„ჩემი პრიორიტეტი არის ოთარ ფარცხალაძის კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავება“

„ჩემი პრიორიტეტი არის ოთარ ფარცხალაძის კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავება“

მასალები, რომელზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დასკვნა დადო და რომელიც ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემის საკითხს ეხება, გასაჯაროვდა. საქმე ეხება მიწის ნაკვეთს, რომლის ადგილმონაცველობასაც ამჟამად ოთარ ფარცხალაძის კუთვნილებაში მყოფი კომპანია 2010 წლიდან ითხოვდა, თუმცა მოთხოვნა თბილისის მერიამ მხოლოდ მას შემდეგ დააკმაყოფილა, რაც კომპანიის მფლობელი ყოფილი მთავარი პროკურორი გახდა.

სკანდალური დოკუმენტები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა. ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, ფარცახალაძე მიწის ნაკვეთზე, სადაც რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმებოდა, ოთხი 20 სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.

„ხელთ მიჭირავს დოკუმენტი, რომელითაც დასტურდება, რომ ფარცხალაძე ერთ დღეში გახდა მილიონერი და ახალა ის ითხოვს მერიისგან, რომ თავის მილიონებს მილიონები შეემატოს, მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ და ყველას, ვინც მას ამ გზაზე გადაეღობება, გაუსწორდეს მსგავსი ძალადობრივი მეთოდებით, როგორც ის გაუსწორდა ბატონ თორდიას. ჩვენ მოვითხოვთ ბატონი ნარმანიასგან, ნუ ჩაიდენს დანაშაულს, შეაჩეროს აღნიშნული საკითხის განხილვა და ნუ ჩადგება „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი ინტერესების დაცვაში“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე რომელიც აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელ დროებით კომისიას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურის ფინანსურ საქმიანობაში რაიმე სერიოზული დარღვევა არ იკვეთება. თუმცა როგორც კვიჟინაძე აცხადებს, რაღაც წვრილმანი საკითხები არის.

„პარლამენტის დროებითი კომისია დასკვნას ერთ თვეში მოამზადებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური საქმიანობის შესწავლის მიზნით დროებითმა კომისიამ აიყვანა სამუშაო ჯგუფი, რომელიც არის მსოფლიოს დიდ ათეულში შემავალი კომპანია „ნექსია“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას პაატა კვიჟინაძემ.

დავით ნარმანიას განცხადებით, ფარცხალაძისთვის ვეძისის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მიწის ნაკვეთის გადაცემა კანონმდებლობის და პროცედურების დაცვით განხორციელდა. თუმცა, დეტალური კომენტარის გაკეთებას მხოლოდ აუდიტის სამსახურის დასკვნის შემდეგ შეძლებს.

„როგორც კი აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდება და ვნახავთ, რასაკვირველია, შევძლებთ გავაკეთოთ დეტალური კომენტარი. ველოდებით დასკვნას, არ ვიცით, რა წერია დასკვნაში და რაზეა საუბარი. წინასწარ კომენტარის გაკეთება, ჩემი აზრით, მიზანშეუწონელია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველაფერი კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების დაცვითაა განხორციელებული. ასე რომ, არამგონია რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდეს ადგილი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სახელმწოფო აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნის გასაჯაროვება გაურკვეველი დროით გადაიდო. ლაშა თორდია დასკვნის გამოქვეყნების გადადებას ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებს. ამბობს, რომ ფარცხალაძეს არ შეაკვდება, მაგრამ სერიოზულ ბრძოლას აპირებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა, რომელიც ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ჰქონდა, თბილისის მერიაში დაუკმაყოფილეს. თორდია ამბობს, რომ მერიასა და ფარცხალაძეს შორის კორუფციულ გარიგებებს ჰქონდა ადგილი, რასთან დაკავშირებულ მასალებსაც მალე გაასაჯაროებს.

„ჩემი პრიორიტეტი არის ოთარ ფარცხალაძის კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავება. მზად ვარ ამაზე ვისაუბრო მას შემდეგ, რაც ამ ადამიანს ვიხილავ იქ, სადაც მისი ადგილია. კორუფციული გარიგება ეხება ვერეს ხეობაში მიწის ნაკვეთების ჩანაცვლებას და შემდეგ, სადაც ჩაანაცვლა იქ კიდევ დამატებით, ფაქტობრივად პირდაპირი წესით მოხდა ყველაფერი, რადგან პირდაპირ დაუკმაყოფილეს ყველა ის მოთხოვნა, რაც მან მოითხოვა მერიაში და გადასცეს მიწის ნაკვეთები. არც ერთი გოჯი მიწა მისი შრომით, მისი დაზოგილი თანხებით არ არის. ამას ყველაფერს გამოვააშკარავებთ“, - აცხადებს ლაშა თორდია.

გამომძიებლებს გამოკითხვის გაგრძელებაზე უარი განუცხადა თორდიამ, რადგან ამბობს, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურატურა შეთანხმებულად მოქმედებენ.

„გუშინდელი დღიდან გამომდინარე, ჩემი ნდობა პროკურატურის მიმართ არის მინიმალურზე მინიმალური. ჩემი ეჭვი ეფუძნება იმ გარემოებებს, რაც გუშინ განვითარდა მას შემდეგ, რაც ჩემთან იყვნენ პროკურორები და დამისვეს შეკითხვები, მქონდა თუ არა დალეული ალკოჰოლური სასმელები, უკვე საღამოს კი ვიხილეთ განცხადება, რომელიც გააკეთა ბატონმა ოთარმა. გამიჩნდა დიდი ეჭვი, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურატურა მოქმედებენ შეთანხმებულად“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.

