„ჩვენ ვართ ამერიკული რადარების ქვეშ“

„ჩვენ ვართ ამერიკული რადარების ქვეშ“

რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ტრამპი-კვირიკაშვილის შეხვედრა საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ ამ პროცესებში ტრამპმა ფაქტიურად გამოყო საქართველოს თემა და იგი დაუპირისპირა რუსეთის თემას. როგორც ექსპერტი ამბობს, ტრამპის პოზიცია რუსეთის მიმართ საკმაოდ მკვეთრია, შესაბამისად, ტრამპის კვირიკაშვილის მიმართ დამოკიდებულება ითვალისწინებს იმ მომენტს, რასაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომლის პრემიერ-მინისტრი ოვალურ კაბინეტში ვიცე-პრეზიდენტთან ერთად მიიწვია ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა პრეზიდენტისგან მიიღო მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ აპელირებს ფოტოზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა, კერძოდ, პრეზიდენტი ტრამის ზის, ხოლო პრემიერი კვირიკაშვილი, ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ფეხზე დგას და ამბობენ, რომ დიპლომატიურ ენაზე ეს ძალიან ცუდი ნიშანია. ბატონო რამაზ, აქვს კი ამას დიპლომატიური დატვირთვა, მით უფრო მაშინ, როდესაც ამერიკის ადმინისტრაციამ ფედერალურ კანონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ მუხლები შეიტანა?

რამაზ საყვარელიძე: აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. ამ შეხვედრის გააზრებაში ნამდვილად გასათვალისწინებელია ამერიკის ბოლო გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში. ტრამპის პოლიტიკაში ქართული ხაზი იყო ბუნდოვანი, არ ვიცოდით ყურადღებით მოეპყრობოდა თუ არა საქართველოს ტრამპი, რომელსაც ჰქონდა პოზიცია, რომ ამერიკა თავისი მოქმედებით არ უნდა გავიდეს თავად ამერიკის ფარგლებიდან და უნდა შეამციროს გარე აქტივობა. ამ ფონზე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი აქტიური პოზიცია გამოხატა ამერიკის ადმინისტრაციამ ქართული პრობლემების მიმართ.

ეს უკვე ნიშნავს, რომ საქართველოს იზოლირებული არ არის მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისგან?

- რა თქმა უნდა, და ვფიქრობ, რომ ტრამპი-კვირიკაშვილის შეხვედრა საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ ამ პროცესებში ტრამპმა ფაქტიურად გამოყო საქართველოს თემა და იგი დაუპირისპირა რუსეთის თემას. აშკარაა, რომ ტრამპის პოზიცია რუსეთის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მკვეთრია. ამიტომ, არა მგონია, რომ ტრამპის კვირიკაშვილის მიმართ დამოკიდებულება არ ითვალისწინებდეს იმ მომენტს, რასაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ამას ადასტურებს ამერიკის ადმინისტრაციის მიერ ფედერალურ კანონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერი მუხლების შეიტანა. დიპლომატიურ ენაზე კი, სად დაჯდომაა და სად დადგომა, ეს უფრო ფოტოგრაფზეა დამოკიდებული რომელი მომენტია მისთვის მნიშვნელოვანი და რომელი არა.

თქვენ ამბობთ, რომ ტრამპმა საქართველოს თემა დაუპირისპირა რუსეთის თემას. ამ თვალსაზრისით, რამდენად შედეგიანი იქნება ჩვენთვის საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა?

- სპეციალურად ვახსენე რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტი, რაც უდავოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოსთან დაკავშირებით, არ არის იზოლირებული ამ პრობლემისგან. გააჩნია რა ურთიერთობა ჩამოყალიბდება რუსეთთან. დიდი შანსია, რომ ტრამპის რუსეთთან ურთიერთობას ბევრი პრობლემები ექნება და ამ პრობლემების ფონზე საქართველოს თემა ყოველთვის წამოიწევს წინ.

თუნდაც რუსეთის გამო?

