ოთარ წოწორიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის უცნობია, როგორ აღმოჩნდა იარაღი საცხოვრებელ სახლში. ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ წოწორია გამოძიებასთან პირველივე წუთიდან თანამშრომლობს, თუმცა საუბრობს კითხვის ნიშნებზე როგორც პროცედურების, ისე საგამოძიებო მოქმედებების კუთხით. კერძოდ, არსებობდა თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა, რატომ არ იყვნენ ადგილზე დამსწრეები და რატომ შეეზღუდა ადვოკატს ჩხრეკაზე დასწრების უფლება.
„ოთარს არაერთხელ ვესაუბრე და მისთვის წარმოუდგენელია, თუ როგორ აღმოჩნდა ის იარაღი საცხოვრებელ სახლში. მას აღნიშნული იარაღი არ ჰქონდა, იგი გამოძიებასთან პირველი წამიდან თანამშრომლობს. ოთარს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია არც ჩხრეკის ჩატარებისას და არც შემდგომ. სახლიდანაც კი არ გადის. ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ, რომ ოთარ წოწორიას უდანაშაულობა დამტკიცდეს. ბრალის წარდგენისთვის მტკიცებულებათა ერთობლიობაა საჭირო. სანამ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ ექნება საგამოძიებო ორგანოებს, გამორიცხულია ბრალის წარდგენა“, - აცხადებს ლევან მახარაშვილი.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლში მიმდინარე 4-საათიანი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს. შსს-ში აცხადებენ, რომ ბათუმში, წოწორიას ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. გამოძიება სსსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
თავად ოთარ წოწორია მის საცხოვრებელ სახლში ჩატებულ ჩხრეკას ანგარიშსწორებად აფასებს და აცხადებს, რომ ამოღებული ნივთებიდან მხოლოდ ორი სანადირო თოფია მისი საკუთრება. მისთვის უცნობია, როგორ აღმოჩნდა მის სახლში სხვა იარაღები. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავები მის სახლში დაახლოებით თვე ნახევრის წინაც იმყოფებოდნენ.
„იყვნენ მოსულები ავტოფარეხში, შეამოწმეს დანადგარები, მოტრიალდნენ და წავიდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის ყველაფერი გაკეთებული. ჩემი და იყო ადეიშვილის მოადგილე და ალბათ ამიტომ. სანადირო თოფები ნამდვილად ჩემია, რაც არის რეგისტრირებული. მემკვიდრეობითი კუთვნილებაა. არც არასდროს მისვრია ეს თოფი და მაქვს შენახული როგორც სახსოვარი. დანარჩენი ნაპოვნი ნივთები, წარმოუდგენელია ჩემთვის საიდან და როგორ გაჩნდა ჩემთან“, - ამბობს წოწორია.
ოთარ წოწორიას განცხადებით, დასთან შეხვედრა დეკემბერში ჰქონდა, რა დროსაც ნონა წოწორიამ მას უთხრა, რომ ყურადღებით ყოფილიყო.
„მეუბნებოდა, რომ ჩემს გამო რაღაცეები შეიძლება მოხდესო. არაკეთილმოსურნეები ყველას ჰყავს საქართველოში. მე არ ვარ პოლიტიკოსი, ჩვეულებრივი მუშა ადამიანი ვარ. არასდროს გამიკეთებია რაიმე კანონსაწინააღმდეგო, ჩემი შრომით მივაღწიე ყველაფერს თუკი რაიმე გამაჩნია. იარაღი არ მქონია“, - აცხადებს ოთარ წოწორია.
მოსამართლე ნონა წოწორიას და, ეთო წოწორია მისი ძმის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას „ფეისბუქის“ საშუალებით ეხმაურება და წერს, რომ პატიოსანი და მშრომელი ხალხი თუ ასეთი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდება, რომელ სამართლიანობაზე და მითუმეტეს სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი ჩვენს ქვეყანაში.
„ეს ყველაფერი ბლეფია როგორც ყველაფერი დანარჩენი საქართველოში. ნახონ ჩემი ძმის ხელები და მერე ბოტასების ქურდების ხელებიც ნახონ. ნონა თუ ადეიშვილის მოადგილე იყო, ეს დანაშაულია? ჩემო დაო!!! საქართველო და ქართველები არ ყოფილან შენი შრომის ღირსები და ღმერთს ვთხოვ შენი ყოველი გათენებული ღამე ამათ ძმრად ამოდინდეთ და არ შეერგოთ სავარძლებში თბილად ჯდომა!!!“, - წერს ეთო წოწორია.
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიას განცხადებით, აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მისი ძმის სახლში ჩატარებული ჩხრეკა უკავშირდება მის საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, მაგრამ აქვე აცხადებს, რომ ვერაფერი მოახდენს გავლენას მის მიერ სამოსამართლო ფუნქციების განხორციელებაზე. მოსამართლე ამბობს, რომ მისი ძმის სახლიდან ამოღებული პისტოლეტი და ვაზნები, არ არის მისი ძმის საკუთრება.
„ჩემს ძმას არასდროს ჰქონია კანონთან რამე პრობლემა და არ არის ნასამართლევი. ჩემი ოჯახისთვის თავისუფლება, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა და კანონმორჩილება ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი ღირებულებები. მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ აღნიშნული ქმედებები უკავშირდება ჩემს საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. მსურს განვაცხადო, რომ ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე და კვლავაც შევიტან წვლილს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცების საქმეში“, - აცხადებს ნონა წოწორია.
ოთარ წოწორიას სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ოპოზიცია იმ საქმეების განხილვას უკავშირებს, რომელშიც ნონა წოწორია მონაწილეობს და რომელიც მათივე მტკიცებით, სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას - მათ შორისაა ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას საქმეები.
ოპოზიცია ეჭვობს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შურისძიებას ხელისუფლების მხრიდან, ან მცდელობას, ზეწოლა მოახდინონ მოსამართლეზე. ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მოსამართლე წოწორია საქართველოს ხელისუფლებისთვის არაკომფორტული მოსამართლეა.
„ფაქტია, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია. მაშინ, როდესაც ფარცხალაძე დაუსჯელია, ხოლო სოსო გოგაშვილი ისევ თანამდებობაზე, ამ დროს კი ევროსასამართლოს მოსამართლის ძმის ოჯახში ხორციელდება რამდენიმესაათიანი ჩხრეკა, სადაც იარაღს პოულობენ, ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს.
ფაქტია, რომ ქალბატონი წოწორია საქართველოს ხელისუფლებისთვის არაკომფორტული მოსამართლეა, რადგან ის იხილავს ბევრ ისეთ საქმეს, რომელიც ივანიშვილისთვის კომფორტს არ წარმოადგენს. მათ შორის იგივე „რუსთავი 2“-ის საქმე, როცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ გადადგმული არადემოკრატიული ნაბიჯი შეაჩერა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მოსამართლეზე ზეწოლას არ გამორიცხავს, მაგრამ ამ კონკრეტულ ფაქტზე კომენტარის გაკეთება გამოძიების დასრულებამდე მიზანშეწონილად არ მიაჩნია, ირმა ინაშვილს. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ამბობს, რომ განცხადებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც გამოძიების შედეგები იქნება ცნობილი.
„არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება, სანამ საქმის ვითარებას არ გავეცნობი. საქმე კი იმაშია, რომ სასამართლო დღეს არ არის თავისუფალი. არ არის თავისუფალი ხელისუფლების წნეხისგან. სასამართლოს სახე დღეს არის მურუსიძე, ჩინჩალაძე.
ეს არის აბსოლიტური ნონსენსი და გაუგებრობა. ამიტომ ასეთ ნიუანსებს არ გამოვრიცხავ, რომ იყოს ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ამ კონკრეტულ ფაქტზე არ შემიძლია კომენტარის გაკეთება გამოძიების დასრულებამდე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში არ გაჩნდეს არც ერთი კითხვის ნიშანი. როგორც გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, აღნიშნული საქმის მიმდინარეობას ყველა ეტაპზე დააკვირდებიან.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ზოგადად, კატეგორიულად დაუშვებელია ნებისმიერ მოსამართლეზე ზეწოლა მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. ჩვენ გავეცანით მათ შორის ოჯახის წევრების განცხადებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეში არ გაჩნდეს არც ერთი კითხვის ნიშანი რაიმე ფორმით და აქედან გამომდინარე, ჩვენ აღნიშნული საქმის მიმდინარეობას ყველა ეტაპზე უკიდურესად დიდი ყურადებით დავაკვირდებით“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის, განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს ვიცე-პრემიერი. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონზე მაღლა არავინ დგას, მათ შორის, არც მოსამართლის ძმა.
„რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს, რომელიც კანონს არღვევს, ურჩევნია, რომ რაღაც თავდაცვა მოიფიქროს და ამ შემთხვევაში, ეს არის თავდაცვის სტრატეგია. ჩვენ ვამბობთ, რომ კანონზე მაღლა არ დგას არავინ, არც მოსამართლის ძმა, არც მინისტრის ძმა და აბსოლუტურად არავინ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, თუ კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე, ეს არის აბსოლუტურად გამართლებული, მიუხედავად იმისა, ვის ნათესავზეა საუბარი“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ოთარ წოწორიას საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს სახალხო დამცველი.
„ჩვენი წარმომადგენელი იმყოფებოდა ადგილზე, გავესაუბრეთ მათ, თუმცა ამ ეტაპზე ადვოკატი არ ითხოვს სახალხო დამცველის ჩართვას პროცესში. ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით საქმეში არ ვართ ჩართული, გარდა იმისა, რომ გუშინ ვესწრებოდით იმ პროცედურებს, რომელიც ჩატარდა. ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ საქმის ობიექტური გამოძიებით“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.