საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, რომელიც 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა, ერთობლივი პრესკონფერენციით დასრულდა.
„ჩვენ ერთმანეთს ყველაფერი ვუთხარით, რისი თქმაც გვსურდა“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და დასძინა: „მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება მსოფლიოში რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია“.
მისივე ინფორმაციით, პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის თემაზე მინსკის შეთანხმებების შესრულებაზეც ისაუბრეს და აღნიშნა: „ნორმანდიის ფორმატი დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს“, რაც მხარებიის ერთ მაგიდასთან დიალოგის გამართვას გულისხმობს.
სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „სირიაში აუცილებელია ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც აღმოფხვრის ტერორიზმს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას“.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთს რუსეთთან ინტენსიური თანამშრომლობის სურვილი აქვს.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით კი, „რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები უკრაინაში კონფლიქტს ვერ დაარეგულირებს“.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვასაც.
„მინდა შეგახსენოთ თუ როგორი მნიშვნელოვანია საფრანგეთისთვის ყველა უმცირესობის უფლებების დაცვა. ჩვენ (მაკრონმა და პუტინმა) ვილაპარაკეთ ლბგტ თემის წარმომადგენელთა უფლებების შესახებ რუსეთსა და ჩეჩნეთში. ძალიან მკაფიოდ განვუმარტე რუსეთის პრეზიდენტს, თუ რას ველოდებით ამ მხრივ რუსეთისგან“, - განაცხადა მაკრონმა. სხვათა შორის, დაახლოებით ერთი თვის წინ პუტინმა უკვე მისცა პირობა გერმანიის კანცლერს, რომ ჩეჩნეთში ლგბტ-თა უფლებებს დაიცავდა.
სავარაუდოდ, მსოფლიო ლიდერებისთვისაც, განსაკუთრებით საინტერესოა მაკრონის პოზიცია, რომელმაც ორიოდე დღის წინ ნატოს სამიტზე, საფრანგეთის საელჩოში ამერიკის პრეზიდენტს უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ ამ მნიშვნელოვან შეხვედრას მსოფლიო მედიაც ინტერესით ელოდა.
BBC-ს ვარაუდით, შეხვედრა დაძაბული იქნებოდა, ვინაიდან ცოტა ხნის წინ მაკრონმა რუსეთი კიბერთავდასხმებში დაადანაშაულა. დიდი შვიდეულის სამიტზე, რომელიც სიცილიაზე რამდენიმე დღის წინ გაიმართა, მაკრონმა განაცხადა, რომ „რუსეთთან ლაპარაკი აუცილებელია, რადგან არის მთელი რიგი საერთაშორისო საკითხებისა, რომლებიც რუსეთთან მკაცრი დიალოგის გარეშე არ მოგვარდება“.
საგულისხმოა, რომ პუტინი-მაკრონის შეხვედრაზე საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებზე პრეზიდენტებს არ ულაპარაკიათ. ემანუელ მაკრონი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ რუსმა ჰაკერებმა მის საარჩევნო შტაბზე კიბერშეტევა განახორციელეს.
მაკრონმა კომენტარი არ გააკეთა არც საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მთავარი ოპონენტის მარინ ლე პენის მოსკოვში ვიზიტის შესახებ.
დასავლური მედიის შეფასებით, შეხვედრა საინტერესო უნდა ყოფილიყო იმითაც, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ვლადიმერ პუტინი გამოხატულად უჭერდა მხარს მაკრონის მთავარ ოპონენტს მარინ ლე პენს - პუტინმა ლე პენი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვში ოფიციალური ვიზიტითაც კი მიიღო. ამასთან, წინასაარჩევნო პერიდში, ლე პენის პარტიამ რუსული ბანკებისგან მრავალრიცხოვანი ფულადი სესხი მიიღო.
სამაგიეროდ, კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინმა და განაცხადა, რომ რუსეთი საფრანგეთის არჩევნებში არ ჩარეულა.
