„წლიდან წლამდე სუსტდება დსთ-ს ჰეგემონია და იზრდება ევროკავშირის როლი“

„წლიდან წლამდე სუსტდება დსთ-ს ჰეგემონია და იზრდება ევროკავშირის როლი“

„დსთ-ს ჰეგემონია დასრულდა, ევროკავშირი ქართული პროდუქტის მთავარი ბაზარი გახდა“,-ასე ოპტიმისტურად ხედავს  ეკონომისტი მიხეილ დუნდუა საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოტენციალს.

მისივე შეფასებით, 2014 წელს, როცა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქოქებოდა, ქართული პროდუქციის ძირითადი ბაზარი დსთ-ს ქვეყნები იყო. იმ პერიოდში დსთ-ში ორჯერ მეტი ღირებულების ქართული პროდუქტი გადიოდა, ვიდრე-ევროკავშირში. დღეს კი ვითარება რადიკალურად შეცვლილია.

2016 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ქართული წარმოების 514 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა, ანუ 14%-ით მეტი, ვიდრე დსთ-ში. უფრო მეტიც, 2016 წელს, 2014-თან შედარებით, ევროკავშირში ჩვენი „სუფთა ექსპორტი“ 20%-ით გაიზარდა, 2012 წელთან შედარებით კი - 83%-ით.

ასეთი ოპტიმისტური პროგნოზის მიუხედავად, უკვე წლებია, კითხვა კითხვად რჩება, რა შეიძლება შევთავაზოთ ევროკავშირს, რომლის დახლებზეც ერთი საექსპორტო ბოთლის ჩასადგმელი ადგილიც კი შევსებულია?! ვის სჭირდება ჩვენი პროდუქცია და როგორ უნდა დავჩრდილოთ ევროკავშირში წლების განმავლობაში დამკვიდრებული სხვა ქვეყნების საექსპორტო პოტენციალი?!   

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 2009 წლიდან მოყოლებული, რუსეთთან ურთიერთობა ოფიციალურად შევწყვიტეთ და რუსეთში მცირე რაოდენობით თუ გადის ჩვენი პროდუქცია. მართალია, საქართველოში პერიოდულად საუბრობენ იმაზე, რომ უნდა აღდგეს რუსეთთან ურთიერთობა, მაგრამ თვითონ რუსეთი ბლოკავს ამას. რაც შეეხება დსთ-ს სხვა ქვეყნებს, თუნდაც ბელორუსიას, უკრაინას, სომხეთს, აზერბაიჯანს, ამ ქვეყნებში დიდი რაოდენობის საქონელი არ გაგვაქვს, მაგრამ ყაზახეთთან და თურქმენეთთან სავაჭრო ურთიერთობები გაგვაჩნია. ასე რომ, ჩვენი პროდუქციის რეალიზაციის მხრივ ვერ ვიტყვით, რომ დღეისთვის მაინცდამაინც რუსეთია ამოსავალი წერტილი. უბრალოდ, ეს შეიძლება იყოს ძველი ნოსტალგია რუსული ბაზრისადმი. ამიტომაც ხშირად გვესმის, რომ კარგია რუსული ბაზრის გახსნა.

„რასაკვირველია, რუსული ბაზარი არ უნდა უარვყოთ, ყველა მიმართულებით უნდა შევეცადოთ ძალების მოსინჯვას. თვითონ ევროკავშირის ქვეყნებიც კი აღიარებენ, რომ რუსული ბაზარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია მათთვის და ჩვენ რომ ამ ბაზარზე მთლიანად უარი განვაცხადოთ, არ იქნება სწორი. თუმცა, რაც უფრო სანდო პარტნიორთან წავა ჩვენი პროდუქცია და პოლიტიკური ამბიციებისგან თავისუფალი იქნება, მით უკეთესი. რუსეთი ეკონომიკასა და ვაჭრობას, როგორც პოლიტიკურ იარაღს, ისე იყენებს.

