ილდირიმმა კვირიკაშვილისგან ყველა ეჭვმიტანილის ექსტრადიცია მოითხოვა?!

ილდირიმმა კვირიკაშვილისგან ყველა ეჭვმიტანილის ექსტრადიცია მოითხოვა?!

ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააპატიმრეს. როგორც პროკურორმა განაცხადა, ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რაც მძიმე დანაშაულია და განგრძობადობა ახასიათებს, გარდა ამისა, ბრალდებულს შესაძლოა, საქართველოს ტერიტორია დაეტოვებინა - დაცვის მხარე ჩაბუქისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

პროკურორის განმარტებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თავს არიდებს გამოძიებას და თურქული მხარისგან მოწოდებული მასალების თანახმად, მიმალვაში იმყოფება. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციით, წინასაექსტრიდაციო პატიმრობის გარდა სხვა აღკვეთის ღონისძიება ვერ იქნება საკმარისი ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების აღსაკვეთად.

როგორც ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, საუბარია ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ამერიკაში რეგისტრირებულ ორგანიზაცია FETO-ზე, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

სოსო ბარათაშვილი: „არათუ დამტკიცებული არ არის ბრალი, არამედ იმ ინფორმაციაში, რომელიც თურქულმა მხარემ საქართველოს გამოუგზავნა, იქაც არ ჩანს არანაირი დახმარება რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციისადმი. ამ ინფორმაციაში წერია, რომ არსებობს ტერორისტული ორგანიზაცია FETO, რომელიც შედგება გიულენის მოკავშირეებისაგან. მაგრამ ეს ადამიანი მათთან არ არის დაკავშირებული. შემდეგ წერია, რომ ჩაბუქი იყო დემირელის სკოლის ერთ-ერთი მმართველი. მის ერთ-ერთ პარტნიორს სურდა თავისი წილის გაყიდვა აშშ-ში დაფუძნებულ კომპანიაზე (მეტროპოლიტენ ედუქეიშენ ენდ კონსალთინგ სერვისი), რომლის მიმართაც არანაირი პრეტენზია არ აქვს თურქულ მხარეს და თითქოს მუსტაფა ჩაბუკი ეხმარებოდა ამ წილის გასხვისებაში. თურმე წილის გასხვისებაში დახმარება არის ტერორისტულ ორგანიზაციისათვის ხელის შეწყობა, მაგრამ ასე რატომ თვლის თურქული მხარე, საერთოდ ვერ გავიგე“.

როგორც სოსო ბარათაშვილი აცხადებს, ქართული მხარე ვალდებული იყო შეესწავლა მოთხოვნა და მისი საფუძვლიანობა ამის გარდა ისიც, ამჟამად რა მდგომარეობაა თურქეთში და ხომ არ ემუქრება ჩაბუკს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე.

„ამისათვის არსებობს სპეციალური კანონი სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, სადაც ყველაფერია გაწერილი. ასევე არსებობს ექსტრადიციის შესახებ საერთაშორისო კონვენცია, რომლის თანახმად, 9 თვის განმავლობაში შესაძლებელია შეისწავლოს ქართულმა მხარეს ეს ყველაფერი. რატომ გახდა ჩაბუკის დაპატიმრება საჭირო, ეს არის გაურკვეველი. მას შეეფარდა სამთვიანი პატიმრობა. კანონის თანახმად, მას ეს პატიმრობა შეიძლება გაუგრძელდეს 9 თვემდე, შემდეგ ყველაფრის გაუთვალისწინებლად, იუსტიციის მინისტრს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ექსტრადიციის თაობაზე“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

ბარათაშვილის განმარტებით, საკითხის მეორე მხარეა, რომ ეს არის უწესიერესი ადამიანი, ბიზნესმენი, მეცნიერი, არასდროს ნასამართლევი არ ყოფილა, ოჯახთან ერთად დიდი ხანია თბილისში ცხოვრობს და აქვს საქართველოში ბინადრობის მუდმივი უფლება. ბარათაშვილის შეფასებით, როგორც ჩანს, ქართულმა მხარემ ეს არ გაითვალისწინა.

როგორც სოსო ბარათაშვილი აცხადებს თურქული მხარის ინფორმაციაში არაფერი წერია იმის თაობაზე, რომ ის პარტნიორი, ვისაც ჩაბუქი ეხმარებოდა წილის გასხვისებაში, არის ტერორისტი ან ტერორისტებთან კავშირში შემჩნეული.

„როგორც ჩანს, ამერიკულ კომპანიას ვერ შეწვდნენ და ამ ადამიანს ედავებიან“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი, რომელიც დასძენს, რომ ყველა საჭირო ინსტანციაში გაასაჩივრებენ, სახალხო დამცველი უკვე თვალს ადევნებს პროცესებს და არასამთავრობო ორგანიზაციებიც საქმის კურსში არიან.

ბრალდებული, მუსტაფა ემრი ჩაბუკი აცხადებს, რომ მისთვის წარდგენილი ბრალეულობა სიმართლეს არ შეესაბამება და არანაირი კავშირი არ აქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. მან ასევე განმარტა, რომ თურქული მხარისგან არანაირი შეტყობინება არ ჩაბარებია, რომ საგამოძიებო უწყებაში მისულიყო.