- რა თქმა უნდა. აღარ ვლაპარაკობ ისეთ ფაქტორებზე, რაც საქართველოს წამოწევს ამერიკულ პოლიტიკაში, როგორც სატრანზიტო ქვეყანას. არ არის გამორიცხული, რომ ამერიკისთვის საინტერესო აღმოჩნდეს საქართველოს კონტაქტები აღმოსავლეთის ქვეყნებთან. მთავარი მომენტი რაც დაძრულია, საქართველო ამერიკისთვის არსებობს როგორც მნიშვნელოვანი ქვეყანა, ვნახოთ, ამ იდეას რა კომპონენტი მიემატება. ბუნებრივია, რომ საქართველოს მხრიდანაც აუცილებელია გააქტიურება. იმ ფონზე, როდესაც ამერიკა უკვე დაინტერესებულია ქართული თემით, საქართველოს აქტიურობა მნიშვნელოვანია. ამერიკის დაინტერესებაში მთავარი იმპულსი დაჯდა.

საინტერესოა ისიც, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა წერილი გაუგაზვენს აშშის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რომელშიც აღნიშნულია, რომ უნდა დაჩქარდეს მოლაპარაკება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის დაწყების თაობაზე...

- მიუხედავად იმისა, ვინ როგორ უყურებს ამ რადარებს, ფაქტია, რომ ჩვენ ვართ ამერიკული რადარების ქვეშ.

ნატოს სამიტის კვირიკაშვილი-ტრამპის შეხვედრა ერთგვარი გზავნილია როგორც მოკავშირე ქვეყნების, ასევე რუსეთის მიმართ, რომ საქართველო მარტო არ არის ნატოსკენ მიმავალ გზაზე?

- ერთი რამ ცხადია, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ნატოსკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ იქნება თუ არა ეს გზა უფრო კომფორტული, ვიდრე აქამდე იყო, ამ ეტაპზე ეს არის მთავარი. მოგეხსენებათ, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე გვქონდა უამრავი პრობლემა, მაგრამ ეს პრობლემები ამერიკის გამო არ გვქონდა. ამერიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, მაგრამ პრობლემები გვქონდა დასავლეთის გამო. რა პოზიციას დაიკავებს ევროპა საქართველოს ინტეგრაციის კუთხით,  ალბათ, უფრო საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეხება ამ საკითხის გადაწყვეტა სამომავლოდ, ვიდრე ტრამპს.

დაბოლოს, არჩილ გეგშიძის ელჩობის პერიოდში ამერიკა-საქართველოს პასიურობას იმით ხსნიდნენ, რომ გეგეშიძენაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ მოექცა. ამერიკასთან ახალი ნაბიჯები, ახალი ურთიერთობები ადასტურებს, რომ საკადრო გადაწყვეტილება რომელიც პრემიერის მხრიდან იქნა მიღებული, იყო სწორი? დავით ბაქრაძის ელჩობის შემდეგ აქტიურ ფაზაში გადავიდა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა...

- მიჭირს იმ პოზიციის გაზიარება, რომ გეგეშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პროცესის გავლენის ქვეშ მოექცა, რადგან ვერ ვხედავ ამის არგუმენტებს. იყო წმინდა დიპლომატიური შეცდომები და ამან გამოიწვია თავად ამერიკული მხარის უკამაყოფილება, რასაც მოჰყვა ეს საკადრო ცვლილებები. ეს ვერსია ჩემთვის უფრო დამაჯერებელია. რაც შეეხება კვირიკაშვილის საკადრო გადაწყვეტილებას, - ამერიკული მხარის უკმაყოფილება საკმარისი მიზეზი იქნებოდა იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიეღო გადაწყვეტილება.

ბაქრაძეც და გეგეშიძეც ერთი დიპლომატიური სკოლის წარმომადგენლები არიან, თუ შეიძლება ითქვას არ გაუმართლა გეგეშიძეს, მაგარამ ეს არ ამცირებს მის დიპლომატიურ სტატუსს და გამოცდილებას. ბაქარაძე აქტიური პიროვნებაა და ამ შემთხვევაში ბედმა ბაქრაძეს გაუღიმა, მისი მოღვაწეობის პერიოდს დაემთხვა ინტერესების გაღრმავება ამერიკის მხრიდან და რა თქმა უნდა, თვითონ ბაქარაძემაც შეუწყო ხელი ამ ინტერესების შენარჩუნებას. სახეზეა, რომ საქართველო ამერიკის ურთიერთობა გადადის ურთიერთობის ახალ ეტაპზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის.