სკანდალური პროცესის ხმაურიანი დასაწყისი

სკანდალური პროცესის ხმაურიანი დასაწყისი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმის განხილვა დაიწყო. ახლა მოსამართლე ბადრი შონიამ უნდა დაადგინოს დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა, თუ უდანაშაულო. ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლა, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ციანიდის საქმის პროკურორი დარწმუნებულია, რომ საქმის არსებით განხილვაზე დაადასტურებს გიორგი მამალაძის ბრალდებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დეკანოზს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სკანდალური საქმის სასამართლო პროცესი პირველ ეტაპზე ღია იყო. მოსამართლე ბადრი შონიამ დეკანოზს ბრალი განუმარტა და ჰკითხა, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ.

დეკანოზმა უპასუხა: „არც ერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ“.

ამის შემდეგ, ბრალდების მხარემ პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენა. პროკურორმა პროცესის დახურვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენებისას აღნიშნა, რომ საქმეზე ბრალდების ერთ-ერთ მოწმეზე, რელიგიური მოტივით, მუქარის შემცველი ზარი განხორციელდა, თუმცა მოწმის ვინაობა და მუქარის შემცველი შეტყობინების ავტორი არ დაუსახელებია. აღნიშნული ფაქტი, პროკურორის თქმით, ერთ-ერთი არგუმენტია იმის, რომ წინასასამართლო სხდომა დაიხუროს.

„ბრალდების მხარის ერთ-ერთ მოწმეზე განხორციელდა, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი ზარი. დადგენილია, რომ სავარაუდო, მუქარის შემცველი ზარი არის რელიგიური მოტივის. აქედან გამომდინარე, სახეზეა რელიგიური ნიშნით დაპირისპირების გაღვივების ნიშნები. საქმეში მონაწილე არაერთი პირის, მათ შორის ბრალდებულის ოჯახის მიმართ ხორციელდება დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რაც ასევე ერთ-ერთი არგუმენტია პროცესის დახურვისა, რადგან შესაძლოა პროცესში მონაწილე პირების უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქროს“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურორმა საქმის მტკიცებულებებში, კერძოდ, ვიდეო ჩანაწერებში დეკანოზ გიორგი მამალაძის, როგორც სასულიერო პირის ქცევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამით შესაძლოა, საზოგადოებაში მორალური წესრიგი დაარღვიოს, ვინაიდან ჩანაწერებში ბრალდებულის, როგორც სასულიერო პირის მორალური თვისებები და ზნეობრივი წესი ნეგატიურად ჩანს, რაზეც ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მისი სურვილია სხდომები იყოს ღია, რადგან საზოგადოებისგან დასამალი არაფერი აქვს.

„ჩემი სურვილია სხდომები იყოს ღია. აქ საუბარი იყო ჩემს პირად ცხოვრებაზე და მე მგონი, აქ ჩემი პირადი ცხოვრება არ განიხილება, თუმცა პირად ცხოვრებაშიც დასამალი არაფერი მაქვს. ჩვენ განვიხილავთ ბრალდებას და ამასთან დაკავშირებით მე დასამალი არაფერი მაქვს“, - განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.

დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურორის შუამდგომლობას „პოლიტიკური განცხადება“ უწოდა და აღნიშნა, რომ დაცვის მხარე არ ეთანხმება შუამდგომლობას ვინაიდან მიიჩნევს, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც პროცესის დახურვის წინაპირობა უნდა იყოს.

„შუამდგომლობაში ზოგადი საუბარი იყო საპატრიარქოს უსაფრთხოებაზე. მინდა გითხრათ, რომ საფრთხეს წარმოადგენს თავად ბრალი და არა ბრალდებული. უდანაშულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, პირი ითვლება დამნაშავედ მას შემდეგ, რაც მის მიმართ არსებობს სასამართლოს განაჩენი. არაერთი პროცესია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სასულიერო პირები, სადაც მათ შორის სასულიერო პირები არიან ბრალდებულები და არც ერთი პროცესი არ დახურულა“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

თავის მხრივ, ბრალდებულის კიდევ ერთმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, რომ ბრალდებულის მოთხოვნაა პროცესი საჯარო იყოს.

„პროკურორები საუბრობდნენ საპატრიარქოს იმიჯზე, რომ ვიდეოჩანაწერების საჯარო სხდომაზე გამოკვლევით შეიძლება შეილახოს საპატრიარქოს იმიჯი. ამ ვიდეოების გავრცელებით არ შეილახა საპატრიარქოს იმიჯი? საპატრიარქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც წარმოადგენს და შესაბამისად, ამაზე თავიდანვე უნდა ეზრუნა პროკურატურას“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

თუმცა ამ არგუმენტების მიუხედავად, მოსამართლე ბადრი შონიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, შესაბამისად, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის წინასასამართლო სხდომა დაიხურა. მოსამართლემ განმარტა, რომ სახეზეა ბრალდების მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტები, კერძოდ, მოწმეების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა და ასევე პერსონალური ინფორმაციის გავრცელების საფრთხე. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაიხუროს და მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე დახურულ რეჟიმში იმსჯელონ.

