„მაკრონი იქნება საკმაოდ მართული პოლიტიკოსი, ფსიქოლოგიურად ამაზე მიანიშნებს მეუღლის შერჩევის ფაქტიც“

„მაკრონი იქნება საკმაოდ მართული პოლიტიკოსი, ფსიქოლოგიურად ამაზე მიანიშნებს მეუღლის შერჩევის ფაქტიც“

საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტის გამოჩენას ფრანგულ პოლიტიკაში მეტეორის შემოვარდნას ადარებენ. მაკრონის გამარჯვება (ხმათა 66,06%) ევროპელებმა აღიქვეს იმ პოპულიზმსა და ექსტრემიზმზე გამარჯვებად, რასაც მარინ ლე პენი ქადაგებდა (ხმათა 33,94%).

გამარჯვების ადგილად მაკრონის მიერ ლუვრის ესპლანადას შერჩევას, სავარაუდოდ, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ლუვრის სახელი უკავშირდება ნაპოლეონსაც, რომელმაც ლუვრის გამდიდრება ყველაზე მეტად შეძლო, რადგან დამარცხებულ ქვეყნებს საუკეთესო ხელოვნების ნიმუშებს ართმევდა და სამშობლოში მიჰქონდა. ასევე, ლუვრის სახელი ფრანსუა მიტერანთანაც ასოცირდება, რომლის დროსაც ლუვრის წინ სწორედ ის შუშის პირამიდა ააგეს, სადაც ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ჰანგების ფონზე პოზირებდა 39 წლის ემანუელ მაკრონი.

მაკრონთან მუშაობას მოუთმენლად ელის დონალდ ტრამპი, რუსები კი ელიან, რომ ახალგაზრდა ფრანგი პოლიტიკოსი „შეძლებს თავისთვის რუსეთის აღმოჩენას და დააფასებს მათთან თანამშრომლობის პოტენციალს“.

სულ სხვანაირად ფიქრობენ ევროპელი ექსპერტები. მათი პროგნოზით, რუსეთთან ურთიერთობა რთულად და არამეგობრულად დარჩება, რადგან მაკრონი აკრიტიკებდა პუტინს, ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შენარჩუნებას უჭერდა მხარს, თუმცა იქვე დასძენდა, რომ საჭირო იყო პუტინთან საუბარი, ოღონდ-არა პრინციპების დათმობის ხარჯზე. რუსები უკვე უტყდებიან საკუთარ თავს, რომ მაკრონის გამარჯვებით აღფრთოვანებულები არიან მხოლოდ კლინტონი, ობამა, მერკელი, პოროშენკო და ამ ჩამონათვალში არ შედის პუტინი.

ანალიტიკოსი სოსო ზაალიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მეორე ტურში მაკრონის გამარჯვება პროგნოზირებადი იყო, რადგან მაკრონის ირგვლივ გაერთიანდნენ საფრანგეთში არსებული მთელი მემარცხენე და ცენტრისტული ძალები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მაკრონი შესაძლოა, ნაპოლეონსაც ჰგავდეს ფიზიკურად, ეს არ ნიშნავს, რომ ის ნაპოლეონი იქნება. უფრო მეტიც, მაკრონი ოლანდის პოლიტიკის გამგრძელებელიც ვერ იქნება, რადგან მაკრონს საერთოდ პოზიცია არ ექნება არაფერთან დაკავშირებით, რაც მისი უბედურებაა.

„რაც მოხდა ახლა საფრანგეთის მეორე ტურში, ამან ცხადად აჩვენა ერთი ტენდენცია, რომ 2002 წელს, როდესაც მარინ ლე პენის მამა- ჟან-მარი ლე პენი იყრიდა კენჭს არჩევნებში ჟაკ შირაკის წინააღმდეგ, მისმა პოლიტიკურმა ძალამ აიღო 4 მილიონი ხმა, დღეს კი მისმა ქალიშვილმა 11 მილიონამდე ხმა მოიპოვა, ანუ სამჯერ მეტი. ეს ადასტურებს, რომ ლე პენმა შეძლო არა მარტო თავისი ამომრჩევლის სრული მობილიზება, არამედ ცენტრისტული და მემარჯვენე ძალების თავისკენ გადაბირებაც. არჩევნების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას მარინ ლე პენმა აღნიშნა კიდეც, რომ მისი შედეგები ადასტურებს, რომ მან მოახერხა ამ ძალების გაერთიანება. ამიტომ ლე პენის მიზანია, სამომავლოდ ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბოს მემარჯვენე შეხედულებებით. დაახლოებით ორ თვეში საპარლამენტო არჩევნებია საფრანგეთში. ასე რომ, ამ ქალბატონის 11 მილიონი ხმა არ არის ცოტა და პირველ თუ არა, მეორე ადგილზე მაინც გავა მისი საარჩევნო ბლოკი. ეს იქნება მემარჯვენე ძალების უდიდესი გამარჯვება საფრანგეთში“,-აღნიშნა სოსო ზაალიშვილმა.

რაც შეეხება მაკრონის გამარჯვებას, მიუხედავად იმისა, რომ ის მემარცხენეა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ბანკირია და, აქედან გამომდინარე, მას გარკვეული წრეები მხარს უჭერდნენ. მაკრონს, აგრეთვე, მხარს უჭერდნენ მემარცხენე ექსტრემისტული ძალებიც და ისლამური ძალებიც საფრანგეთში. ასევე, პრეზიდენტობის ამ კანდიდატს მხარი დაუჭირეს მემარჯვენეების ნაწილმაც, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მარინ ლე პენის საარჩევნო პლატფორმა არ იყო მთლად მისაღები.

