„თუ ამ კანონს აამოქმედებთ, საკუთრების ინდექსი კიდევ უფრო შემცირდება საქართველოში“

„თუ ამ კანონს აამოქმედებთ, საკუთრების ინდექსი კიდევ უფრო შემცირდება საქართველოში“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, არსებობს მოსაზრება, რომ ყველაზე სწრაფად მწეველთა რიცხვი განვითარებად ქვეყნებში იზრდება და თამბაქოს გავრცელებასთან ბრძოლა სწორედ განვითარებად ქვეყნებში გართულდება. ხელი მოეწერა საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც მის 192 წევრ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების ჩვევასთან ბრძოლას ითვალისწინებს. ბრძოლა გულისხმობს როგორც საზოგადოების ინფორმირებას თამბაქოს მავნე ზეგავლენაზე, ასევე ეკონომიკურ კონტროლს თამბაქოს წარმოება-დისტრიბუციაზე.

ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან როგორც თამბაქოს მწარმოებლები, ასევე სარეკლამო, კინო, თუ სპორტის ბიზნესში ჩართული კომპანიები. თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთი მაღალსშემოსავლიანია მსოფლიოში, დიდ ფინანსურ რესურსებს მართავს მსოფლიოში და არ უნდა გამოირიცხოს, რომ გარკვეული სირთულეებიც შეიქმნას.

მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ლობირებულ კამპანიას საქართველოც შეუერთდა - 4 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები. საკანონმდებლო ცვლილებები ეტაპობრივად გახორციელდება. თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების (პიქტოგრამების) დატანა 2018 წლის პირველი იანვრიდან გახდება სავალდებულო.

ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება „საკუთრების უფლების ალიანსი“, რომელიც იკვლევს და ადვოკატირებას უწევს ფიზიკური და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს არ არის თამბაქოს მოხმარების შემცირების გზა და მეორე მხრივ, არღვევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებასა და სავაჭრო ნიშნების სისტემას.

საერთაშორისო ორგანიზაცია „საკუთრების უფლების ალიანსის“ აღამსრულებელი დირექტორი ლორენცო მონტანარი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თბილისსა და ბათუმში მოხდა 2016 წლის ინდექსის პრეზენტაცია. თითქმის მზად არის 2017 წლის ინდექსი რომლის პრეზენტაცია არგენტინაში იგეგმება. ოფიციალური უწყებებიდან მონტენარის შეხვედრა ჰქონდა მხოლოდ „საქპატენტის“ ხელმძღვანელთან იმისათვის, რომ წარედგინა საკუთრების უფლების საერთაშორისო ინდექსი და ემსჯელათ მონაცემების მოწოდებაში თანამშრომლობაზე.

ლორენცო მონტანარი: ორგანიზაცია 2007 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს „საკუთრების უფლების საერთაშორისო ინდექსს“, რომელიც ასახავს მდგომარეობას მსოფლიოს 128 ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში. ეს ინდექსი არ მუშაობს ისეთ ქვეყნებში სადაც არ მოქმედებს საბაზრო ეკონომიკის პრინციპები.

„საკუთრების უფლების საერთაშორისო ინდექსის“ თვალსაზრისით, ლიდერები არიან ფინეთი, ახალი ზელანდია, ლუქსემბურგი, ნორვეგია და შვეიცარია, ხოლო ბოლო ადგილზეა ვენესუელა. საქართველო 30-ე ადგილზეა, რეგიონში კი მე-12 ადგილზე.

ინტელექტუალური საკუთრების ინდექსი მნიშვნელოვანია აშშ-სა და ევროპაში, სადაც ეკონომიკის 40%-ში მთავარი საკუთრება სწორედ ინტელექტუალური საკუთრებაა.

2016 წლის ინდექსში საქართველოს საშუალოზე (5,4) დაბალი - 4,6 ქულა - ერგო. საქართველოს მონაცემები გაზრდილია მხოლოდ 0,5%-ით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციის ყველაზე საუკეთესო სისტემაა მსოფლიოში.

ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომლის თანახმადაც სიგარეტის შეფუთვაზე არ შეიძლება კომპანიის სავაჭრო ლოგოს დატანა, ეწინააღმდეგება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პრინციპებს და საქართველოს ინდექსი კიდევ უფრო გაუარესდება.

ეს ეწინააღმდეგება თავისუფლების გამოხატვის პრინციპსაც, რადგან საკუთრებაზე საკუთარი ლოგოს დატანა იკრძალება. მიღებული კანონი ასევე ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმაბასაც, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლს, რომელიც იცავს კერძო საკუთრებას.