იმისთვის, რომ ევროკავშირი ქართული პროდუქციის მთავარი ბაზარი გახდეს, აუცილებელია, ჩვენმა სახელმწიფომ დიდი მარკეტინგული ღონისძიებები გაატაროს. ვერც იმას ვიტყვით,  რომ ევროკავშირი თავს იკლავს ქართული პროდუქცისთვის, ან საერთოდ გაგონილი აქვს ქართული პროდუქციის შესახებ. შესაძლოა, გვითხრან, რომ ქართული თაფლი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რომ ალკოჰოლური ბაზრის ნიშა უკვე დაკავებულია ფრანგების, იტალიელების, ახალი ზელანდიელების, ესპანელების, მექსიკელების, სამხრეთ აფრიკელების მიერ. ესენი ღვინის მწარმოებელი ქვეყნებია.

ჭეშმარიტად ღვინის სამშობლოა საქართველო, მაგრამ ამას განვითარება სჭირდება. ამიტომ თუ ცოტათი მაინც შევძელით შესვლა ნებისმიერ ბაზარზე, ეს მომგებიანი იქნება. კი ბატონო, ეკოლოგიურად, ბიოლოგიურად სუფთაა ჩვენი პროდუქცია, მაგრამ ამას სწორი მარკეტინგული ღონისძიებების გატარება სჭირდება, რათა ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს“, - აცხადებს პაატა აროშიძე და მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრება მომგებიანი იქნება ჩვენი გლეხობისთვის. როდესაც ქალაქში გახიზნული ადამიანიც დაინახავს, რომ გლეხის მიერ ჩადებული შრომა ფუჭად არ იხარჯება, ძალაუნებურად ისიც დაუბრუნდება სოფელს.   

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია  For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ წლიდან წლამდე ჩვენი შესაძლებლობები ევროპულ ბაზარზე იზრდება. თუნდაც 2000 წლიდან მოყოლებული, თუ დავაკვირდებით, როგორი იყო ქართული ექსპორტის სტრუქტურა ევროკავშირის ბაზარზე და ფინანსურად გავიანგარიშებთ, ყოველწლიურად რამდენი მილიონი დოლარის ექსპორტი გადიოდა, დავინახავთ, რომ დინამიკა მზარდია. თანაც, ეს ხდებოდა იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ გვქონდა ასოცირების ხელშეკრულება, რაც კიდევ დამატებითი სტიმულია.

„ამ წუთას შეიძლება ჩვენ დიდი დასაკვეხნი არ გვქონდეს ევროპულ ბაზარზე, მაგრამ გარკვეული ახალი პროდუქტები ამ ბაზარს აუცილებლად შეემატება. 2020 წლამდე ყველა დირექტივის შესრულება მოგვიწევს, რასაც ასოცირების ხელშეკრულება მოითხოვს. შესაბამისად, ჩვენი წარმოება უნდა გახდეს ევროპული სტანდარტების. პარალელურად გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის სერთიფიკაცია და ხარისხის უზრუნველყოფა მოვახდინოთ, რაც დაადასტურებს, რომ ევროპულ ბაზარზე ვარგისიანი პროდუქცია გაგვაქვს. რამდენიმე წლიან პერსპექტივაში მოსალოდნელია, რომ საქართველოდან ბევრად უფრო მრავალფეროვანი და მოცულობით უფრო დიდი ექსპორტი გავიდეს ევროპაში. ეს იქნება არა მხოლოდ ხილი და ბოსტნეული, არამედ გადამუშავებული პროდუქციაც.

გარდა ამისა, ნებისმიერი ინვესტორისთვის საინტერესო გახდება საქართველო, რადგან განუბაჟებლად შეეძლებათ საქონლის შეტანა ევროკავშირის ბაზარზე, რაც აქამდე არ ხდებოდა“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ და განმარტა, რომ, წინა წლებთან შედარებით, უკვე რამდენიმე წელია, ევროკავშირთან ჩვენი სავაჭრო ბრუნვა უსწრებს დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვას.

ეს მაშინ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 15-20 წლის განმავლობაში დსთ ყოველთვის პირველ ადგილზე იყო ჩვენი საექსპორტო მონაცემებით. შესაბამისად, წლიდან წლამდე სრულდება დსთ-ს ჰეგემონია და ევროკავშირის წილი წლიდან წლამდე იზრდება.