ლუჟკოვი სოხუმში, ლუჟკოვი ცხინვალში და ახლა უკვე ლუჟკოვი მცხეთის რაიონის სოფელ ქანდაში 13 ასურელი მამის მონასტერში, სადაც წირვა-ლოცვა ქართული ენის გარდა, ქრისტეს ენაზე, ანუ არამეულად აღევლინება.
მოსკოვის ყოფილი მერის (1992-2000 წლებში) იური ლუჟკოვის საქციელი მხოლოდ დღეს არ გამხდარა განსჯის საბაბი. ჯერ კიდევ 2006 წლის 20 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოში რუსეთის დროებითი რწმუნებული და საპროტესტო ნოტა გადასცეს სწორედ იური ლუჟკოვის აფხაზეთში ვიზიტის გამო თბილისთან შეუთანხმებლად.
ლუჟკოვის ფოტოგალერეას ამშვენებს 2002 წელს ბაღაფშთან ერთად გადაღებული ფოტო, ხოლო 2017 წელს სოფელ ქანდის 13 ასურელი მამის მონასტრის წინამძღვარ, არქიმანდრიტ სერაფიმე ბიტ-ხარიბთან გადაღებული ფოტო.
მას შემდეგ, რაც კითხვები გაჩნდა 80 წლის იური ლუჟკოვის საქართველოში შემოშვებასთან დაკავშირებით, არქიმანდრიტმა სერაფიმემ განმარტა, რომ ეკლესიის კარი ყველა ადამიანისთვის ღიაა, პოლიტიკოსი იქნება, თუ გლეხი.
„ხალხო, მაინტერესებს, ჩვენთან ლუჟკოვის წირვაზე დასწრებაზე ამხელა აჟიოტაჟი რომ ატყდა, თურმე ის ყოფილა ოკუპანტი. ამ კაცს მე მივეცი ვიზა? მე მივანიჭე საპატიო მოქალაქეობა თბილისისა და ბათუმის? თუ შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში და ადამიანი მოვიდა წირვაზე დასასწრებად, მეთქვა, წადი აქედან-თქო? ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არავის მივცემ უფლებას, პოლიტიკაზე ილაპარაკოს, მაგრამ გაგდებით არც არავის გავაგდებ“,- წერს „ფეისბუკზე“ არქიმანდრიტი სერაფიმე ბიტ-ხარიბი.
2006-2009 წლებში ლუჟკოვის მიერ „ოკუპაციის კანონის დარღვევას“ ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი. მისი თქმით, ლუჟკოვის პერსონა მას სხვადასხვა მოვლენით აგონდება. როდესაც იგი მოსკოვის მერი იყო- დაპირისპირებით პუტინთან, ხოლო უფრო ადრე საქართველოში დანგრეული პირველი სკოლის რეაბილიტაციით.
შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის თქმით, ლუჟკოვი საქართველოში შემოვიდა ლეგალური გზით, ლეგალური საბუთით, სადაც არ იყო არანაირი მონაცემი მის მიერ „ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ კანონის“ დარღვევის თაობაზე.
პრობლემური სტუმრის საქართველოში შემოსვლას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ასლან აბაშიძის ფაქტორს უკავშირებს. For.ge-სთან საუბარში იგი განმარტავს, რომ ლუჟკოვის ჩამოსვლა, ალბათ, ეს იყო დაზვერვა ასლან აბაშიძისთვის. მით უმეტეს, რომ ლუჟკოვი ყოველთვის გამოდიოდა პოლიტიკური მედიატორის როლში სხვადასხვა ძალებს შორის, რაც იური ლუჟკოვს ახასიათებს.
