თბილისის მერიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის კუთვნილ კომპანია შპს -„ბი ეს არ- სი დი ჯი დეველოპმენტს “შორის გაფორმებულ ხელშეკრულებს მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურმა სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის მფლობელობაში მყოფი კომპანია თბილისის მერიისგან კომპენსაციის სახით ანაზღაურებას 2012 წლიდან ითხოვდა.
კერძოდ, საქმე ეხება კომპანიის მფლობელობაში მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 19 297 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელზეც 2012 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გაყვანილმა გზამ გაიარა. საუბარია გზის დაახლოებით 97-მეტრიან მონაკვეთზე. „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის“ საკუთრებაში არსებულ მონაკვეთზე გავლილმა გზამ მიწის დაახლოებით 74% დაიკავა.
აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ მომზადებული შუალედური დასკვნა ეფუძნება თბილისის მერიის მიერ აუდიტის სამსახურისთვის გადაცემულ დოკუმენტაციას და მისი გასაჯაროება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ამ შესწავლის გამო მოხდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმა. გენერალური აუდიტორის მოადგილე, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ არანაირი სხვა ინტერესი გარდა პროფესიული სტანდარტებისა, ამ დასკვნის უკან არ დგას.
თბილისის მერიის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე შუალედური დასკვნით ირკვევა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 30 მარტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის განკარგულებებით, შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის“ საკუთრებაში არსებულ 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, მერიამ შპს-ს გადასცა ორი მიწის ნაკვეთი, დელისის ქუჩის მიმდებარედ, ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის, საერთო ფართით 6 708 კვ.მ.
გასაცვლელი მიწის ნაკვეთები შეაფასა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, რომლის მიხედვით შპს-ს საკუთრებაში არსებული 2 302 კვ.მ მიწის ღირებულებამ 2016 წლის 11 მარტის მდგომარეობით შეადგინა - 2 615 100 ლარი, ხოლო მერიის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთების ღირებულებამ - 2 980 200 ლარი. ფასთა შორის არსებული სხვაობა - 365 500 ლარი, შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტმა“ გადაუხადა თბილისის მუნიციპალიტეტს.
შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტისათვის“ მიყენებული ზარალის შეფასებისა და ანაზღაურების პროცესზე, აუდიტის ჯგუფი სწავლობს რამდენიმე საკითხს - შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს“ გზის გაყვანით შესაძლო ზარალი მიადგა 2012 წელს. მერიის მიერ კი ზარალის შეფასება და ანაზღაურება განხორციელდა, 2016 წლის მდგომარეობით. კომპანია ზარალის კომპენსაციას ითხოვდა 2012 წლიდან, ფულადი ანაზღაურების სახით. მერიამ ვერ წარმოგვიდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, თუ რა თანხის კომპენსაციას ითხოვდა კომპანია და რატომ ვერ მოხდა მასთან შეთანხმების მიღწევა.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გზის გაყვანით ზარალის მიღების პერიოდში შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტმა“ მის საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთი, რომლებიც მდებარეობდა 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ გაასხვისა 1 კვ.მ 223 ლარად, ამ გათვლით 2012 წელს 2302 კვ.მ დაკარგვით მას მიადგებოდა დაახლოებით 513 346 ლარის ზარალი და სავარაუდოდ, სწორედ ამ თანხის ანაზღაურებას მოითხოვდა კომპანია.
აუდიტის დასკვნით, მერიამ მოლაპარაკების და ზარალის ანაზღაურების პროცესი წარმართა იმგვარად, რომ საბოლოო ჯამში კომპანიას ზარალი აუნაზღაურა 4 წლის დაგვიანებით და გაცილებით მეტ თანხაზე, კერძოდ გადასცა 2 615 100 ლარის ღირებულების მიწები. დოკუმენტურად ვერ დგინდება შპს „ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტი“ 2016 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით იყო თუ არა ინფორმირებული, რომ მერია განიხილავდა მისთვის ზარალის ანაზღაურების საკითხს მიწის ნაკვეთების გადაცემის გზით.
