„გამოძიებამ მამა გიორგის შესთავაზა ემხილებინა სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი“, - აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და დასძენს, „თუ ამ ადამიანებს დაასახელებდა, ასეთ შემთხვევაში მას დიდ შეღავათს ჰპირდებოდნენ“. მთავარი პროკურატურის მხრიდან ეს შეთავაზება დაკითხვის დროს გამოცხადებულ შესვენებაზე მოხდა. რამიშვილი აზუსტებს, რომ ამ შეთავაზებას იძულების სახე არ ჰქონია.
„თუმცა, რამდენჯერმე იყო შეთავაზებული დაესახელებინა ეს ადამიანები. გამომძიებლები ეუბნებოდნენ მამა გიორგი მამალაძეს, ხომ იცით, რომ ყველასთვის ცნობილია, რაც ხდებაო და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ესენი დაპირისპირებულები არიანო. მამა გიორგის პოზიცია იყო, რომ აზრთა სხვადასხვაობა დაპირისპირებას არ ნიშნავდა და რომ მსგავს რაღაცას არ იტყოდა“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მამა გიორგი არ დათანხმდა პროკურატურის შემოთავაზებას, საპასუხოდ გამოძიებამ ბრალი დაუმძიმა, რაც მისი თქმით, ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა იყო. როგორც რამიშვილი აცხადებს, პროკურატურის მხრიდან გაკეთებულ შეთავაზებაში უკანონო არაფერია, მაგრამ უკანონოა სწორედ ის, რომ პროკურატურა ითხოვდა უდანაშაულო ადამიანებზე დაედო ხელი.
„შეთავაზებაში საუბარი იყო იმაზე, თითქოს მამა გიორგი მამალაძე არის დამნაშავე და ეს 2 ადამიანი იყო მისი თანამზრახველი. ფაქტი ის არის, რომ ე.წ. თანამშრომლობა ვერ შედგა და 109-ე მუხლი წაუყენეს, უფრო დამამაძიმებელი გარემოება - ამ შემთხვევაში ე.წ. ანგარება და სასჯელიც უფრო დიდია, ვიდრე 108-ე მუხლი. თანამშრომლობის შემთხვევაში დარჩებოდა 108-ე მუხლი და შეიძლება რაღაც სხვა ფორმით, თანამშრომლობით შემდგარიყო საპროცესო შეთანხმება“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
მისივე თქმით, დახურულ სასამართლო სხდომაზე, მამა გიორგი მამალაძის მიმართ გამოძიების მხრიდან ისეთი კითხვები იყო დასმული, რომელიც საქმესთან შემხებლობაში არ იყო. კერძოდ კი, გამოძიებას აინტერესებდა თუ რა ხდება საპატრიარქოში, ვინ ვინ არის და ა.შ.
„არაერთხელ უთქვამს პროკურორს, რომ რატომღაც მამა გიორგის ჩვენება ეწინააღმდეგება იმ მტკიცებულებებს, რაც მათ საქმეში აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უნდოდათ ყველაფერი გამყარებულიყო მამა გიორგის ჩვენებით“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მიხეილ რამიშვილის ამ სკანდალურ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ მთავარ პროკურატურაში. როგორც ცნობილია, ე.წ. ციანიდის საქმის ფარგლებში, გამოძიებამ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი - მეუფე დიმიტრი დაკითხა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურის წარმომადგენლის, იოანე გორელიშვილის განცხადებით, მეუფეს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და დეტალებს ვერ დააკონკრეტებს.
როგორც for.ge-ს პროკურატურაში განუცხადეს, ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე დიმიტრის დაკითხვა, დაკავებული დეკანოზისთვის ბრალის დამძიმებამდე მოხდა. მეუფის რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ მამა გიორგის ბრალი დაუმძიმეს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის მეორე ჩვენებაში გამოჩნდნენ. მამალაძე ამბობს, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი ბრალდებული დეკანოზის თანამზრახველია.
სოსო ოხანაშვილმა (იგი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურას ჩვენება მისცა), საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა. ოხანაშვილი გერმანიაში იმყოფება და როგორც მისი მეუღლე აცხადებს, სამუშაო მიზნით წავიდა.
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, სოსო ოხანაშვილს ქვეყნის დატოვების უფლება ჰქონდა.
„ოხანაშვილს საქმეში გააჩნია მოწმის სტატუსი. შესაბამისად, მას ამ კუთხით არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდა“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
მამა გიორგის სასამართლო 19 მაისს დახურულ რეჟიმში განახლდება. სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ სასამართლო პროცესის სრულად დახურვა არ ემსახურება საგამოძიებო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას. როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, გამოძიების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა მაღალი პოლიტიკური და საჯარო თანამდებობის მქონე პირთა მიერ ბრალდებულის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. გარდა ამისა, დაცვის მხარისთვის დაკისრებული გაუთქმელობის ვალდებულების პირობებში, პროკურატურის მიერ ცალმხრივად ინფორმაციის გავრცელება აზიანებდა მხარეთა თანასწორობის პრინციპს.
„სასამართლო პროცესის საჯაროობა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა არაერთი აქტით დაცულ უფლებას წარმოადგენს, რომლის შეზღუდვა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს. სწორედ სასამართლო სხდომათა საჯაროობა არის მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებისადმი საზოგადოების ნდობის მოპოვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
ამიტომ, სასამართლო ყოველთვის უნდა ცდილობდეს სხდომათა საჯაროობის უპირატესი ინტერესი, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ერთ-ერთი გარანტი, მხოლოდ მეტი სიკეთის დასაცავად და პროპორციულობის ტესტის მოთხოვნათა დაცვით შეზღუდოს“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
ნანუაშვილის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დასრულდა, თუმცა დაცვის მხარეს კვლავ ეკისრება გაუთქმელობის ვალდებულება, საჯარო პროცესი მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. სახახლო დამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლო გაცილებით უფრო მკაცრ ტესტს გამოიყენებს პროცესის საჯარო ხასიათის შეზღუდვისას და შესაძლებელი გახდება აღნიშნულ საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება.