„დიახ, უწმინდესმა იცის, რომ მეუფე პეტრეს მისი მოკვდინება უნდოდა“

„დიახ, უწმინდესმა იცის, რომ მეუფე პეტრეს მისი მოკვდინება უნდოდა“

საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა ამტკიცებს, რომ მეუფე პეტრეს და მისი უწმინდესის დაცვის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილს დღესაც აქვთ დაგეგმილი პატრიარქის არამხოლოდ ტახტიდან ჩამოცილება, არამედ უწმინდესის მოკვდინება. ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ამის შესახებ ინფორმირებულია თავად მისი უწმინდესობა. იურისტი მოუწოდებს ეპისკოპოსს, თუ ვაჟკაცია თქვას სიმართლე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად არის წმინდა სინოდზე დაასაბუთოს აღნიშნული ბრალდება.

for.ge ედიშერ ქარჩავას ესაუბრა.

შეგიძლიათ დააზუსტოთ, რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ პატრიარქის ტახტიდან ჩამოგდების სურვილი ჰქონდა მეუფე პეტრეს და გარდა ამისა, ეს სურვილი გააჩნდა სოსო ოხანაშვილს?

ედიშერ ქარჩავა: შემიძლია დაგიზუსტოთ, რომ კათოლიკოს პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებდა და მოქმედებს მეუფე პეტრე. ეს მიმართულია საქართველოს ეკლესიის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მეუფე პეტრეს დღესაც დაგეგმილი აქვს და ფიქრობს პატრიარქის არამარტო ტახტიდან ჩამოცილებას, არამედ მის მოკვდინებას. მეუფე პეტრეს თავისი პირადი გეგმები გააჩნია, ამ გეგმებში მოიაზრება გარკვეული ჯგუფი, მათ შორის სოსო ოხანაშვილიც, რომელიც გერმანიიდან მითვლის, რომ თურმე უნდა გავჩუმდე.

ვისი მეშვეობით გითვლით?

- დედაოების მეშვეობით მითვლის, რომ უნდა გავჩუმდე, მაგრამ მე ვერ გამაჩუმებენ და სიმართლეს აუცილებლად ვიტყვი. მე, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მეუფე პეტრეს გარდა, ანტიპატრიარქისტია სოსო ოხანაშვილი, რომელიც ასევე ცდილობდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილებას. ოხანაშვილი ახლო, მეგობრულ ურთიერთობაში და სულიერ, იდეურ ერთობაში იყო და არის მეუფე პეტრესთან.

ამასთანავე, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მეუფე პეტრეს მიზანია კათოლიკოს პატრიარქის როგორც ტახტიდან ჩამოცილება, ასევე მისი მოკვდინება. პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე და ვაპირებ, რომ მივმართო წმინდა სინოდს, რომ განიხილონ მეუფე პეტრეს საკითხი. წმინდა სინოდი თუ ჩათვლის საჭიროდ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ მომიწვიონ და ამ ჩემს პოზიციას დავასაბუთებ, რადგან მე გამაჩნია ამის მტკიცებულება.

რა სახის მტკცებულება გაგაჩნიათ, ეს არის აუდიო, თუ წერილობითი მტკიცებულება?

- ამ ეტაპზე დეტალების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ თუ წმინდა სინოდი ჩათვლის საჭიროდ, რომ მე უნდა მიმიწვიონ სინოდის შეკრებაზე, ამას დავასაბუთებ.

თქვენ ამბობთ, რომ პატრიარქის ტახტიდან ჩამოგდება და მისი მოკვდინების სურვილი გააჩნია მეუფე პეტრეს, რომლის გარემოცვას წარმოადგენს სოსო ოხანაშვილი, მაგრამ ეკლესიაში შიგნით ჰყავთ მხარდამჭერები?

- ამ შემთხვევაში შემიძლია ვისაუბრო კონკრეტულად მეუფე პეტრეზე. მას, რა თქმა უნდა, ჰყავდა მხარდამჭერები და გვერდში მდომები, რომლებიც საერთო მიზნისკენ მიდიოდნენ და მიდიან დღესაც, მათ უნდოდათ საპატრიარქო მმართველობის შეცვლა საქართველოს ეკლესიაში.

