„დადებული იყო ხელშეკრულება 50 მილიონი ევრო სესხის სახით ტრანზაქციის განსახორციელებლად“

„დადებული იყო ხელშეკრულება 50 მილიონი ევრო სესხის სახით ტრანზაქციის განსახორციელებლად“

ცილისწამებისთვის, პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ედიშერ ქარჩავას განცხადების საფუძველზე, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. ამის მიზეზი საპატრიარქოს ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას განცხადება გახდა. კერძოდ, ადვოკატი ამბობს, რომ საპატრიარქოში არსებობს დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ დეკანოზი 50 მილიონი ევროს ტრანზაქციის განხორციელებას აპირებდა.

ბრალდებას უარყოფს დაკავებული დეკანოზის ადვოკატი და აცხადებს, რომ ცილისწამებაა ამ ინფორმაციის გავრცელება, რადგან პროკურატურას რაიმე დანაშაული რომ ენახა, ამ ფორმით არ გაავრცელებდა ინფორმაციას. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ეს არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ მამა გიორგის ცილი დასწამონ და ინფორმაციაც ამ მეთოდით ამიტომ გაავრცელეს.

„ე.წ. ტრანზაქციები, რომლებიც თურმე ხორციელდებოდა, არის სრული სიცრუე. მინდა ხაზი გავუსვა ერთ ფაქტს, რომ გიორგი მამალაძის კომპიუტერში იყო ეს ინფორმაცია - ეს კომპიუტერი ინახება პროკურატურაში, ეს არის პროკურატურის მიერ ამოღებული ე.წ. ვითომდა ტრანზაქციები, რომელიც გადაეცა საპატრიარქოს. ედიშერ ქარჩავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა ეს საბუთები ინახებოდა საპატრიარქოში, რომელიღაც სასულიერო პირთან, ეს არის სიცრუე. არ ინახებოდა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

for.ge–სთან საუბრისას ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ მამა გიორგიმ ჯერ კიდევ შარშან ესპანეთში დააფუძნა შპს „GRUPO D INVERSIONES ASTERAM“, რომელიც დარეგისტრირებულია თავისი საიდენტიფიკაციო კოდით და როგორც ქარჩავა აცხადებს, ამ კომპანიას ტრანზაქცია უკრაინიდან უნდა განხორციელებულიყო.

for.ge ედიშერ ქარჩავას ესაუბრა.

ცილისწამებისთვის, პატივისა და ღირსების შელახვისთვის მამა გიორგი სასამართლოს მიმართავს. დეკანოზი უარყოფს თქვენს მიერ გავრცელებულ განცხადებას, დამატებით რა ინფორმაცია შეგიძლიათ გაასაჯაროვოთ, რა კომპანია დააფუძნა მამა გიორგიმ და როდის?

ედიშერ ქარჩავა:  შპს „GRUPO D INVERSIONES ASTERAM“ დააფუძნა მადრიდში, ამ კომპანიის დირექტორი არის თვითონ მამა გიორგი მამალაძე.

როდის დაარეგისტრირა მამა გიორგიმ ეს კომპანია?

- ეს კომპანია დარეგისტრირდა შარშან. არსებობს ეს დოკუმენტი და ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება უარყოს ადამიანმა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც საჯარო რეესტრში არის რეგისტირებული, იგივე ესპანეთის საჯარო რეესტრში. ამასთანავე, ხელშეკრულება გაფორმებულია უშუალოდ მის კომპანიასა და უკრაინის მოქალაქეს შორის, ვინმე სერგეისთან ერთად 50 მილიონი ევროს ტრანზაქციასთან დაკავშირებით.

ეს დამოწმებულია ნოტარიული წესით საქართველოში რუსულ და ქართულ ენებზე, რომელსაც როგორც წარმომადგენელი ერთის მხრივ მამა გიორგის კომპანია და მეორეს მხრივ უკრაინის მოქალაქე. როგორ შეიძლება ამასთან დაკავშირებით ითქვას, რომ ასეთი რა არსეbობს?! ანუ, ეს არის უტყუარი ფაქტები.

საპატრიაქოს გვერდის ავლით მოხდა ამ კომპანიის დაარსება?

- საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ საქართველოს საპატრიარქოს გვერდის ავლით დააფუძნა მამაომ ეს ორგანიზაცია, რადგან, ჩვენი იურიდიული სამსახური საქმის კურსში არ ვიყავით. მეტსაც გეტყვით - საქმის კურსში არ იყო  მისი უწმინდესობა და ამ დროს ახორციელებდა რაღაცა საქმიანობას ფინანსური მიმართულებით, რომლის კანონიერებაში შეტანის საფუძვლიანი ეჭვი მაქვს და მიმაჩნია, რომ ეს თანხა შესაძლებელია მიმართული ყოფილიყო თუნდაც ფულის გათეთრებისკენ.

