„საქართველო არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო მნიშვნელოვან რეგიონში, სადაც ევროპის უსაფრთხოების ძალიან ბევრი მტკივნეული ნერვი მდებარეობს“

„საქართველო არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო მნიშვნელოვან რეგიონში, სადაც ევროპის უსაფრთხოების ძალიან ბევრი მტკივნეული ნერვი მდებარეობს“

საკომიტეტო განხილვებზე, რომელიც ნატოს საგაზაფხულო საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, გამომსვლელებს ჰქონდათ შანსი, ბევრ ისეთ თემაზე ესაუბრათ რისი შესაძლებლობაც, ალბათ, სხვა ფორმატში რთული იქნებოდა.

„საქართველომ დიდი გზა გაიარა, განსაკუთრებით 2008 წლიდან. ბევრი იყო საუბარი შიდა რეფორმებზე, ვინაიდან საქართველოს სურს MAP-ის მიღება, რათა ალიანსის წევრი გახდეს“, - განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დირექტორმა იტან კორბინმა.

მისივე შეფასებით, საქართველო დაჯილდოვებული იყო განსაკუთრებული პარტნიორობისა და ურთიერთობის სტატუსით. თუმცა, კიდევ არის მისაღწევი პროგრესი. ერთ-ერთი უმთავრესი კი საბჭოთა მემკვიდრეობისგან დარჩენილი აღჭურვილობის ჩანაცვლებაა.

„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ განაგრძოს ინვესტირება ახალ აღჭურვილობაში, შეიარაღებული ძალების რეფორმირება, რათა ნატო-ს სტანდარტებს შეესაბამებოდეს და ოპერაბელური იყოს ნატო-ს ძალებთან. საქართველო კარგ დახმარებას იღებს ამ კუთხით აშშ-სგან. ვფიქრობ, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ძალიან პოზიტიურია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას გახდეს ნატო-ს წევრი“.

იტან კორბინმა იმ საფრთხესაც გაუსვა ხაზი, რომელიც სამეზობლოდან ემუქრება საქართველოს.

„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ რუსეთზე, განსაკუთრებით 2014 წლიდან, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა. რაც შეეხება რუსეთიდან მომავალ საფრთხეს, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის საკითხი ყოველთვის იყოს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორ ქვეყნებთან, რათა შევინარჩუნოთ ეს სტაბილურობა“, - განაცხადა იტან კორბინმა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო მუშაობს იმაზე, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი იყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის გამოყოფილი, ვინაიდან ნატო-ს მთავარი მოთხოვნაა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი იყოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%.

„ჩვენ ამ მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის, ალბათ, ეს პროცენტული მაჩვენებელი უფრო დიდი უნდა იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ მემკვიდრეობით გვერგო ძველი საბჭოთა ტექნიკა, რომელსაც უფრო მეტად სჭირდება გადაიარაღება, ეს კი მნიშვნელოვანწილად თანხებზეა დამოკიდებული“,- განაცხადა იზორიამ.

მისივე განმარტებით, ფინანსებზე საუბრისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც ნატო-ს მიერ არის განსაზღვრული გახლავთ ის, რომ საერთო თავდაცვის ბიუჯეტის 20% იყოს აღჭურვილობაზე მიმართული. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. თუ უწინ თავდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 2% იყო აღჭურვილობისთვის გათვალისწინებული, მიმდინარე წლის ბიუჯეტით ეს არის 6%; თუმცა, ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, მივუახლოვდეთ ნატო-ს სტანდარტს 3 წლის განმავლობაში და აღჭურვილობის დაფინანსება 20%-მდე გაიზარდოს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2008 წელს ჩვენ დავინახეთ ყველა ის სისუსტე, რომლის გამოსწორებასაც გარკვეული წლების განმავლობაში ვცდილობდით.

ჩაჩიბაიამ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე და უკვე განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა. მისივე განმარტებით, მთავარი სიახლე შეიარაღებულ ძალებში, რაც გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ არა მარტო სტრუქტურულად შევიცვალეთ, არამედ ვცდილობთ შევცვალოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების ომის წარმოების პრინციპები.

მისივე ინფორმაციით, ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადება პირდაპირ მიმართული იქნება იმ საფრთხეების გამკლავებისთვის, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე არსებობს.

იმის მიუხედავად, რომ შეიარარებისა და აღჭურვილობის კუთხით საქართველოს აქვს ხარვეზი, საერთაშორისო მისიებში საქართველოს თანამონაწილეობის ხარისხი ძალიან მაღალია და თავდაცვის მინისტრმა სწორედ ამ თემაზე გაამახვილა ყურადღება - ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იმ საქმისა, რასაც ჰქვია საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ 871 სამხედრო მოსამსახურით ვართ წარმოდგენილი საერთაშორისო მისიებში, როგორც ავღანეთში, ისე ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში და ერთი ოფიცრით მალიში.

„ეს არის კიდევ ერთხელ გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაში, არამედ თქვენთან ერთად მსოფლიოში, რათა ხელი შევუწყოთ, წესებზე დაფუძნებული მსოფლიოს უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანი გარანტია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე თითოეული თქვენი ქვეყნის დემოკრატიული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს განვითარებისთვის და არსებობისთვის. ჩვენ ამ პოლიტიკას, ბუნებრივია, გავაგრძელებთ. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზაობა, რომ კონტრიბუციის იმ ხარისხით, იმ რაოდენობით, რომლითაც ვართ წარმოდგენილები, განსაკუთრებით კი, ავღანეთში გავაგრძელებთ თქვენთან ერთად საერთაშორისო მისიებში თანამონაწილეობას“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

განხილვები პარალელურად, სხვა კომიტეტებშიც გაიმართა - რუსეთის სამხედრო მოდერნიზაცია და მისი გავლენა შავი ზღვის რეგიონზე, იყო პრეზენტაციის თემა, რომელიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტის სხდომაზე სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი მენაღარიშვილმა წარადგინა.

მენაღარიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა პროცესები მიდის რუსეთის არმიაში და რა მიზნები აქვს რუსეთს არმიის მოდერნიზაციის პირობებში. მან კომიტეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა რეალობა იქმნება ყირიმში.

მოხსენების მიხედვით რეგიონისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხედ მოდერნიზებულ რუსულ არმიაში პროპაგანდისა და კონტრპროპაგანდის ქვედანაყოფების შექმნა მოიაზრება. მომხსენებლის განცხადებით, ეს რეგიონში და მის ირგვლივ ობიექტური ინფორმაციის წვდომის შეზღუდვის სივრცეს ქმნის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„საქართველო არ არის იზოლირებული მოთამაშე. იგი, როგორც ნატო-ს პარტნიორი, არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილი. ამასთანავე, საქართველო არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო მნიშვნელოვან რეგიონში, სადაც ევროპის უსაფრთხოების ძალიან ბევრი მტკივნეული ნერვი მდებარეობს. და ამ ვითარებას დროული ანალიზი და დროული რეაგირება სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

როგორც ფილიპ ვიტელმა აღნიშნა, საკითხი, რომელიც მომხსენებელმა წარადგინა ძალიან მნიშვნელოვანია და სხვადასხვა ფორმატში რეგულარულად განიხილება და შეშფოთების თემას წარმოადგენს.

ევროპული თავდაცვითი კვლევებისა და განვითარების მომავალზე და ამ მიმართულებით საერთო ვალდებულებებიდან წარმოშობილ შედეგებზე მოხსენება დიკ ზანდემ წარადგინა.

კომიტეტის წევრებმა ნატო-ს ტექნოლოგიური წინსვლის შენარჩუნების, სტრატეგიული ადაპტაციის, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის და აშლილი ტექნოლოგიების პოზიტიური და ნეგატიური ასპექტების შესახებ პრეზენტაციები მოისმინეს.

კომიტეტის წევრები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში საკვები და სასმელი წყლის უსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილების მოსალოდნელ შედეგებზე მოხსენებებს გაეცნენ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს, ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის საკითხებზე იმსჯელეს. ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა 2016 წლის 19 ნოემბერს, თურქეთში, სტამბულში გამართული ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომის ოქმი დაამტკიცეს. კომიტეტის წევრებს შენიშვნები არ გამოუთქვამთ ნატოს გენერალური მდივნის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარის კომენტარზე, რომელიც მან ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2016 წელს მიღებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გააკეთა და ასევე მხარი დაუჭირეს.

კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების დირექტორი კახა გოგოლაშვილი ასამბლეის წევრების წინაშე მოხსენებით წარსდგა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც დიდი შესაძლებლობა იმისთვის, რომ წარმოვადგინოთ საქართველო, როგორც ქვეყანა, თუ რამდენად ვართ ერთგულნი ევროატალნტიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირში გაერთიანების იდეის. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოსადმი თქვენი მხარდაჭერისათვის ამ გზაზე“, - მიმართა კახა გოგოლაშვილმა საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს.

მან მოკლედ მიმოიხილა საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე, ისაუბრა ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებებსა და ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებზე, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების და ევროპარტნიორების დახმარებებზე, რასაც საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს.

კახა გოგოლაშვილის განცხადებით, საბაზრო ეკონომიკის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორიენტირია. მისი თქმით, კარგად განვითარდა საკანონმდებლო ბაზა და გაადვილდა ბიზნესის დაწყება.

მან ყურადღება ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტზეც გაამახვილა, რაც მისი შეფასებით, საკმაოდ ამბიციური განაცხადია, ისაუბრა ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ თითქმის ყველა სფეროში ხდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. კახა გოგოლაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს დღის წესრიგი, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ქვეყანა და იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობები როგორც რეგიონულ დონეზე, ასევე ევროკავშირის და ევროატლანტიკური ალიანსის ქვეყნებთან კიდევ უფრო გაგრძელდება და გაღრმავდება.

კომიტეტის სხდომაზე კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი შედეგებისა და მისი შემსუბუქების გზებზე ისაუბრა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა მარშალ ბურკემ. მან ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობაზე, მიგრაციაზე, კონფლიქტებსა და ეკონომიკაზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების საკითხებზე და ამ მიმართულებით მეცნიერული ანალიზი წარმოადგინა.

ევროპის თავდაცვის თემებზე ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობათა ნიდერლანდების ინსტიტუტის მკვლევარმა დიკ ზანდმა. მისი მოხსენების თემა იყო ევროპის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის დაფუძნება ძლიერ საძირკველზე და საერთო ვალდებულებებიდან წარმოშობილი შედეგები.

საკომიტეტო მუშაობის დასრულების შემდეგ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა გაიმართება. ცნობილია, რომ პლენარული სხდომის დასასრულს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.