მსგავსი კანონი უკვე მოქმედებს მსოფლიოს რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში - როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ პირველ რიგში დასაცავი ადამიანის ჯანმრთელობაა, შემდეგ ინტელექტუალური საკუთრება...

- როგორც ცნობილია, ეკონომიკური პროფილის სამინისტროები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა საქართველოს პარლამენტმა მაინც მიიღო ეს კანონი. იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი კანონი მიიღეს, მაგალითად ავსტრალიაში, ასეთი სტატისტიკაა: კანონის მიღებისას - 2012 წელს ახალგაზრდობის 2% მოიხმარდა თამბაქოს, 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი 3%-მდე გაიზარდა. ამას გარდა, ავსტრალიაში არალეგალური სიგარეტით ვაჭრობა 20%-მდე გაიზარდა, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ მოწესრიგებული ქვეყანაა. თუ მთავრობას უნდა, რომ ხალხი თამბაქოს მოხმარებას გადაეჩვიოს, არ გადაეჩვევა მარტო იმიტომ, რომ აღარ ეხატება მწარმოებელი კომპანიის ლოგო და სავაჭრო ნიშანი.

საქართველოში გამოკითხულთა 81%-მა საერთოდ არ იცის, რა ხდება ამ საკითხთან მიმართებაში. 65% ამბობს, რომ არ შეამცირებს მოხმარებას მარტო იმიტომ, რომ ლოგო აღარ იქნება დატანილი კოლოფზე. 54%- ფიქრობს, რომ ფალსიფიცირებული თამბაქოს წარმოება დაიწყება, 86% ფიქრობს, რომ თუ ახალი კანონი უარესობისკენ შეცვლის სიტუაციას ასეთ შემთხვევაში კანონი უნდა გაუქმდეს.

საქართველო პირველი ქვეყანა არ არის, რომელმაც ეს კანონი მიიღო და მსოფლიოს 200-მდე ქვეყანა იზიარებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივას. თვლით, რომ მთელი მსოფლიო შეცდა?

- ზოგიერთი ქვეყანა გეგმავს ლუდზე, ღვინოსა და ჩიფსებზე, ასევე ბავშვის საკვებზე და კოკა-კოლაზე აამოქმედოს მსგავსი კანონმდებლობა. ამის საპასუხოდ ჩვენ შევქმენით ორგანიზაცია, რომელსაც უერთდება ქართული ეკონომიკური სკოლაც. ჩვენ მივმართეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ავუხსენით, რომ ეს აკრძალვა არ მოიტანს ისეთ შედეგებს, როგორსაც ელოდებიან.

არ შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს კოალიცია მაგალითად, თამბაქოს მწარმოებლებს ლობირებს?

- ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს თამბაქოს ბიზნესთან და არც გვაინტერესებს, მაგრამ კერძო საკუთრებას, როგორც ფიზიკურს, ისე ინტელექტუალურს დაცვა სჭირდება. თუ ამ პრეცენდენტს დაუშვებენ, მერე შესაძლოა, ეს სხვა პროდუქტებსა და მწარმოებლებზეც გავრცელდეს. ჩვენ ვიცავთ საკუთრების უფლებებს, რომ არ მოხდეს მათი ხელყოფა.

როგორ ფიქრობთ, მოხდება თუ არა საერთაშორისო სკანდალი თუ ეს პროცესი არ შეჩერდა?

- თუკი ღვინოზეც გავრცელდება მსგავსი რეგულაცია, შესაძლოა, მასშტაბური პროტესტიც მოჰყვეს, მაგრამ რაც მთავარია, ეს მომხმარებლისთვის არის ცუდი. ვერ გაიგებ, რომელია კარგი და რომელი - ცუდი.

თუ მთლიანად აკრძალავ ამ პროდუქტების მოხმარებას, ჩვენ ვიცით, რაც მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც აიკრძალა ალკოჰოლის მოხმარება. ამერიკაში მაგალითად, ალკოჰოლის აკრძალვის შედეგად შეიქმნა დიდი მაფია, რომელმაც მთლიანად შეცვალა ეკონომიკური მდგომარეობა ამ უდიდეს ქვეყანაში. თუ მსგავსი რამ მართლაც მოხდა და სხვა პროდუქტებზეც გავრცელდა ეს წესი, ძალიან გაართულებს მდგომარეობას იმ თვალსაზრისითაც, რომ ადამიანებს შეეზღუდებათ თავისუფალი არჩევანის უფლება.

ამ ეტაპზე კი, როგორც აღვნიშნე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომპანიების სავაჭრო ნიშნის, როგორც ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს, როგორმე ხელი შეუშალოს ამ კანონის ამოქმედებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ინდექსი კიდევ უფრო შემცირდება.