თუ ვინმეს უნდოდა ქველმოქმედება, კანონით დადგენილი წესით უნდა მობრძანებულიყო საპატრიარქოში და ჩვენ გავუფორმებდით ხელშეკრულებას საქველმოქმედო მიზნებისათვის. აქიდან გამომდინარე, უბრალოდ, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, თუ რატომ უნდა უარყო ის ფაქტები, რაც უტყუარი მტკიცებულებებია.

ტრანზაქციები ხორციელდებოდა, თუ შემდგომში უნდა განხორციელებულიყო?

- მე არ მითქვამს, რომ ტრანზაქციები განხორციელდა. მე ვთქვი, რომ დადებული იყო ხელშეკრულება 50 მილიონი ევრო სესხის სახით ტრანზაქციის განსახორციელებლად და მითითებულია, რა სისტემით უნდა შემოსულიყო თანხა ამ კომპანიაში და ამ კომპანიიდან სხვა კომპანიებში. ანუ, ფულის ჩადება რაღაც სფეროში, რაც ამ ხელშეკრულებით შეზღუდული არ არის. რა მიმართულებაზე არის საუბარი, ეს დეტალები ამ ხელშეკრულებაში გაწერილი არ არის. ეს ხელშეკრულება ნათარგმნი იქნა ქართულ, რუსულ და ესპანურ ენაზე. ვიცი ვინ არის ნოტარიუსი და მონაწილე მხარეებიც.

შეგიძლიათ დაასახელოთვინ არის ნოტარიუსი?

– პერსონალური მონაცემების დასახელებისგან თავს შევიკავებ. მამაო თავიდან არ აღიარებდა, მაგრამ შემდეგ აღიარა, რომ თურმე ჰქონია საინვესტიციო ფონდი. საინტერესოა, საიდან ჰქონდა საზღვარგარეთ ესპანეთში გახსნილი კომპანია მღვდელს, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობის უფლება არა აქვს და არ შეიძლება, რომ მღვდელი ბიზნესმენი იყოს.

მინდა გითხრათ, რომ უშუალოდ მღვდელს, სასულიერო პირს, სამეწარმოო საქმიანობაში, რომელიც საპატრიარქოს გვერდის ავლით ხორციელდება, კანონიკური სამართლის ნორმებით ამის უფლება არ აქვს. ჩარიცხვა განხორციელდა თუ არა, რა თქმა უნდა, ამის შესახებ ინფორმაცია მე არ მექნება, არ მეცოდინება და არ ვიცი. მე ვსაუბრობ იმ დოკუმენტზე დაყრდნობით, რომელიც მე ვნახე და რომლის ასლებიც გამაჩნია. ამ დოკუმენტების ორიგინალი ასევე არის ერთ-ერთი პიროვნებასთან.

რაც შეეხება მეორე მინაწილე მხარეს, გარდა იმისა, რომ არის უკრაინის მოქალაქე, დამატებით რა ინფორმაცია გაქვთ, ვინ არის ის, სასულიერო პირი, თუ ბიზნესმენი?

– მისი სახელია სერგეი, გვარს არ დავასახელებ, რადგან ეს უკვე პერსონალური მონაცემებია. მე არ ვიცი, ის ბიზნესმენია თუ არა, შეიძლება მღვდელიც იყოს. ვერ გეტყვით.

თუმცა, ამის მიუხედავად დეკანოზი მიმართავს სასამართლოს...

- კი ბატონო, ნებისმიერ მომენტში შეუძლია მიმართოს სასამართლოს და თქვას, რომ „მე, როდესაც ეს კომპანია დავარეგისტრირე, ძალით ჩამიყვანეს ესპანეთში, ძალით მომაწერინეს ხელი, ეს კომპანია მე არ მეკუთვნის და რომ ხელშეკრულება ჩემი კომპანიის სახელით იძულებით არის გაკეთებული“.

ეს არ არის ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ მიმართული სარჩელის საგანი, აქედან გამომდინარე, ჩემთვის გაუგებარია რას იძლევა ამ ფაქტების უარყოფა. თუ ამბობს, რომ მას საქველომქმედო მიზნები ჰქონდა, მაშინ უნდა განახერციელებინა კანონით დადგენილი წესით. საქართველოს საპატრიარქოს, მინიმუმ, იურიდიული სამსახური ჩართული უნდა ყოფილიყო ამ მოქმედებაში.