აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი დაკავებულია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, მისი გაუჩინარების, შემდეგ გატაცების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ ცნობით, 29 მაისს ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, რომელსაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა, ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი აცხადებდნენ, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. აფგან მუხტარლის მეგობრებმა და მეუღლემ ისიც აღნიშნა, რომ კომპანია „სოკარში“ არიან ადამიანები, რომლებიც მას უთვალთვალებდნენ.
შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის იანვრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადების შესვლისთანავე დაიწყო სამძებრო ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით.
გუშინ ერთ-ერთ საიტზე, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის, სტატია გამოქვეყნდა საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების იატაკქვეშა ქსელზე. ამ ქსელის აქტივისტებს შორის დასახელდა აფგან მუხტარლიც.
გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მეგობრები და მეუღლე ვარაუდობენ, რომ აფგან მუხტარლი აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.
მისმა ერთ-ერთმა მეგობრმა, დაშგინ აღალარლიმ განაცხადა, აფგან მუხტარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.
„ის ძალიან აქტიური ჟურნალისტი იყო და სავარაუდოდ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მასში საფრთხე დაინახა“, - განაცხადა დაშგინ აღალარლიმ.
მისივე თქმით, არ უნდა იფიქროს, რომ ამაში საქართველოს სპეცსამსახურებიც არიან ჩართული, თუმცა აღნიშნა, რომ საეჭვო იყო, მათ ვერ შეემჩნიათ ეს ყველაფერი.
მოგვიანებით გაირკვა, რომ საქართველოში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოში იმყოფება. ამის შესახებ სააგენტო „თურანს“ მისმა ადვოკატმა ნეიმატ ქერიმლიმ განუცხადა: „აფგანმა დამირეკა და შემატყობინა, რომ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცენტრალურ განყოფილებაში იმყოფება და ახლა იქ მივემგზავრები“.
ადვოკატი მუხტარლის აზერბაიჯანში საიდუმლოდ გადაყვანას მოტაცებას და საერთაშორისო ნორმების დარღვევას უწოდებს. მისი თქმით, საქართველოს მისი გადაცემის უფლება არ უნდა მიეცა, რადგან საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, თუკი ადამიანს სამშობლოში დაპატიმრება ემუქრება, ის გადაცემას არ ექვემდებარება.
ბოლო დროს საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ საინტერესო მოვლენები ხდება - ერთი მეზობელი ქვეყანა იატაკქვეშა ქსელზე საუბრობს, მეორე - სკოლებში ტერორისტების აღზრდაზე და ეჭვმიტანილთა გადაცემას ითხოვს. როგორც ერთი შეხედვით ჩანს, აზერბაიჯანული მხარე არ დაელოდა, როდის გადასცემდნენ ჟურნალისტს და თავად განახორციელა სპეცოპერაცია. თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე ძალიან ბევრი კითხვაა, რომელზეც ორივე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებიდან მოითხოვს საზოგადოება პასუხის მიღებას.
For.ge-სთან საუბრისას ექსპერტი, მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ კონკრეტულად ამ ადამიანის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ ის, რომ აზერბაიჯანული ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი სხვადასხვა მოტივით თავს აფარებდა საქართველოს, ეს ფაქტი მისთვის ცნობილი იყო.
მამუკა არეშიძე: არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ საზოგადოების აქტიური არაერთი პიროვნება, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია საქართველოში.
ისინი, როგორც აზერბაიჯანული მედია ამბობს, რაიმე იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრები არიან?
- როდესაც იატაკქვეშა ორგანიზაციაზეა საუბარი, ის გულისხმობს ორგანიზაციულ ძალას, რომელიც მეზობელი სახელმწიფოს დასამხობად არის მომზადებული. ვფიქრობ, რომ ასეთი სერიოზული ორგანიზაციის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან სერიოზული ეჭვის ქვეშ უნდა დადგეს - ასეთი ორგანიზაციის არსებობის შესახებ არაფერი მსმენია.
როდესაც აზერბაიჯანულ მედიაში ჩნდება მსგავსი ინფორმაცია, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ხელისუფლებებს შორის შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობა?
- ეს ამას არ ნიშნავს. ჩვენს პრესაში არაერთხელ გამოთქმულა უკმაყოფილებაც და კიდევ უარესიც შეიძლება ითქვას იმის შესახებ, თუ რა ურთიერთობაშია სააკაშვილის ყოფილ ხელისუფლებასთან დღესაც კი, აზერბაიჯანის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. მაგრამ ამის გამო მეზობელთან სიტუაციის დაძაბვა არ ივარგებს.
ის, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელი ზოგიერთი პიროვნება აზერბაიჯანის, რუსეთის ან სომხეთის ხელისუფლებასთან არის დაახლოებული, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მაინც და მაინც ურთიერთობა გაიფუჭო მეზობელთან.
არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აზერბაიჯანული სპეცსამსახური უთვალთვალებდა... შეიძლება, აზერბაიჯანული სპეცსამსახური საქართველოს ტერიტორიაზე ასე ღიად მოქმედებდეს?
- თვალთვალი არ გულისხმობს მაინც და მაინც ჰალსტუხიანი და ჯიპებიანი აზერბაიჯანული სპეცსამსახურების თანამშრომლებით გაძეძგილ მანქანას. შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელიც კი, რომელიც მუშაობს აზერბაიჯანულ სპეცსამსახურებზე და ის უთვალთვალებდა და ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა, მათ გაიტაცეს-კიდეც...
