„საფრთხის შემცველი ტენდენცია, რასაც არაკონკურენტუნარიანობა ჰქვია“

„საფრთხის შემცველი ტენდენცია, რასაც არაკონკურენტუნარიანობა ჰქვია“

12 მომხრე, 1 წინააღმდეგი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ, მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა. ჩინჩალაძის კანდიდატურას, რომელიც რამდენიმე დღის წინ სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებდნენ, რადგან მათი შეფასებით, ისეთი ოდიოზური ფიგურები, როგორიც მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე არიან, ხელისუფლებას სასამართლოს საკონტროლებლად სჭირდება.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის გადადგომის შემდეგ, ამავე თანამდებობაზე ერთადერთი, ვისი კანდიდატურაც განიხილებოდა, ეს იყო მიხეილ ჩინჩალაძე. მისი კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა შოთა გეწაძემ დაასახელა. ჩინჩალაძის კანდიდატურის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

ერთადერთი ვინც კენჭისყრამდე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატებთან გასაუბრებას ითხოვდა, ეს იყო ვახტანგ მჭედლიშვილი, თუმცა მის მოთხოვნას არ ეთანხმებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები. შესაბამისად, ვალერი ცერცვაძის შემცვლელად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ დღეს მართლმსაჯულების სისტემაში საფრთხის შემცველი ტენდენცია მიმდინარეობს და ამ ტენდენციას ჰქვია არაკონკურენტუნარიანობა.

„არაკონკურენტუნარიანობა გამოავლინა დღევანდელმა დღემაც, როდესაც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ ერთადერთი კანდიდატი იყო წარდგენილი. მინდა ამ საფრთხის შემცველ ტენდენციაზე მივაპყრო საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ყურადღება. ამ საფრთხეს ჰქვია მართლმსაჯულების სისტემაში არაკონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა. დღეს დაგვანახა პროცესმა, რომ ფაქტობრივად, არც ერთმა კანდიდატმა, რომელიც იყო დასახელებული, სურვილი არ გამოხატა კონკურსში მონაწილეობის. გასულ პერიოდში მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრი და აქაც არაკონკურენტუნარიანი გარემო გვქონდა“, - აცხადებს ვახტანგ მჭედლიშვილი.

მისივე თქმით, 2012 წელს, სასამართლო რეფორმის პირველი ტალღის დროს, ჯანსაღი კონურენციის სათანადო დებულებები შეიქმნა, მოსამართლეთა კორპუსს მიეცა შესაძლებლობა თვითონ აერჩია საკუთარი რიგებიდან საბჭოს წევრები. მჭედლიშვილი ამბობს, რომ მაშინ კონკურენტული გარემო საკმაოდ მაღალი იყო, მრავალმა მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ნაწილმა გაიმარჯვა, ნაწილი დამარცხდა.

„ვინც ვერ გაიმარჯვა, ამ მოსამართლეების მიმართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან განხორციელდა მიზანმიმართული დევნა, გათავისუფლდნენ თანამდებობიდან, აღარ აირჩიეს თანამდებობებზე და აღმოჩნდა, რომ კონკურენცია მართლმსაჯულების სისტემაში გახდა დასჯადი. ამ მესიჯმა სრულიად იმუშავა.

პარლამენტის მიერ მიღებული კარგი ნორმების რეალიზება უნდა მოხდეს კონკურენციისთვის, თუმცა დღეს ამის შესაძლებობა თანდათან ისპობა. ამ საკითხებზე ერთად უნდა იმუშაოს სასამართლო კორპუსმა, საზოგადოებამ და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამივე შტომ“, - აღნიშნა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

სააპელაციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ამბობს, რომ არც ერთ ბრალდებას არ იღებს. როგორც მიხეილ ჩინჩალაძემ აღნიშნა, არ არსებობს არც ერთი მოსამართლე, რომელიც დაადასტურებს, რომ მისი მხრიდან მათზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

„ყველა ბრალდებას უნდა ჰქონდეს საფუძველი. არც ერთ ბრალდებას არ ვიღებ. შეგვიძლია გავიაროთ პუნქტობრივად, რა ბრალდებებიც არსებობს. მე თუ ვინმეს არ მოვეწონები, პოლიტიკოსი იქნება თუ სხვა, არასერიოზულია. ეს არის აბსურდის თეატრი. თუ გავხდები თავმჯდომარე, ვიქნები გახსნილი და გამჭვირვალე.

ამ ბრალდებებზე სასამართლოში ხომ უნდა არსებობდეს ერთი მოსამართლე მაინც, ვინც იტყვის, რომ დავიბარე და გადაწყვეტილების მიღებაში ჩავერიე? - მაგალითად „რუსთავი 2“ -ის საქმეზე ამბობდნენ, რომ სამ მოსამართლეზე მქონდა ზეწოლა. არათუ ზეწოლა, არამედ ამ მოსამართლეებთან გამარჯობის გარდა, არანაირი გადაკვეთა არ მქონია“, - განაცხადა მიხეილ ჩინჩალაძემ.