ბრალდებულის კიდევ ერთი ადვოკატის მია ზოიძეს შეფასებით, მოსამართლე ბადრი შონიამ ბრალდების შუამდგომლობა პროცესის დახურვასთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ გაითვალისწინა. მისივე თქმით, აუცილებელია პროცესი იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებამ შეაფასოს, რა ხდება ამ საქმეში, რადგან მამა გიორგის ედავებიან დანაშაულს, რომელიც მას არ ჩაუდენია და რამდენიმე ძალიან პრობლემატური საკითხია, რისი შეფასების საშუალებას მისი თქმით, პროკურატურა არ აძლევს საზოგადოებას.

რაც შეეხება პროკურორის განცხადებას, რომ ერთ-ერთ მოწმესთან სავარაუდოდ რელიგიური მოტივის მუქარის შემცველი ზარი განხორციელდა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მხოლოდ პროკურატურა მიიჩნევს, რომ ამას დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან აქვს შეხება.

„ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს, თუმცა ჩვენი აზრით, ეს არ არის დაკავშირებული გიორგი მამალაძის საქმესთან და მხოლოდ პროკურატურა თვლის, რომ ესაა კავშირი ამ საქმესთან“, - აღნიშნა მია ზოიძემ.

საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განმარტებით, დაცვის მხარისგან შუამდგომლობა არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და პროკურორებს არ უსაუბრიათ არც საპატრიარქოს იმიჯზე და არც მის რეპუტაციაზე. წიკლაურმა ასევე აღნიშნა, რომ მთავარი მოტივი და არგუმენტი იყო პროცესის მონაწილე პირთა უსაფრთხოება და გამოძიების ინტერესები, ვინაიდან საქმეზე ძიება სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით კვლავ გრძელდება.

„სხდომის დახურვაზე შუამდგომლობა დავაყენეთ იმ არგუმენტით, რომ დაცული იყოს მართლმასჯულების ინტერესი, ასევე საფრთხე არ შეექმნას პროცესის მონაწილეებს, რამეთუ ჩვენ დაცვის სპეციალური ღონისძიებები გვაქვს გამოყენებული. რა თქმა უნდა, ასევე სახეზეა გამოძიების ინტერესები, რადგან გრძელდება სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძიება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მამხილებელი მტკიცებულებების ღია სხდომაზე გასაჯაროებამ, შეიძლება მესამე პირთა მხრიდან მცდარი, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება გამოიწვიოს, რაც საზოგადოებაში მღელვარებას და შფოთს შეიტანს.

აქედან გამომდინარე, შეიძლება საზოგადოებრივ წესრიგს შეექმნას საფრთხე, მით უფრო საქმეში არსებობს გიორგი მამალაძეზე ისეთი პერსონალური მონაცემები, რომელიც ეხება მის მორალურ მხარეს, მისი ცხოვრების წესს. დაუშვებელია ღია სხდომებზე ამ დეტალების განხილვა. სამწუხაროა, რომ ადვოკატების მხრიდან მოხდა ფაქტების დამახინჯება, შუამდგომლობის არასწორი ინტერპრეტირება თითქოს პროკურატურამ საპატრიარქოს იმიჯი და რეპუტაცია გამოიყენა არგუმენტად. ეს არის აბსურდი“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტს, როგორც ჯარჯი წიკლაურმა განმარტა, ესეც ერთ-ერთი მოტივი იყო იმისა, თუ რატომ უნდა მომხდარიყო სასამართლო პროცესის დახურვა.

„არ გვინდა საჯაროდ ვთქვათ, რომელ ჩვენს მოწმეზე განხორციელდა მუქარა, რა შინაარსის იყო ის, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ დავიცვათ პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება. ამ მუქარას საფუძვლად ედო რელიგიური მოტივები“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობრების და ახლობლების შეფასებით, სასამართლო პროცესის დახურვა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებას პროკურატურამ სიმართლე დაუმალოს. როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარმა რაულ აგიკიანმა განაცხადა, საზოგადოება დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ პროკურატურას აღნიშნულ საქმეში უსუსური არგუმენტები აქვს.

