საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ბერლინში, კონფერენციაზე განიხილავენ. ქართული მხარე კონსტიტუციის კანონის პროექტს ვენეციის კომისიის მდივან თომას მარკერტს და ექსპერტებს, კონსტიტუციონალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აცნობს.
„საქმე ეხება ქვეყნის ძირითად კანონს. ეს არის ის დოკუმენტი, რომელმაც ძალიან მყარი საფუძველი უნდა ჩაუყაროს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. როგორიცაა ქვეყანაში კონსტიტუცია, ისეთია პოლიტიკური სისტემა, ისეთია პოლიტიკური პროცესები, რაც ქართულმა გამოცდილებამაც ძალიან კარგად დაგვანახა - როგორი არასტაბილური იყო გასული 20 წლის განმავლობაში ჩვენი კონსტიტუცია, ისეთივე არასტაბილური სახით წარიმართა საქართველოში პოლიტიკური პროცესები. ჩვენი დღევანდელი ამოცანაა, რომ ჩამოვაყალიბოთ ძალიან მყარი დოკუმენტი და მყარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გრძელვადიან განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
კონფერენციაში, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება, მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის წევრები, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი, გიორგი ლომია, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.
გერმანიის ფედერალური თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების ფედერალური სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა დირკ შატშნაიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომისია, რომელსაც სათავეში ირაკლი კობახიძე უდგას, მჭიდროდ თანამშრომლობს ვენეციის კომისიასთან. მისივე შეფასებით, საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ისევე, როგორც თანამშრომლობა ვენეციის კომისიასთან ქართული სახელმწიფოს გახსნილობის დასტურია.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის, მიხაელ ზიბერტის შეფასებით, კანონპროექტში ძალიან ბევრი რაციონალური კომპონენტია ჩადებული. პირველ რიგში, სახელმწიფო მიზნების განსაზღვრა, ასევე, ძირითადი უფლებების სუბიექტური კომპონენტები და ზოგადად, პარლამენტის გაძლიერების აქცენტი.
„კონსტიტუცია არის კონსტიტუციური რეალობა ერთის მხრივ და, მეორე მხრივ, ეს არის სამართლებრივი კულტურა, პოლიტიკა და სოციალური ურთიერთობები კონსტიტუციურ ჭრილში“, - განაცხადა მიხაელ ზიბერტმა.
ბერლინში გამართული განხილვის პარალელურად, ქართული ოპოზიცია სულმოუთქმელად ელოდება ვენეციის კომისიის კრიტიკულ შენიშვნებს. მათ, წინა დღეს, ბერლინის განხილვის დაწყებამდე, სპეციალური წერილიც კი გაუგზავნეს ვენეციის კომისიას, სადაც ითხოვენ, ვენეციის კომისიას „ქართული ოცნების“„ანტიდემოკრატიული სვლა“ შეაჩეროს.
როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, წერილში საკმაოდ კრიტიკულადაა ახსნილი ის საარჩევნო სისტემა, რასაც მმართველი გუნდი მოსახლეობას სთავაზობს. მიმართვაში საუბარია ასევე პრეზიდენტის არჩევის წესსა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით.
ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, ე.წ. გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ალტერნატივად მმართველი პარტია „ზედა ჭერის“ შემოღებას განიხილავს.
ვენეციის კომისიისადმი მიმართვაში პარტიები წერენ, რომ პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ხელისუფლება კომისიის უარყოფით დასკვნას ელის. ამ შემთხვევისთვის, ხელისუფლებას მომზადებული აქვს „გეგმა ბ“ - ე.წ. კომპრომისული ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული ზედა ზღვარის დაწესებას „შესავსები“ მანდატების კუთხით.
„წინასწარ, კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ „ბონუსების“ სისტემის ნებისმიერი ამგვარი თვალთმაქცური მოდიფიკაცია მიუღებელი იქნება და მიზნად ისახავს შემოთავაზებული უსამართლო საარჩევნო სისტემის კოსმეტიკურ შელამაზებას, რაც არ გადაჭრის იმ ფუნდამენტურ პრობლემას, რომელიც ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს გააჩნია კონსტიტუციის ახალ პროექტთან და, კონკრეტულად პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ვენეციის კომისიისადმი მიმართვაში, რომელსაც „დაიცავი კონსტიტუციას“ ფარგლებში შემავალი პარტიები აწერს ხელს.
„ახალი პოლიტიკური ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზურაბ ხარატიშვილის განმარტებით, ჩვენს სამეზობლოში, ყირგიზეთში არის დაწესებული „ზედა ჭერი“, თუ რამდენი ხმის აღება შეუძლია გამარჯვებულ პარტიას; ანუ 60%-ზე მეტს თუ აიღებს, დანარჩენს - სხვა პარტიები გადაინაწილებენ.
რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების მიერ შესაძლო შეთავაზებას, ხარატიშვილის განცხადებით, მას პირველად ესმის ასეთი რამ, თუმცა მისივე განმარტებით, როდესაც ალტერნატივაზეა ლაპარაკი, ბევრი ვერსია შეიძლება არსებობდეს.
