„როგორც ჩემი მეუღლე ემსახურა საქართველოს, მინდა იგივე პატივიცემით და სიყვარულით მოგვეპყროს ჩვენც საქართველოს ხელისუფლება“

„როგორც ჩემი მეუღლე ემსახურა საქართველოს, მინდა იგივე პატივიცემით და სიყვარულით მოგვეპყროს ჩვენც საქართველოს ხელისუფლება“

შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა – ამ ბრალდებით ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით, დემირელის კოლეჯის მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს საკუთარ სახლში დააპატიმრეს. საქმე ეხება ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ამერიკაში რეგისტრირებულ ორგანიზაცია FETO-ს, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

პროფესიით ფიზიკოსი მუსტაფა ჩაბუქი, რომელიც 15 წელია საქართველოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ამჟამად წინასაექსტრიდაციო პატიმრობაში იმყოფება. დაკავებულის მეუღლე, ტუბა ჩაბუქი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი მეუღლე თურქეთში ექსტრადაციის შემთხვევაში სიკვდილის საფრთხის წინაშე დგება.

რა კავშირშია ილდირიმის ვიზიტი სკანდალურ დაკავებასთან და იზიარებდა თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის იდეოლოგიას?

for.ge დაკავებულის მეუღლეს, ტუბა ჩაბუქს ესაუბრა.

რამდენი წელია რაც დაკავებული საქართველოში საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობს?

ტუბა ჩაბუქი: ჩემს მეუღლეს თურქეთში არასოდეს არ უმუშავია. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე საქართველოში ჩამოვიდა. ჯერ დაიწყო ფიზიკის მასწავლებლად მუშაობა. შემდეგ, უკვე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოქმედ გერმანიაში მცხოვრები თურქი ბიზნესმენების მიერ დაფუძნებულ სკოლებში დაიწყო მუშაობა. შემდეგ, როგორც მათმა წარმომადგენელმა საქართველოში მუშაობა დაიწყო თბილისში დემირელის კოლეჯის მმართველად. ამ სასწავლებელს კავშირი არ აქვს თურქეთთან და მით უმეტეს ფეთჰულა გიულენთან.

როგორ ფიქრობთ, რატომ დაუკავშირდა თქვენი მეუღლის სახელი ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ამერიკაში რეგისტრირებულ ორგანიზაცია FETO-ს, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული? სხვათა შორის, გარდა თურქეთისა, არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო ამ ორგანიზაციას არ აღიარებს როგორ ტერორისტულ ორგანიზაციას...

- ჩემს მეუღლეს ფეთჰულა გიულენთან არასოდეს არანაირი კავშირი არ ჰქონია. არც ტელეფონით, არც თურქეთში შეხვედრია და არც ამერიკიაში ჩასულა მასთან შესახვედრად არასოდეს. იცით, რომ გიულენი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არანაირი კავშირი გიულენთან არ ჰქონია. დღეს, თურქეთში ვისაც კი გიულენისტებად აღიქვამენ, ანუ, ვინც იზიარებს გიულენის იდეებს, ყველას თურქეთის დიქტატორული რეჟიმი აკავებს. ირღვევა მათი უფლებები, ხდება მათი წამება ციხეებში.

ჩემი მეუღლის დაკავება დაემთხვა თურქეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტს. როგორც კი დასრულდა ვიზიტი, მეორე დილით დააკავეს ჩემი მეუღლე. სახლში მოსულ პოლიციელებს ვკითხე, რატომ აკავებდნენ, მიპასუხეს, რომ საქართველოში არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი, დაკავება თურქული მხარის მოთხოვნის საფუძველზე ხდებაო.

წარმოგიდგინეს დაკავების ორდერი?

- არა,  მხოლოდ პოლიციის დამადასტურებელი საბუთები წარმოგვიდგინეს.