საერთოდ კი მგონია, რომ საქართველოს ტეროტორიაზე რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახური მუშაობს, მათ შორის ბევრი ჩვენი მეზობლის. ეს პრობლემების განვითარების ლოგიკიდან გამომდინარეობს და ამ ლოგიკის მიხედვით, საქართველო ძალიან საინტერესოა რეგიონული მასშტაბით. ამიტომ არ გამოვრიცხავ არაფერს და დასაშვებად მიმაჩნია ეს ეჭვები.
სხვათა შორის, თურქულ მედიაშიც იყო ინფორმაცია, რომ საქართველოში არსებულ თურქულ სკოლებში ტერორისტებს ამზადებენ. ამას რაც მოჰყვა, ვნახეთ კიდეც...
- ეს არის მტკნარი სიცრუე და გაუაზრებელი ინფორმაცია. შესაძლოა, სხვა ტიპის პრეტენზიები იყოს იმ სკოლებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოშია განთავსებული, ვგულისხმობ პროექტს, რომელსაც ჰქვია „ჩაღლარი“ და რომელიც ფეტჰულა გიულენის წარმომადგენლებმა შექმნეს. ამ პროექტის ფარგლებში არსებობს 11 სასწავლო დაწესებულება, ერთია - უმაღლესი სასწავლებელი, ხოლო დანარჩენი - სკოლები.
შეიძლება საზოგადოებას ჰქონდეს გარკვეული ეჭვი, რომ რამე არაქართული ხომ არ ხდება, მაგრამ რაც შეეხება ტერორისტებს, მტკნარი სიცრუეა! ამ პრინციპით, ზაზა ფაჩულიაც ტერორისტი ყოფილა - მასაც ეს სკოლა აქვს დამთავრებული. უამრავმა ახალგაზრდამ გაიარა ამ სკოლების თუ უნივერსიტეტის კედლებში.
ეს ყველაფერი ხდება პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, ერდოღანს თვალში აღარ მოსდის თავისი ყოფილი თანამოაზრე გიულენი და ებრძვის მის მომხრეებს. ჯერ ხომ აიკლო თურქეთის ტერიტორია - უამრავი ადამიანი დააპატიმრა, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი, პედაგოგი და ა.შ. იმ მოტივით, რომ გიულენის მომხრეები არიან.
ასევე საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა ამ სკოლების გაუქმება და იმ ადამიანების გადაცემა, ვინც საქართველოს თავს აფარებენ როგორც ამ სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლები.
საქართველოს ხელისუფლება იძულებული იყო ორი ნაბიჯი გადაედგა ამ მიმართულებით, ერთი იყო შაჰინის სკოლის გაუქმება, მეორე - იმ ორი პიროვნების დაკავება, რომელთაგან ერთი - დემირელის სკოლის მენეჯერია, ხოლო მეორე - ბიზნესმენი.
ვფიქრობ, რომ ეს არის თურქეთის ხელისუფლების უხეში ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების ქმედებას, მესმის, როგორი ზეწოლის ქვეშ არის ის და ამას ვუწევ ანგარიშს, მაგრამ ვთვლი, რომ გადაცემა იმ ადამიანების, რომლებიც დაპატიმრებულები არიან, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თურქეთის ხელისუფლებისთვის, რადგან მათ ძალიან მძიმე დღეები ელოდებათ.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, მით უმეტეს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მთელ ამ ოპერაციას ისედაც ეჭვის თვალით უყურებენ - ვგულისხმობ, საერთოდ, თურქეთის აქტიურობას საქართველოს ტეროტორიაზე.
არსებობს ინფორმაცია, რა მიმართულებით აქტიურობს თურქეთი საქართველოს ტერიტორიაზე?
-ინფორმაცია ყველაფერზე არსებობს, მაგრამ გააჩნია რისი თქმა შეიძლება და რისი - არა. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენი მეზობელი საკმაოდ აქტიურია საქართველოს ტერიტორიაზე როგორც ეკონომიკური, ისე იდეოლოგიური თვალსაზრისითაც. საქართველოს წინა ხელისუფლებამ ფაქტობრივად, კარტ ბლანში მისცა მათ ამისთვის, თურქეთს იმდენად არა, რამდენადაც მის დღევანდელ ხელისუფლებას.
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, თურქეთი ამას მარტო საქართველოს ტერიტორიაზე კი არ აკეთებს, არამედ იგივე აქტიურობა აქვს სირიაში, ერაყში, აზერბაიჯანში, საბერძნეთში. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერდოღანმა საბერძნეთისაგან ტერიტორიების დაბრუნებაც კი მოითხოვა.
ერდოღანი ცდილობს, გახდეს რეგიონალური ლიდერი და ოსმალური იმპერიის გავლენები აღადგინოს ყველა იმ ტერიტორიაზე, რომელიც შედიოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში.
ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სერიოზული გამძლეობა სჭირდება რათა, იმ წნეხს გაუძლოს, რომელსაც თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება ახდენს მასზე.
თურქეთის ამ პოლიტიკიდან გამომდინარე, მოსალოდნელია ურთიერთობების დაძაბვა?
- გააჩნია, რამდენად აგრესიული იქნებნა თურქეთის ხელისუფლება, თუმცა სიტუაციის გართულებას არ ვვარაუდობ, რადგან თურქეთს აქვს პრობლემები. როგორც ევროპასთან, ისე თავის სამხრეთელ მეზობლებთან, ერაყთანაც და სირიასთანაც და არ შეიძლება, ერთმა ქვეყანამ ყველა მეზობელთან ერთიანად გაართულოს სიტუაცია, ყველა გადაიკიდოს. ასე რომ, თბილისსა და ანკარას შორის ურთიერთობის გართულებას არ ვვარაუდობ, თუმცა უსიამოვნო პროცესთან კი ნამდვილად გვაქვს საქმე.