როგორც აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, შესაბამისი მტკიცებულებები მერიის მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა. 2016 წლის 29 თებერვალს შპს „ბი ეს - არ სი დი ჯი დეველოპმენტის“ მფლობელებმა კომპანიის 100%-ნი წილი მიყიდა შპს „როიალ დეველოპმენტს“(შპს „როიალ დეველოპმენტის“ 45% წილის მფლობელი - ლევ ნანიკაშვილი; 40% - ოთარ ფარცხალაძე; 15% - მანუახ ნანიკაშვილი) – 232 000 აშშ დოლარად (დაახლოებით 580 000 ლარი ). შპს „ბი ეს - არ სი დი ჯი დეველოპმენტი“ ფლობდა აქტივს - „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიარე 2 302 კმ.მ მიწის ნაკვეთს და ითხოვდა ზარალის ანაზღაურებას რომელიც მიადგა ახალი გზის გაყვანის გამო.
ასევე ირკვევა, რომ 2016 წლის 29 ივნისს შპს „ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის“ 100%-იანი წილი შპს „როიალ დეველოპმენტმა“ 235 000 დოლარად მიყიდა ოთარ ფარცხალაძეს, კომპანიას ამ პერიოდისათვის უკვე საკუთრებაში გააჩნდა, ზარალის ანაზღაურების შედეგად, დელისის ქუჩის მიმდებარედ 2 მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით შეადგენდა 2 980 200 ლარს.
შესაბამისად, თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით 2016 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით შპს „ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის“ მფლობელები თანახმა იყვნენ მათ საკუთრებაში არსებული კომპანია, მათ შორის „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 2302 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, გაესხვისებინათ 232 000 დოლარად (დაახლოებით 580 000 ლარი).
შესაბამისად, როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, შესწავლის საგანია, თუ რატომ ვერ უზრუნველყო მერიამ სათანადო კომუნიკაციის წარმოება კომპანიასთან ზარალის ანაზღაურებაზე და რატომ გახდა აუცილებელი ზარალი ანაზღაურებულიყო გაცილებით მეტი ღირებულებით, კერძოდ 2 615 100 ლარის ღირებულების მიწების ნაკვეთებით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტი“ 2007 წლიდან ქ. თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფლობდა 19 297 კვ.მ მიწის ნაკვეთს. 2012 წლის დეკემბერში კომპანიამ მიწის ნაკვეთი დაყო სამ საკადასტრო ერთეულად; ნაკვეთი I - 2 246 კვ.მ; ნაკვეთი II – 2 302 კვ.მ; ნაკვეთი III - 14 749 კვ.მ ;
როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, 2012 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გაყვანილი იქნა ვარაზისხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზიდან მე-9 საავადმყოფოსთან ამომავალი გზა. აღნიშნული გზის დაახლოებით 97 მეტრიანმა მონაკვეთმა გაიარა შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთზე. კერძოდ, დაიკავა ნაკვეთი II – 2 302 კვ.მ მიწის დაახლოებით 74% .
მათივე განმარტებით, კვლევის ძირითადი მიგნებები შემდეგია - 2012-2016 წლებში შპს „ბი-ეს-არ-სი დი ჯი დეველოპმენტი“ უშედეგოდ ითხოვს კომპენსაციას; 2016 წელს კომპანიის მესაკუთრის ცვლილებიდან 45 დღის ვადაში თბილისის მუნიციპალიტეტმა დაასრულა კომპენსაციის პროცედურა; მუნიციპალიტეტის მიერ კომპენსირებული ქონება 5-ჯერ აღემატებოდა ზარალის მიღების პერიოდში და ასევე, მიწის ნაკვეთში ახალი მესაკუთრის მიერ გადახდილ თანხას; ახალმა მესაკუთრემ 580 000 ლარად შეიძინა 2 615 100 ლარის აქტივის მქონე კომპანია.