დემირელის კოლეჯის მენეჯერის დაკავების საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმა. უჩა ნანუაშვილის თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავება საეჭვოდ დაემთხვა საქართველოში თუქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის ვიზიტს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის და მიმდინარე წლის 4 მაისს თურქეთის რესპუბლიკის მოთხოვნის საფუძველზე, ამავე ქვეყნის მოქალაქე, სინან სარაჩი დააკავეს - ბიზნესმენის ადვოკატის, მერაბ მამულაძის ინფორმაციით, სარაჩი საქართველოში 2016 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ფლობს უძრავ ქონებას და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ხოლო 2016 წელს იძულებული გახდა, თურქეთის ტერიტორია დაეტოვებინა, რადგან ქვეყანაში მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

სინან სარაჩსაც ბრალად შეიარაღებული დაჯგუფების წევრობა ედება, თუმცა ბრალის აღწერაში მითითებულია, რომ სარაჩი ორგანიზაცია „FETO/PDY”-ის ფინანსურ მხარდაჭერას ეწეოდა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ეს ორგანიზაცია თურქეთის ხელისუფლებამ დააკავშირა გადატრიალების მცდელობასთან და პოლიტიკური ბრალდება წარუდგინა ამ ადამიანს, ვინაიდან ის იმყოფებოდა სასულიერო შეკრებებზე და ქველმოქმედებას ეწეოდა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს ამ ორგანიზაციას შეიარაღებულ დაჯგუფებად.

„სარაჩი იყო სასულიერო პირის მიმდევარი და პლუს ამას ფინანსურ დახმარებას უწევდა თურქ სტუდენტებს საზღარგარეთ, მხოლოდ და მხოლოდ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მომხდარიყო დაკავება და შემდგომ თურქეთისთვის გადაცემის მოთხოვნა“,- აცხადებს მამულაძე.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ქართულმა მხარემ თურქეთის ეს მოთხოვნა შეასრულა, შესაძლოა, სინან სარაჩი თურქეთში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.

„საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს მთავარ პროკურატურაში, რომ მოხდეს ამ ადამიანის თურქეთისთვის გადაცემა იმ ფონზე, როდესაც არც ერთი საერთაშორისო ძებნის ორგანიზაცია არ ღებულობს თურქეთისგან ასეთი დაკავების მოთხოვნას. მხოლოდ საქართველო აღმოჩნდა, რომელმაც დაიწყო ეს პროცედურები და აპირებს ფეტულა გიულენის მომხრეების გადაცემას თურქეთის რესპუბლიკაში“,- აცხადებს ადვოკატი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

კიდევ ერთი შემთხვევა რაც FETO-სა და საქართველოს უკავშირდება განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭოს მიერ, შაჰინის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერებაა - აღნიშნული ფაქტი მიმდინარე წლის 3 თებერვალს მოხდა. მიზეზად, მოსწავლეების არასწორი ჩარიცხვის წესი დასახელდა. თუმცა, სკოლის ადმინისტრაცია მიიჩნევს რომ მათ წინააღმდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

შაჰინის სკოლა მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

კონსულმა მაშინ აღნიშნა, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

მოგვიანებით კონსულმა ეს განცხადება უარყო და თარგმანის არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა, თუმცა ვიდეომასალაში, რომელიც ტელევიზიებმა გაავრცელეს, ჩანდა, რომ კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა.

ამჯერად, დემირელის კოლეჯს ლიცენზიის ჩამორთმევა არ ემუქრება, განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით, მენეჯერის დაკავება დემირელის კოლეჯს პრობლემას არ შეუქმნის.

თუკი ეს საქმეები ბოლოს თავს ჟენევაში მოიყრის, საინტერესოა, როგორ გაიმართლებს თავს ქართული მხარე.

„საქმე ეხება ჩვენს საერთაშორისო რეპუტაციას. ბუნებრივია, მხარს ვუჭერთ საქართველო-თურქეთის მეგობრულ ურთიერთობებს, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ პოლიტიკას ადამიანის უფლებები არ უნდა ეწირებოდეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადაციით საქართველო დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რადგან ვიცით, ადამიანის უფლებების დაცვის კუხით რა მდგომარეობაა თურქეთში და ექსტრადაციის შემდეგ ამ ადამიანს რა ბედი ელის, გაურკვეველია“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

დემირელის სკოლის თანამშრომლების განცხადებით, პირისპირ შეხვედრაზე თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა გიორგი კვირიკაშვილისგან ყველა პირის ექსტრადიცია მოითხოვა, ვინც გიულენთან თანამშრომლობს.

მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრისას თურქეთის პრემიერმა პირდაპირ და მკაცრად მოითხოვა დემირელის სკოლის ასევე შაჰინის სკოლის თანამშრომლების თურქული მხარისთვის გადაცემა. ექსტრადირებულებს შორის შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.

თურქეთის დამოკიდებულება გიულენისადმი საყოველთაოდ ცნობილია, და ამის გამო თურქთის პრეზიდენტი ამერიკასაც კი უპირისპირდება - თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა „ადრე თუ გვიან“ თურქეთსა და გიულენის ორგანიზაცია Feto-ს შორის, რომელსაც ანკარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს, არჩევანი უნდა გააკეთოს. როგორც თურქული სააგენტო წერს, აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

ოფიციალური ანკარა მიიჩნევს, რომ ამერიკაში მცხოვრები მწერალი, საზოგადო მოღვაწე ფეთჰულაჰ გიულენი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მთავარი ორგანიზატორი იყო. თავად გიულენი ბრალდებას უარყოფს.

19 ივლისს თურქეთმა აშშ-ის ხელისუფლებას მისი ექსტრადიციის მოთხოვნა გაუგზავნა. 20 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თურქეთის ხელისუფლების მიერ მისი ექსტრადიციის გაგზავნის შესახებ მოთხოვნა უარყო.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 16 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად განხორციელდა. ამბოხებულებმა სტამბოლსა და ანკარაში რამდენიმე სამთავრობო შენობის დაკავება შეძლეს. ამბოხებულებს ასევე ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაკავება სურდათ, რომელიც სასტუმრო „მარმარისში“ იმყოფებოდა, თუმცა მან გადატრიალების მცდელობამდე ტერიტორია 15 წუთით ადრე დატოვა.