U2-ის გეგმები

U2-ის გეგმები

 ირლანდიური ჯგუფი U2-ის ბასისტმა ადამ კლეიტონმა ორი დღის წინ პრეს-კონფერენცია მოიწვია და ჯგუფის მომავალ გეგმებზე ისაუბრა. მუსიკოსის ინფორმაციით ჯგუფის თაყვანისმცემლები ახალ სტუდიურ ჩანაწერს 2012 წლის მეორე ნახევარში იხილავენ, ნაცვლად წინასწარ დაპირებული 2011 წლის დეკემბრისა. ამისი მიზეზი U2-ის წევრების დაძაბული სამუშაო გრაფიკია.

 

ჯგუფის ბოლო ალბომი “No Line on the Horizon” 2009 წლით არის დათარიღებული. ამ დისკის პრეზენტაციაზე ჯგუფის ლიდერმა ბონომ განაცხადა, რომ ალბომზე მუშაობის დასრულების შემდეგ მრავალი გამოუყენებელი მასალა დარჩათ და მომავალ წელს ახალ სტუდიურ ჩანაწერს გამოუშვებდნენ.

 

დაპირება დაპირებად დარჩა. ახალი დისკის გამოშვების თარიღმა თავდაპირველად 2011 წლამდე გადმოიწია, ამჟამად კი 2012 წლის დასასრულამდე გადაიდო.

 

“ახალ ალბომზე მუშაობას მიმდინარე წლის ივნის-ივლისში ვგეგმავდით. ამჟამად მსოფლიო ტურნეში ვიმყოფებით და ზაფხულში თავისუფალი დროის გამონახვასა და სტუდიაში ჩაკეტვას ვაპირებდით. სამწუხაროდ თითოეული ჩვენთაგანის სამუშაო გრაფიკი ისეთი დატვირთული აღმოჩნდა, რომ ამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შევძელით”- განაცხადა ადამ კლეიტონმა.

 

ჯგუფის მსოფლიო ტურნე 30 ივლისს დასრულდება. საგასტროლო მოღვაწეობის გარდა U2-ის წევრები არაერთ პროექტში არიან დაკავებულები. მაგალითად, ბონო და გიტარისტი ედჯი ახალი მიუზიკლის “ადამიანი-ობობას” საუნდტრეკზე მუშაობენ,Mმედოლე ლარი მალენს კი მხატვრულ სურათში იღებენ (Man On The Train).

 

ახალი ალბომის ჩაწერაზე მუშაობის დასაწყებად ჯგუფის წევრები მხოლოდ მიმდინარე წლის დეკემბერში მოიცლიან. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ის დღის სინათლეს 2012 წლის მეორე ნახევარში იხილავს.