„შესაბამისმა სამსახურებმა გარკვეული დასკვნა უნდა დადონ, ხომ არ არის ვირუსები ხელოვნურად გამოწვეული?!“

„შესაბამისმა სამსახურებმა გარკვეული დასკვნა უნდა დადონ, ხომ არ არის ვირუსები ხელოვნურად გამოწვეული?!“

ეკოლოგიური საკითხები დღევანდელი პოლიტიკოსებისთვის მომგებიანი არ არის. საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის ნიველირებას დასაბამი ჯერ კიდევ წლების წინ მიეცა, როცა პოლიტიკოსებმა ეკოლოგიის თემა გამოიყენეს, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიივიწყეს.

საქართველოში დამძიმებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ For.ge თემურ ვეკუას ესაუბრა.

ეკოლოგიური საკითხები დღევანდელი პოლიტიკოსებისთვის მომგებიანი არ არის. ისინი ყველაფერს გვპირდებიან, გარემოზე ზემოქმედების ზიანის შემცირების გარდა. რით აიხსნება ეს?

- სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკიდან გამოირიცხა ეკონომიკური შემადგენელი. თუ წინათ ყველა პარტია თავის პროგრამაში დებდა ეკოლოგიურ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის გზებს, დღეს უკვე იშვიათია, პოლიტიკურმა ლიდერმა ილაპარაკოს გარემოს დაცვით პრობლემებზე. ჩვენ გვაქვს ნათელი მაგალითი, რომ ზოგიერთმა ლიდერმა, მაგალითად, ზურაბ ჟვანიამ პოლიტიკაში მოსასვლელად ძალიან კარგად გამოიყენა ეკოლოგიური საკითხები. სწორედ
ამით დაიწყო „მწვანეების მოძრაობა“, მაგრამ, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, დაივიწყეს ეს საკითხები. პირიქით, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეკოლოგიურ საკითხებზე არავის ელაპარაკა.

გულისხმობთმწვანეებისმიერ გამოხატულ პროტესტსხუდონჰესთანდაკავშირებით?

- დიახ, თავის დროზე სწორედ მათ მიერ იყო აგორებული ხუდონჰესის თემა. ასევე, აგორებული იყო პესტიციდებთან ბრძოლის საკითხი. „მწვანეები“ პერმანენტულად აწყობდნენ სხვადასხვა აქციებს.

იქნებ, იმიტომ მიივიწყეს ეს თემები, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვა ძვირადღირებული სიამოვნებაა?

- „მწვანეები“ ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, იმიტომ დაანებეს ამ პრობლემებზე ლაპარაკს თავი, რომ ეკოლოგიური პრობლემები ურყევი თემაა, მათი გადაწყვეტა კი ძალიან რთულია. ამიტომ ამჯობინეს, არ ელაპარაკათ მასზე. ყველაფერი გააკეთეს ამ პრობლემის ნიველირებისთვის.

საქართველოში ეკოლოგიური პრობლემები მრავლადაა, დაწყებული ავტომანქანის გამონაბოლქვიდან, მდინარეების კანალიზაციის მიზნით გამოყენებისა და სამრეწველო ნარჩენების ჩაღვრით დამთავრებული. როგორ უნდა დადგინდეს ეკოლოგიური პრიორიტეტები? რომელია ყველაზე მთავარი ეკოლოგიური პრობლემა საქართველოში?

- სხვათა შორის, გარემოს დაცვის დარგში მაღალი რანგის მოღვაწეს, კერძოდ, ერთ-ერთ მინისტრს შევეკითხე, როგორ ფიქრობთ, პრიორიტეტები რომელია-თქო? მითხრა, ტყე არის მთავარი, რადგან ბევრი ხალხი ლაპარაკობსო ამაზე. სინამდვილეში, ასე არ არის. პრიორიტეტების დადგენას თავისი მეთოდოლოგია გააჩნია. ეს უნდა დადგინდეს რისკის ფაქტორის გამოყენებით. რისკის ფაქტორი კი ნიშნავს იმას, თუ ყველაზე მეტ ზიანს ადამიანის ჯანმრთელობას რომელი ფაქტორი აყენებს.

ალბათ, უპირველესად ეს მანქანების გამონაბოლქვი იქნება.

