პრეზიდენტს, შესაძლოა, მოქალაქეობის მინიჭების უფლებაც ჩამოერთვას

პრეზიდენტს, შესაძლოა, მოქალაქეობის მინიჭების უფლებაც ჩამოერთვას

პრეზიდენტს შესაძლოა, მოქალაქეობის მინიჭების უფლებაც ჩამოერთვას. ამის თაობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საუბრობს და ვენეციის კომისიის ექსპერტთა მოსაზრებას იშველიებს. მისი თქმით, ვენეციის კომისიის ექსპერტთა შეხედულებით, პრეზიდენტს შეიძლება კიდევ რამდენიმე უფლება შეეზღუდოს, მათ შორისაა სწორედ მოქალაქეობის მინიჭების უფლება.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილი ისედაც მრავალი უფლებისგან განძარცვულია. ამდენად, მისი კიდევ უფრო შევიწროება უმართებულოა. კერძოდ, ახალი კონსტიტუციით, ის იქნება მთავარსარდალი ძალმოსილების გარეშე, რადგან საომარი მოქმედებისას სამხედრო ძალები პრემიერის ბრძანებით იმოქმედებენ. პრეზიდენტს პრემიერის კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენის უფლებაც შეეზღუდება, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა უფლებებზე. ასე რომ, მოქალაქეობის მინიჭების უფლება შესაძლოა, პრეზიდენტის კომპეტენციად დარჩეს.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მოქალაქეობის მინიჭების უფლების ჩამორთმევა გიორგი მარგველაშვილისთვის დიდი დანაკლისი არ იქნება. ახლანდელი პრეზიდენტი მაინცდამაინც მოქალაქეობის მინიჭებით არ გამოირჩეოდა და საპრეზიდენტო უფლებამოსილებაშიც ძალიან ფერმკრთალი პოლიტიკოსი იყო.

სამაგიეროდ, მოქალაქეობის მინიჭების უფლებას ქვეყნისთვის საზიანოდ იყენებდა სააკაშვილი, რითაც მან ცუდი პოზიციები შეუქმნა საქართველოს.

„თუ სააკაშვილი გულუხვად არიგებდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობას, მარგველაშვილი, პირიქით, ამ პროცესს აფერხებდა. როგორც ვიცი, სულ რამდენიმე ადამიანს მიანიჭა მოქალაქეობა, თუმცა მოქალაქეობის გარეშე დარჩნენ ქართული წარმოშობის ისეთი ადამიანები, რომლებიც მართლაც ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები არიან. მარგველაშვილი იქნება, თუ პეტრიაშვილი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის მოდელი. ჩვენ გადავდივართ მყარი საპარლამენტო მმართველობის ტიპის ფორმატზე. ამდენად, მოქალაქეობის მინიჭების უფლების პრეროგატივაც, სავარაუდოდ, ქვეყნის პრემიერს გადაეცემა“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მოქალაქეობის მინიჭების საკითხი მთავრობის გამგებლობაში გადავა, მოქალაქეობის მისაღებად მთელი პროცედურები იქნება გასავლელი და ფორმალურად აქტის გაცემის უფლებამოსილება ვის ექნება, პრეზიდენტს თუ მთავრობის მეთაურს, იმდენად არსებითი არ არის.

„ჩემთვის ორივე ვარიანტი მისაღებია, გნებავთ, პრეზიდენტს ჰქონდეს ეს უფლებამოსილება, გნებავთ, პრემიერ-მინისტრს, ოღონდ ეს კონსტიტუციამ უნდა თქვას და ამის რანგი მაღალი უნდა იყოს. ეს უფლება არ შეიძლება ჰქონდეს სააგენტოს ხელმძღვანელს. პრეზიდენტი ერთპიროვნულად არ წყვეტს ამ საკითხს, არამედ მოქალაქეობის შესახებ კანონით დადგენილი შესაბამისი პროცედურაა გასავლელი. მით უმეტეს, კონსტიტუციის ამ პროექტით, უკვე ორმაგ მოქალაქეობას ვიღებთ და ნატურალიზაციის წესი მკაცრად გაწერილი იქნება, რაც მოქალაქეობის მიღების მსურველმა პირმა უნდა გაიაროს. ისედაც აქ პრეზიდენტის დისკრეცია ძალზე შეზღუდულია და ეს ფორმალური პროცედურის შედეგად ხდება.

