„დე გოლმა მთელი მსოფლიო აიძულა, პატივი ეცათ საფრანგეთისთვის, საქართველოს კი ყველაფერს უბედავენ“

„დე გოლმა მთელი მსოფლიო აიძულა, პატივი ეცათ საფრანგეთისთვის, საქართველოს კი ყველაფერს უბედავენ“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენიტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოსთვის აშშ $34,1 მილიონის გამოყოფაა გათვალისწინებული. ამ თანხიდან საქართველოსთვის გამიზნულია $28 მლნ. ევროპისა და ევრაზიის პროგრამის ხაზით, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის განსაზღვრულია $3 მლნ. სტრატეგიული ვაჭრობის კონტროლის კანონმდებლობის იმპლემენტაციისთვის - $900 ათასი, ქართველ ჯარისკაცთა გაწვრთვნის პროგრამისთვის- $2,2 მლნ. და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედი ბიუჯეტით, საქართველოსთვის გაცილებით მეტი, აშშ $80 მლნ-ის გამოყოფა იყო გათვალისწინებული. ბიუჯეტის პროექტი წინა წელთან შედარებით 29%-ითაა შემცირებული.

როგორც ჩანს, თანხების შემცირება იმითაა განპირობებული, რომ თავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის 2017 წლის ბიუჯეტით  აშშ $38 მილიარდია გამოყოფილი, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში კი 27,1 მილიარდია ჩადებული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიზაციისკენ, ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერას.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენიტის მხრიდან საქართველოსთვის შემცირებული ბიუჯეტი გასაკვირი არ არის. ეს მარტო საქართველოს არ შეეხება, აზერბაიჯანს საერთოდ მოუხსნეს დახმარება და ნულზე დაიყვანეს. უცნობია, სომხეთისთვის რამდენი აქვთ გამოყოფილი.

„ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ტრამპისთვის უფრო პრიორიტეტულია ახლო აღმოსავლეთი, ისრაელი. ამერიკის ისტორიას არ ახსოვს, რომ ამერიკის პრეზიდენტს პირველი ვიზიტი დაეწყოს საუდის არაბეთიდან. ტრამპმა კი საუდის არაბეთში ხელი მოაწერა რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარიან კონტრაქტს. ამით დონალდ ტრამპმა ებრაელები გაანაწყენა, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ პირველი ვიზიტი ისრაელში ექნებოდა. ტრამპისთვის პრიორიტეტია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, დღეს ჩვენ არ ვართ მისი პრიორიტეტი. გულახდილად ვთქვათ, ჩვენ კი არა, ევროპაც არ არის მისი პრიორიტეტი. თუმცა ვნახოთ, რით დამთავრდება ტრამპის ვიზიტი ევროპაში, ასევე, რა მოხდება ნატოს სამიტზე. ამიტომ, რასაც გვაძლევენ, ამაზეც მადლობა ვთქვათ“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

მისივე განმარტებით, შესაძლოა, ერთ დროს ვიყავით ამერიკის ინტერესის არეალში, მაგრამ ესეც გაუგებრობით მოხდა, როდესაც ბუში ჩამოვიდა თბილისში. თუმცა ბუშის ვიზიტის შედეგი რა იყო? საქართველომ ამით რა მოიგო? პრაქტიკულად - არაფერი. უბრალოდ, მოსკოვში უფრო განმტკიცდა თვალთახედვა, რომ საქართველო ამერიკის დასაყრდენია და საქართველო უნდა დაისაჯოს ამისთვის. იმ პერიოდში ქართულმა დიპლომატიამ პიარი მოიგო, მაგრამ პიარი სულაც არ არის მთავარი. რასაკვირველია, ჩვენ ისრაელს ვერ შევედრებით, რადგან თვითონ ამერიკას მართავენ ებრაელები, მაგრამ ჩვენი მწირი რესურსით რაც შეგვიძლია, იმასაც ვერ ახერხებს ჩვენი დიპლომატია. ელემენტარულად, ჩვენს ერს პატივს რომ სცემდნენ, უნდა ხედავნენ იმას, რომ ჩვენც მზად ვართ ჩვენი ქვეყნის ინტერესების, სუვერენიტეტის დასაცავად. მართალია, საფრანგეთი და საქართველო სხვადასხვაა, მაგრამ კლასიკური მაგალითია, როდესაც1958 წელს შარლ დე გოლი დაბრუნდა საფრანგეთის სათავეში, იმ დროს არავინ უწევდა საფრანგეთს ანგარიშს. საქართველოზე უარეს მდგომარეობაში იყო მაშინ საფრანგეთი, რადგან თოფი არ გაისროლა, ისე დანებდა გერმანიას და მარშალი პეტენი თანამშრომლობდა გერმანიასთან. ამ რთულ ფონზე დე გოლმა შეძლო და მთელი მსოფლიო აიძულა, პატივი ეცათ საფრანგეთისთვის. დე გოლი ყოველთვის ამბობდა, ძლიერ ქვეყანას შეუძლია არ მიაქციოს ყურადღება, თუ ვიღაც მის სუვერენიტეტს ისე არ სცემს პატივს, როგორც ეკუთვნის, ძლიერ ქვეყანას შეუძლია ეს გაატაროს, მაგრამ სუსტ ქვეყანას ეს არ შეუძლიაო.