„დღეს ლუჟკოვი აქტიურ ოპოზიციაშია პუტინის მმართველობასთან. ის მოსკოვში არ ცხოვრობს, ლონდონში ბინადრობს, თუმცა კონტაქტები გააჩნია მოსკოვში მყოფ მეგობრებთან და, როგორც ჩანს, ეს არის ასლან აბაშიძის ჩამოსვლის წინა მოსამზადებელი საფუძველი. სწორედ ამან უნდა შეამზადოს აბაშიძის ჩასვლა აჭარაში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ლუჟკოვი წარმოგზავნილი იყოს რუსეთის მიერ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დასარეგულირებლად. როგორც კუჩმა გამოიყენა პეტრე პოროშენკომ მინსკის მოლაპარაკებების განსახორციელებლად, დაახლოებით იმავე როლს ასრულებს ლუჟკოვიც. თორემ არა მგონია, კუჩმას მშვიდი ურთიერთობა ჰქონოდა პოროშენკოს ხელისუფლებასთან. ლუჟკოვიც ფორმალურად ითვლება პუტინის მოწინააღმდეგე ბანაკში, მაგრამ არაფორმალურად მას კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთის ოფიციალურ პოლიტიკურ მმართველ წრეებთან. ამდენად, ეს კუჩმას ვარიანტის გადათამაშება მგონია“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და იქვე დასძინა, თუ ლუჟკოვმა ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია, ეწვია სოხუმსა და ცხინვალს, მაშინ კანონი ყველასთვის ერთი უნდა ყოფილიყო და ლუჟკოვის წინააღმდეგაც ამოქმედებულიყო.
ლუჟოვის ვიზიტმა ანალიტიკოს სოსო ზაალიშვილს საერთაშორისო პრაქტიკიდან ერთი შემთხვევა გაახსენა ისრაელის პრემიერ-მინისტრის იცხაკ რაბინის ცხოვრებიდან, რომელიც მოგვიანებით ებრაელმა ტერორისტმა მოკლა. 1993 წელს იცხაკ რაბინი იყო პირველი, ვინც პალესტინის გათავისუფლების ფრონტის ხელმძღვანელ იასირ არაფატს შეხვდა. მას შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრები ხვდებიან პალესტინის ე.წ. პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც, ისრაელის მოქალაქეს არ აქვს უფლება, რაიმე სახის კონტაქტი დაამყაროს ან შეხვდეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრს. ამ დროს „ჰამასი“ და პალესტინის გათავისუფლების არმია - „ფათხი“ მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციებად ისრაელში.
„ზოგჯერ ისეთი პოლიტიკური მდგომარეობაა, როდესაც აკრძალვების მიუხედავად, მოლაპარაკებების წარმოება არაოფიციალურ ვითარებაში შესაძლებლია. არ ვიცი, ლუჟკოვის ჩამოსვლა ეს შემთხვევაა თუ არა, მაგრამ მსოფლიო დიპლომატიაში, დასავლურ დიპლომატიაში, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები არსებობს“, - აღნიშნა For.ge-სთან საუბარში სოსო ზაალიშვილმა.
იურისტი ლევან ალაფიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2008 წელს მიღებულია კანონი ოკუპაციის შესახებ და ყველა ქმედებას, დაკავშირებულს ოკუპირებულ ტერიტორიასთან, დაერქვა ერთადერთი სახელი -„კანონსაწინააღმდეგო ქმედება“. მათ შორის, ეს ქმედება მოიცავს უკანონოდ საზღვრის გადაკვეთას იმ წერტილებში, რომელიც ჩვენს ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს განსაზღვრული, ან უკანონო საქმიანობას, მათ შორის, სამეწარმეო თუ სხვაგვარ საქმიანობას, რაც კანონით აკრძალულია. შესაბამისად, სახელმწიფოს ამოცანაა კანონის დაცვის უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება სახიფათო პრეცედენტად იქცეს არა მხოლოდ დანარჩენი უცხოელებისთვის, რომლებიც უყურებენ კანონის დარღვევის ფაქტებს, არამედ თვით საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.
„პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა უჩვენებდეს საკუთარ მოქალაქეებს კანონისადმი პატივისცემას და მისი დაცვის ვალდებულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქე იტყვის, თვითონ მთავრობა არ იცავს და მე რატომ დავიცვა კანონი?! აქედან კი ქაოსამდე და დეინსტიტუციონალიზაციამდე ერთი ნაბიჯია. ამიტომ შესაბამისმა ორგანოებმა უნდა აწარმოონ გამოძიება და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევის ფაქტს მისცენ შეფასება, თუ რატომ არ მოხდა მასზე სრული რეაგირება“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.