მაგრამ სოსო ოხანაშვილი არის მისი უწმინდესობის ახლო ნათესავი, ფაქტიურად ოჯახის წევრი, ეს როგორ შეიძლება გავიგოთ?

- მე გამაჩნია კონკრეტული ინფორმაცია, რომ მაღალი სასულიერო იერარქმა ითხოვა, სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულიყო და არ დაეკავებინათ სოსო ოხანაშვილი.

ეს იყო მეუფე დიმიტრი?

- ამ ეტაპზე ამ ადამიანის ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მოგვიანებით აუცილებლად გავასაჯაროვებ მის ვიანობას.

ანუ, არც უარყოთ და არც ადასტურებთ, რომ ეს იყო მეუფე დიმიტრი?

- მეუფე დიმიტრის პირდაპირ მონაწილეობაზე მე არ ვსაუბრობ.

როგორ ფიქრობთ, დაგვიანებული არ არის თქვენი მხრიდან ეს რექაცია?

- ინფორმაციის მიღებას და დამუშავებას, აქვს თავისი დრო. როდესაც დადგა ამის დრო და რაღაცა გარკვეული გარემოებები ცნობილი გახდა ჩემთვის, მაშინ განვაცხადე ამის შესახებ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ დამიანების მხრიდან პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედება დიდი ხანია დაწყებულია. ეს პროცესები მიმდინარეობდა ფარულად, მაგრამ ახლა გამოვიდა სააშკარაოდ. ამიტომ, ჩემი რეაქცია არ არის დაგვიანებული, დროული და ზუსტია.

შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პატრიარქის მმართველობის გაუქმება სურთ?

- დიახ არიან. ზოგადად, მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მეუფე პეტრეს ჰყავდეს თავისი მიმდევრები და მხარდამჭერები საერო პირებშიც, ამიტომ ჯობია, რომ ისინი გამოვიდნენ სააშკარაოზე და განაცხადონ ამის შესახებ. დიახ, ვიწყებ ანტიპატრიარქისტების ლუსტრაციას. დაიწყება ამ ადამიანების ლუსტრაცია და ყველას დაერქმევა თავისი სახელი, ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ ეკლესიაში პატრიარქის მმართველობის გაუქმებას და სურთ სინოდარული მმართველობა. მოხდება ამ ადამიანების სათითაოდ დასახელება და იმ ფაქტების წარმოჩენა, თუ რა უნდათ მათ რეალურად, რატომ და რისთვის იბრძვიან „ციანიდის საქმის“ მხარდამჭერები.

რისთვის იბრძვიან და ვინ არიან ისინი, რომელაც სურთ საქართველოში პატრიარქის მმართველობის გაუქმება?

- წინასწარ თავს შევიკავებ მათი ვინაობის დასახელებისგან, თუმცა ვიტყვი, რომ არიან ის სასულიერო პირები და მათ ზურგს უკან მდგომები, ვინც მხარს უჭერენ თუნდაც „ციანიდის საქმეს“ და მამა გიორგი მამალაძეს. მათ, ვინც ამ საქმეს მხარს უჭერენ, უნდათ პატრიარქის მმართველობის გაუქმება საქართველოში და ამაზე შესაბამის ფაქტებსაც წარმოვადგენ.

მეუფე პეტრეს სინოდის წევრებს შორისაც ჰყავს მხარდამჭერები?

- მე არაფერს გამოვრიცხავ.

მღვდელ-მონაზონი ანდრია ამბობს, რომ თქვენ შორენა თეთრუაშვილის დავალებით მოქმედებთ, იგივეს აცხადებს მეუფე პეტრეც...

- მეუფე პეტრეს პრეს-სპიკერს პასუხს არ გავცემ იმიტომ, რომ მან ძალიან კარგად იცის, რა შავბნელი გეგმა აქვს მეუფე პეტრეს. ამ შემთხვევაში ბრალდება წავუყენე ეპისკოპოსს, ამიტომ, თუ ვაჟკაცია უნდა თქვას სიმართლე, წინააღმდეგ შემთხვევაში მე მზად ვარ წმინდა სინოდზე დავუსაბუთო აღნიშნული ბრალდება.

