„ღირსეული მთავარსარდალი მშვიდობიანობის დროსაც ღირსეულად იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს“

„ღირსეული მთავარსარდალი მშვიდობიანობის დროსაც ღირსეულად იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს“

საქართველოს ახსოვს „მთავარსარდლები“: ედუარდ შევარდნაძე, რომლის სახელსაც აფხაზეთის დაკარგვა დაუკავშირდა, მიხეილ სააკაშვილი, რომლის დროსაც შიდა ქართლის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დავკარგეთ. ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილი მთავარსარდლები არ ჰგავდნენ ისტორიულ ქართველ მთავარსარდლებს და მათი ფუნქცია მხოლოდ ტერიტორიების დაკარგვაში გამოიხატებოდა.

მთავარსარდლის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია საკმაოდ მწვავეა. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს ნომინალურად მთავარსარდალი ერქმევა, მაგრამ ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. კერძოდ, ომის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს მიუვა პრემიერის წარდგინება და პრეზიდენტს იმის დისკრეციაც არ ექნება, გადაწყვიტოს, გამოაცხადოს თუ არა ომი. ამდენად, ტერიტორიებდაკარგული საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე, პრეზიდენტისთვის ამ სტატუსის ჩამორთმევა პრობლემური გახდება.

საქართველოს თავს დატეხილი ბოლოდროინდელი ომებიდან გამომდინარე, იდგნენ თუ არა ჩვენი „მთავარსარდლები“ მოწოდების სიმაღლეზე და იქნება თუ არა პრეზიდენტისთვის ამ სტატუსის ჩამორთმევა საქართველოსთვის მძიმე შედეგის მომტანი?!

„სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე მიიჩნევს, რომ მთავარსარდლები - შევარდნაძე და სააკაშვილი რუსეთის აგენტები იყვნენ. მართალია, შევარდნაძემ და სააკაშვილმა სარდლობა გასწიეს, მაგრამ ისინი გახლდნენ ის უნიკალური მთავარსარდლები, რომლებიც შეგნებულად და მიზანმიმართულად ომობდნენ მოწინააღმდეგის მხარეს.

რაც შეეხება პრინციპს, უნდა იყოს თუ არა გიორგი მარგველაშვილი მთავარსარდალი, ნოდარ ნათაძეს მიაჩნია, რომ ადამიანს აქვს ფსიქოლოგიური თვისება, რომელსაც ვერასდროს გადააგდებს. კერძოდ, ყველა ჩვენგანი აზროვნებს ანთროპომორფისტულად, ანუ ადამიანს ადრე ეგონა, რომ ბუნება სულიერია, ბუნება პიროვნებაა. დღესაც ადამიანი საქართველოს განიხილავს, როგორც პიროვნებას. ე.ი. საქართველოს მოქალაქეს უმაღლეს თანამდებობაზე სჭირდება ისეთი კაცი, რომელსაც უნდა ანდოს საკუთარი ქვეყანა გაჭირვების მომენტში. სწორედ ასეთი კაცი უნდა იყოს პრეზიდენტი. ამდენად, არა მარტო დემოკრატიის თვალსაზრისით, არამედ კონსტრუქციულადაც, ფსიქოლოგიურადაც მიუღებელია, მოქალაქე ირჩევდეს ისეთ პრეზიდენტს, რომელსაც არ ანდობს მთავარსარდლობას განსაცდელის მომენტში.

„რა თქმა უნდა, შევარდნაძე მხოლოდ იმიტომ აირჩიეს პრეზიდენტად, რომ ჯაბასი ეშინოდათ. სააკაშვილი კი აირჩიეს პრეზიდენტად მხოლოდ და მხოლოდ იდიოტობით, უზარმაზარი გაყალბებით. რად უნდა ლაპარაკი, რომ ჩემს მთავარსადალს მე უნდა ვირჩევდე, ჩემი თითიც უნდა ედოს იმ საჭეს, რომლითაც ის ქვეყანას მართავს. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი, იქ პრეზიდენტი, ფაქტობრივად, სახელმწიფოს მეთაური არ არის. მაგალითად, გერმანიაში სახელმწიფოს მეთაურია არა პრეზიდენტი, არამედ კანცლერი. არც ინგლისის დედიფალია ინგლისის მთავარსარდალი. უკვე 500 წელია, მეფეს ან დედოფალს ვინ ჰკითხავს ინგლისში ომს? იქ, სადაც პრეზიდენტობა ფორმალურია, ზრდილობითია და პრეზიდენტს მხოლოდ ზრდილობა, წარმომადგენლობა ეხება, იქ შეიძლება, პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა.