„თბილისი მერიამ აუქციონის აუცილებელ პირობად მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება დაასახელა. მომიჯნავე საკადასტრო ერთეულის მესაკუთრე გახლდათ ერთი კომპანია, რომლის 100% წილის მესაკუთრეა ოთარ ფარცხალაძე, ხოლო აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთი 1.7-ჯერ ნაკლებადაა შეფასებული, ვიდრე მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ღირებულება“, - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, აუდიტორების ყურადღებას აქუციონის პირობებიც იქცევს.
„როგორც გითხარით, ფარცხალაძის მოთხოვნილ ნაკვეთებზე უძრავი ქონებაც ირიცხებოდა, თუმცა ეს მერიის მიერ გამოცხადებულ ღირებულებაში გათვალისწინებული არ იყო. აუქციონზე ფარცხალაძე უკონკურენტო შემსყიდველს წარმოდგენდა. ჩნდება ვარაუდი, რომ სახელმწიფომ ფინანსურად მნიშვნელოვნად იზარალა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
გენერალური აუდიტორი დასკვნის მიხედვით, მერიის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფარცხალაძის კომპანიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას.ყოფილი მთავარი პროკურორისთვის მიწების გადაცემის დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.
დავით ნარმანიას განცხადებით, ფარცხალაძის კომპანიას მიწის ნაკვეთი ექსპერტების შეფასების საფუძველზე გადაეცა. გარდა ამისა, ნარმანია ტყუილს უწოდებს განცხადებას, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე გარკვეულ დოკუმენტაციას მერიაში ვერ მიაკვლიეს.
„თბილისის მერია დაეყრდნო ამ შეფასებას. ნებისმიერი დოკუმენტაცია, რაც ქალაქის მერიაში ინახება, არის შემმოწმებლებისთვის ღია, ამიტომ, ნებისმიერი დოკუმენტაცია, რაც ჩვენ ხელთ გვქონდა, მივეცით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უარყოფს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის დოკუმენტზე მისი ხელმოწერაა. ალიბეგაშვილი ასეთი დოკუმენტის არსებობას საერთოდ უარყოფს და ამბობს, რომ საკრებულო სათათბირო ორგანოა, სადაც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ იღებენ.
„ხელმოწერა ყოველთვის არის არა პიროვნული ხელმოწერა, არამედ საკრებულოს გადაწყვეტილების დაფიქსირება. ერთპიროვნულად ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ ხდება. საკრებულო არის სათათბირო ორგანო, სადაც 50 დეპუტატი იღებს გადაწყვეტილებას“, - აცხადებს გიორგი ალიბეგაშვილი.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ საკრებულოში მოკლე პერიოდის განმავლობაში ერთი და იგივე მიწაზე რამდენჯერმე შევიდა განსხვავებული ტიპის განკარგულების პროექტი.
„სამწუხაროდ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესაც აქვს ხელი მოწერილი იმ განკარგულებებზე, რომელიც, კი ბატონო, საკრებულომ კოლექტიური გადაწყვეტილებიით მიიღო. ეს იყო საკრებულოს უმრავლესობა და საბოლოოდ მას ხელი მოაწერა ბატონმა ალიბეგაშვილმა სამივე განკარგულებას - ეს იყო 2015 წლის 18 აპრილი, 2015 წლის 22 მაისი და შემდეგ 2016 წლის აპრილის თვეში.
ეს დოკუმენტები არსებობს, ეს არის საკრებულოს განკარგულებები, სადაც პირდაპირ ოთარ ფარცხალაძე - სახელი და გვარი არ წერია, წერია მისი კომპანია, მაგრამ ამ კომპანიის უკან, რომ იდგა ფარცხალაძე არა მგონია, რომ არ სცოდნოდა საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებს გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ საეჭვი ვითარება იყო, როდესაც ერთი და იგივე მიწაზე სამჯერ შემოვიდა განკარგულება“, - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.
ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მასალები უკვე გამოითხოვა მთავარმა პროკურატურამ. ახლა ირაკლი შოთაძის უწყება თბილისის მერიის მიერ, 2016 წლის პერიოდში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (მიწის ნაკვეთების) გადაცემის კანონიერებას სწავლობს.