თქვენ მზად ხართ იგივე თემის შესახებ ჩვენება მისცეთ საგამოძიებო სტრუქტურას, სადაც გრძედლება .. ციანიდის საქმის გამოძიება?

- ეს არ ეხება საგამოძიებო სტრუქტურას. ეს არის წმინდა საეკლესიო საკითხი და ამ ჭრილში განვიხილავ საკითხს. მე არ მითქვამს, რომ მეუფე პეტრე მამა გიორგისთან ერთად არის თანამონაწილე მკვლელობის მომზადებაში. მე სხვა რამეზე ვსაუბრობ, ზოგად საეკლესიო პრობლემაზე მაქვს საუბარი, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემომქმედი და თანამონაწილე არის მეუფე პეტრე. მამა გიორგის საქმე არის ამ დიდი ჯგუფი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, გამოძიების პრეროგატივაა, თუ ამ კავშირებს გამოყოფს და დაადგენს. ვაკონკრეტებ, რომ აქ საუბარია საეკლესიო პრობლემაზე, ანუ პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაზე.

მართლაც ძალიან საეჭვოდ მოხდა სოსო ოხანაშვილის გერმანიაში წასვლა იმ მოტივით, რომ სამსახურს ეძებდა, მით უმეტეს, რომ არსებული ინფორმაციით ოხანაშვილი არასად არ მუშაობს. თქვენ, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელს გითვლით, რომ გაჩუმდეთ, რას ითხოვს თქვენგან?

- მე როგორც ვიცი, არ უნდა ვახსენო მისი სახელი და გვარი ამ კონტექსტში.

წინააღმდეგ შემთხვევაში?

- ეს უკვე არის იმ სამსახურების პრეროგატივა, ვინც იმედია მოუსმენს მას, ვის რას ეუბნება და რატომ. მე ვასრულებს უწმინდესის ლოცვა კურთხევას. მის ინტერესებს დავიცავ ყველგან და ყოველთვის.

ეს სკანდალური განცხადება მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით გააკეთეთ?

- მისი უწმინდესობისგან მაქვს ლოცვა-კურთხევა, რომ ყველა სამართლებრივ საკითხზე, რაც დაკავშირებულია ციანიდთან, გავაკეთო განცხადება. მისმა უწმინდესობამ ამის შესახებ ყველაფერი იცის.

მათ შორის, რომ მისი მოკვდინება უნდოდა და ეს სურვილი დღესაც აქვს მეუფე პეტრეს?

- დიახ, უწმინდესმა იცის, რომ მეუფე პეტრეს მისი მოკვდინება უნდოდა.

როდის აპირებთ მიმართოთ სინდოს?

- ჩავთვალოთ, რომ ჩემი განცხადება იყო მიმართვა წმინდა სინოდის მიმართ. როცა სინოდი შეიკრიბება, მე მზად ვარ, წარვსდგე და დავასაბუთო ჩემი პოზიცია, თუ ჩემს გამოკითხვას მოინდომებენ ეპისკოპოსები. თუმცა, მე აქვე მინდა დაგისაბუთოთ, რომ ჩემი ბრალდების შესახებ იციან როგორც ეპისკოპოსებმა, ასევე ზოგადად ეკლესიამ.

ბოლო სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს ჰქონდა გაფრთხილება, რომ საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად არ გაეკეთებინა განცხადება, მაგრამ მეუფე პეტრე იმავე საღამოს პირდაპირ ეთერში ჩაერთო რამდენიმე ტელევიზიას, აგრძელებს ამ განცხადებებს. შეიძლება ითქვას, რომ მეუფე პეტრე აუჯანყდა ეკლესიას, ის არ ემორჩილება მის უწმინდესობას?

- მისი განცხადებები უკვე ნიშნავს, რომ ის აცხადებს დაუმორჩილებლობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ და თუ ამას აცხადებს, შეუძლია დატოვოს ეკლესია. თუ არ დადგება მისი ეკლესიიდან გაშვების საკითხი, თვითონ მე დავაყენებ წმინდა სინოდზე მეუფე პეტრეს ეკლესიიდან გაშვების საკითხს.