არავისთვის უცხო არ არის, რომ მცირემიწიან ქვეყნებს განსაკუთრებულად აშფოთებთ საკუთარი მიწის უცხოელებზე გაყიდვის პერსპექტივა. ამ მიზნით ცალკეულმა ქვეყნებმა მიწის გაყიდვის თაობაზე მორატორიუმი დააწესეს, ან საერთოდ აკრძალეს მიწების განიავება.
საქართველოში პერიოდულად აღელდებიან ხოლმე, როგორც კი გაიგებენ, რომ მიწა უცხოელებზე უნდა გაიყიდოს. თუმცა იმისთვის, რომ დაუმუშავებელი მიწები არ არსებობდეს და მოსახლეობა სოფელს დაუბრუნდეს, თითქმის არაფერი კეთდება.
თსუ-ს ყოფილი რექტორი, ეკონომისტი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ უცხოელები ქართულ მიწას იმიტომ ყიდულობენ, რომ უფრო სარფიანად გაყიდონ, რაც, ცხადია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას არ ავითარებს. მისი აზრით, ბლეფია, თითქოს მიწის გაყიდვა საქართველოში დიდ ეკონომიკურ აქტივობას გამოიწვევს და ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება. ამის დასტურად ლადო პაპავა რამდენიმე წლის წინანდელ გამოცდილებას იშველიებს, როცა ჩვენში უცხოელებზე მიწის გაყიდვა დასაშვები იყო, მაგრამ ამას დიდი ეკონომიკური აქტივობა არ მოჰყოლია. ასე რომ, ჩვენისთანა ჩამორჩენილ ქვეყანაში მიწის გაყიდვა მხოლოდ სპეკულაციური მოვლენაა. ამიტომ, თუკი კონსტიტუციაში იქნება მკაფიო ჩანაწერი, რომ უცხოელს არ უნდა შეეძლოს ჩვენი მიწის ყიდვა, ეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ხედვის გათვალისწინებაც იქნება. მით უფრო, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მიწა სტრატეგიული ობიექტია.
იმ აზრს, რომ მიწას განსაკუთრებული ღირებულება გააჩნია, იზიარებს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში სანდრო სვანიშვილი. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ მიწის კვლავწარმოება და გამრავლება არ ხდება, ამიტომ არ შეიძლება, მიწა ისევე გაიყიდოს, როგორც მასზე მოწეული კარტოფილი. თუმცა, მეორე მხრივ, მიწის გასხვისების მსხვილი აკრძალვაც არ არის მართებული.
„სამწუხაროდ, ჩვენში მიწა რა პირობითაც იყიდება, უმეტეს შემთხვევაში, მისი გამოყენება იმ პირობით არ ხდება. უბრალოდ, მიწა ინახება იმისთვის, რომ შემდგომში კიდევ უფრო ძვირად გადაიყიდოს. ამიტომ, თუ გამონაკლისის სახით მოხდება მიწის უცხოელებზე გაყიდვა, იქ შესაბამისი პირობებიც უნდა ჩაიდოს, კონკრეტულად რა შემთხვევაში შეიძლება მისი გაყიდვა. თუმცა რა სჯობს, თუ ჩვენს მიწას თვითონ ჩვენივე მოსახლეობა გამოიყენებს და გაყიდვა არ მოხდება. ამას სპეციალური სახელმწიფო პროგრამები და დახმარება სჭირდება. ცუდად მოქმედებს ის ფაქტორიც, რომ 5 ჰექტრამდე მიწები გათავისუფლებულია გადასახადისგან. მიწაზე აუცილებლად უნდა იყოს თუნდაც სიმბოლური გადასახადი შემოღებული, რათა ადამიანი იყენებდეს მიწას და არ ხდებოდეს მისი მოცდენა-მიტოვება. იცით, კახეთში რა მიწებია გაყიდული და რა რაოდენობით? მაგრამ რომელი მათგანია გამოყენებული? მიწების 90%-ში წარმოება არ ხდება, ის მიწა დადებულია, როგორც კაპიტალი, რომ შემდეგ კიდევ უფრო ძვირად გაიყიდოს. ადამიანს მიწა თუ აქვს, ვალდებულია, დაამუშაოს კიდეც. თუ არ ამუშავებს, შეიძლება გარკვეული სანქციებიც დაწესდეს“, - აღნიშნა სანდრო სვანიშვილმა.
მისივე თქმით, უცხოელებზე მიწის გაყიდვის მომხრეებს ეგონათ, რომ მიწა დამუშავდებოდა, მოსავალს მიიღებდნენ და ეს საბოლოოდ ეკონომიკას გამოადგებოდა. რეალობაში ასე არ ხდება და ეს უფრო სპეკულაციური მოვლენაა, რაც აზიანებს ჩვენს ქვეყანას.
სანდრო სვანიშვილის აზრით, საინტერესოა, ჩვენი ხალხის ნება რამდენად არის ჩამოყალიბებული მიწების გასხვისების თაობაზე. ხალხის ნება რომ ყოფილიყო, მაშინ დაუმუშავებელი მიწები არ დარჩებოდა. თუმცა მოსახლეობას გული აქვს აცრუებული სოფელზე და ყველა თბილისში ან უცხოეთში მიემგზავრება. უპატრონო ეკლესიას კი ეშმაკები ეპატრონებიან.
