უკონკურენტო კახა კალაძე

უკონკურენტო კახა კალაძე

მოიაზრება თუ არა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად? ამ კითხვას კახა კალაძე პასუხობს: „თბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა მაისის ბოლოს დაიწყება“.

კალაძის განცხადების მიუხედავად, რომ მერობის კანდიდატზე გუნდში საუბარი არ ყოფილა, for.ge-ს „ქართული ოცენების“ კულუარებში დაუდასტურეს, რომ მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე იქნება. შესაბამისად, მმართველი გუნდი არც შიდა პრაიმერის ჩატარებას აპირებს.

for.ge-სთან საუბრისას საკონსულტაციო ცენტრ „ფსიქო-პროექტის“ დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კალაძეს წარადგენენ და როგორც ჩანს, წარადგენენ, მას გამარჯვების 100%-იანი შანსი აქვს.

for.ge ზურაბ ბიგვავას ესაუბრა.

შექმნილი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წელთან  შედარებით, რამდენად მნიშვნელოვანია?

ზურაბ ბიგვავა: რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნები. პირველი - იმიტომ რომ, ეს არ არის მარტო თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის ხელისუფლების ტესტი, რეალურად როგორ მიდის სიტუაცია. მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის მომზადება და საფუძვლის ჩაყრა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის და ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

როდესაც ლაპარაკობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არის გამოშიგნული, ასე არ არის. ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული ადგილბრივ თვითმმართველობაზე, ბევრი რამე წყდება ადგილობრივ დონეზე. ამიტომ მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნები და უფრო მნიშვნელოვანია როგორ გადაწყდება საბოლოოდ თვითმმართველობის საკითხი ახალ კონსტიტუციაში.

რაც შეეხება კანდიდატურებს, სავარაუდოა, რომ კახა კალაძე იქნება თბილისის მერობის კანდიდატი. დიდი ალბათობით, კალაძე პირველ ტურში გაიმარჯვებს. კონკურენტები, რომლებიც მეტ-ნაკლებად გაცხადებულები არიან, ნაკლები შანსი აქვთ, რომ მოიგონ თბილისის არჩევნები.

გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, ეს ნიშნავს, რომ არ ჩატარდება პრაიმერი?

- პრაიმერი იმ შემთხვევაში ტარდება, როცა რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი არის. დღეს-დღეობით კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს. მაგრამ ამის მიუხედავად, თუ გადაწყვეტენ, რომ პრაიმერი ჩაატარონ, ეს არ არის ცუდი, იმიტომ რომ, პრაიმერი არის წინასწარი პროგნოზი იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ უჭერენ მას მხარს, ეს კარგი ინფორმატიული მხარე იქნება. თუნდაც იგივე, NDI-ის კვლევითაც ყველაზე მაღალი რეიტინგი დღეს აქვს სახელისუფლებო პარტიას.

თუმცა არის ნიჰილიზმი ქართველ ამომრჩეველში...

- ნამდვილად არის ხალხის დიდი რაოდენობა, რომელიც ნიჰილისტურად არის განწყობილი, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა. ჩვეულებრივ კარგი დემოკრატიის ქვეყნებშიც ძალიან დიდი რაოდენობაა ადამიანებისა, რომლებიც არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ამისდა მიუხედავად, სახელისუფლებო პარტიებს აქვთ სამჯერ მეტი რეიტინგი, ვიდრე მომდევნო პარტიას.

NDI-ის ბოლო კვლევა ახსენეთ, საინტერესოა, რომ ამავე კვლევაში კახა კალაძის საქმიანობას მოწონების რეიტინგში კარგად აფასებს 29%, საშუალოდ - 40%, ამავე კვლევით მოქმედი მერის საქმიანობას მხოლოდ 8% აფასებს კარგად, ხოლო 52% ცუდად...

- დიახ, არის ეს მოცემულობა. ამიტომ არც არის ლაპარაკი დავით ნარმანიაზე. მან დაადსტურა, რომ მისი კანდიდატურა განიხილება მთავარი აუდიტის თანამდებობაზე. ასე რომ, კალაძის შანსები არის ძალიან მაღალი და ვფიქრობ, რომ ეს შანსები შენარჩუნდება არჩევნებამდე.

