„დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულია იმით, რომ მას ვუძღვნით შოთა რუსთაველს და მის უკვდავ „ვეფხისტყაოსანს“

„დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულია იმით, რომ მას ვუძღვნით შოთა რუსთაველს და მის უკვდავ „ვეფხისტყაოსანს“

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. ოფიციალური ცერემონია ფიცის დადებით გაიხსნა. საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი დადო.

საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცეს.

თავისუფლების მოედანზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ის ქვედანაყოფებია წარმოდგენილი, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიღწიეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების ელჩები და სამხედრო ატაშეები, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე რიგითი მოქალაქეები ესწრებიან.

სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა თბილისის გარდა გამოფენილია თელავში, გორში, რუსთავში, ოზურგეთში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, ახალციხეში, ფოთში, ზუგდიდსა და ამბროლაურში.

„დღეს ქვეყანას ჩვენგან თავდადება ისევ სჭირდება, რათა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მრავალეროვანი ქართული სახელმწიფო“, - განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღეს ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიალზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულია იმით, რომ ამ დღეს ჩვენ ვუძღვნით შოთა რუსთაველს და მის უკვდავ „ვეფხისტყაოსანს“.

„ჩვენ მსოფლიოს უდიდესი საგანძურის პატრონი ერი ვართ და, როგორც რუსთაველის შთამომავლები, ვალდებული ვართ, ვუერთგულოთ და ვიცხოვროთ იმ ღირებულებებით, რომელიც 850 წელს ითვლის. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ქართველი კაცის გაუტეხელობამ, ღირსებამ, სიმამაცემ, თავგანწირვამ და რაინდობამ სამშობლო შეგვინარჩუნა. დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა და არაფრის ფასად არ დათმობს ამ უდიდეს მონაპოვარს. დღევანდელ დღეს მინდა ქედი მოვიხარო სამშობლოსთვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების წინაშე და პატივი მივაგო საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას“, - აღნიშნა პრემიერმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და განაცხადა: „ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს იხსნება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა“.

ირაკლი კობახიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, პაოლო ალისთან ერთად რუსთაველზე გაისეირნა. მათ ქართული ტრადიციებით დამზადებული ღვინო დააგემოვნეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველის წელთან ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს. ჩვენთვის რუსთაველიც არის სიმბოლო ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რომ ამ სესიაზეც იქნება გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 26 წლის წინ ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და მთელი მსოფლიოს გასაგონად, ნათლად ვთქვით, რომ საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა, მაგრამ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ გზა ჯერ კიდევ გასავლელია.

„ჩვენ მართლაც შევძელით ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც ნამდვილად დამოუკიდებელია და თავის პოლიტიკას, თავის განვითარებას ერთადერთი სწორი წყაროთი, ხალხის ნებით და არა რაიმე სხვა მიზეზით განაპირობებს. მაგრამ გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ ჯერ კიდევ გასავლელია. თავისუფალი არის ქვეყანა, რომელიც ეფუძნება თავისუფალ საზოგადოებას და თავისუფალია საზოგადოება, როდესაც მისი ყოველი წევრი არის თავისუფალი. თითოეული ინდივიდის თავისუფლება, თვითგამოხატვის უფლება, არის ფუნდამენტი დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს შექმნის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღეს ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიალზე განსაკუთრებით აღნიშნა ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალების, რიგითების ღვაწლი, რომლებიც ღირსეულად მსახურობენ შეირაღებულ ძალებში საქართველოს ერთიანობის, დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად.

„ქვეყნის თავდადება მუდამ იყო და არის ქართული მხედრული სულის სიმტკიცის საფუძველი. ამიტომაც, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ქართული მხედრობის ლოცვა ერის განსაკუთრებული მადლიერების გამოხატულებაა. ჩვენ, პირველ რიგში სამშობლოსთვის თავგანწირულ გმირებზე ლოცვა და მათი სახელების უკვდავყოფა გვაძლიერებს. მადლობა მათ, ვინც ეს დღე თავგანწირვითა და თავდადებით მოგვიტანა“, - აღნიშნა იზორიამ და დასძინა: „ქვეყნის ერთიანობას და დამოუკიდებლობას ყველა ეპოქაში დაცვა და გაფრთხილება სჭირდება“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს დედაქალაქებშიც ზეიმობენ, სადაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ. სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება საფრანგეთში, ნორვეგიაში, ირლანდიაში, კატარში, ეთიოპიაში და ა. შ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სადღესასწაულო მიღებით აღინიშნება ლიტვაში, ირლანდიაში, კატარში, ეთიოპიაში, მოლდოვასა და სამხრეთ აფრიკაში.

დამოუკიდებლობის დღე დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი უკვე აღნიშნეს თურქეთში, ბულგარეთში, ესტონეთში, არგენტინაში, ფიჯის რესპუბლიკაში, უკრაინაში, დანიაში, აშშ-ში, გერმანიაში, აზერბაიჯანში, ირანში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომავალ დღეებსა და შემდგომ თვეებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმება სხვადასხვა ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის: კორეის რესპუბლიკაში, ჩინეთში, ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინში, საბერძნეთში, ლატვიაში, უკრაინაში, აშშ-ში, ბელარუსში, პოლონეთში, ბელგიაში, ავსტრალიასა და თურქმენეთში.