როგორც თქვენ ამბობთ, რომ ვინც კი იზიარებს ფეთჰულა გიულენის იდეოლოგიას, ყველა დაკავებულია ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით, თქვენი მეუღლე იზიარებდა გიულენის იდეოლოგიას?

- არ იყო გიულენის იდეოლოგიის ფანატიკოსი, არ ეწოდა პროპაგანდას. გიულენის იდეალები არის უნივერსალური, ადამიანებს მოუწოდებს მხოლოდ სიყვარულისკენ და მშვიდობისკენ. 15 წლის განმავლობაში თუ გადახედავთ ჩვენი სკოლების საქმიანობას, ნახავთ, რომ არანიარი უკანონობა ამ სკოლებს არ გაუკეთებია. საზოგადოება ხედავს როგორი წარმატებული არიან ეს ბავშვები. საზღვარგარეთ მონაწილეობას ღებულობენ ოლიმპიადებში, საიდაც გამარჯვებულები ბრუნდებიან. ეს ყველაფერი არის ფაქტი.

ფაქტის ისიც, რომ თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ აღნიშნა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან. კონსულმა მაშინ აღნიშნა, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით, მართალია კონსულმა მისი განცხადება არასწორ თარგმანს დააბრალა, მაგრამ ფაქტია, რომ აქედან იწყება საქართველოში არსებული თურქული საგანმანათლებო დაწესებულებების პრობლემები. კონსულის განცხადება კავშირშია შაჰინის სკოლის დახურვასთან და დემირელის კოლეჯის გარშემო არსებულ პრობლემასთან?

- პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვფიქრობ და ჩემი აზრია, რომ ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან არის კავშირში. 25 წელია რაც ეს სკოლები ფუნქციონირებენ საქართველოში, მაგრამ აქამდე არავის არ გახსენებია, რომ ესენი თურმე ტერორისტები იყვნენ. თვითონ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აჯილდოვებდნენ ამ სკოლებს, როგორც წარმატებულ სასწავლებლებს. ჩვენ თურქეთთან არანირი კავშირი არ გვაქვს, ჩვენ ვართ საქართველოსთან დაკავშირებული.

რა მოხდა 25 წლის მერე, რომ ასე შეიცვალა ვითარება? საქართველო ამ სკოლებს როგორც ტერორიტულ ორგანიზაციის მიმდევრებს არ აღიარებს და მე ეს მაფიქრებს და მახარებს. არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო თვითონ გიულენს და მის ორგანიზაციას არ აღირებს ტერორისტულ ორგანიზაციად, გარდა თურქეთისა.

თქვენ ამბობთ, რომ თქვენი მეუღლე პროპაგანდას არ ეწოდა, მაგრამ იზიარებდა გიულენის იდეოლოგიას? იქნებ დაკავების მიზეზიც იდეოლოგიური თანხვედრაა, რასაც თურქეთის ხელისუფლება დანაშაულად თვლის.

- ყველა კარგი ადამიანი ასე უნდა მოიქცეს, უნდა უბიძგოს ადამიანებს მხოლოდ სიყვარულისა და მშვიდობისკენ. ამიტომ იზიარებდა ჩემი მეუღლე ამ იდეას. რაც შეეხება იმას, რომ ეს იცოდა თურქეთის ხელისუფლებამ, ამის ცოდნას არ აქვს მნიშვნელობა, დემირელის კოლეჯის წარმომადგენელი იყო ჩემი მეუღლე და ავტომატურად ის უნდა დაეჭირათ.

გარდა იმისა, რომ ოფიციალურად გერმანიაში მცხოვრები თურქი ბიზნესმების დაფუძნებულია ეს სასწვლებლები, ამ სკოლებს რამე კავშირი აქვთ გიულენთან? ფინანსურად, ან თუნდაც, ლიტერატურით ეხმარებოდა სკოლებს?