როგორ ფიქრობთ, კალაძის თანაზომადი კანდიდატურა ვერ იქნება სხვა პოლიტიკური ძალისგან წარმოდგენილი? ავიღოთ იგივე ელენე ხოშტარია...

- არ ჩანს ასეთი ხალხი. არის ლაპარაკი დამოუკიდებელ კანდიდატზე ალეკო ელისაშვილზე, თუმცა ის თავადაც არ არის ჩამოყალიბებული. კახა კალაძეს ვერ დაუპირისპირდება ელისაშვილი. ელენე ხოშტარიაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის, ის ხმების საკმაოდ დაბალ პროცენტს მოაგროვებს. უბრალოდ, ელენე ხოშტარია არის საცდელი ქვა, რეალური კანდიდატი არ არის. თვითონაც მშვენივრად იციან, რომ თბილისში არავინ არ მისცემს ხმას ელენე ხოშტარიას. კი, ვაკეში რამდენიმე ოჯახი მისცმეს ხმას, მაგრამ ელენე ხოშტარია ვერ მოაგროვებს ხმების მნიშვნელოვან რაოდენობას.

რაც შეეხება უშუალოდ დავით ნარმანიას, მასთან მიმართებაში არის პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ ნარმანიას მენეჯერული და სამეცნიერო გამოცდილება ჰქონდა, მინისტრადაც ნამუშევარი იყო, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა როგორც პოლიტიკური ლიდერი. ამაზე საუბრობს ხელისუფლებაც, რომ ნარმანიამ ვერ გაამართლა მოლოდინები. როგორ ხსნით ნარმანიას წარუმატებლობას?

- დავით ნარმანიას შეფასებაში ცოტა ფრთხილი ვიქნები. რაც შეეხება ცნობილ დაპირებას მილიონი ხის დარგვაზე, რამდენაც ვიცი 800 ათასი ხე დარგულია, ეს არის გადაღებული, დაფიქსირებული და ამას ვერავინ ვერ უარყოფს. დავით ნარმანიამ საკმაოდ ბევრი რამე გააკეთა და ბევრი რამე რაც ნარმანიას მიეწერა უარყოფითი, ეს იყო წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებები, რომელსაც ნარმანია იურიდიულად ვერ შეეწინააღმდეგებოდა.

ბევრი რამე ამ ახალგაზრდა კაცმა შეძლო და გააკეთა. მთლად ეგრე არ არის. უბრალოდ, ნარმანია ცუდ სიტუაციაში მოხვდა. ეს ბევრმა რამემ განაპირობა და მათ შორის თბილისურმა მენტალიტეტმა. ვფიქრობ, ნარმანია არ იყო მთლად გასაგდები მერი, ეს ჩემი პირადი აზრია. ნარმანიას დააფასებენ მერე, როცა ის წავა. საკმაოდ კარგი ეკონომისტი იყო. ვერ ვიტყოდი, რომ ის არის გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწე, მაგრამ ის არის პერსპექტიული სახელმწიფო მოღვაწე. ჩვენ ნარმანიას კიდევ შევხვდებით ქვეყნის განვითარების გზაზე.

რაც შეეხება კალაძეს?

- კალაძე პირიქით, პოლიტიკური მოღვაწეა, ვიდრე ტექნოკრატიული ტიპი. კალაძეს აქვს ორივე მათგანი, აქვს პოლიტიკური ბეგრაუნდი, ასევე უკვე აქვს დაგროვილი საკმაოდ საინტერესო ტექნოკრატიული ბეგრაუნდი. ის იყო საკმაოდ წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი, მის დროს ძალიან ბევრი აშენდა და ძალიან ბევრი პროექტი დაიდო. მას აქვს პარტიული გამოცდილება, საკამოდ სერიოზული, ასევე აქვს ძალიან მაღალი ემოციურად დადებითი რეიტინგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მართალია, ის არ არის, როგორც თბილისელები ამბობენ, „კარენოი თბილისელი“, მაგრამ მისი სპორტული მიმართულება ძალიან წაადეგბა მას, როგორც მერის არჩევნებში, ასევე მის შეფასებებში. საკმაოდ ჭკვიანი პოლიტიკოსია, არ უკეთებს ტირაჟირებას კეთილ საქმეებს, რომელსაც აკეთებს, ესეც ძალიან დადებითი თვისებაა. ასე რომ, კალაძის რაიმე უარყოფითი მხარე ჩემთვის უცნობია. თუ კალაძეს წარადგენენ და როგორც ჩანს, წარადგენენ, მას გამარჯვების 100%-იანი შანსი აქვს.

როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში კანდიდატის პირადი რეიტინგი იქნება გადამწყვეტი, „ქართული ოცნების“ , თუ ისევ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგზე იქნება თბილისის ახალი მერის ბედი დამოკიდებული, როგორც ეს დავით ნარმანიას და გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში მოხდა?

- ერთ რამეს გეტყვით, მე არ ვიცი ამ ბოლო ხანებში როგორ ფასდება ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი. ყოველ შემთხვევაში, რეიტინგების იმ კრებულში, რასაც მე გავეცანი ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი აღარ არის ისეთი გადამწყვეტი და ისეთი მაღალი. რეალურად იგი ჩამოშორდა პოლიტიკას, თუმცა მისი გავლენაზე ლაპარაკი დღემდე გრძელდება და ეს გავლენა რეალურად არსებობს, მაგრამ არა მგონია, რომ მკვეთრად განაცხადოს კახა კალაძის მხარადჭერა. რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს და რა თქმა უნდა, მნიშვნელობა ექნება ივანიშვილის რეიტინგს, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ რეიტინგს, რადგან, როგორც პარტიას, განუზომლად მაღალი რეიტინგი აქვს, რაც უდავოდ მოახდენს გავლენას კახა კალაძის გამარჯვებაზე.

როგორ ფიქრობთ, კალაძეს მიეცემა სრული თავისუფლება, რომ დამოუკიდებლად შეძლოს დააკომპლექტოს, როგორც ზედა, ასევე საშუალო და ქვედა რგოლები? იმიტომ, რომ ნარმანიას შემთხვევაში ხშირად იყო კადრების პრობლემა, იგივე, ჯოტია ბოდოკია...

- კახა კალაძის პოლიტიკური რენომე და ავტორიტეტი საკმაოდ მაღალია. ის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერია „ქართულ ოცნებაში“. ასე რომ, ეს ფაქტორები მოახდენს გავლენას იმაზე, რომ მას შეეძლება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და ეს გადაწყვეტილებები, მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ იქნება ოპტიმალური. ვფიქრობ, რომ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი იქნება ჯერადად მაღალი. ჩვენ ვნახავთ, რომ კახა კალაძე მიიღებს სერიოზულ გადაწყვეტილებებს.

წარმოიდგინეთ, რომ ვიცე-პრემიერობის შემდეგ, ქალაქის მერობა არის დაწინაურება და არა დაქვეითება. თბილისი არის ის მოცემულება, სადაც ნახევარი საქართველო ცხოვრობს და ეკონომიკის 70% თბილისშია განლაგებული. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა და ძალიან სერიოზული გავლენა შეიძლება მოახდინოს ქვეყნის განვითარებაზე. კალაძე მზად არის მიიღოს მერის თანამდებობა და განახორციელოს სერიოზული აღმშენებლობები ქალაქშიც და თბილისის ეკონომიკურ განვითარებაში. ვფიქრობ, რომ ამას შეძლებს, იმიტომ რომ, ამის დიდი პოტენციალი აქვს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ დავით ნარმანია ოპოზიციის პირისპირ დატოვა ხელისუფლებამ. „ქართულ ოცნებასარ უცდია თუნდაც ის დაუმსახურებელი კრიტიკა, რომელიც მის წინააღმდეგ მიდიოდა, რაღაცნაირად, გაენეიტრალებინათ, ან დაეცვათ. რატომ? იმიტომ, რომ ნარმანია გუშნდელი დღეა და მასზე რესურსის ხარჯვა არ ღირს?

- ვფიქრობ, ეს განპირობებულია იმით, რომ რეაქციის შემთხვევაში უფრო მეტად გამძაფრდება ეს საკითხები. ამიტომ, რეაქცია არის ძალიან ლოგიკური. ხანდახან რეაქცის არქონაც, რეაქციაა. ამ რეაქციებს რომ წაყვე, მაშინ საქმე არ უნდა გააკეთო და მერმა არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. ვერ ვხედავ ხელისუფლების ბოროტ განზრახვას. ვხედავ, რომ ეს არის სტრატეგია, რომელსაც ხელისუფლება და ხელისუფლების პიარი ეყრდნობა. ვფიქრობ, რომ ნარმანიას მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება არ არის უარყოფითი.