„ჩვენ პირიქით გამოგვდის, ამიტომაც გვიბედავენ ყველაფერს. გერმანელი დიპლომატი, რომელმაც თითქოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს, აღიარებს დე ფაქტო ცხინვალის პრეზიდენტ ბიბილოვს. ჩვენ ამაზე პასუხსაც ვერ ვცემთ. დავით დუნდუას რომ ვუყურებდი, მის მაგივრად მრცხვენოდა, თავჩაქინდრული როგორ იჯდა და ხელის ბიჭივით დაჰყვებოდა კაცს, რომელმაც თქვა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვაღიარებთ, მაგრამ დე ფაქტო რეჟიმთანაც მეგობრობა საჭიროაო. მეგობრობა მეგობრობაა, მაგრამ შენ რომ ულოცავ გამარჯვებას იმ არჩევნებში, რომელსაც მთელი მსოფლიო არ ცნობს, რა გამოდის?“

ა/ო „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენიტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოსთვის შემცირებული თანხა ნიშნავს იმას, რომ, სამწუხაროდ, ამერიკის მთავარი პრიორიტეტი ჩვენ ვერ ვიქნებით. უფრო მეტიც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსაც კი შეუმცირდა თანხები.

„ზოგადად, ეკონომიკაში აბსოლუტურ რიცხვებში არაფერს არ ითვლიან. თანხებს რაღაცასთან შედარებით ითვლიან. მართალია, 80 მილიონიდან 34 მილიონამდე ბიუჯეტის შემცირება არც თუ შთამბეჭდავია, მაგრამ შესაძლოა, სხვა რაღაცებზე გადანაწილდეს ეს თანხა. თუკი ყველა მიმართულებით შეამცირეს ხარჯები, საქართველოც ვერ იქნება გამონაკლისი. მთავარია ის, რომ საქართველოსთვის აშშ სტრატეგიული პარტნიორია. წლების განმავლობაში ამერიკას მილიარდობით დოლარი აქვს დახარჯული ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სექტორის განვითარებაზე, როგორც ხელისუფლების, ისე არასამთავრობო სექტორის მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველო ამ ორბიტაზე აუცილებლად დარჩეს. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია ის ფინანსური დახმარება, რასაც საქართველო იღებს აშშ-დან.

ზოგადად, წინა ადმინისტრაციის პირობებშიც კი, ყველა ქვეყანაში საუბრობდნენ, რომ პრობლემები არსებობდა და ამერიკის შეეთებულ შტატებს შედარებით შემცირებული ჰქონდა დახმარებები, უფრო შიდა პრობლემებზე იყო გადართული. დღესაც ყველა ელის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის პოლიტიკა, როგორც ხდება ხოლმე „რესპუბლიკელების“ ხელში, უფრო ორიენტირებული იქნება საგარეო დახმარებებზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამისთვის ჩვენმა ხელისუფლებამაც აქტიურად უნდა იმუშაოს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რათა საქართველო ამერიკის სტრატეგიულ პარტიორად დარჩეს რეგიონში“, - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

მანვე განმარტა, რომ ჩვენ ჩართულები ვართ სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ეს დახმარებები არ შემცირდეს და კიდევ უფრო გაიზარდოს. მით უმეტეს, რომ ძალიან საინტერესოა ის პროექტები, რაც ამ ფულით ხორციელდება. იგივე სასაზღვრო, საბაჟო-საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობა, რაც წინა წლებში მოხერხდა ამერიკის დახმარებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში ვერ მოხერხდეს სხვადასხვა ტიპის ბირთვული იარაღის შემცველი კომპონენტების შემოტანა, რადგან ტრანსნაციონალური დანაშაულის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ეს არის. ასევე მნიშვნელოვანია „იუსაიდის“ ფარგლებში დახმარების პროექტი.