„თბილისის ახლოს სატელიტი ქალაქები რომ გავაშენოთ, ეს განტვირთავდა ჩვენს დედაქალაქს“

„თბილისის ახლოს სატელიტი ქალაქები რომ გავაშენოთ, ეს განტვირთავდა ჩვენს დედაქალაქს“

თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის დასრულებამდე უკვე იკვეთება ის ძირითადი კონტურები, რაც გენგეგმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. კერძოდ, თბილისის განვითარების გეგმის თანახმად, ჩვენი დედაქალაქი ზედმეტად აღარ უნდა გაიშალოს ლისის ტბის მიმდებარედ, თბილისის ზღვის გარშემო, კოჯრის მიმართულებით და დიდი დიღმის სიბრტყეებზე.

განაშენიანების კონტურებიდან გარეთ გასვლას ევროპული ქალაქებიც არ ესწრაფვიან, რადგან დედაქალაქის უზომოდ გაშლა დიდ ხარჯებს, ახალი კომუნიკაციების განვითარებას, დამატებითი გზების გაყვანას უკავშირდება.

სავარაუდოდ, თბილისის განვითარების გენგეგმის ფარგლებში მოიცლიან იმ მიტოვებული საწარმოებისთვისაც, რომლებსაც უზარმაზარი მიმდებარე ტერიტორიები ეკუთვნით, თუმცა არც ეს ტერიტორიებია ათვისებული და არც ხალხია დასაქმებული. ამ ადგილებში სარეკრეაციო საჯარო სივრცეები მოეწყობა.

არქიტექტორი ვახტანგ დავითაია იზიარებს მოსაზრებას, რომ ჩვენი დედაქალაქი აღარ უნდა გაიშალოს, რადგან არ შეიძლება, ქალაქი უზომოდ განვითარდეს და სულ ახალ-ახალი ტერიტორიები ჩაითრიოს თავის სისტემაში. ამას ახლავს პრობლემები, დაწყებული გამონაბოლქვიდან, ხარჯებიდან, ახალი ტერიტორიების ათვისებიდან.

არქიტექტორის თქმით, ქალაქის ბევრმა რაიონმა, განსაკუთრებით, ისტორიულმა ნაწილმა, სიმჭიდროვის თვალსაზრისით, ამოწურა თავისი შესაძლებლობები. თუ ჩვენ მაინც დავიწყებთ ისტორიული ბირთვის სიმჭიდროვის გაზრდას, ეს უნდა მოხდეს სიმაღლეების გაზრდით, რაც კატეგორიულად მიუღებელია და საბოლოოდ დაღუპავს ისტორიულ ნაწილს, მის მნიშვნელობას, ლაზათს, ერთადერთობას, განსაკუთრებულობას.

„მოუთმენლად ველოდები გენერალური გეგმის განხილვას. რა თქმა უნდა, ქალაქი ვითარდება, მოსახლეობის მოთხოვნა მეტია. თუ 50 წლის წინ სამსულიანი ოჯახი ბედნიერი იყო, როცა ერთოთხიან ბინას მიიღებდა, ახლა უკვე ახალგაზრდები ცდილობენ ცალკე ოჯახად გასვლას. ერთადერთი გამოსავალი, გამოცდილი მეთოდი, რაც ევროპის დიდმა ქალაქებმა გააკეთეს, ეს არის ახალი წარმონაქმნები, ანუ სატელიტები დედაქალაქის გარშემო. ეს გახლავთ მცირე ზომის ქალაქები, რომელთაც ექნებათ ყველა ფუნქცია, დასაქმებიდან დაწყებული, სწავლა-განათლებით, კულტურით, ვაჭრობით დამთავრებული. 30-40 წლის განმავლობაში თითო-თითო სატელიტი ქალაქები რომ გავაშენოთ ერთი აღმოსავლეთით, მეორე დასავლეთით, სრულიად საკმარისი იქნება. ამ მეთოდმა გადაარჩინა პარიზი, ვენა, პრაღა და ამ ქალაქების ისტორიული ბირთვები. იქ ვერ ნახავთ არაკონტექსტურ მასშტაბურ შენობებს. 50-60-იან წლებში პარიზში ერთი მინის ცათამბჯენი გააშენეს მონმარტრის რაიონში და მთელი საფრანგეთი აჯანყდა, რადგან ის იყო ამოვარდნილი, სრულიად უცხო სხეული პარიზისთვის. ამის შემდეგ პარიზის ცენტრიდან გარეუბანში გამოიყო გარკვეული ტერიტორია, სადაც, ვისაც როგორც უნდოდა, ისე შეეძლო, ენავარდა. სწორედ ასე წარმოიქმნა ე.წ. დე ფრანსი, რომელიც დღეს თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი საინტერესო წარმონაქმნი, თვალსაჩინო ემოციური მუხტის მქონე განაშენიანებაა. ამ გონივრული გადაწყვეტილებით ფრანგებმა გადაარჩინეს პარიზი“, - აღნიშნა ვახტანგ დავითაიამ For.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, პარიზის გარშემო კიდევ არის 6 თუ 7 სატელიტი ქალაქი, უაღრესად საინტერესო, ძირითადად დაბალსართულიანი შენობებით, ფეხით მავალთა ზონებით და ამ სატელიტებს პირდაპირი კავშირი აქვთ მეტროთი, საჩქაროსნო ტრასებით ქალაქის ცენტრთან. არქიტექტორი ვერ აკონკრეტებს, თბილისის გენერალური გეგმა გულისხმობს თუ არა სატელიტი ქალაქების მშენებლობას, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა.