„ამიტომ ჯერ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, ვინმეს მივყიდოთ მიწა, არამედ იმაზე, რომ ჩვენი ქონება ჩვენვე გამოვიყენოთ. თუ არ გამოიყენებ შენს ქონებას, რა თქმა უნდა, სხვა წაიღებს. აუცილებელია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც დაეხმარება გლეხებს. რატომ ველოდებით უცხოელ ინვესტორებს, როცა სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ინვესტირება არა მარტო მიწის დამუშავებისას, არამედ პროდუქციის გაყიდვისას. შემოსული თურქული პროდუქცია იმიტომ კი არ არის იაფი, რომ თურქებს იოლად მოჰყავთ, არამედ იმიტომ, რომ თურქეთის სახელმწიფო ეხმარება თურქ ფერმერებს, მათ გადასახადისგან ათავისუფლებენ, სხვა მხრივაც ეხმარებიან. ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან ქართველი გლეხების მიმართ. ვერ ვიტყვი, რომ არაფერი კეთდება. კარგია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხარდაჭერის პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს არა მარტო მიწებისა და ტრაქტორების გადაცემას, არამედ პროდუქციის გაყიდვას, სასუქების მოძიებაში დახმარებასაც. ამას გაფართოება სჭირდება. სამწუხაროდ, მოსახლეობისთვისაც უცნობია ასეთი პროგრამები“.
გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ალავერდაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მილიონ 300 ათასამდე ადამიანია უკვე თბილისში და მთელი სოფლები დაცლილია. მიწას კი მოვლა სჭირდება, მიწის მომვლელი აღარ არის. იმის გამო, რომ მუშახელი არ გვყავს, ზოგიერთები ფიქრობენ, რომ იქნებ, სასარგებლოც იყოს მიწების გაყიდვა და დამუშავება. თუმცა მცირემიწიან ქვეყანაში ეს სარისკოა.
„ახალ ტრასაზე რომ მივდივართ, წეროვანის მინდვრის გარშემო საბჭოთა პერიოდში დიდი ვენახები იყო და ყურძნის კარგი მოსავალი მოდიოდა. ახლა ეს მიწები საძოვრებად არის ქცეული და მოტიტვლებულია. შარშან ამ ადგილებს გამოუჩნდა პატრონი, რომელმაც ნაწილობრივ დათესა ხახვი და მოსავალი მოუვიდა. წელს უფრო მეტი დათესა და ხახვის ძალიან დიდი მოსავალი მიიღო. ეს კარგი მაგალითია. ჰოლანდიაში ერთ მტკაველსაც ვერ ნახავთ დაუმუშავებლად. მათთვის მთავარია, ადგილობრივმა მუშახელმა დაამუშაოს მიწა, ადგილობრივი ნაწარმი მიიღონ და ამან ეკონომიკაზე იმოქმედოს. ჩვენც ამაზე უნდა ვიზრუნოთ. ქართულ მიწას გაფრთხილება სჭირდება, მასიურად მისი გაყიდვა არაფრით შეიძლება. უარყოფითად ვუყურებ მიწის გაყიდვას, რადგან ოდესმე შეიძლება განვითარდეს ჩვენი ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა“, - აცხადებს მერაბ ალავერდაშვილი.
მისივე თქმით, ძირითადად ახლა გადასულნი ვართ და ველოდებით, ვინმემ უცხოეთიდან შემოიტანოს პროდუქცია. საქართველოში იმიტომაც არ ხდება პროდუქციის შექმნა, რომ ვიღაცას, ვისაც ძველ ან ახალ მთავრობაში აქვს ფესვები, უცხოეთიდან შემოქვს პროდუქცია და ეწინააღმდეგება ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ადგილობრივებს იმის ხალისიც არ აქვთ, სოფლის მეურნეობას მიხედონ, მათ ჩანასახშივე უსპობენ ამ იმედს. ამიტომ სოფლის მეურნეობას პრივილეგიები სჭირდება. ადრე იყო 3-4 წლიანი პროგრამა, დახმარება გაიცემოდა გლეხებზე, აძლევდნენ სასუქს, 50 ლარს. ახლა ასე არ არის. შესაბამისად, გლეხმა შეიძლება ვეღარ შეძლოს მიწის მოვლა.
„სამწუხაროდ, ისეთი მძიმე პირობები იქმნება, რომ უპატრონოდ დატოვებული მიწები გაიყიდოს იმ მოტივით, ჩვენ მაინც ვერ ვუვლითო. საბოლოოდ ამით უარყოფით შედეგს მივიღებთ. ამიტომ მთავრობამ უნდა დაასაქმოს ხალხი, დააინტერესოს მუშახელი, რომ ხალხი სოფელში მიბრუნდეს და არ მოუნდეს ქალაქში წამოსვლა“.