- მე ვერ გეტყვით როგორ იმართება სკოლები, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ფინანსური და მით უმეტეს ლიტერატურით დახმარება გიულენის მხრიდან არასოდეს არ ყოფილა. ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ეს სკოლები ფუნქციონირებენ საქართველოს კანონმდებლობით და ასე იყო დღიდან დაარსებისა - სახელმწიფოს საპირისპირო ქმედება არასოდეს არ გაუკეთებია.

თქვენი მეუღლის დაკავებას წინ უსწრებდა ასევე საქართველოში მცხოვრები თუქრი ბიზნესმენის, სინან სარაჩის დაკავება, მას ბრალად შეიარაღებული დაჯგუფების წევრობა ედება. სარაჩის დაკავება რამე კავშირში არის მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებასთან?

- მე ერთანაირად არ ვუყურებ ამ მოვლენებს. სინან სარაჩი დაახლოებით 1 წელია რაც საქართველოში იმყოფება. მე და ჩემი მეუღლე, ორ შვილთან ერთად 15 წელია საქართველოში ვცხოვრობთ. მხოლოდ ზაფხულში 10-15 დღით ჩავდიოდით თურქეთში მშობლებთან. სხვა რამე კავშირი თურქეთთან არ გვქონია.

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ იყავით თურქეთში?

- არა, არ ვყოფილვართ.

რატომ, შიშის ფაქტორით იყო განპიროვნებული?

- რა თქმა უნდა. იცით, რომ საგანგებო მდომარეობაა გამოცხადებული. თითქმის ერთი წელი გავიდა გადატრიალების შემდეგ, მაგრამ ისევ გრძელდება საგანგებო მდგომარეობა. ვისაც უნდათ და როგორც უნდათ ისე იჭერენ. სამწუხაროდ, დღეს თუქრეთში კანონიერად ვერანაირ უფლებას ვერ დაიცავ.

დაახლებით ერთი თვის წინ, თურქულმა ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია, სადაც პირდაპირ იყო საუბარი იმაზე, რომ თბილისში არსებული დემირელის კოლეჯი დაკავშირებულია ფეთჰულა გიულენთან. სტატიის შემდეგ, თუ გქონდათ მცდელობა დაკავშირებოდით ამ გამომცემლობას, რის საფუძველზე წერდა ამ ინფორმაციას, ან თვითონ სტატიის ავტორს თუ უცდია თქვენთან დაკავშირება?

- ჩვენ არავინ არ დაგვკავშირებია. გეთანხმებით, რომ იმ სტატიაში საუბარი იყო დემირელის კოლეჯზე, მაგრამ ჩემს მეუღლეზე არ იყო საუბარი.

საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ ბრალდებული თავს არიდებს გამოძიებას და თურქული მხარისგან მოწოდებული მასალების თანახმად, მიმალვაში იმყოფება. თურქული მხარისგან შეტყობინება ჩაგბარდათ, რომ თქვენი მეუღლე საგამოძიებო უწყებაში მისულიყო?

- არა, აბსოლუტურად არაფერი მსგავსი არ ყოფილა, როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში. მოსული რომ ყოფილიყო სასამართლო ორდერი, გვეცოდენობოდა, იმიტომ რომ, ჩემი მეუღლის დედა თურქეთში ცხოვრობს, ჩვენი საცხოვრებელი მისამართიც იქ არის დაფიქსირებული, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მოსულა. დაკავების შემდეგ ისევ დავრეკე თურქეთში რომ გამერკვია, მისული იყო თუ არა ორდერი, ან ვინმემ დარეკა თუ არა, მაგრამ მსგავსი რამ არ ყოფილა.

როგორ ფიქრობთ, თუქრული მხარე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ თქვენი მეუღლე გამოძიებას ემალებოდა?

- მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. მსგავსი რამ რომ ყოფილიყო, აუცილებად გავარკვევდით რა ხდება და რატომ. ძალიან მშვიდად ვიყავით, რადგან მსგავს არანაირად არ ველოდით. ვიცოდით, რომ საქართველოზე ზეწოლა იყო სკოლებთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი რამ, რომ დაიჭერდნენ და მით უმეტეს ასეთი ბრალდებით, ეს არასოდეს არ გაგვილია თავში.