გვახსოვს, ალბათ, პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყნისთვის საზიანოდ როგორ იყენებდა მოქალაქეობის მინიჭების უფლებას, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის მოქალაქებასთან დაკავშირებით როგორი პრობლემები შექმნა. მაშინ სულ სხვა პოლიტიკური ვითარება იყო და სამოქალაქო რეესტრიც მის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი და სააკაშვილის პრეზიდენტობის მიწურულს გადადგმულ საზიანო ნაბიჯებზე საუბრობს.

კერძოდ, წასვლის წინ სააკაშვილმა ერთბაშად ერთი აქტით ძალიან ბევრ უცხოელს (თურქებს, ინდოელებს) ჩამოურიგა საქართველოს მოქალაქეობა. შესაძლოა, ეს არჩევნების მიზნით მოხდა, მაგრამ გაუგონარი ფაქტი იყო, როცა 3 ათას კაცს ერთდროულად მისცა მოქალაქეობა. საეჭვოა ისიც, რომ სააკაშვილი ამას პროცედურების დაცვით არ გააკეთებდა, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება. სამაგიეროდ, ანალიტიკოსს არ ახსენდება, რომ მარგველაშვილს ვინმესთვის მიენიჭებინოს საქართველოს მოქალაქეობა, ყოველ შემთხვევაში, ახლანდელი პრეზიდენტი ამ მხრივ სააკაშვილივით გულუხვი არ ყოფილა.

„როგორც წესი, მოქალაქეობის მინიჭება ხდება დაბადებით ან ნატურალიზაციით. დაბადებით მოქალაქეობის მინიჭება იმდენად მკაფიო პროცედურაა, რომ პრეზიდენტის აქტი ამას არ სჭირდება. სრულწლოვანი რომ გახდება დაბადებით ქართველი, აიღებს შესაბამის დოკუმენტს და ქმედუნარიანად გადაიქცევა. პარალელურად არჩევნებში მონაწილეობის უფლებასაც მიიღებს. რაც შეეხება ნატურალიზაციის წესს, წინათ საქართველოს მოქალაქეობის მსურველი მიმართავდა პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით და ისიც შესაბამის აქტს გამოსცემდა. დღესაც ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანი საქართველოს მოქალაქე იყო, შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, დაკარგა ჩვენი მოქალაქეობა და ახლა თავიდან ითხოვს მის მინიჭებას. ამ მხრივ ორმაგი მოქალაქეობა აუცილებელია“,-მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი, რომლის არგუმენტითაც, დღეს მძიმე ვითარების წინაშე აღმოვჩნდით, რადგან ბევრ ქართველს დატოვებული აქვს ქვეყანა.

ზოგიერთის გათვლით, ეს რიცხვი მილიონნახევარია, ზოგიერთის გათვლით კი- 2 მილიონი. მათ დიდ ნაწილს მიღებული აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. არ ღირს, ეს ადამიანები დავკარგოთ, ისინი არანაკლები პატრიოტები არიან, ვიდრე აქ მცხოვრები ადამიანები. ისინი ბევრ ქართულ საქმეს აკეთებენ. თუნდაც რად ღირს ის, რომ აქ დარჩენილ ოჯახებს ინახავენ. მათ ეს უფლება რომ წავართვათ, სწორი არ იქნება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნატურალიზაციის დროს, როცა ვინმე აპირებს ჩვენი მოქალაქეობის მიღებას, მკაცრი კრიტერიუმები არ დავიცვათ. ანალიტიკოსის აზრით, გარკვეულ საფრთხესაც შეიცავს ორმაგი მოქალაქეობა, ამიტომ კანონი მოქალაქეობის შესახებ გამართული უნდა იყოს და არ გამარტივდეს საქართველოს მოქალაქეობის მიღება.