მისივე თქმით, ფარცხალაძის სახლში მობილიზებულია ფინანსური პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, ადამიანები, რომლებიც ღამის 2 და 3 საათზე მასთან იკრიბებიან და განიხილავენ რაღაც საკითხებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღეებში ჩემი მისამართით არა ერთი ბრალდება გაიჟღერებს, შესაძლოა ვიდეოებიც გავრცელდეს. სტრატეგია ჩამოაყალიბეს, აპირებენ გამოაქვეყნონ 2016 წელს ერთ-ერთ ბარში მომხდარი ინციდენტის ამსახველი მასალა, წარმომაჩინონ მოძალადე ადამიანად და ამით გადაფარონ ორი დღის წინ მომხდარი თავდასხმა. გამოაქვეყნონ, პრობლემა არ მაქვს.

ის ადამიანები, რომლებიც ტრიალებენ ფარცხალაძის სახლში, ალბათ, დავალებებს იღებენ, რომ მოწმეებზე განახორციელონ ზეწოლა და მიაცემინონ ჩვენებები, თუ როგორი აგრესიული ვარ. საგამოძიებო უწყებები ცდილობენ ჩემს „მოქეიფედ“ წარმოჩენას, ხოლო ოთარ ფარცხალაძის - „წიგნიერად“. სამარცხვინოა! ყველაფრისთვის მზად ვარ. ვერ შემაშინებს ვერც ფინანსური პოლიცია, ვერც პროკურატურა. სამწუხაროა, რომ სახელმწიფო უწყებები ჩართულია ერთ-ერთი ავაზაკის ქმედების გაპრავებაში“, - აცხადევს ლაშა თორდია.

შეგახსენებთ, რომ ეს სკანდალური დასკვნა გახდა მიზეზი, რატომაც ყოფილი მთავარი პროკურორი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს ფიზიკურად გაუსწორდა, თუმცა, ოთარ ფარცხალაძე ამ დრომდე დაკითხული არ არის. შსს-ში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ოთარ ფარცხალაძესთან შსს-ს თანამშრომლები ამ დრომდე არ ყოფილან.

ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე მზად არის გამოძიებას ნებისმიერ დროს მისცეს ჩვენება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე აგროვებენ იმ ინფორმაციას, რომელიც გენერალურ აუდიტორთან მომხდარ ინციდენტში ფარცხალაძის უდანაშაულობას ადასტურებს.

„ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვეძიებთ იმ ინფორმაციას, რომელიც ოთარ ფარცხალაძის უდანაშაულობას ადასტურებს. ჩვენი მიზანია საზოგადოებას მივაწოდოთ სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. დიდი ალბათობით, ხვალისთვის გავმართავთ პრესკონფერენციას, რომელზეც დეტალურად ვისაუბრებთ იმ ფაქტებზე, რომელიც ჩვენთვის გახდება ცნობილი და რომელიც დაადასტურებს ფარცხალაძის უდანაშაულობას“, - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

თორდიას ცემის ადგილიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერი გასაჯაროვებას, მუხლის გადაკვალიფიცირებას და ფარცხალაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“. საგანგებო ბრიფინგზე ზაზა ბიბილაშვილმა მთავარი პროკურატურა და სხვა ძალოვანი უწყებები დანაშაულის დაფარვის ფართომასშტაბიანი ოპერაციის განხორციელებაში დაადანაშაულა.

„მინდა მივმართო ძალოვანი უწყებების რიგით თანამშრომლებს - ფარცხალაძის დანაშაული თქვენი დანაშაული არაა, დანაშაულის დაფარვა კი, უკვე თქვენი დანაშაულია. ფარცხალაძე არის ერთგვარი კანონიერი ქურდი, რომელიც არაფორმალურად მართავს პროკურატურის სისტემას.

მას შეუძლია დააშინოს მოწმეები, გააყალბოს მტკიცებულებები და არათუ გავლენა მოახდინოს გამოძიებაზე, არამედ პრაქტიკულად წარმართოს გამოძიება. დღეს ქართული საზოგადოება იმყოფება ომში არა პოლიტიკურ ძალასთან, არამედ მაფიოზურ სინდიკატთან, რომლის ერთ-ერთი სახე არის ოთარ ფრაცხალაძე“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურად არასწორია პრივილეგია ერთ რომელიმე საქმეს იმის გამო მიენიჭოს, რომ ის სახელმწიფო მაღალჩინოსანს უკავშირდება. ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ამ საქმეზე კონტროლი დააწესოს.

„გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც ფარცხალაძე გენერალური პროკურორი იყო. რასაკვირველია, თვალში საცემია როგორც პიროვნება თავისი პოზიციით, როგორც ყოფილი გენერალური პროკურორი, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მას ოფიციალურ სტრუქტურებთან კავშირი არ გააჩნია. რაც შეეხება მისი გავლენების შესახებ ინფორმაციას, ასეთი მოარული ხმები, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურად გაჯერებულია“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებული თავდასხმის საქმის შესწავლას საკუთარი ინიციატივით იწყებს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი გამოძიების მიმდინარეობას საკუთარი სურვილით დააკვირდება.

„ჩვენ საკუთარი ინიციატივით ვიწყებთ ამ საქმის შესწავლას, დავაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას. მე იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაინც მოხდება ადეკვატური რეაგირება და ეს საქმე იქნება გამოძიებული, მით უმეტეს, როდესაც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები, როდესაც მოხდა ძალადობის არა ერთი ფაქტი, კონკრეტულ თანამდებობის პირებზე თუ პოლიტიკურ ფიგურებზე, სამწუხაროდ, არ იყო გამოძიებული და ეს ფაქტი არის ერთგვარი ტესტი საქართველოს საგამოძიებო ორგანოებისთვის“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.