რა სახის ზეწოლა იყო თურქულ სკოლებზე?

- ბათუმში არსებული სასწავლებელი დაიხურა, ეს ხომ ფაქტია.

თქვენ ფიქრობთ, თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით მოხდა?

- ამაზე კომენტარი მოდით მკითხველმა გააკეთოს.

ბრალდებული აცხადებს, რომ მისთვის წარდგენილი ბრალეულობა სიმართლეს არ შეესაბამება და არანაირი კავშირი არ აქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. იგი ფიქრობს, რომ ბინალი ილდირიმის ვიზიტთან არის დაკავშირებული მისი დაკავება. თუ თქვენც იგივე პოზიცია გაქვთ, რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?

- სასამართლო სხომაზე, როდესაც მოსამართლემ ბრალდება გააცნო, ცრემლები წამოუვიდა. თქვა, მე შიშისგან კი არ ვტირი, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ბრალდება წამიყენეს, ამით ჩემს თავმოყვარეობას შეეხნენო. ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს – „15 წელია საქართველოში ვარ, ვიბრძვი იმისთვის, რომ ისეთი ახალგაზრები გავზარდო, რომლებიც საქართველოს გამოადგებიან. არასოდეს, პატარა დანაც კი, არ მქონია ჯიბეში, ჯიბეში თუ მექნებოდა მხოლოდ ცარცი, მეტი არაფერი“.

არასოდეს, არც თურქეთში და არც საქართველოში არ ჰქონია დანაშაულისკენ მიდრეკილება. საიდან და როგორ გახდა ასე უცებ ტერორისტული ორგანიზაციის დამხმარე, ან წევრი? ამას ვეკითხები ყველას. მე ამ შემთხვევაში მხარე ვარ, მაგრამ ვისაც უნდა მოიძიოს ჩემი მეუღლის წარსული, როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში და ნათლად დაინახავენ, რომ უწესიერი ადამიანია.

თქვენ ფიქრობთ, რომ პრემიერმა ილდირიმმა მოითხოვა ქართული მხარისგან თქვენი მეუღლის დაკავება?

- წარმოიდგინეთ, საქართველოში ჩამოდის დელეგაცია, ბრუნდება დელეგაცია თუქრეთში და უკვე, დილით, მოდის პოლიცია და აკავებს ჩემს მეუღლეს. პოლიცია მეუბნება, რომ საქართველოში არანაირი უკანონობა არ აქვს ჩადენილი, მაგრამ დაკავება თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე ხდება. ამის შემდეგ რა უნდა ვიფიქრო?!

თქვენს საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, პირადი კომპიუტერი წაიღო პოლიციამ?

- არა, ჩხრეკა არ ჩატარებულა. ძალიან მშვიდად მოვიდნენ პოლიციელები, ისიც კი ვიგრძენი, რომ არ უნდოდათ მე შემშინებოდა.

ამას რატომ აკეთებს ერდოღანი, ასეთ რადიკალურ ზომებს რატომ მიმირთავს, თავის ხალხში თურქეთში შიშის დათესვა სურს ამით?

- რა თქმა უნდა, შიშის დათესვას ცდილობს. მართალია, სხვა ქვეყნებშიც ხდება დაკავება, მაგრამ ისეთ ქვეყნებში, სადაც არ არის დემოკრატია. ამიტომ, ჩვენ ძალიან მშვიდად ვიყავით, საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი ქვეყანაა, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც უპირველესია ადამიანის უფლებები. გაკვირვებული ვარ მომხდარით.

ბრალდებულმა თხოვნით მიმართა სასამართლოს, რომ არ მოხდეს მისი თურქეთში ექსტრადიცია, რადგან საფრთხე დაემუქრება მის სოცოხლეს. იგივე განცხადება გააკეთეთ თქვენც საგანგებო პრესკონფერენციაზე. ექსტრადიციის შემთხვევაში რა საფრთხე ემუქრება ბრალდებულს?

