„წოპემ

„წოპემ" ჩემი ყელი რომ ნახა, გაოცდა, ასეთი მდგომარეობით როგორ იჭიდავეო

დღევანდელ ტრადიციულ საკვირაო მოგონებებში ერთ ცნობილ ქართველ ფალავანს და მის სპორტულ კარიერას გავიხსენებთ. ბატონ გურამ საღარაძეს მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება.

მსოფლიო პირველობების ორგზის გამარჯვებული და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი იმ დროს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს მოჭიდავედ ითვლებოდა. მართალია ოლიმპიურ ჩემპიონობას ვერ შესწვდა, მაგრამ ამ მიზანს მოგვიანებით მაინც მიაღწია. რაც თავის დროზე გურამ საღარაძემ ვერ მოახერხა, მისმა გაწვრთნილმა დავით გობეჯიშვილმა შეძლო და ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა.

ბატონი გურამ საღარაძე დღეს ჩვენი სტუმარია.

„თბილისის მერვე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. სპორტის კუთხით მართლა ძალიან პროგრესული სასწავლებელი იყო. სხვათა შორის, ჩვენთან სწავლობდნენ შემდგომში ცნობილი მოკრივეები გივი მუხაძე, კოკა მუჯირი, ტანმოვარჯიშეები რუსლან და დავით პერტენავები, მოფარიკავე არჩილ გოგელია... მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული სპორტსმენი ვიყავი, კარგადაც ვსწავლობდი - სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე. ცხადია, ეს არაჩვეულებრივი პედაგოგების დამსახურება იყო, სკოლის დირექტორი კი ყველასთვის საყვარელი მიხეილ სიხარულიძე გახლდათ. მოსწავლეები მას მეტსახელად „დობრი მიშკას" ვეძახდით. ტკბილად მახსენდება ჩვენი მათემატიკის მასწავლებელი აკაკი კუტივაძეც და საერთოდ, გამიჭირდება ყველას ჩამოთვლა - მათგან კონკრეტული საგნის გარდა ზრდილობას და ადამიანობასაც ვსწავლობდით.

სანამ ჭიდაობაზე შევიდოდი, ერთი წელი ტანვარჯიშზე დავდიოდი მაშინდელ კიროვის პარკში, „ბურევესტნიკის" სპორტულ დარბაზში. მაგრამ ჩემი გული მაინც ჭიდაობას ეკუთვნოდა და ამიტომ, მამას ვთხოვე და მანაც ჭიდაობაზე გადამიყვანა. რესტორანი „არაგვი" რომ იყო მტკვრის სანაპიროზე, სწორედ იქ მდებარეობდა დარბაზი: პირველ სართულზე მოკრივეები ვარჯიშობდნენ, მეორეზე ჩვენ, მოჭიდავეები. ჩემი პირველი მწვრთნელი არაერთი შესანიშნავი ფალავნის აღმზრდელი შალვა ნოზაძე გახლდათ.

სკოლის დასრულებისთანავე ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და რამდენიმე დღეში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში უკრაინაში, ოდესაში წავედი ჩემს პირველ „დიდ" შეჯიბრებაზე. გუნდში ძლიერმა მოჭიდავეებმა მოვიყარეთ თავი: ვლადიმერ რუბაშვილი, ჯუმბერ დავლიანიძე, ნუგზარ გოგიბედაშვილი, ლერი ძაგანია, ზაურ ძიძიკაშვილი, ქართლოს გილაური.

იმ დროს უკვე „პეტრეს დარბაზში" ვვარჯიშობდი, უფროსების მხარდამხარ. ჩვენი კლუბი ყოფილი ორჯონიკიძის ქუჩაზე მდებარეობდა, გაუქმებულ ეკლესიაში, „პეტრეს დარბაზი" კი ცნობილი მწვრთნელის პეტრე იორდანიშვილის საპატივცემულოდ ეწოდა. ჩვენ, ახალგაზრდა ბიჭები დიდი აღტაცებით შევცქეროდით აღიარებულ ფალავნებს: დავით ციმაკურიძეს, მირიან ცალქალამანიძეს, ვახტანგ ბალავაძეს, გიორგი სხირტლაძეს... იქვე ვარჯიშობდნენ „კლასიკოსებიც": გივი კარტოზია, ავთანდილ ქორიძე, როსტომ აბაშიძე, რომან ძნელაძე... მოკლედ, „პეტრეს დარბაზი" მოჭიდავეების ნამდვილი „მექა" იყო

1958 წელს, 19 წლისა, საკავშირო ნაკრების კანდიდატთა შორის მოვხვდი, 60-იან წლებში კი გუნდის მუდმივი წევრი ვიყავი. მე, რუბაშვილმა, ბერიაშვილმა და მოგვიანებით გუნდში დამკვიდრებულმა შოთა ლომიძემ საკავშირო ნაკრებში უმტკივნეულოდ შევცვალეთ სახელოვანი ქართველი ფალავნები.