როგორც ჩანს, რუსეთისთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვის მატარებელია, რომ პუტინის ვიზიტი ვერსალში დაემთხვა რუსეთის იმპერატორის, პეტრე პირველის საფრანგეთში განხორციელებულ პირველ ვიზიტს, რომელიც 300 წლის წინ გაიმართა.
რუსული მედიის ცნობით, პუტინმა მაკრონი საპასუხო ვიზიტით მოსკოვში დაპატიჟა და იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთში რამდენიმე კვირას გაატარებს.
აღსანიშნავია, კრემლი მაკრონის გაპრეზიდენტებისთანავე ცდილობდა, ხაზგასმას, რომ საფრანგეთსა და რუსეთს შორის განსაკუთრებული, მეგობრული დამოკიდებულებაა.
კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი დონის მოლაპარაკებები იგეგმებოდა რუსეთ-საფრანგეთს შორის არსებული და სამომავლო ურთიერთობების, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.
„ისაუბრებენ, ასევე, აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, უპირველეს ყოვლისა, ტერორიზმის წინააღმდეგ ძალისხმევის კოორდინაციის და სირიასა და უკრაინაში კრიზისების დარეგულირების შესახებ“, - განაცხადეს კრემლში.
შეგახსენებთ, რომ მაკრონის გაპრეზიდენტებიდან საკმაოდ მოკლე დროში მასა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, კრემლის პრეს-სამსახურის ცნობით კი, პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განვითარების სურვილი გამოთქვეს. კრემლის ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტებს სურვილი აქვთ, ერთად იმუშაონ მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებზე, მათ შორის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზეც.
შეხვედრის დაწყებამდე საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში მარიელ დე სარნეზმა სატელევიზიო ეთერით განაცხადა, რომ საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს მნიშვნელოვანი და გულახდილი საუბარი მოუწევდათ. საინტერესოა შედგა თუ არა მართლაც ღია საუბრები პრეზიდენტებს შორის - ეს ყველაფერი, როგორ ჩანს, შედარებით გვიან გახდება ცნობილი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სარენზიმ გაცილებით ღიად ისაუბრა ორ ქვეყანაშ შორის არსებულ დამოკიდებულებაზე.
კითხვაზე, საჭიროა თუ არა რუსეთთან თანამშრომლობა? სარენზი აცხადებს, რომ პასუხი დადებითია. „საჭიროა რუსეთთან თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლაში, კოსმოსურ სფეროში“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, საფრანგეთსა და რუსეთს სხვადასხვა ხედვები აქვთ რიგ პრობლემებზე.
„დიახ, ჩვენს ქვეყნებს უთანხმოება აქვთ რიგ საკითხებზე: პირველ რიგში, ეს სირია და უკრაინაა. მაგრამ ამ საკითხებზე მოლაპარაკებები უნდა წარვმართოთ. რა თქმა უნდა, ეს უცებ პრობლემებს არ გადაჭრის, მაგრამ მოლაპარაკებები აუცილებელია“, - აღნიშნა მარიელ დე სარნეზმა.
რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ფრანგმა მინისტრმა განაცხადა, რომ „საჭიროა განსაზღვრა, სრულად ხორციელდება თუ არა მინსკის შეთანხმებები. მე არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მინსკის შეთანხმებები სრულად შესრულებულია“, - აღნიშნა მან. სარნეზმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ თუ პუტინს სურს, რუსეთს სანქციები მოუხსნან, მან ყველა შეთანხმება უნდა შეასრულოს“.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი რუსეთის მიმართ საკმაოდ კრიტიკული იყო მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, განსხვავებით მისი ოპონენტის, მარინ ლე პენისგან.
მაკრონი გაპრეზიდენტებამდე ღიად აცხადებდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თანამშრომლობას აპირებს. რაც ეხება ვლადიმერ პუტინს, მაკრონის თქმით, პუტინი ბევრი საერთაშორისო საკითხის განხილვის დროს ზის მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუმცა არ აპირებს, პუტინის დიქტატს დაემორჩილოს.