როგორც ცნობილია, სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ვალერი ცერცვაძემ თანამდებობა 25 მაისს დატოვა. ცერცვაძემ ამის ოფიციალურ მიზეზად მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში შპს iPlus-სა და Itechnic-თან დაკავშირებული დავა დაასახელა, რასთან მიმართებაშიც მისი სახელიც არაერთხელ დასახელდა. კითხვების თავიდან აცილების მიზნით კი ცერცვაძე საჭიროდ მიიჩნევს საააპელაციო სასამართლოს პოსტი დატოვოს.

iPhone plus-ში განმარტავენ, რომ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების მიუხედავად საქმეზე მისი გავლენა არ შეიცვლება.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ვალერი ცერცვაძის გადადგომა მიხეილ ჩინჩალაძეს უკავშირდება. ზაზა ხატიაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ხელისუფლებას მისთვის უფრო სასურველი კანდიდატის დანიშვნა სურდა და სწორედ ამ მოტივით გადადგა ცერცვაძე.

„ჩინჩალაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოდან გადაიყვანეს სააპელაციო სასამართლოში, ეს იყო ბინძური გარიგების შედეგი. იმთავითვე იყო გასაგები, რომ ჩინჩალაძის, ყველაზე საშინელი ადამიანის დანიშვნა სურდათ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ. სწორედ მისთვის მოხდა ადგილის გათავისუფლება სააპელაციო სასამართლოში.

ფაქტობრივად მთელი სასამართლო სისტემა გადადის ჩინჩალაძის ხელში, რომელიც მოსპობს ამ ქვეყანაში ოცნებას სამართლიან სასამართლოზე. როცა ხელისუფლებას დაჭირდება, სასამართლო სისტემა მთლიანად გადავა ხელისუფლების ჯიბეში.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უბინძურესი გადაწყვეტილება, რომ ჩინჩალაძე, რომელიც ჩემი შეფასებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ციხეში უნდა მჯდარიყო, იღებს გარანტიებს და ხდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. სამწუხაროდ, მოხდა სასამართლო სისტემის სრული „მურუსიზაცია“ და „ჩინჩალაძიზაცია“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ა-ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაური აცხადებს, რომ ვალერი ცერცვაძის სისტემიდან წასვლა საერთო გეგმის ნაწილია.

„არავის სჯერა, რომ ვალერი ცერცვაძე ფიქრობდა სასამართლოს რეპუტაციაზე. ამდენი წელია მუშაობს სასამართლოში, უფრო დიდი პრობლემების წინაშე მდგარა სასამართლო და შესაბამისად, მაშინაც უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი. ამიტომ, არავის ჯერა, რომ ცერცვაძე მისი წასვლით ცდილობდა სასამართლოს რეპუტაციის დაცვას.

რაც შეეხება საერთო გეგმას, ვფიქრობ, ეს არის მომზადებული გეგმა. მის ნაცვლად სავარაუდოდ, დაინიშნება მიხეილ ჩინჩალაძე. ჩვენ ვხედავთ, რომ ის კლანი, რომელიც ძლიერდება სასამართლოს სისტემაში, ამით უფრო გაძლიერდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კლანის მოსამართლეები ინიშნებიან თანამდებობებზე და წინაურდებიან. შესაბამისად, შედეგი არ იქნება ის, რომ სასამართლოს მიმართ მოქალაქეების ნდობა გაიზარდოს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა გიგაურმა.

იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დასრულდა. მთავრობისთვის გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 5-კანდიდატიანი სია ასე გამოიყურება: ლადო ჭანტურია-5; სოფიო ჯაფარიძე-4.69; შოთა გეწაძე 3.85; თამარ ალანია-3.77 და ირაკლი დონდოლაძე-3.69. კომისია ამ კანდიდატებს მთავრობას წარუდგენს.

საიას თავმჯოდმარე თვლის, რომ კომისიამ ძირითად ფუნქციას თავი ვერ გაართვა და თუ ის სწორად იმუშავებდა, ასეთ შემთხვევაში ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საეჭვო რეპუტაციის ადამიანები არ მოხვდებოდნენ სიაში.

„ნამდვილად გვქონდა ფართო არჩევანი რამდენიმე ძალიან ძლიერ და ძლიერ კანდიდატებს შორის. მათი აბსოლუტური უმრავლესობა შემადგენლობაში ვერ მოხვდა. გზავნილი კომისიის და სახელისუფლებო წევრების მიმართ, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ ასეთია - მოსამართლეები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ზეწოლას მათ ხელისუფლება არ ახვედრებს ხუთეულში, სწორედ იმიტომ რომ, ასეთები არიან და ისინი, ვინც იყვნენ წლების განმავლობაში და რჩებიან მორჩილ მოსამართლეებად, მათ აძლევს შესაძლებლობას ასეთ მაღალ პოზიციაზე, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.