მუხლჩაუხრელი ბრძოლა 94-ე მუხლის გარშემო

მუხლჩაუხრელი ბრძოლა 94-ე მუხლის გარშემო

ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები გადასახადების თაობაზე საკონსტიტუციო ჩანაწერის გაუქმებას მხარს უჭერენ, მოსახლეობა, ბიზნესმენები და არასამთავრობოები კი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი გადასახადების შეცვლის შესაძლებლობას, ქვეყნისთვის სასარგებლოს უწოდებს. “ჩვენ ვხედავთ მეტ მოქნილობას და სარგებელს, არა იმაში რომ გადასახადების ზრდის შესაძლებლობა იყოს, არამედ, იმაში რომ შესაძლებელი იყოს შეიცვალოს გადასახადების სტრუქტურა.

გადასახადები, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს, ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე. ამიტომ გადასახადების შეცვლის შესაძლებლობა მეტად სასარგებლო და მოსახერხებელი იქნებოდა. თუმცა საბოლოოდ ეს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია“, - აცხადებს ფონდის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ფრანსუა პეშო.

როგორც ჩანს, მთავრობა სწორედ სავალუტო ფონდის რეკომენდაციით ხელმძღვანელობს, როდესაც კონსტიტუციის ეტაპზე 94-ე მუხლის შეცვლას აპირებს. ეს კი დიდ მღელვარებას იწვევს, როგორც საზოგადოებაში, ასევე ბიზნესმენებში.

“გაუგონარია, ეს არ უნდა დავუშვათ~, - ამბობს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი და დასძენს, რომ ეს იმდენად ხელშეუხებელი თემაა, საკითხის დაყენებაც კი, დაუშვებელია. კონსტიტუციაში ამ მუხლის შესაძლო ცვლილებაზე ბიზნესსექტორს  ადრეც არაერთხელ დაუფიქსირებია  თავისი უარყოფითი დამოკიდებულება.

საკონსტიტუციო კომისიის წევრი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე აცხადებს, რომ ახალი გადასახადის შემოღება ან არსებული გადასახადის ზედა განაკვეთის ზრდა დაუშვებელია რეფერენდუმის გარეშე.

“ამ ნორმის გაუქმებას ითხოვს სოციალ-დემოკრატიული პარტია, აუდიტორია 115, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები, საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმე ექსპერტი წევრი. ამ მუხლის გაუქმების შედეგი იქნება ის, რომ გადასახადის ზედა ზღვარის გაზრდის უფლება ჩამოერთმევა ხალხს და გადაეცემა საქართველოს პარლამენტს (მთავრობის ინიციატივით).

მაგალითად, თუ ოფისის დალაგებისათვის ადამიანი იღებს თვეში 100 ლარს, დღეს მოქმედი კანონმდებლობით ასეთი დამლაგებელი დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით, რაც არის 20 პროცენტი. ანუ დამლაგებელი თვეში ხელზე აიღებს 80 ლარს. თუ მთავრობას ხვალ გაუჩნდა სურვილი, რომ საშემოსავლო გადასახადი უნდა გაზარდოს 40 პროცენტამდე, ასეთ შემთხვევაში ჩვენი დამლაგებელი ხელფასის სახით აიღებს არა  80, არამედ 60 ლარს. როგორ ფიქრობთ, მთავრობა საშემოსავლო გადასახადის 20-დან 40 პროცენტამდე გაზრდას რეფერენდუმის გზით უფრო იოლად შეძლებს თუ პარლამენტის 76 წევრის მეშვეობით, რომელიც იმავე პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელია, რასაც მთავრობა მიეკუთვნება?

ვინაიდან დამლაგებელის შემოსავლის მქონე ადამიანები ამომრჩეველთა მინიმუმ ნახევარია და უფრო მეტიცაა, არც ერთი მათგანი მხარს არ დაუჭერს იმას, რომ 80 ლარის ნაცვლად შესრულებული სამუშაოსათვის აიღოს 60 ლარი.

კონსტიტუციის 94-ე მუხლის ამოღება ნიშნავს არა მხოლოდ პირდაპირ დემოკრატიაზე - რეფერენდუმზე უარის თქმას, არამედ დაბალშემოსავლიანი ადამიანების რისკის წინაშე დაყენებას, რომ სახელმწიფო მათ მიერ გამომუშავებული შრომის ანაზღაურებიდან უფრო მეტს წაიღებს“, - აღნიშნავს გიორგი გოცირიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 94-ე მუხლთა დაკავშირებით ახალი კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“ულტრამემარცხენე პოზიციის ადამიანებმა ერთგვარი აქციაც კი მოაწყვეს, რადგან თითქმის ყველა შეხვედრაზე ორი, სამი, ხუთი შეკითხვა ისმოდა 94-ე მუხლთან დაკავშირებით და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ჩვენ გავხდით იმ გადაწყვეტილების მძევლები, რაც თავის დროზე პოპულისტური განზრახვით მიიღო წინა ხელისუფლებამ. საზოგადოების წევრები დიფერენცირების საშუალების გამორიცხვაზე საუბრობენ. მაგალითად, მდიდარი ადამიანისთვის რომ გაიზარდოს საგადასახადო ვალდებულება და დარჩეს უცვლელი ან შემცირდეს ღარიბი ადამიანისთვის, ეს ვერ ხერხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ეტაპზე გუნდში ვთანხმდებით, რომ ეს ნორმა უნდა გადაიხედოს“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.