- დიახ, ყველაზე მწვავე ამ წუთას თბილისის პირობებში ჰაერის დაბინძურებაა, რომელიც კატასტროფულადაა მომატებული. საამისოდ თბილისში არავითარი სამედიცინო დაკვირვებები არ ჩატარებულა, რათა გაგვერკვია, როგორ იზრდება ამა თუ იმ დაავადების მასშტაბი ჰაერის დაბინძურების გამო. ჩემი დაკვირვებით, მთავარი აქ არ არის, რომ ონკოლოგიური დაავადებები, ფილტვების დაავადებები იზრდება, მთავარია, რომ იზრდება იმუნური სისტემის დაქვეითება. ეს უფრი საშიშია, ვიდრე ონკოლოგიური შემთხვევები, რადგან ონკოლოგია მაინც რაღაც სტატისტიკას ემორჩილება. იმუნური სისტემის დაქვეითება კი, თუკი ის მასობრივია მოსახლეობაში და, განსაკუთრებით, ბავშვებში, ბევრად უფრო სარისკოა.

ამდენი ალერგია, უამრავი დაავადების გაჩენა, ეს ყველაფერი სწორედ გარემოს დაბინძურებით შეიძლება აიხსნას. იმუნური სისტემის დაქვეითება ნიშნავს, რომ ბავშვი გახდება ავად და მასზე წამალი არ მოქმედებს, სიკვდილიანობა იზრდება, იზრდება ათასი ვირუსული, ალერგიული და სხვა დაავადებები. შესაძლოა, ამის სტატისტიკა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჰქონდეს, მაგრამ ის დახურულია და ჩვენ არ ვიცით, გეოგრაფიულად რომელ წერტილშია მომატებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება - საბურთალოზე, ვაკეში, თუ ტრასის ირგვლივ?! ამ წუთას თბილისის დაბინძურებულ ჰაერში 200-ზე მეტი ინგრედიენტი გამოიყოფა.

ჩვენ შეიძლება ჰაერში ვზომავდეთ 20 სხვადასხვა ინგრედიენტს და დაბინძურების ყველა ინგრედიენტი ნორმაში იყოს, მაგრამ ჯამური ეფექტი იყოს სასიკვდილო. ეს იმას ნიშნავს, ჩვენ რომ წამლის ერთი ტაბლეტი დავლიოთ, შემდეგ სხვა ტაბლეტიც მივიღოთ, მაგრამ ცალ-ცალკე მათი მოქმედება არ იყოს საზიანო. თუმცა ერთდროულად ათი სხვადასხვა ტაბლეტი რომ დავლიოთ, შეიძლება დავიღუპოთ. ამას ჰქვია კუმულაციის ეფექტი. ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, ჩვენ გვყავს სპეციალისტები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ, მაგრამ ისინი არ სჭირდებათ.

ახლა რომელიღაც ოპოზიციური პარტია იწყებს ხელისუფლებაზე შეტევას ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მოტივაციით. ეს არ არის ცუდი, თუკი ისეთ რამეს მოიმოქმედებენ, რასაც პოლიტიკური ზეწოლის სარჩული არ ექნება. სამწუხაროდ, ეკოლოგიასთან მიმართებით არც სპიკერი, არც პრემიერი, არც პრეზიდენტი ხმას არ იღებენ, არადა, ეს ჩვენი ხალხის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი მოტივია.

როგორც ამბობენ, ჰაერის დაბინძურების მხრივ მრგვალ ბაღთან ყველაზე საგანგაშო მდგომარეობაა.

- დიახ, მთლიანობაში, დედაქალაქში ეს უკვე აღწევს საშიშ ზღვარს. ახლა ჩვენი გარემოს დაცვის სამინისტრო და მისი ეროვნული სააგენტო იტყვის, ჩვენ დავამონტაჟეთ დანადგარები, რომელიც ზომავს ჰაერის დაბინძურებას. ეს გასაგებია, ამას დაადგენენ, გაზომავენ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ავადმყოფს სიცხე გავუზომოთ დღეში სამჯერ და არანაირი წამალი არ მივცეთ. კი ბატონო, გასაგებია, რომ დაბინძურება მატულობს, მაგრამ ამის შემცირების ტენდენცია არ ჩანს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დაბინძურებას არანაირად არ ვებრძვით. არავინ იცის, როგორია ბენზინის ხარისხი, რომელი საწვავი შემოდის. კატასტროფული შედეგი გამოვლინდება 5-10 წლის მერე, როცა მასობრივი დაავადებები გავრცელდება სწორედ ჰაერის დაბინძურების გამო. ეს ჩვენს გენოფონდზეც აისახება. ცალკე დავამატებ ძალზე მომატებულ ვირუსულ დაავადებებს. რით არის ეს გამოწვეული? ამ ეტაპზე არ მინდა ამაზე ხმამაღლა ვისაუბრო, მაგრამ მაქვს გარკვეული ეჭვები. როცა ლაპარაკია სხვადასხვა ვირუსზე, ხომ არ ხდება ეს ხელოვნურად?! ამიტომ ეკოლოგიურ პრობლემათა შორის პირველ ადგილზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ვაყენებ.

ვირუსების მხრივ ზოგიერთებს კითხვები უჩნდებათ ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებით.

- ამის არანაირი ფაქტი არ მაქვს, მაგრამ აშკარაა, რომ გაურკვეველი სიტუაციაა. 12-თვიან პერიოდს ატარებს ეს ვირუსები ჩვენთან და არ არის გამოწვეული სეზონური ზამთრის ვირუსული გრიპებით. ეს მუდმივი ვირუსებია და ამ ვირუსების გამოვლენა და მკურნალობა წლების დინამიკით სულ უფრო რთულდება. ამიტომ შესაბამისმა სამსახურებმა რაღაც დასკვნა უნდა დადონ. შეუდარონ სხვა ქვეყნის მაგალითებს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ თავის დროზე გარკვეული მცდელობა იყო, ჩინეთისა და მაღალჭარბი მოსახლეობის ქვეყნებისთვის ზიანი მიეყენებინათ. თუმცა იბრძოლეს ამ ქვეყნებმა და ეპიდემიური ხასიათი ამ ვირუსებმა არ მიიღეს. ჩინეთზე ატარებდნენ ცდებს, ყოველ შემთხვევში, ასე ჩანდა, ფრინველის გრიპი იყო გავრცელებული. ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ასეთი ცდების ჩატარება დანაშაულია. ეს ყველაფერი ხელოვნურ ვირუსებს ჰგავს. საბედნიეროდ, გვყვანან მაღალი რანგის სპეციალისტები, მაგრამ მათ არავინ იყენებს. გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ძირითადად არაკვალიფიციური ხალხია გადაწყვეტილების მიმღები. ამასთან დაკავშირებით შეკითხვები მაქვს ხელისუფლებასთან, რა კეთდება ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად? არის თუ არა ბენზინგასამართი სადგურების დისლოკაცია ნორმის ფარგლებში? რატომ არის გაცემული ლიცენზიები ვაკე-საბურთალოზე, თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც პირდაპირ სახლებთანაა ბენზინგასამართი სადგურები; ასევე, ვაჟა-ფშაველაზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან პირდაპირ „საქართველოს ბანკთან“ არის ბენზინგასამართი სადგური. ყველანაირი ნორმა დარღვეულია. ძალიან საინტერესოა, რა თანხებს ხარჯავს ჩვენი ხელისუფლება გარემოს დაცვითი პრობლემებისთვის მიზნობრივად. არა ისე, რომ ვიღაცები მოვიდნენ, ვითომ ტრენინგები ჩაგვიტარონ, ვითომ რაღაც გვასწავლონ და თავისი მოტანილი ფულის 80% ისევ უკან წაიღონ. რეალურად რა გაკეთდა, რომ შემცირდეს, გნებავთ, მტკვრის, გნებავთ, ჰაერის ან ნიადაგის დაბინძურება? რა თანხები იხარჯება ამისთვის ჩვენი ბიუჯეტიდან, ან მსოფლიო ქვეყნების დახმარებიდან?

გარემოს დაცვა ისეთი დარგია, რომ სხვა ქვეყნებსაც არ აწყობთ შენ გააბინძურო ყველაფერი. დედამიწის დაბინძურებას საზღვრები არ აქვს. ამიტომ მსოფლიო ფული იხარჯება ამის აღსაკვეთად, მაგრამ სად მიდის ეს თანხები? ეკოლოგიაზე გული შემტკივა, ეს დარგი მიყვარს, 22 წელი ვიმუშავე ამ დარგში.