორისო ორგანიზაციათა შეფასებები წარმოშობს ეჭვს, რომ დაკავებულის შიში, ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევისა და წამების შესახებ, არ არის საფუძველს მოკლებული.

შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს მხარის შესაბამის ორგანოებს, ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეისწავლოს დაკავებული ბრალდებულების მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკები და გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით, რათა ადგილი არ ჰქონდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–3 მუხლის დარღვევას“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ექსპერტის, სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილი დიდი მღელვარებით და მოლოდით არის დატვირთული, რომ ქვეყანაში აღსდგეს ადამიანის სიკვდილით დასჯა, ასეთ შემთხვევაში პირის ექსტრადიცია, რომელიც შეიძლება არადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს, შეუძლებელია.

„ჩვენ ვამაყოფთ იმით, რომ არ ვართ ასეთი სასჯელის მქონე ქვეყანა და გვსურს ამის ხამაღლა თქმა თუ არა, ადამიანი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ამ პირის ექსტრადიციაზე, დემოკრატიული სამყაროს მიერ შესაძლებელია აღქმული იყოს, როგორც თანამზრახველი, როგორც მოსალოდნელი მკვლელობის. ამიტომ, ჩვენს ქვეყანას ჩვენი მიდგომები და ჩვენი ფასეულოებები აქვს.

როცა ადამიანი 15 წლის განმავლობაში სიკეთეს სთეს ქვეაყანაში, არანაირი შეცდომა და მით უმეტეს დანაშაული არ ჩაუდენია. შესაბამისად, მის ექსტრადიციას ჩვენ დავარქმევთ ქვეყნიდან გაძევებას, რისი საფუძველი ჩვენი ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს არ გააჩნია და არც რომელიმე ინსტიტუტს სასამართლოს ჩათვლით“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.