რაც შეეხება ჩვენს დაინტერესებას, ზუსტად სად უნდა გაშენდეს ეს სატელიტი ქალაქები, ვახტანგ დავითაია აცხადებს, რომ ეს ქალაქები თავისუფალ ადგილებზე უნდა გაშენდეს, ან კიდევ იმ სოფლებში, რომლებიც ძირითადად უკვე მიტოვებულია. ასეთ ადგილებში დასაშვებია სიმჭიდროვეც, მაღალსართულიანი თუ დაბალსართულიანი შენობებიც, საინტერესო არქიტექტურული კომპოზიციებიც. ეს იქნება თბილისიდან გასვლისა და ქალაქის განტვირთვის საუკეთესო საშუალება.

ქალაქგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქალაქის ექსტენსიური განვითარება, ანუ გაფართოება ქალაქგანვითარების ავადმყოფური მისწრაფებაა. ამიტომ სჯობს, ქალაქები განვითარდნენ ინტენსიურად, ზომიერად გამჭიდროვდნენ და გაუნაშენიანებელი სივრცეები შეინარჩუნონ რეკრეაციისთვის, ბუნებისთვის. ასე რომ, არათუ თბილისი არ უნდა გაიშალოს კოჯრის და სხვა მიმართულებით, არამედ არც ერთი გაუნაშენიანებელი ტერიტორია არ უნდა აითვისოს ქალაქმა თვითონ ქალაქის ადმინისტრაციულ ფარგლებში.

„კოჯორსა და სხვა ადგილებს თავი რომ დავანებოთ, თვითონ დღევანდელი დედაქალაქის ფარგლებშიც არის სივრცეები, რომლებიც არ გახლავთ განაშენიანებული და მათი განაშენიანება არ უნდა ხდებოდეს. ეს ევროპაში კანონითაც აკრძალულია. ცარიელ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს სარეკრეაციო ზონები. ჩვენს დედაქალაქს სარეკრეაციო ზონების, მწვანე ტერიტორიების ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს, რაც არ შეეფერება არანაირ ნორმას. რაც შეეხება საწარმოებისა და მათი მიმდებარე სივრცეების სარეკრეაციო ზონად გახდომას, ეს ნიშნავს ტერიტორიების ხელახლა ათვისებას სულ სხვა მიზნით, ვიდრე ისინი აქამდე იყვნენ ათვისებულნი. თუ ქალაქი გადაწყვეტს ამ შენობების კონვერსაციას, მაშინ ამას სამართლებრივ ფორმას მისცემს მიწათსარგებლობის გეგმით“, - აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ.

მისივე თქმით, უამრავი შემთხვევაა, როცა უზარმაზარი ფაბრიკები, რომლებსაც ქვეყნის წარმოებაში შეჰქონდათ წვლილი, გაყიდეს, მთელი მათი აღჭურვილობით და ახლა საწყობებად აქციეს. თავისუფლად შეიძლება ეს ადგილები დარჩეს ახლანდელი მფლობელების ხელში, მაგრამ მათ არ შეეძლებათ სარეკრეაციო ფუნქციის გარდა სხვა რამით დატვირთონ ეს ადგილები. რა თქმა უნდა, მათგან უკმაყოფილება წამოვა, მაგრამ ქალაქის მმართველობასა და მეპატრონეს შორის დაიწყება ვაჭრობა, რათა ქალაქმა გამოისყიდოს ეს სივრცეები ძველი მფლობელისგან, ან დარჩეს ძველი მესაკუთრის საკუთრებაში, მაგრამ მან გააკეთოს პარკი.

„ამ საწარმოების მესაკუთრეების ბრალი არ არის, რომ თავის დროზე ეს ტერიტორიები შეიძინეს. ასეთი ადგილების პრივატიზება თვითონ ქალაქის მმართველობამ მოახდინა. საზოგადოებრივი სივრცეების პრივატიზაციის ტალღა დღესაც გრძელდება ისე, რომ არ ადევნებენ თვალს პრივატიზაციის გონივრულობას. იქ, სადაც ეს საწარმოები საწყობებად მუშაობს, კიდევ უკეთესი მდგომარეობაა, თორემ არის გავერანებული, ტრიალი ადგილები, რაც დაკარგულია ქალაქისთვის. ამიტომ, თუ პირვანდელი მეპატრონე არ დათანხმდება ტერიტორიის საბაზრო ფასად გამოსყიდვას, მაშინ ქალაქის მმართველობა აიძულებს, გაყიდოს ეს ტერიტორია. ექსპროპრიაციის კანონით, ფულს შეაძლევს და ჩამოართმევს ტერიტორიას. ქალაქის საკუთრებაში გადასვლა კი გონივრული იქნება. უფრო მეტიც, უამრავი შემთხვევაა, როდესაც პრივატიზებულია საზოგადოებრვი სივრცეები. მაგალითად, ვაკის პარკში, მზიურში. შესაბამისად, ეს სივრცეებიც უნდა გამოისყიდოს ქალაქმა“.