60-იან წლებში საქართველოში მოჭიდავეთა ძალიან ძლიერი თაობა იყო. საკავშირო ნაკრების წევრები ხომ ჩამოგითვალეთ, მაგრამ მათ გარდა გამოირჩეოდნენ ზაურ შეყრილაძე, ზაურ მჭედლიშვილი, სპარტაკ ქარსაულიძე... სხვათა შორის, ძიუდოსგან თავისუფალ დროს ანზორ კიკნაძეც ჩვენთან ჭიდაობდა. ერთი სიტყვით, სანამ საკავშირო ნაკრებამდე მივიდოდით, საქართველოში გვიწევდა მძაფრი კონკურენციის დაძლევა.

იმ დროს სსრკ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ დიაკინი იყო, ძალიან კარგი ადამიანი და თავის საქმის პროფესიონალი. დიაკინი ქართველებისადმი ყოველთვის კარგად იყო განწყობილი - შორს იდგა რუსული შოვინიზმისგან და ამიტომ, რუსეთში ზურგსუკან „კავკაზკი პლენნიკს" ეძახდნენ. დიაკინი პირველ რიგში მოჭიდავის ოსტატობას უყურებდა და არა ეროვნებას. ამიტომაც იყო მის დროს საკავშირო ნაკრები მრავალეროვანი და... ძალიან შეკრულიც!

მე ვახტანგ ბალავაძის წონაში ვჭიდაობდი. ბატონ ვახტანგს „ჭიდაობის პროფესორს" ეძახდნენ და ახლა თავად მიხვდით, რას ნიშნავდა ჩემთვის მის წონაში გამოსვლა. ბალავაძე რომ წავიდა, ამ წონაში უძლიერესებად მიხეილ ბეკმურზოვი და გარსევან ნებიერიძე ითვლებოდნენ. ეს უკანასკნელი კიევის სახელით ასპარეზობდა. ორივე სამ-სამჯერ იყო საკავშირო ჩემპიონი. აი, ასეთ მეტოქეებთან მიხდებოდა ნაკრებში დამკვიდრება.

ყველაზე მწარედ ნებიერიძესთან წაგება მაგონდება. თუ არ ვცდები, საკავშირო ჩემპიონატის შეხვედრა იყო - კონტრილეთზე წამოვეგე და... ჩემთან გამარჯვების შემდეგ ნებიერიძეს დაუქადნია, საღარაძეს და ბალავაძეს სადაც შევხვდები, ყველგან მოვუგებო. მის ბაქიაობაზე მეტად ბატონი ვახტანგის ასე ზერელედ ხსენებამ გამაღიზიანა - რა საჭირო იყო ამ სიტყვების თქმა, „ჭიდაობის პროფესორი" ხომ იმ დროს ხალიჩაზე აღარ გადიოდა?! 1962 წელს გარსევანს ბაქოში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე შევხვდი და მოვუგე. იმ წამს მინდოდა დანაქადნი შემეხსენებინა, მაგრამ გული აღარ ვატკინე - წამოვაყენე და გადავეხვიე.

1963 წელს თბილისში, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისარებად ირანის ნაკრებიც ჩამოვიდა. მათთან პაექრობა ერთგვარი გამოცდა იყო. მოვიგებდი? - ნაკრებისკენ გზა ხსნილი მქონდა! ჩემს წონაში ირანელებს სახელგანთქმული იმამ ალი ჰაბიბი ჰყავდათ, იმ დროისთვის მელბურნის ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. ჰაბიბს ქართველი გულშემატკივარი მის შესახებ გადაღებული ფილმიდან - „მაზენდერანელი ვეფხვი" - იცნობდა. ძალიან ძლიერი ფალავანი იყო... პაექრობის წინ სიცხე მქონდა - გლანდები მაწუხებდა, თუმცა მაინც გავედი ხალიჩაზე და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ვაჯობე. მეორე დღეს სახელგანთქმული „წოპეს" კლინიკაში ამოვყავი თავი - გლანდები ამომაჭრეს. „წოპემ" ჩემი ყელი რომ ნახა, გაოცდა, ასეთი მდგომარეობით როგორ იჭიდავეო. რამდენიმე თვე დამჭირდა ფორმის აღსადგენად, თუმცა მწვრთნელებისთის ჰაბიბისთან ჩემი გამარჯვება საკმარისი გამოდგა და ნაკრებშიც პირველ ნომრად დავმკვიდრდი.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მუხლჩაუხრელად ვემზადებოდი. ოლიმპიადაზე მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსით ჩავედი - 1963 წელს მოვიგე ტიტული და იაპონიაშიც ოქროს მედლის მთავარ ფავორიტად ვითვლებოდი. ჩემს გარდა ჩემპიონობის კანდიდატებად თურქ ისმაილ ოგანს და ირანელ მოჰამედ სანათქარანს განიხილავდნენ. სამივე დამაჯერებლად მივიწევდით წინ, გადამწყვეტი ორთაბრძოლა კი ოგანთან გადამხდა - ჩვენი ჭიდაობა ფრედ დასრულდა და რადგან მეტოქეზე 700 გრამით მძიმე აღმოვჩნდი, ოქროს მედალი მას გადაეცა. ოგანი ჩემს წინააღმდეგ სულ გაქონილი გამოვიდა - ჩავლებას ვერ ვახერხებდი, თან ორთაბრძოლას გაურბოდა. იმ დროს გაფრთხილებები რომ ყოფილიყო, მოგებას მე მომაკუთვნებდნენ, მაგრამ... ძალიან გულგატეხილი ვიყავი, ვერ წარმოიდგენთ ისე დამწყდა გული.

ოგანთან შეხვედრამდე ფილიპინელი ჯობ მაიო, ავღანელი შაქარ ხან შაქარი, კანადელი ფილიპ ობერლენდერი და ინდოელი მადხო სინგხი დავამარცხე, მოჰამედ სანათქარანთან კი მსაჯებმა ფრე დააფიქსირეს. სხვათა შორის, სინგხი ბეჭებზე დავდე. ვახტანგ ბალავაძე მიყვიროდა, შებოჭე, არ გაუშვაო, მაგრამ მთავარმა მსაჯმა მანიშნა და მეც შევეშვი. წამოვდექი და რას ვხედავ: გვერდითი მსაჯი სუფთა გდებას არ მითვლის! სინგხთან წმინდა მოგება რომ ჩამეწერა, ოგანთან ფრეს მიუხედავად, ჩემპიონი გავხდებოდი.

ჩვენ დროს ჭიდაობაში რამდენიმე უცნაური წესი იყო. მაგალითად, ტოკიოში ზარბეგ ბერიაშვილმა ექვსი შეხვედრა მოიგო, მაგრამ პრიზიორთა სამეულშიც ვერ მოხვდა, რომან რურუამ კი დაუმარცხებლად დაასრულა შეჯიბრება, თუმცა ოქროს მედალი მის მეტოქეს, უნგრელ იმრე პოიაკს ერგო.

ტოკიოს ვერცხლის მედლის მოგების მეორე დღეს, გულდამძიმებულმა, თბილისიდან ჩემი უფროსი მეგობრების ეროსი მანჯგალაძის და დოდო აბაშიძის დეპეშა მივიღე: „ჩვენო გურამ, შენი ვერცხლი ოქროს გვირჩევნია, მშვიდობიანად დაბრუნდი სამშობლოში"! - იცოდნენ ჩემი ხასიათი და მამხნევებდნენ. 1965 წელს მსოფლიო ჩემპიონატს მანჩესტერმა უმასპინძლა. ოგანთან რევანში მწყუროდა, თუმცა ის ინგლისში არ ჩავიდა. ყველა დავამარცხე და მეორედ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი!

ტიტულებთან ერთად პოპულარულიც ვხდებოდი. იმის გამო, რომ ხშირად მიწევდა საწვრთნელი შეკრება, ინსტიტუტში ბევრი ლექცია მიცდებოდა, თუმცა საკუთარ თავს არ ვაძლევდი შეღავათის მოთხოვნის უფლებას. შეჯიბრებიდან დაბრუნებული წიგნებს ჩავუჯდებოდი და გაცდენილის ანაზღაურებას ვცდილობდი. მალე ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე გადავედი. იქაც შესანიშნავი პედაგოგები მყავდა: კათედრის გამგე ბორის ივანოვი, ლიდა წულუკიძე... სპორტსმენის კარიერა რომ დავასრულე, რამდენიმე წელი ჩემი სპეციალობით ვმუშაობდი: ჯერ ვარკეთილის ღვინის ქარხანაში, შემდეგ კი საკონდიტრო ფაბრიკა „მზიურში".

