კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი, ფარმან ჯეირანლი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. როგორც ადვოკატი მიხეილ ოთარაშვილი აცხადებს, ბრალდებულისმხრიდან თანხის მითვისების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შპს „ლანცეტის“ დირექტორის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელისზომად თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს.
„თანხა მას ხელში არ აუღია. ფული შესულია ოფიციალურად ბუღალტერიის მეშვეობით, შემოსავლებში. შემომტანზე გაცემულია შესაბამისი ქვითარი, გადახდილია მოგების გადასახადი და კანონი როგორც მოითხოვს თანხა ისეა ათვისებული კლინიკის მიერ. აქ არავითარ მითვისებას ადგილი არ ჰქონია“, - აცხადებს მიხეილ ოთარაშვილი.
რაც შეეხება ოპერაციის ჩამტარებელი მოწვეული ექიმის ლიცენზიას, ადვოკატი ადასტურებს, რომ მოწვეული ექიმის ლიცენზიას ვადა მართლაც გასული ჰქონდა, თუმცა მიხეილ ოთარაშვილი აღნიშნავს, რომ კლინიკის ხელმძღვანელობას ჯანდაცვის სამინისტროსთან ჰქონდა მიმოწერა, რომ გაეცათ დროებითი მიმართვა.
„ამ ექიმს რამდენიმე ოპერაცია უკვე ჰქონდა წარმატებით ჩატარებული. როდესაც საქართველოში ჩამოვიდა 2016 წლის თებერვალში, ერთი თვის გასული ჰქონდა ვადა ლიცენზიას. კლინიკამ დაიწყო მიმოწერა ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ გაეცათ დროებითი ლიცენზია. ამ დროს საავადმყოფოში შემოდის ორი მძიმე ავადმყოფი, რომლებიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებენ.
სამინისტრომ მოწვეულ ექიმზე ლიცენზია ივლისში გასცა, მაგრამ ამ პერიოდში ოპერაცია უკვე ჩატარებული იყო და შედეგი დამდგარი. ლიცენზიის გარეშე ოპერაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას დირექტორი ვერ მიიღებდა. ეს უნდა გადაეწყვიტა მთავარ ექიმს და მკურნალ ექიმს“, - ამბობს ოთარაშვილი.
მთავარმა პროკურატურამ შპს „ლანცეტი“-ს დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავა.
პროკურორ კოკა კაციტაძის თქმით, პროკურატურა კლინიკა „ლანცეტის“ საქმიანობის სრულად შესწავლას გეგმავს. როგორც კაციტაძემ აღნიშნა, კლინიკიდან ამოღებულია ყველა დოკუმენტაცია, რომელიც კლინიკის საქმიანობას ეხება.
„ამ ეტაპზე ღვიძლის ტრანსპლანტაციის საქმეზე მხოლოდ კლინიკის ხელმძღვანელია დაკავებული, ვინაიდან კლინიკას ოპერაციისთვის ისეთი ექიმი ჰყავდა ჩამოყვანილი, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნდა. ჩამოყვანილი იყო აზერბაიჯანელი ექიმი, რომელსაც ტრანსპლანტოლოგთა საბჭოს მიერ გაცემული ლიცენზია არ ჰქონდა“, - აცხადებს კოკა კაციტაძე.
გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ შპს „ლანცეტის“ დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ, რომელსაც სანებართვო მოწმობის შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი რომელსაც არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში.
მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ჯეირანლიმ მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით, პაციენტების მიზიდვის მიზნით გაავრცელა განცხადებები, მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს „ლანცეტში“ თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები.
2016 წლის 12 თებერვალს გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე გამოკვლევების ჩატარების მიზნით მივიდნენ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჯეირანლის დავალებით კლინიკის თანამშრომლებმა, ნდობის მოპოვების მიზნით განუცხადეს, რომ თითქოსდა კლინიკაში თურქეთიდან მოწვეული იყო ტრანსპლანტაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა გადანერგვის არაერთი წარმატებული ოპერაცია.
კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, კეკელიძეს და ჩუბინიძეს მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა, რის სანაცვლოდაც 2016 წლის 28 თებერვალს შპს „ლანცეტის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კარლო კეკელიძის კუთვნილ ფულად თანხას 99204 ლარის ოდენობით, ხოლო გიორგი ჩუბინიძის შემთხვევაში, 2016 წლის 7 მარტს ბრალდებულის დავალებით, ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, მოტყუებით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც ჩუბინიძეს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა.
აღსანიშნავია, რომ ოპერაციის ჩატარებამდე „ლანცეტის“ დირექტორი ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც ამ შემთხვევაში არ იქნა შესრულებული.
2016 წლის 3 მარტს კეკელიძეს, ხოლო იმავე წლის 8 მარტს ჩუბინიძეს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია, რომელიც საფრთხეს უქმნიდა პაციენტთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად ორივე პაციენტი კლინიკაში გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექიმებს არცერთ საექიმო სპეციალობაში სახელმწიფოს სერტიფიკატი არ გააჩნდათ, ხოლო კლინიკა „ლანცეტს“ ორგანოთა გადანერგვის ნებართვა არ ჰქონდა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ თუ კლინიკა „ლანცენტს“ ლიცენზია არა აქვს, პროკურატურის საქმეა და შესაბამისი სამართლიანი რეაგირება იქნება.
„აქამდე იყო ტოტალური დერეგულაცია, 2003 წლიდან გამკაცრდა სანებართვო მოთხოვნები ცალკეული დაწესებულებების მიმართ, დაიყო დონეებად, მათ შორის სამშობიაროები, შემოვიდა არჩევითი კონტრაქტორების მექანიზმი. ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ თავიდანა ვიცილოთ ისეთი შემთხვევები რაც „ლანცეტთან“ მიმართებაში დაფიქსირდა.
რაც შეეხება კლინიკა „ლანცეტს“ , თუ მას ლიცენზია არა აქვს, პროკურატურის საქმეა და შესაბამისი სამართლიანი რეაგირება იქნება. ოპერაცია თუ ლიცენზიის გარეშე ჩაატარეს, ეს კანონდარღვევაა. ჯერ გამოძიებამ უნდა დაადასტუროს და სასამართლომ დაადგინოს ჭეშმარიტება“, - ამბობს აკაკი ზოიძე.
კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებლის და დირექტორის ფარმან ჯეირანლის საქმეში პროკურატურამ დაზარალებულად კლინიკაში ტრანსპლანტაციის შედეგად გარდაცვლილების მეუღლეები ცნო. დაზარალებულები დირექტორის გარდა, იმ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვენ, რომლებმაც უკანონო საექიმო საქმიანობა განახორციელეს.
გარდა ამისა, ითხოვენ დაიკითხონ კლინიკის სხვა ხელმძღვანელებიც, რომლებმაც მოიწვიეს აზერბაიჯანიდან ექიმები და ოპერაციები დაგეგმეს. ღვიძლის გადანერგვისას გარდაცვლილი კარლო კეკელიძის მეუღლე კლინიკის ყოფილი მთავარი ექიმის, ნინო კუზანოვას და კლინიკის იურისტის, გიორგი არჩვაძის დასჯას ითხოვს. ნანა კეკელიძე ამბობს, რომ სწორედ ნინო კუზანოვა პირდებოდა მათ, რომ ქირურგიულ ჩარევას გამოცდილი და ლიცენზირებული ექიმები განახორციელებდნენ.
„ვიმეორებ, რომ დიახ, ოპერაციამდე მე და ჩემს მეუღლეს დაჟინებით გვპირდებოდა ოპერაციის წარმატებით ჩატარებას, გვეუბნებოდა, რომ ქირურგიულ ჩარევას გამოცდილი და ლიცენზირებული ექიმები განახორციელებდნენ. დღეს ამბობს, რომ თურმე მონაწილეობა არ მიუღია ამ დანაშაულში. დიახ უნდა დაისაჯოს როგორც კუზანოვა, ასევე კლინიკის იურისტი, რომელიც ამ დანაშაულის თამონაწილეა“, - აცხადებს ნანა კეკელიძე.
კლინიკა „ლანცეტის“ ყოფილი მთავარი ექიმი ნინო კუზანოვა აცადებს, რომ კლინიკაში ღვიძლის გადანერგვისას ორი პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გრძნობს. „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას კუზანოვამ აღნიშნა, რომ ექიმი, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, მართლაც კვალიფიციურია, თუმცა ის, რომ ოპერაციაში მონაწილე ექიმებს ლიცენზია არ ჰქონდათ, კუზანოვას თქმით, მისთვის უცნობი იყო.
„სწორედ ამ საკითხზე მომივიდა დაპირისპირება ამჟამად უკვე დაკავებულ კლინიკის მფლობელ ფარმან ჯეირანლისთან, რის შემდეგაც მნიშვნელოვან საკითხებს ჩამომაშორეს და კლინიკა დავტოვე. ამ საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებამ უკვე დამკითხა, თუმცა პასუხისმგებლობას მომხდარ შემთხვევებზე არ ვგრძნობ“, - აცხადებს ნინო კუზანოვა.