- მოსამართლის გადაწყვეტილება იყო უკანონო. ვინც კი იყო სასამართლო დარბაზში, ესენი იყვნენ ქართველები, აბსოლუტურად ყველა ქართველმა იტირა მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ. მერწმუნეთ, რომ ტერორისტის დაკავების გამო არავინ არ იტირებს და მით უმტეს უცხოელი ტერორისტის გამო. ვინც იცნობს ჩემს მეუღლეს, ყველამ იცის როგორი კეთილშობილია და რისი გამკეთებელია. ქართულ დემოკრატიას ვენდობი და მჯერა, რომ უკანონობა არ მოხდება. არ ველოდები ექსტრადიციას.

ჩემს მეუღლეს აქვს დიაბეტი, მისი ექსტრადირების შემთხვევაში ის ვერ გაუძლებს იმ წამებას, რაც თურქეთის ცეხეებში ხდება. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჯანმრთელმა ადამიანებმა ვერ გაუძლეს წამებას, ძალიან ბევრი გარდაიცვალა სწორედ წამების შედეგად. დარწმუნებული ვარ, რომ გადაცემის შემთხვევაში ჩემი მეუღლის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

მინდა გითხრათ, რომ 2008 წელს, როდესაც საქართველოში ომი დაიწყო, ჩვენ სტამბულში ვიყავით, მაგრამ ჩემი მეუღლე საქართველოში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ დედა ეუბნებოდა არ წამოსულიყო, მაინც წამოვიდა. თქვა, რომ ახლა საქართველოში უნდა ვიყო, ჩემი ქართველი მეგობრების გვერდითო. ასევე იყო წყალდიდობის დროსაც, ჩვენ სახლში დაგვტოვა და იქ იდგა, სადაც მთელი საქართველო იყო. ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები და ისიც ძალიან უყვართ თავის მოსწავლეებს. მინდა, რომ ქართველებიც დაუდგნენ გევრდში და სახელმწიფო მოხელეებმა არ დაუშვან მისი ექსტრადიცია, რადგან იქ სიკვდილი ელოდება.

სასამართლოს წარუდგინეთ რაიმე სახის მტიკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ თურქეთში ექსრტრადიციის შემთხვევაში მას ემუქრება სიკვდილი?

- ჩემმა მეუღლემ თავად განაცხადა ამის შესახებ სასამართლოზე. ადვოკატებიც მუშაობენ ამ მიმართულებით. ამიტომ, მე მჯერა, რომ არ მოხდება ექსტრადიცია.

თურქეთი არის საქართველოს სტარტეგიული პარტნიორი. ამ შემთხვევაში ხელისუფლება დგას მძიმე გადაწყვეტილების წინაშე, რადგან ბრალდებული ამბობს, რომ გადაცემის შემთხვევაში მისი სიცოცხლე იქნება ხელყოფილი. მეორე მხრივ საქმე ეხება სტრატეგიულ პარტნორს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბრალი არის უმძიმესი, ალბათ, თავადაც აცნობიერებთ, როგორი რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავა თქვენი მეუღლე. ფიქრობთ, ხელისუფლება უარს იტყვის ექსტრადიციაზე, რასაც შესაძლებელია პოლიტიკური ურთიერთობის გართულებაც მოჰყვეს?

- დიახ, ჩვენ დაკავების დღიდან ვამბობთ, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარებაში იმყოფება, მაგრამ მჯეროდა და მჯერა, რომ ადამანის უფლებები და მით უმეტეს უდანაშაულო ადამიანის უფლებები, ყველაფერზე მაღლა დადგება. მჯერა ქართული დემოკრატიის. დამერწმუნეთ, ჩემს მეუღლეს რომ რაიმე დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, მე დღეს ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდი. დიახ, პირველი ვიტყოდი, რომ დააშავა და მოიხადოს სასჯელი, მაგრამ არაფერი არ დაუშავებია და რატომ უნდა დარჩნენ ჩემი შვილები მამის გარეშე? - რატომ?