ახლა მარგველაშვილი ამბობს, თუ პრეზიდენტი ვარ, მომეცით სარდლობის უფლებაო, მაგრამ საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტი თოჯინაა. საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტად ირჩევენ კაცს, რომელიც გარეგნულად და შინაგანად ლამაზია, ტაქტიანია, კარგი მეტყველება აქვს, კულტურულია. იქ პრეზიდენტს მოქმედებისთვის კი არ ირჩევენ, არამედ მხოლოდ - წარმომადგენობისთვის. ჩვენმა უვიცმა დეპუტატებმაც ასე გადაწყვიტეს“, - აცხადებს ნოდარ ნათაძე ჩვენთან საუბარში.

ყოფილი დისიდენტი, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე For.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ღირსეული მთავარსარდალი მშვიდობიანობის დროსაც ღირსეულად იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ კი, თუ გადავხედავთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, დავინახავთ, რომ პრეზიდენტი არათუ იცავს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, არამედ, პირიქით, თავისი გაუაზრებელი, საკუთარი თავის წარმოჩენაზე აგებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ზრუნავს. პრეზიდენტი არ ზრუნავს იმაზე, რომ რატომღაც კონსტიტუციაში ჩაიდო ისეთი მუხლი, როგორიცაა მიწის უცხოელებზე გაყიდვის დაშვება; ასევე, ჩაიდო მუხლი ორმაგი მოქალაქეობის დაშვების შესახებ; აგრეთვე, პრეზიდენტს არ ადარდებს, რომ ტერიტორიული მოწყობის ოფიციალურად არდაშვების მიუხედავად, თვითმმართველობის ორგანოებს შეუძლიათ გარკვეულ გაერთიანებებში გაწევრიანება, რაც ქართველებისთვის შექმნილი მძიმე დემოგრაფიული ვითარების ფონზე (განსაკუთრებით, ჯავახეთში, ქვემო ქართლში) მძიმედ დასრულდება ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა უნდა დაადგინოს კანონი ქართული ენის სახელმწიფო პალატის შექმნის შესახებ, ეს არ სრულდება და პრეზიდენტსაც ამაზე პრეტენზია არ აქვს. ანუ რეალურ ცხოვრებაში ეს ადამიანები არ იცავენ სახელმწიფოს ინტერესებს. ყველაზე ცუდი, რაც მარგველაშვილმა გააკეთა, ისაა, რომ საერთოდ დისკრედიტაცია გაუკეთა პრეზიდენტობის ინსტიტუტს, გახადა რა ეს ინსტიტუტი კარიკატურად. ჩვენ ისეთივე სპექტაკლს ვაწყდებით, როგორც შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს კონსტიტუციის მიღების პროცესში. მაშინაც თითქოს რაღაც წინააღმდეგობები იქმნებოდა, სინამდვილეში, ქვეყნის ინტერესების დასაცავად არც პარლამენტი და არც პრეზიდენტი არ რეაგირებდა“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.

მანვე განმარტა, რომ პრეზიდენტს ძალიან კარგად შეეძლო, გამოეხატა საკუთარი პოზიცია უცხოელებზე მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით. მას შეეძლო, დაეცვა ქართველი ხალხის ინტერესები, რაც არც ერთ კონკრეტულ მომენტში არ გამოუხატავს, თანაც, ომის დროს კი არა, მშვიდობიანობის მომენტში. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ პრეზიდენტია, მიუხედავად იმისა, როგორი არჩეულია. თუმცა აქ პრობლემა ის არის, რომ სხვისი ხათრით არჩეულ პრეზიდენტს უფლებებს არავინ მისცემს.

„პრეზიდენტი ძირითადად მუშაობს საკუთარ პიარზე. თუკი უნდოდა, კომისიაში მუშაობა, თავიდანვე რატომ თქვა უარი, ან ახლა რატომ ღებულობს ამ განხილვებში მონაწილეობას? ლოგიკა სად არის? ჩვენი ცოდვების, არასწორი პოლიტიკური ნაბიჯების გამო ვისჯებით. ამიტომ მომავალშიც გვეყოლება და დღესაც გვყავს ისეთი მთავარსარდლები, როგორებიც იყვნენ შევარდნაძე, სააკაშვილი, ან როგორიცაა მარგველაშვილი. მარგველაშვილის წარმოდგენა მთავარსარდლად შეუძლებელია“.

რაც შეეხება საპარლამენტო რესპუბლიკას, მამუკა გიორგაძეს აინტერესებს, რატომ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, ვინმემ ჰკითხა ხალხს? ვინ მიიღო გადაწყვეტილება? პლებისციტი, ან რეფერენდუმი ჩატარდა? საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა მხოლოდ მმართველი ჯგუფის ინტერესებით ხომ არ აიხსნება?!