„რამდენადაც ცნობილია, არაოფიციალურად სხვადასხვა ვარიანტებზეა საუბარი, მათ შორის, ბარიერის დაწევაზე და ა.შ. ვიღაცეები ბუნებრივი ბარიერის საკითხსაც აყენებენ. ჭორის დონეზე ბევრს ვარიანტზე საუბრობენ, მაგრამ ხელისუფლებას რომ მსგავსი რამ ოფიციალურად შემოეთავაზებინოს, ასეთი რამ არ ყოფილა“, - აცხადებს ხარატიშვილი.
ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე დარწმუნებულია, რომ ვენეციის კომისიის მხრიდან რეაქცია საკმაოდ სერიოზული იქნება, მითუმეტეს, ანგარიშს გაუწევენ ომბუდსმენის მიმართვას.
„ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“გათვალისწინებული აქვს, რომ ვენეციის კომისიის მხრიდან შენიშვნები იქნება და ამიტომ, რაღაც კომპრომისებიც აქვს მომზადებული. თუმცა გააჩნია კომპრომისსაც და იმასაც, სადამდე არიან წამსვლელები“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
მისივე შეფასებით, თუ მართლაც ზედა ზღვარს შეთავაზებს ხელისუფლება, ეს ერთი შეხედვით, კარგი იქნება;
„მაგრამ 60%-ზე მეტს დიდი ხანია, ვერც ერთი პარტია ვეღარ იღებს საქართველოში. ასე რომ, ასეთ შეთავაზებას აზრი არ აქვს“ - მიიჩნევს შარაშენიძე.
ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ რაკი ოპოზიციისთვის მიუღებელია, უნდა შეჩერდეს კონსტიტუციის მიღების პროცესი - „შეაჩერეთ სვლა“ ნიშნავს ამას.
„კონსტიტუციის ის ვარიანტი, რაც ადრე გვქონდა, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. წმინდა ტექნიკური შეცდომების და შეუთავსებლობების კორიანტელი იყო. თუ თვლი, რომ მეტი შანსი უნდა გქონდეს პარლამენტში მოხვედრის (ხომ ამაზეა პროტესტი?)? და ამიტომ კონსტიტუცია არ უნდა განიხილონ, ამას რა ჰქვია?! თუ ეს დიქტატურაა, ამას ხომ ის ხალხი აპროტესტებს, ვინც სააკაშვილის დროს დიქტატურას ვერ ხედავდა?! საინტერეოა, როდესაც ამ ჯგუფის რეაქციებს აკვირდები იმ პერიოდში და ახლა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება ზედა ზღვარს, რამაზ საყვარელიძის განმარტებით, ანალოგიური ვარიანტი შეთავაზებული იყო არასამთავრობოების და არა ხელისუფლების მიერ.
„თუ არ ვცდები, „კონსტიტუციონალისტები“ სწორედ ამ ვარიანტს თავაზობდნენ ხელისუფლებას იმ შემთხვევაში, თუკი ის სხვა კომპრომისზე არ წავიდოდა. როგორც მახსოვს, ამაზე ვახუშტი მენაბდე საუბრობდა - ეს მუშაობის საკმაოდ ადრეული პერიოდი იყო. თუ იმ ეტაპზე არ გაუჩნდათ პროტესტი, ახლა რატომ არის ეს დამოკიდებულება, რომ თურმე, აი, ასეთი საშინელება იგეგმება მმართველი პარტიის მიერ. ეს არის გაუგებარი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ვენეციის კომისიისთვის ღია წერილებისა და მიმართვების გაგზავნა სიახლე არ არის და ამ მეთოდით დიდი ხანია, სარგებლობს ქართული ოპოზიცია, თუმცა წინა ხელისუფლებების დროს ბევრად არგუმენტირებული მიმართვების გახსენებაც შეიძლება.
სწორედ ამიტომ, ძნელი სათქმელია, რის მიღწევას ცდილობს ოპოზიცია, მით უმეტეს, რომ ბერლინში გამართულ კონფერენციაზე ქართული კონსტიტუციის პროექტს დიდი ყურადღებით იხილავენ და თუ სერიოზულ ხარვეზებზე იქნება საუბარი, არც ვენეციის კომისიის წევრებს და არც სხვა ევროპელ პოლიტიკოსებს ხელს არაფერი შეუშლის, რომ კრიტიკული შენიშვნები გამოთქვან.
„გული მწყდება, ამდენ შეცდომებს რომ უშვებს ოპოზიცია. როცა მოსახლეობაში ტოვებ კითხვის ნიშნებს, მოსახლეობას არ ესმის შენი, მერე მივიღებთ იმ სურათს, რა სურათიც დღეს გვაქვს, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს, ფაქტობრივად, არ აქვს რეიტინგი - სწორედ მათი უაზრო მოთხოვნების შედეგია ეს“, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.