მცდარია მოსაზრება, თითქოს ჩინური იმპორტი წალეკავს საქართველოს

მცდარია მოსაზრება, თითქოს ჩინური იმპორტი წალეკავს საქართველოს

რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას საქართველო-ჩინეთს შორის დადებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება? ამის თაობაზე ექსპერტთა მოსაზრებები იყოფა. ერთნი მიიჩნევენ, რომ სამომავლოდ ეს ქართველი მეწარმეებისთვის სტიმულის მომცემი იქნება, რათა საკუთარი პროდუქცია ჩინეთის 1.4-მილიარდიან ბაზარზე გაიტანონ. მეორენი კი  ფიქრობენ, რომ ჩინური პროდუქია წალეკავს ჩვენს ბაზარს და სხვა ქვეყნის ინვესტორებსაც დააფრთხობს. მათი აზრით, ჩინური პროდუქციის ექსპანსია ჩვენვის დამღუპველი იქნება, რადგან საქართველოსა და ჩინეთს შორის ექსპორტ-იმპროტის თანაფარდობა ასიმეტრიულია და ჩვენისთანა დაბალი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნისთვის წამგებიანია. 

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს ვახტანგ ჭარაიას უკვირს იმ ექსპერტების, რომლებიც ჩინეთთან მიმართებით სკეპტიკურად არიან განწყობილნი. მისი თქმით, არ უნდა შევშინდეთ, რადგან, ელემენტარულად, ჩინელები გვიხსნიან კარებს, რათა ჩვენი პროდუქცია მოხვდეს ჩინურ ბაზარზე, თორემ ჩინელებისთვის ქართული ბაზარი არ ყოფილა ჩაკეტილი და ჩვენს ბაზარზე აქამდეც თავისუფლად შემოდიოდნენ. მით უმეტეს, რომ ჩინელებისთვის ყველანაირი ტარიფი მოხსნილი იყო, ან დატოვებული იყო მხოლოდ 1-1,5%-იან ზღვარზე.

„ჩინური პროდუქცია დღესაც თავისუფლად შემოდის ქართულ ბაზარზე. იმის გამო, რომ ქართველებს გაეხსნებათ ჩინური ბაზარი, ავტომატურად რატომ შიშობენ, რომ უფრო მეტი ჩინური პროდუქტი წამოვა?! ამჯერად ჩინელები გვიღებენ კარს თავიანთ ბაზარზე, თორემ ჩვენი კარი ისედაც ღიაა და ამით არაფერს დავკარგავთ. ასევე ხდება ევროკავშირთან მიმართებითაც. ევროპელებისთვის ქართული ბაზარი ისედაც თავისუფალი იყო. მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ევროკავშირში  ჩვენი პროდუქციის გატანის შესაძლებლობა მოგვეცა“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია For.ge-სთან საუბარში.

დააფრთხობს თუ არა ჩინეთის შემოსვლა სხვა ქვეყნის ინვესტორებს, რადგან მათი ნიშა უკვე დაკავებული იქნება?! ამის შესახებ ვახტანგ ჭარაია განმარტავს, რომ ეს ინვესტორს არ  დააფრთხობს. პირიქით, ინვესტიციების მოზიდვის კარგი შესაძლებლობა გვეძლევა, თუნდაც ჩინელი ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით. იმის გამო, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები გადადის უფრო მყარ ფაზაში, უფრო მაღალი შეთანხმების საფუძველზე ვართ ასული და ჩინეთ-საქართველო თავისუფლად ივაჭრებენ ერთმანეთთან, შეიძლება ჩინელი ინვესტორისთვის სტიმულის მიმცემი იყოს, რათა საქართველოში ბიზნესი უფრო თამამად აკეთონ. თუკი ჩინური წარმოების რაღაც ნაწილი (თუნდაც ძალზე უმნიშვნელო ჩინელებისთვის), გადმოვა საქართველოში, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ჩინელი ინვესტორი გახსნის აქ ფაბრიკას, თურქი თუ გერმანელი?! 