1979-1980 წლებში საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი გახლდით. ახალგაზრდებს შორის ქვეყნის ჩემპიონატს ყვარელმა უმასპინძლა და სწორედ იქ აღმოვაჩინე დავით გობეჯიშვილი - დათო ქუთაისის სამშენებლო ტექნიკუმის სახელით გამოდიოდა. იქ მას შესანიშნავი მწვრთნელები ჰყავდა - მურად დოხტურიშვილი, მანამდე კი შურა მაისურაძე. ჩემი მოთხოვნით დათო თბილისში გადმოვიდა და როგორი სპორტსმენიც დადგა, კარგად იცით. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მან ოლიმპიადა და მსოფლიო ჩემპიონატები მოიგო, ვთვლი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მეტის მიღწევა შეეძლო. ისე, ძალიან ძლიერი კონკურენტები კი ჰყავდა ასლან ხადარცევის და ამერიკელი ბრიუს ბაუმგარტნერის სახით.

ბევრი მეგობარი მყავს. ვცდილობ მეგობრები კარგი ადამიანებიდან ამოვარჩიო. მეგობრის არჩევისას ჩემთვის ყველაზე მთავარი ადამიანურობაა - ცხოვრებაშიც და ურთიერთობაშიც. არ შემიძლია ვიღაცას პატივი ვცე თანამდებობის გამო, მით უმეტეს, თუ პიროვნება უზნეოა.

თბილისი ძალიან მიყვარს! ეს ქალაქი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ძალიან ჩემია. თბილისის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია - აქ ხომ ყოველი კუთხე-კუნჭული ასე ნაცნობია. და კიდევ: თბილისში რომ ურთიერთობებია, მსგავსი არსად მინახავს და მიგრძვნია.

საერთაშორისო შეჯიბრებებზე ყოველთვის საყვარელიძეების ოჯახიდან მაცილებდნენ. არ შემიძლია ტკბილად არ მოვიგონო ჩემი მეგობარი ივიკო საყვარელიძე, მამამისი - ბატონი დავითი, მისი დები... მათთან შეხვედრა, მათი დალოცვა და კეთილი სურვილები ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო.

გიტარა დღემდე ძველებურად მიყვარს. ახლა, ასაკში შესული რომ ვფიქრობ, მეცინება, შეკრებებზე გიტარით რომ მივდიოდი. რომ არა დროსტარებისადმი და მოლხენისადმი გადაჭარბებული სიყვარული, ალბათ, მსოფლიოს მეტი ოქრო მექნებოდა და ეგებ, კიდევ ერთ ოლიმპიადაზეც გავსულიყავი. თუმცა რაც იყო, იყო - ეტყობა ეს გზა უნდა გამევლო.

ვამაყობ იმით, რომ ქართველი ვარ. მიყვარს ყველაფერი ის, რითაც ლამაზია საქართველო. რა თქმა უნდა, ქეიფიც მიყვარს, სიმღერაც, თამადობაც, მაგრამ სამშობლოს სიყვარული ჭიქის აწევით და ლამაზი საუბრით კი არა, საქმით მტკიცდება. მეც სწორედ ამას ვცდილობ - ჩემი პატარ-პატარა საქმეებით სიკეთე მოვუტანო სამშობლოს.

სამეგობროში სახელგანთქმული თამადა ვარ, ამ საქმეში ჩემი მასწავლებელი კი საქვეყნოდ ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მართლა შესანიშნავი თამადა სიმონიკა სხირტლაძე იყო. ასევე შესანიშნავად იციან სუფრის გაძღოლა ჯემალ ჭკუასელმა და ანზორ ერქომაიშვილმა. საერთოდ, ჩემი შეხედულებით, თამადობა ერთგვარი კოდექსია, სადაც ზედმიწევნით კარგადაა დაცული სუფრასთან ქცევის წესი, უფროს-უმცროსობა, წარსულისადმი პატივის მიგების ტრადიცია... მე თუ მკითხავთ, ჩვენ, ქართველები რომ აქამდე მოვედით, ქართული სუფრის დამსახურებაცაა.

ვისურვებდი, რომ ქართველები, პირველ რიგში მაღალზნეობრივნი იყვნენ, ეროვნული ტრადიციების ერთგულნი. რა თქმა უნდა, სიახლეც უნდა შეითვისონ, მაგრამ ფესვებს არ უნდა მოსწყდნენ. საერთოდ, ასე მგონია, რომ ფართოდ უნდა გავუღოთ კარი იმ პროგრესს, რომელიც ჩვენი ცხოვრების წესს ამშვენიერებს და უკეთესობისკენ ცვლის“.