რას მოიცავს საქართველო–თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი ეტაპი

რას მოიცავს საქართველო–თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი ეტაპი

საქართველოში ბინალი ილდირიმის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. თუქრეთის პრემიერ–მინისტრი საქართველოში 7 მინისტრთან ერთად ჩამოვიდა. ბინალი ილდირიმის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს, მათ შორის ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის(JETCO) დაფუძნების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ.

გიორგი გახარიას განცხადებით, ამ საკითხებზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმალურად დაჩქარდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის სერვისებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესი.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და თურქეთს  შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თანმიმდევრული გაღრმავებისა და ლიბერალიზაციის შედეგად, თითქმის ყველა სფეროში  წარმატებული პროექტები ხორციელდება. თურქეთ–საქართველოს თანამშრომლობა იმის თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად.

საქართველოს თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის წილი საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 16%–ს შეადგენს, რითაც დასტურდება სავაჭრო ურთიერთობების მოცულობის ზრდის ტენდენცია. 2017 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოდან  თურქეთში პროდუქციის ექსპორტმა  76 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19%–ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.  ექსპორტის მიხედვით საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთი მე–3 ადგილზეა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა თურქი ინვესტორების მზარდ ინტერესს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების მიმართ და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს  ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ინვესტიციების სფეროში. მინისტრის ინფორმაციით, 2015 წლის მონაცემებით, თურქეთიდან შემოსული ინვესტიციების რაოდენობამ 73 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15%–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო 2016 წლის  წინასწარი მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობამ 272 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 275%–ით 4–ჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს და საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მუცულობის 17%–ს შეადგენს.

ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას, ბერათ ალბაირაქს შეხვდა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე, საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებასა და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

აღსანიშნავია საქართველო–თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო–თბილისი–ერზერუმის გაზსადენი. წარმატებულად გრძელდება აქტიური თანამშრომლობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების განხორციელებისა და ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის რეალიზაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს დასრულდა და ფუნქციონირებს ახალციხე–ბორჩქას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ახალ შესაძლებლობას ქმნის ელექტროენერგიით ვაჭრობის თვალსაზრისით.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა, თურქ კოლეგასთან ერთად, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომას უხელმძღვანელა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებს ეკონომიკის, კულტურის, იუსტიციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველო–თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა თურქეთში გასული წლის ივლისში, სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან სამი დღის შემდეგ ჩატარდა.საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატი 2016 წელს ამოქმედდა.

საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომის დაწყებამდე თურქეთის პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერს შეხვდა. პრემიერ–მინისტრების პირისპირ საუბრის შემდეგ კი, ორი ქვეყნის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც თურქულ დელეგაციაში მყოფი ეკონომიკური ბლოკის მინისტრებიც დაესწრნენ.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს არის მეორე შეხვედრა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორ ქვეყნებს განსაკუთრებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები აქვთ. პრემიერის განცხადებით, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ამასთანავე, ჯერ კიდევ გამოუყენებელი პოტენციალის რეალიზაცია უფრო მომგებიანს გახდის ისედაც ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს.

„მოგვეცა შესაძლებლობა, განგვეხილა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედების მაღალი ინტენსივობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. მხარეებს შორის გაიცვალა მოსაზრებები რეგიონსა და გლობალურად მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით.

თურქეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე ამ უაღრესად მნიშვნელოვანი როლის შესრულებას. თურქეთი, ასევე ჩვენი საიმედო პარტნიორია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში და ამ მიმართულებითაც მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბინალი ილიდირმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.პრემიერებმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მისივე თქმით, სარკინიგზო პროექტი სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება.

„თბილისი–ბაქო–ყარსის პროექტი ფაქტობრივად საბოლოო ეტაპს მიუახლოვდა. პროექტის დასაწყისიდანვე მე პირადად ვიყავი ჩართული მის რეალიზაციაში და კმაყოფილებით აღვნიშნავს, რომ პროექტი საბოლოო ფაზას უახლოვდება. ჩემი კოლეგაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პროექტს, და იგი აქტიურად იყო ჩართული მინისტრობის დროსაც.

ჩვენ ვახორციელებთ კავკასიის სამმხრივ პროექტს, რომელიც დაგვაკავშირებს ცენტრალურ აზიასთან, შორეულ აღმოსავლეთთან. ეს კავშირი ფაქტობრივად მიგვიყვანს ლონდონამდე და მოხდება ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტის უფრო ინტენსიფიკაცია, რაც რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია“, – განაცხადა ბინალი ილიდირმა და აქვე აღნიშნა, რომ თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი შეთანხმებები აკავშირებს და ამ თანამშრომლობას რეგიონული სტრუქტურების ჩამოსაყალიბებლად ძალიან სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტი გახლავთ უმნიშვნელოვანესი დატვირთვის მქონე სტრატეგიული პროექტი, რომელიც აშკარად გასცდა უკვე რეგიონულ მნიშვნელობას.

„პროექტი მიმდინარეობს შეფერხებების გარეშე და დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ჩვენ უკვე მოვახერხებთ, რომ ცალმხრივ რეჟიმში გავხსნათ ეს პროექტი“, –განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თურქეთი საქართველოს ნატო-ს გაწევრიანებას მხარს აქტიურად უწევს. როგორც ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, ქართველ კოლეგასთან ძალზედ პროდუქტიული და წარმატებული შეხვედრა ჩაატარა, შესაბამისად, აღნიშნული თანამშრომლობის შედეგები უახლოეს ხანში ნათელი გახდება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს წევრობას ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში. აქ იგულისხმება ევროატლანტიკური სტრუქტურები. საქართველო ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ მიმართულებას და ჩვენც მხარს ვუჭერთ საქართველოს წევრობას როგორც ნატოს, ასევე სხვა სტრუქტურებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეროვნულ პლატფორმებს“, – განაცხადა ბინალი ილდირმმა.

ვიზიტის ბოლოს თურქეთის პრემიერ–მინისტრი ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. დახურულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა და ბინალი ილდირიმმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთოხების საკითხები, ასევე ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთობების თემები. თურქეთის პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თურქეთი ყოველთვის იქნება საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციის მხარდამჭერი.

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ საქართველოს თურქეთთან ძალიან აქტიური დღის წესრიგი აქვს, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების მიმართულებით. რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისთვის.

„ნატო–ს წევრი ქვეყნები ემზადებიან ბრიუსელის სამიტისთვის, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი შეხვედრა ნატო–ს წევრი სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირებთან უაღრესად მნიშვნელოვანია. როგორც ცნობილია, თურქეთი საქართველოს ძალიან აქტიური მხარდამჭერია ნატო–სთან ინტეგრაციის მიმართულებით. ვარშავის სამიტზე ხაზგასმით აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემატიკა. შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემატიკაში კი, თურქეთს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.

გარდა ამისა, საქართველო–ნატო–ს ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში თურქეთი მონაწილეობს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში და ყველა იმ რეფორმაში, რომელიც საქართველოში ხორციელდება ნატო–სთან ინტეგრაციის მიზნით. ასე რომ ეს ჩართულობა უაღრესად ხელშემწყობია საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციისათვის“, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.