მთავარია, ინვესტორი მოვიდეს, დავახვედროთ ადეკვატური გარემო, მოვთხოვოთ თუნდაც მინიმუმის შესრულება. მაგალითად, ტყიბულის მაღაროში ხალხი წლიდან წლამდე იღუპება, უსაფრთხოების ნორმებს არავინ ამაღლებს, მაგრამ ამაში ჩვენ ვართ დამნაშავეები. ინვესტორს თუ მკაცრად არ განვუსაზღვრეთ, რომ გარკვეულ წესებს უნდა დაექვემდებაროს, მაშინ ინვესტორი თავისით არ დაიწყებს დამატებითი ხარჯის გაწევას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვახტანგ ჭარაიას მიაჩნია, რომ პრობლემა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაფორმება კი არ არის, არამედ პრობლემაა, რომ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი მწირია. შესაბამისად, შეგვიძლია ვიდაოთ იმაზე, დამატებით რას გავიტანთ ჩინეთის ბაზარზე. შეიძლება, ბევრი ვერაფერი გავიტანოთ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, უკეთესი ტარიფებით შევიტანთ პროდუქციას ჩინურ ბაზარზე.

„შეიძლება, არ გაიზარდოს ის ნომენკლატურა, ანუ ის ჩამონათვალი, რაც დღეს შედის  ჩინეთში (ფეროშენადნობები, სხვადასხვა სახის ჯართი, ღვინო), შეიძლება, ჩვენმა საექსპორტო პროდუქციამ მრავალფეროვნებით ვერ დაიკვეხნოს, მაგრამ უფრო გამარტივებული პროცედურებით, უფრო იაფად შევალთ ჩინეთში. შესაბამისად, შეიძლება, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდოს და ერთი და იმავე სახის საქონელი უფრო მეტი რაოდენობით გავიდეს საქართველოდან ჩინეთში. იმით, რომ ჩინური ბაზარი გაიხსნა, საქართველოში წარმოება ხვალვე არ ამოქმედდება, მაგრამ უფრო მარტივად შევიტანთ საქონელს“.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე საქართველო-ჩინეთს შორის გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ  ხელშეკრულებას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს, რაც კი ბოლო პერიოდის განმავლობაში დადებულა. For.ge-სთან საუბარში პაატა აროშიძე აცხადებს, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს ჩინური იმპორტი წალეკავს საქართველოს. პირიქით, ჩინეთს ჩვენთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საერთოდ არ სჭირდებოდა, ისე შემოდიოდა მისი პროდუქცია საქართველოში.

„ეს ხელშეკრულება ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, ჩინეთის ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა აბრეშუმის გზის ჩამნაცვლებელი ახალი ეკონომიკური პროექტი, ე.წ. „ერთი სარტყელი-ერთი გზა“. თუ ჩვენ ამ პროექტში მოვხვდებით, ეს საქართველოსთვის მომგებიანი იქნება. არსებობს წინასწარი მონაცემები, რომ იმ რუკაზე, რომლის პრეზენტაციაც ჩინეთმა მოახდინა, საქართველო და ანაკლიის მშენებარე პორტია  დატანილი. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი უკვე მძლავრ ნაბიჯებს დგამს არა მარტო ჩვენი მიმართულებით, არამედ ევროპის, თურქეთის მიმართულებითაც, ანუ სამხრეთისკენ ინაცვლებს. ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოსთვის ჩინეთის ბაზარი უმნიშვნელოვანესია მისი სიდიდიდან გამომდინარე. თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ჩვემ შეგვიძლია, პრაქტიკულად, ყველანაირი პროდუქცია შევიტანოთ ჩინეთში.

გარდა ამისა, შესაძლებლობა გვეძლევა, ჩინური  ბაზრით ჩავანაცვლოთ რუსული ბაზარი. მთავარია, ახლა როგორ მოიქცევა ჩვენი ხელისუფლება, რათა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არ დარჩეს ისე, როგორც მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წევრობა, რომელიც ვერაფერში გამოვიყენეთ; ასევე, მინიმალურად ვიყენებთ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასაც. საჭიროა, ჩვენმა მთავრობამ ხელი შეუწყოს ექსპორტის, მცირე მეწარმეობის, სოფლის მეურნეობის განვითარებას“, - აცხადებს პაატა აროშიძე.

მისივე თქმით, თუკი გაცხადდება, რომ ჩინური ბანკი შემოვა საქართველოში, საფინანსო სექტორისთვის ეს დადებითი იმპულსის მიმცემი იქნება. მით უმეტეს, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი დიდი ქვეყანა, ჩვენთან დიდი რაოდენობით ინვესტორები შემოდიოდნენ და დიდი კონკურენცია იყოს.