ვინ არის ის ადამიანი, ვის დახმარებაც ბრალდება დაკავებულს? როგორც ირკვევა დემირელის სკოლის ერთ-ერთ პარტნიორს სურდა თავისი წილის გაყიდვა აშშ-ში დაფუძნებულ კომპანიაზე მეტროპოლიტენ ედუქეიშენ ენდ კონსალთინგ სერვისი“-ზე, რომლის მიმართაც არანაირი პრეტენზია არ აქვს თურქულ მხარეს...

- ჩემი მეუღლე არც იცნობს იმ პიროვნებას. როგორც გითხარით, მხოლოდ წარმომადგენელია და რასაც მფლობელი ეუბნებოდა, იმას აკეთებდა. ეს გადაწყვეტილება ჩემს მეუღლეს არ მიუღია, რადგან მეპატრონეები არ იყვნენ საქართველოში, ამიტომ ხელმოწერის უფლება ჰქონდა ჩემს მეუღლეს და მათი მოთხოვნით მოხდა.

ვინ მოსთხოვა?

- სკოლის დამფუძნებელმა, რომელიც გერმანიაში მცხოვრები თურქია.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაიჭირეს ის, ვისაც მიჰყიდა წილი, ანუ ამერიკის მოქალაქე?

- ამერიკაში ასეთი მარტივი არ არის ადამიანის დაკავება.

რას ეტყვით საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ურთულესი პოლიტიკური გადაწყვეტილების წინაშე დგას?

- მე და ჩემი მეუღე 15 წელია საქართველში ვცხოვრობთ, ჩვენ გვყავს 2 შვილი, 7 და 10 წლის. ორივე ქართულად წერენ და კითხულობენ. ერთმა ქართული ენის ოლიმპიადაში გაიმარჯვა და მედალი აიღო. ჩემს შვილებს ვეუბნები, რომ ჩვენ ორი სამშობლი გვაქვს, თურქეთი და საქართველო, ამ სიყვარულით ვზრდი შვილებს.

26 მაისის ღონისძიებაზე ყოველწლიურად მიგვყავდა ბავშვები აღლუმზე, გვინდოდა, რომ უფრო ახლოს გაეცნოთ საქართველო. დაკავების შემდეგ რამდენიმე წუთით მომცეს მეუღლესთან შეხვედრის უფლება, პირველი რაც მითხრა იყო ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე ბავშვები აუცილებლად წამეყვანა. რა თქმა უნდა, წავიყვანე ჩემი შვილები, მაგრამ არ იყო ის, რაც წლების წინ.

როგორც ჩემი მეუღლე ემსახურა საქართველოს, მინდა, რომ დღესაც იგივე პატივიცემით და სიყვარულით მოგვეპყროს ჩვენც საქართველოს ხელისუფლება. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინიტრს და ყველა სახელისუფლებო სტრუქტურას – დღემდე ჩემს მეუღლეს სამართალთან პრობლემა არ ჰქონია, იყო კანონმორჩილი ადამიანი. მჯერა ქართული დემოკრატიის! მჯერა, რომ უკანონობა არ გაიმარჯვებს! მინდა, რომ ეს რწმენა, რომელიც გამაჩნია ქართული დემოკრატიის მიმართ, არ დავკარგო.

იმ შემთხვევაში, თუკი მყარი მტკიცებულების საფუძველზე მოხდა თქვენი მეუღლის თურქეთში ექსტარდიცია, როგორი იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი?

- ასეთ მდგომარეობაში არასოდეს არ ვყოფლივარ. ადვოკატები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაამტკიცონ ჩემი მეუღლის უდანაშაულობა. მე ვენდობი მათ.