ექსპერტის აზრით, ყველაზე მთავარია, რომ მაკრონი პალესტინის სახელმწიფოს ცნობის წინააღმდეგია, რისი წინააღმდეგიც ოლანდი არ ყოფილა. სწორედ ოლანდის დროს საფრანგეთის პარლამენტმა ცნო პალესტინის სახელმწიფო. ასე რომ, აქ ძალიან დიდი თამაში მიმდინარეობს და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაკრონის გამარჯვება უფრო დიდი საფრთხეა ცენტრისკენული, ანუ ევროინტეგრაციის მომხრე ძალებისთვის საფრანგეთში, ვიდრე ლე პენის გამარჯვება იქნებოდა.

„მართალია, მაკრონის გამარჯვებით ევრო გადაურჩა რთულ გამოცდას, მაგრამ, გამარჯვების შემთხვევში, ლე პენს არანაირი შანსი არ ჰქონდა, აესრულებინა თავისი დანაპირები. საფრანგეთში დღეს ისეთი მდგომარეობაა, რომ მარინ ლე პენი ვერ მიაღწევდა მიზანს. ეს აჩვენა საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურმაც. ანუ საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა წინააღმდეგია იმ პოზიციის, რომელსაც გამოხატავდა ლე პენი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაკრონი შეძლებს იმ პლატფორმის შესრულებას, რასაც ხალხს დაჰპირდა. მაკრონს მხარი დაუჭირა იმან, ვისაც ლე პენი არ უნდოდა, მაგრამ თავად მაკრონის პოზიციაზე მდგომი ხალხის რაოდენობა იმ 22 თუ 23 მილიონ კაცში, რომელმაც მეორე ტურში მაკრონს ხმა მისცა, ძალზე ცოტაა, 1/3-ზე ნაკლებია. ამიტომ ვფიქრობ, ეს უარესია საფრანგეთისთვის. ლე პენის გამარჯვება ფრანგების კონსოლიდაციას გამოიწვევდა, მაკრონის წარმატება კი, პირიქით, ფრანგების დეცენტრალიზაციას გამოიწვევს“.

რაც შეეხება რუსეთის ინტერესს, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ საფრანგეთის არჩევნებით რუსეთის დაინტერესება მცირედი იყო. ეს დაადასტურა იმანაც, რომ სწორედ საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურის დღეს რუსეთმა შავი ზღვის ფსკერზე დაიწყო წყალქვეშა გაზსადენის მშენებლობა. ამდენად, რუსეთისთვის გერმანია კვლავაც პრიორიტეტულად რჩება.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მაკრონი ეს არის ცუდსა და უარესს შორის არჩევანი. ამასთან, ემანუელ მაკრონს აკლია პოლიტიკური გამოცდილება. ის იქნება საკმაოდ მართული პოლიტიკოსი, ფსიქოლოგიურად ამაზე მიანიშნებს მეუღლის შერჩევის ფაქტიც. ამდენად, მან შეიძლება გაატაროს საერთაშორისო ფინანსური ჯგუფების ინტერესები არა მარტო საფრანგეთში, არამედ ევროკავშირის მიმართულებითაც. მით უმეტეს, რომ ის იყო ერთ-ერთი ბანკის მენეჯერი და შემდეგ იქიდან გაიქაჩა.

„მაკრონის კანდიდატურა მაინცდამაინც არ არის ფრანგების დიდი არჩევანი, მაგრამ ლე პენის ულტრანაციონალისტური იდეების, საფრანგეთში ლამის სამოქალაქო ომის გამოცხადებისა და ევროკავშირიდან გამოსვლის პერსპექტივის ფონზე მაკრონის პერსონა უკეთესი იყო. ამით საფრანგეთში პრობლემა ვერ მოგვარდება. არა მგონია, მაკრონმა მოაგვაროს ტერორის პრობლემა, ის საერთოდ ვერ ერკვევა უსაფრთხოების საკითხებში. ამიტომ სამხედრო უსაფრთხოებისა და ტერორიზმის კუთხით საფრანგეთი ისე მოწყვლადი იქნება, როგორც მანამდე იყო. ამან შეიძლება უფრო გაზარდოს ლე პენის მომხრეთა რაოდენობა. ამიტომ ლე პენის 33% უფრო მაშფოთებს, ვიდრე მაკრონის 66%, რადგან ლე პენმა იმაზე მეტი ხმა მიიღო, რაც მას შეეძლო მიეღო“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

რუსეთთან დამოკიდებულების შესახებ კი ექსპერტი აღნიშნავს, რომ სარკოზიც მკაცრად იწყებდა, მაგრამ შემდეგ ურთიერთობა დაათბო რუსეთთან. მაკრონიც მკვეთრ შეფასებებს აკეთებდა რუსეთის მიმართ ამერიკისა და ევროკავშირის ინტერესების გამოხატულების დონეზე, რათა საერთაშორისო მხარდაჭერა მიეღო. თუმცა მისი შემდგომი ქმედება აჩვენებს, რეალურად რას აპირებს რუსეთთან მიმართებით.

მთლიანობაში, ვახტანგ მაისაიას აზრით, საფრანგეთის არჩევნები ძალიან ჰგავდა ელცინისა და ზიუგანოვის დროინდელ არჩევნებს, ანუ არჩევანს ცუდსა და უარესს შორის. ელცინის მერე კი რუსეთმა მიიღო ოლიგარქიული მმართველობა, ჩეჩნეთის კამპანია და სხვა.