„სხდომის დახურვა უსამართლო იყო და ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ როგორმე საზოგადოებას დაგვიმალონ სიმართლე - რომ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი ტყუილად ზის ციხეში. არგუმენტი, რომ მტკიცებულებების გასაჯაროება უნდა მოხდეს დახურულ სხდომაზე, არის უსაფუძვლო, ვინაიდან თავად პროკურატურამ გაასაჯაროვა მტკიცებულებები, რაც მთელმა საქართველომ იხილა მედიის საშუალებით. აღშფოთებული ვარ, პრინციპში, ვხვდებოდი, რასაც გააკეთებდნენ, მაგრამ ასეთ რაღაცასაც არ ველოდი სიმართლე გითხრათ“, - აღნიშნა რაულ აგიკიანმა.

დაკავებული დეკანოზის კიდევ ერთი მეგობრის, მარიამ ტარიელაძის ინფორმაციით, დეკანოზზე დაკავებამდე, დეკემბერში გამართულ სინოდის სხდომამდე მუქარა ხორციელდებოდა. როგორც ტარიელაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, მუქარის თაობაზე ინფორმაცია მას თავად დეკანოზმა მიაწოდა.

„ამხელა საქმე „შეიკერა“, რაღაცეები დაბრალდა, ამის უკან რაღაცა დგას ბუნებრივია, ტყუილად არ ჩამოაშორეს, რაღაცის გამო გააჩუმეს ალბათ, რადგან ეტყობა, რაღაც სიმართლეს იტყვის. აქედან გამომდინარე, შეიძლება იყოს ზეწოლა მის ოჯახზეც კი. მე პირადად ვიცი, რომ მამა გიორგიზე სასამართლომდე, დაკავებამდე, დეკემბრის სინოდამდეც იყო მუქარა. რა სახის მუქარა იყო, არ ვიცი, მაგრამ იყო მუქარა, რომ გაჩუმებულიყო. არ დაუკონკრეტებია, საიდან მოდიოდა მუქარა და იყვნენ თუ არა მისი ავტორები საპატრიარქოს წარმომადგენლები ან სასულიერო პირები. დარწმუნებული ვარ, გიორგი მამალაძე მის მიმართ წარდგენილ ბრალში უდანაშაულოა“, - აღნიშნა მარიამ ტარიელაძემ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესს დაინტერესებული პირის სტატუსით დაესწრო საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა, რომლის განცხადებით, საპროცესო კანონმდებლობით, ის და საპატრიარქო აღნიშნულ საქმეში მხარეს არ წარმოადგენენ და არანაირ პროცესუალურ მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე, საპატრიარქოს იურისტის თქმით, მისთვის საინტერესო იქნება ორივე მხარის პოზიცია და არგუმენტები საქმის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით.

„ამ შემთხვევაში უკვე სასამართლოშია საქმე და მხარეებს უფლება აქვთ, თავიანთი დასაბუთებული პოზიცია წარმოადგინონ, როგორც ბრალდების მხარეს აქვს დევნის განხორციელების უფლება, ასევე დაცვის მხარეს აქვს უფლება დაამტკიცოს მამა გიორგის უდანაშაულობა. ჩვენ უბრალოდ მაყურებლის როლში შევაფასებთ იმ არგუმენტებს, რამდენად კანონიერი და საფუძვლიანია“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

რაც შეეხება სასამართლო პროცესების საჯაროობას, როგორც ქარჩავამ განმარტა, სხდომა ღია და საჯარო უნდა იყოს, არ უნდა დარჩეს არავითარი კითხვის ნიშანი. მისთვის მიუღებელია პროკურატურის მიერ ე.წ. ციანიდის საქმის დახურვის მოთხოვნით მოყვანილი არგუმენტი, რადგან თვლის, რომ საპატრიარქოს დასამალი არაფერი აქვს.

„პროკურატურის არგუმენტი, რომ ეს ხდება ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე და იმისთვის, რომ ეკლესიის იმიჯი არ შეილახოს, კატეგორიულად მიუღებელია, რადგან განსაცდელის დროს საპატრიარქო და ეკლესია ძლიერდება. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. საპატრიარქოდან არ ყოფილა არანაირი მითითება თუ თხოვნა, რომ რაიმე დაემალათ, მით უმეტეს წინასასამართლოზე, სადაც მხოლოდ მტკიცებულებების ჩამონათვალია.

დღეს საქართველოს საპატრიარქოს იმიჯის პროცესი არ მიმდინარეობს. აქ არის კონკრეტული ბრალდება, კონკრეტული პირის მიმართ, ამიტომ ჩვენ მოვუწოდეთ მამა გიორგისაც, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც აქვთ, საჯარო გახადონ. ჩვენ გამოვდივართ საჯარო ინტერესიდან“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.